რას წერდა “ალია” 17 წლის წინ?
2005 წელი, ავტორი რეზო შატაკიშვილი
ბოლო პერიოდში სააკაშვილის კარზე ახალი ვარსკვლავი “ამობრწყინდა”. თუმცა ყველამ იცის, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკურად ზვიად ძიძიგურმა აღმოაჩინა.
“ალიას” დიაგნოზი: გონებაგახსნილი, ერუდირებული.
უყვარს – საკუთარი თავი და ბევრი ლაპარაკი.
ცხოვრობს – მარტო, ცოლი არ ჰყავს. ერთ სახლს იშენებს, აშენებულში “სუპერმარკეტია” გახსნილი, თვითონ ნაქირავებში ცხოვრობს ვაკეში. ჯერ სადა ხართ, ამ ინტერვიუდან კიდევ ბევრ რამეს გაიგებთ სააკაშვილის ორბიტის ახალ “ვარსკვლავზე”.
შეხვედრა სამჯერ გადამიდო. პირველად პარლამენტში ბომბი “დადეს” და ნიკა, სხვა დეპუტატებთან ერთად, სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გაუშვეს. მეორედ, კომიტეტის სხდომა დანიშნეს უცებო, მესამედ, როგორც იქნა, ნახევარსაათიანი დაგვიანებით მოვიდა ინტერვიუზე.
– ნიკა ბატონო, უნივერსიტეტში პუნქტუალურ, მოწესრიგებულ კაცად გიცნობდნენ, ამ დღეებში გაჭირდა შენთან შეხვედრა, ახლაც (სიზუსტისთვის საათს დავხედე) ნახევარი საათი დააგვიანე, რაცხა ძაან დაგიმგვანა სააკაშვილმა.
– არა, არა… საქმე მომემატა ძაან ბევრი, რაც მთავარია, დაუგეგმავი საქმეები. სტუდენტობის და ადვოკატობის დროს დაგეგმილად ვცხოვრობდი, შემეძლო მეთქვა, ხვალ რა იქნება, დღეს ეს არ შემიძლია…
– ხო, ჩვენ ხომ ფორსმაჟორულ ქვეყანაში ვცხოვრობთ…
– ჯერჯერობით ასეა, თუმცა ეს პრობლემა, ალბათ, ძალიან სწრაფად ამოიწურება, მაგრამ პარლამენტარის საქმიანობა მნიშვნელოვანწილად ფორსმაჟორულია და რთულია მისი წინასწარ დაგეგმვა, სესიები კი იცი როდის არის, მაგრამ ეს სესიები შეიძლება რიგგარეშე იყოს, კომიტეტის სხდომები ზუსტად ვიცი, რომელ კვირებშია, მაგრამ სასესიო კვირაშიც შეიძლება დაინიშნოს და ასე შემდეგ. მოკლედ, რთულია პარლამენტის წევრის ცხოვრება და იურიდიული კომიტეტის წევრის _ სამჯერ უფრო რთული.
– მძიმეა, “სიმონ”, “მონომახის ქუდი”?
– მონომახის ქუდი არ არის ეს, მაგრამ…
– აბა, რა არის, “ჩეფჩიკია”?
– არა, რასაც ვიკეთებთ (ხელს გულმკერდზე ივლებს პარლამენტარის “ზნაჩოკი” რომ უნდა ეკეთოს, იქ) არა გვაქვს, სულ გვპირდებიან, რომ მოგვცემენ, მაგრამ…
– რა ხდება “მოტეხა” აპარატის უფროსმა, მარტინენკომ “ზნაჩოკების” ფული?
– არა, ძაან უცნაური შეკითხვაა. მაგას ვერაფრით ვერ ვიტყვი. აპირებენ, რომ გააკეთონ კარგი, ესკიზზე იყო ძალიან დიდი დავა, მე მგონი, გადააყოლეს, საერთოდ გადაწყვიტეს, რომ აღარ გააკეთონ (იცინის).
– თქვენ ქვეყანას რა უნდა გაუკეთოთ, საკუთარი “ზნაჩოკისთვის” ვერ მოგიბამთ თავი. გერბის არ იყოს, მთელი საქართველოს ისტორიის დახატვა რომ მოინდომეთ ზედ…
– მერე ხომ ვერც დახატეს? დღეს არის ძაან ნორმალური გერბი, ახლა შემოდის ოდნავ კორექტირებულიც, კიდევ უკეთესი.
– რა სჭირს, რას ცვლით, ეგეც კონსტიტუციაა, კაცო?
