სურსათის საცალო ვაჭრობის ობიექტებში უსაფრთხო დისტანციის რეგულირება გახდება საჭირო. საგანგებო მდგომარეობის წესების მიხედვით, დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი ვერ შევა. სპეციალური ზომების მიღების ვალდებულება მარკეტის მფლობელებსა და მმართველებს ეკისრებათ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში არის პრაქტიკა, რომ ადამიანები რიგში დგანან უსაფრთხო დისტანციის დაცვით.
„ჩვეულებრივ, უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში. იქ ადამიანები რიგში ორ მეტრამდე უსაფრთხო დისტანციით დგანან. ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და, რა თქმა უნდა, ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კომენტარები