– არა, შენიშვნები მოვიდა მსოფლიო ჰერალდიკოსთა საზოგადოებიდან და იმ შენიშვნებს ვითვალისწინებთ. სუფთა ტექნიკური შენიშვნებია, გერბზე ლომს თვალები დახუჭული აქვს და ღია უნდა ჰქონდეს, წმინდა გიორგის აბჯარი ცოტა სტილიზებული უნდა იყოს. ხელშესახები ცვლილებები არ არის.
– რა იყო, ბრმა ლომი დაგვიხატეთ გერბზე? კაი, ლომი კი აახელს თვალებს, მაგრამ თვითონ ხელისუფლება როდის აახელს თვალს იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია?
– “ხელისუფლება ძალიან კარგად ხედავს ამ პრობლემებს”, _ თქვა ნიკა გვარამიამ და პარტიული დემაგოგიის უფასო მასტერკლასი ჩამიტარა, რომლის ტირაჟირებასაც სულაც არ ვაპირებ “ალიას” ფურცლებზე. თუ უნდა დადგეს და პარლამენტის ტრიბუნიდან “აბოლოს”, ვინც უნდა.
სააკაშვილის ახალი ვარსკვლავი 28 წლის წინ სოხუმში დაიბადა.
– სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მაგრამ ყოფაქცევის ამბავში არ მქონდა საქმე კარგად, ცელქი ვიყავი ძალიან. ძალიან მიჭირდა 45 წუთის განმავლობაში მშვიდად ყოფნა, ხან ვცქმუტავდი, ხან ვკარნახობდი და ხშირად მაყენებდნენ კუთხეში ან მაგდებდნენ გაკვეთილებიდან.
– რა გიყვარდა ბავშვობაში და იმ გატაცებებიდან რა გამოგყვა დღემდე?
– ლიტერატურისადმი სიყვარული გამომყვა, მე მგონი, გამომყვა წესიერება, იმიტომ, რომ წესიერ ადამიანად ვთვლი საკუთარ თავს.
– პატიოსნება ჰობია? მე ჰობებზე გელაპარაკები.
_ მუსიკა მიყვარს, მუსიკალური განათლება მაქვს საკმაოდ კარგი, ფორტეპიანო…
– “ბეთხოვენა” იყავი?
– სხვათა შორის, მეძახდნენ “ბეთხოვენას”, არ დაგიმალავ, მართლა მეძახდნენ (იცინის), მუსიკალური ადამიანი ვარ და მუსიკა მიყვარს ძალიან. საერთოდ, ძალიან კარგი და უზრუნველი ბავშვობა მქონდა, დედაჩემმა და მამაჩემმა ყველა თავისი საუკეთესო თვისება გადმომცეს, მაჩვენეს, რა არის კარგი და რა არის ცუდი… დედა შარშან გარდამეცვალა…
ნიკას უზრუნველ ბავშვობას აფხაზეთის ომმა წერტილი დაუსვა. მეთერთმეტე კლასის დამთავრება თბილისში მოუწია.
– როცა აფხაზეთი დავკარგეთ, აბიტურიენტი ვიყავი და იმ საგამოცდო ციებ-ცხელებამაც გადაფარა ეს განცდები. ჩემი მშობლები გაცილებით მტკივნეულად განიცდიდნენ აფხაზეთის დაკარგვას. მე მაინც ბავშვი ვიყავი, ახალ ქალაქში ვიყავი მოხვედრილი, თან სტუდენტი გავხდი, შეყვარებული ვიყავი, ამ ყველაფერმა გარკვეულწილად შემიმსუბუქა ის ტკივილი. მამა იმდენს ახერხებდა, რომ არ გვშიოდა, სადღაც, მეორე კურსზე ვიყავი, რომ მივხვდი, ჩემს ზურგს უკან არავინ იდგა და ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო ცხოვრებაში. ეს ძალიან მძიმე გადასატანი იყო ჩემნაირი აზიზი ბავშვისთვის, რომელსაც სწავლის გარდა არაფრის კეთება არ უწევდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ძალიან ადრე გავხდი დამოუკიდებელი და ძალიან ადრე დავიწყე საკუთარი ცხოვრების მოწყობა, მათ შორის ჩემი მშობლების ცხოვრების მოწყობაც. იმიტომ, რომ ჩემი მშობლები იყვნენ სამოც წელს გადაცილებულები და მათთვის უკვე ძნელი იყო რაღაცის შექმნა. მე არავის არ შევუქმნივარ, მე შევქმენი ჩემი თავი მთლიანად. ძალიან სასიამოვნო განცდაა და დიდ თავისუფლებას განიჭებს, როცა არავის წინაშე არა ხარ დავალებული.
– შენს უკან არავინ არ იდგა, მაგრამ დღეს დგას საკმაოდ მძლავრი ზურგი, სააკაშვილის სახით. როგორ ფიქრობ, გარკვეული წლების მერე ანგარიშვალდებული არ იქნები? არ წაგაყვედრებენ, პოლიტიკაში “მე გაგჩითე, ბიჭოო”.
– მე არავინ არ “გამჩითა” ჯერ ერთი, მე თვითონ “გავიჩითე”, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის სიით გავედი, მაგრამ ყველა მსგავსი ხერხით მოდის პოლიტიკაში, მე ვიყავი მეასე ნომერი ნაციონალური მოძრაობის სიაში, არც დიდი იმედი მქონდა და არც ვირეოდი, რომ პარლამენტში მოვხვედრილიყავი. “თელასში” ვმუშაობდი იურისტად და საკმაოდ მაღალი ხელფასი მქონდა – 2 500 ლარი, გარდა ხელფასისა, იყო ბონუსების სისტემა, რომელიც ხელფასზე უფრო მეტი იყო, ფაქტობრივად.
– კარგი, სოხუმს დავუბრუნდეთ, დღეს ვის ხელშია შენი სახლი იქ?
– ჩვენ ორსართულიანი კერძო სახლი გვქონდა. ჩვენმა სახლმა უკვე რადენიმე მფლობელი გამოიცვალა, ბოლო რამდენიმე წელი სუპერმარკეტი იყო გახსნილი პირველ სართულზე. დღეს რა ხდება, ნამდვილად არ ვიცი. დავბრუნდებით და იმ სახლს დავიბრუნებ აუცილებლად. ბოლო ხანს ხშირად მახსენდება სოხუმი…
– ზღვის მონატრებას “ბასეინზე” იქარვებ ხოლმე თუ ბათუმში დადიხარ?
– ცურვა არ ვიცი.
– ცურვა არ იცი? სოხუმში რას აკეთებდი, აბა?
– სოხუმში ზაფხულში თითქმის არ ვიყავი. დედაჩემი ნახევრად რაჭველი იყო, სახლი გვქონდა რაჭაში და როგორც კი არდადეგები დაიწყებოდა, მივდიოდი რაჭაში და არადადეგების დამთავრებამდე იქ ვიყავი. დღემდე უზომოდ მიყვარს რაჭა.
– “ბასეინზე” იარე, ცურვა ისწავლე. სირცხვილია, სოხუმელმა კაცმა ცურვა არ იცი.
– ვისწავლო? რა დროს ცურვის სწავლაა, ჩემს ასაკში უკვე ავიწყდებათ რაღაცები.
ნიკა გვარამია, უმრავლესობის წევრებისგან გასხვავებით, ხანდახან თეატრშიც დაიარება. თადარიგს იჭერს, ვაიდა, ქალბატონმა ქეთი დოლიძემ საჯაროდ ჰკითხოს, ბოლოს რა სპექტაკლზე იყავიო, სათქმელი ხომ უნდა ჰქონდეს? ჰოდა, ისიც დადის თეატრში, ოღონდ ალაგ-ალაგ მშვიდობაში.
– თეატრში დავდივარ, მაგრამ ბოლო ხანს არ ვყოფილვარ, დრო არ მრჩება, თეატრში ძალიან დიდი ხანია მინდა წასვლა, მინდა წავიდე, მაგალითად, “ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეზე”, კინომსახიობთა თეატრში, ვიცი, რომ კარგი დადგმაა.
– უფ, ეგ ლამის ათი წლის დადგმაა და აქამდე არ გინახავს?
– რამდენი წელიცაა დადგმული, იმდენი წელია მინდა, რომ წავიდე. დათო დოიაშვილის რამდენიმე სპექტაკლზე ვიყავი, თუმცა “ჯინსების თაობა” ვერ ვნახე და ასევე აქებენ.
– ბოლო წლებში დოიაშვილს ლამის მეტი არაფერი დაუდგამს, დანარჩენი შენს სტუდენტობაში დადგა. რა იყო, მას მერე თეატრში არავის შეუგდია ქუდი?
– ჰო, როცა დრო მქონდა მაშინ დავდიოდი. რატომ, ბოლოს სარდაფში ვიყავი, არ იყო ცუდი სპექტაკლი, მაგრამ კლასიკური სპექტაკლი არ იყო.
– საერთოდ, რა გემოვნების კაცი ხარ, რომელი ქართველი რეჟისორი მოგწონს?
– ალბათ, თუმანიშვილი, სტურუა, დათო დოიაშვილი….
– დოიაშვილთან მეგობრობ?
– კი, ურთიერთობა მაქვს, შეიძლება ითქვას რომ ვმეგობრობ, ჩემი ახლო მეგობარია მისი და, მანანა დოიაშვილი. საიდან მიხვდი?
– რა მიხვედრა უნდა, ისეთი გრანდების გვერდით დაარახუნე მისი სახელი, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, წონითი კატეგორია მაინც არ არსებობს ამ ქვეყანაზე?
– რატომ, ხომ შეიძლება მოგწონდეს ერთიც და მეორეც? ხომ შეიძლება მოგწონდეს ნიკოლოზ ბარათაშვილი და…
– და რატი ამაღლობელი?
– არა, ეგეთი გრანდიოზული სხვაობა, როგორიც ნიკოლოზ ბარათაშვილსა და რატის შორისაა, “დოის” და იმ გრანდებს შორის არ არის.
– ზუსტადაც იგივეა, რატის რას ერჩი?
– არ ვერჩი, მაგრამ დათო დოიაშვილს მე მივიჩნევ კარგ რეჟისორად, შენ შეიძლება არ მიიჩნევდე. გრანდად რომ შედგე, დრო და გამოცდილება უნდა.
– კაი რა, ხბოს რომ კოჭებში ეტყობა, რა ხარი დადგება, არ იცი? მაგ ასაკში თუმანიშვილს “ესპანელი მღვდელიც” დადგმული ჰქონდა, “როცა ასეთი სიყვარულია”-ც და “ჭინჭრაქაც”. მოვეშვათ ამას, ლიტერატურაზე ვილაპარაკოთ, ბავშვობაში რომელი მწერალი გიყვარდა და ვის კითხულობ დღეს?
– ბავშვობაშიც მიყვარდა და დღესაც მიყვარს მარკესი და აკუტაგავა. საერთოდ, იაპონური კულტურა მიყვარს ძალიან, ამ ბოლო პერიოდში მურაკამი გახდა ძაან პოპულარული, თუმცა მაინცდამაინც ვერ ვხვდები, რატომ. ჩემ საყვარელ იაპონელ მწერალთან ვერ მოვა ვერანაირად. პოეზიას ვკითხულობ იაპონურს, ბოლოს წავიკითხე იაპონური პოეზიის ანთოლოგია, ძირითადად თვითმფრინავში ვკითხულობ.
ნიკა გვარამიას საზოგადოება სანამ იურისტის, მით უმეტეს, პარლამენტარის ამპლუაში გაიცნობდა, ერუდიტის ამპლუაში იცნობდა. წლების მანძილზე თამაშობდა “სად, რა, როდის”-ში. სხვათა შორის, ვინც `”ჩტო, გდე კაგდაში” თამაშობდნენ, დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ ორბიტებზე აგრძელებენ “თამაშს”, გიორგი მოსიძე მემარჯვენეა, კახა კუკავა – კონსერვატორი. სხვათა შორის, ნიკა გვარამიაც ზვიად ძიძიგურის აღმოჩენაა. დღეს ისინი განსხვავებულ აზრზე დგანან, თუმცა გვარამია ამტკიცებს, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მაინც ვმეგობრობთ, როცა ერთმანეთს ვხვდებით, პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთო.
– ვცდილობთ, რომ საერთოდ არ ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, ჯერ ერთი, ისედაც იშვიათი ფუფუნებაა ჩვენი ურთიერთობა და კიდევ პოლიტიკაზე ვისაუბროთ?
– აბა, რაზე ლაპარაკობთ ხოლმე, ნაშებზე?
– (გაიპრანჭა) მათ შორის და არა მხოლოდ… ყველაფერზე, რაზედაც შეიძლება მეგობრებმა ილაპარაკონ.
_ ეგ კი, მაგრამ ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა, შენ უმრავლესობაში დარჩი. ეს დისკომფორტს არ გიქმნის?
– მე ძიძიგურის პატიოსნებაში და პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება, ის წავიდა იმიტომ, რომ ასე სწამდა და დღესაც ასე სწამს, მე დავრჩი იმიტომ, რომ მე ასე მწამდა და მწამს.
– აგანგალა-განგალა, შე კაი კაცო, თუ იმას ისე სწამდა და შენ ასე, ერთად როგორღა იყავით?
– ის, რაც გვაერთიანებდა, გვაერთიანებს დღემდე, ესაა ზვიად გამსახურდიას იდეების გარკვეულწილად გაგრძელება. როდესაც პარლამენტში მოვედით, სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება ერთნაირი გვქონდა, შემდეგ შეიცვალა…
– ერთნაირ აზრზე ვართო და როცა კონსერვატორებმა გამსახურდიას საქმის გამოძიება და დადგენილების მიღება მოითხოვეს, სად იყავი?
– გამოძიებით პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და გამოიძიებს კიდეც. რაც შეეხება იმ დადგენილებას, ეს დადგენილება ჩვენ მივიღეთ საბოლოო ჯამში და რაღაც გარკვეული როლი მეც ვითამაშე, თუმცა განმსაზღვრელი როლი, რა თქმა უნდა, ბატონმა ზვიადმა და კახამ ითამაშეს.
– მხოლოდ კანონები, შეხვედრები, გაუთავებელი თათბირები, ბორჯომის ყლურწვა. როგორ ატარებ დროს ახალგაზრდა უცოლ-შვილო პარლამენტარი კაცი?
– ყველაზე ტრაგიკული ის არის, კანონებით ადრეც ვცხოვრობდი, ახლა ამ კანონებს კანონპროექტებიც დაემატა, ეს საერთოდ დიდი უბედურებაა. თავისუფალი დრო ცოტა მრჩება, მაგრამ პირადი ცხოვრება მაქვს, რა თქმა უნდა. ყველაზე მთავარი ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობაა და დროსაც ასე ვატარებ, ადამიანებთან სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებით.
– რაღაც ისე თქვი, სხვადასხვა ტიპის ურთიერთობებიო, შეყვარებული გყავს, “ნაშებში” დადიხარ თუ საყვარელი გყავს?
– ამ კითხვას აუცილებლად უნდა ვუპასუხო? შეყვარებული არ მყავს. დანარჩენს არ გეტყვი.
– ამ თემასთან კავშირი არა აქვს, მაგრამ სააკაშვილს როგორღა შეაყვარე თავი, ახლა ეგ მომიყევი.
– არ ვიცი, როგორ შევაყვარე თავი, მე ვარ ფრაქციის წევრი და მორჩა. მე პრეზიდენტთან მაქვს ისეთივე ურთიერთობა, როგორიც აქვთ პარტიისა და უმრავლესობის დანარჩენ წევრებს. მე საქართველოს ნათელ მომავალს მნიშვნელოვანწილად ვუკავშირებ მის სახელს და მინდა რომ, ჩემი კვალიფიკაციით დავეხმარო ქვეყნის შენებაში, მე მგონი, რაღაცეების კეთება შემიძლია.
– შენთან დაკავშირებით არსებობს ასეთი გადამოწმებული ინფორმაცია: როდესაც შეწყალების კომისიამ, რომლის წევრი შენც ხარ, შეიწყალა სამოცდაათამდე პატიმარი, გარკვეული პერიოდი პრეზიდენტი ხელს არ აწერდა ამ პატიმრების შეწყალებას. ბოლოს კი ყველა შეიწყალა, მაგრამ თავიდან ათამდე კაცი შეიწყალა, მერე ხუთი პატიმარი, რომლებიც სასჯელს ავტოავარიისთვის იხდიდნენ. არსებობს გადამოწმებული ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ეს ხუთი პატიმარი სწორედ პირადად შენი თხოვნის გამო შეიწყალა, იმიტომ, რომ იმ ხუთიდან ერთ-ერთი შენი ნათესავი იყო.
– (ცდილობს გაიცინოს) არ შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს… არ ვიცი, როგორ გადაამოწმეთ, უბრალოდ, ავტოავარიებთან დაკავშირებით სულ ვიწყალებთ. არც ერთი ჩემი ნათესავი არ შემიწყალებია, შემიძლია გითხრათ გულწრფელად.
– რა, არ გქონდათ შეხვედრა პრეზიდენტთან ამ თემაზე? როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეაფერხა კომისიის მიერ შეწყალებული ხალხის განთავისუფლება, თქვენ პრეზიდენტთან შეხვედით და სთხოვეთ, რომ მოეწერა ხელი, მერე კი, რაკი შენი ნათესავი შეიწყალა, დანარჩენებიც გამოუშვა, ვინც ამ დანაშაულზე იჯდა.
– ესე იგი, მე და პრეზიდენტი, თურმე, რაღაცაზე ვსაუბრობდით და თქვენ ამ ყველაფერს ისმენდით?
– კედლებსაც რომ ყურები აქვთ, არ იცი? გარდა მაგისა, შედეგი “ისმენს” ყველაფერს, იქიდან ერთ-ერთი იყო თქვენი ნათესავი.
– ჩემი ნათესავი არ ყოფილა. უბრალოდ, პრეზიდენტი დაინტერესდა და დამიძახა, როგორც შეწყალების კომისიის წევრს, რატომ ვიწყალებდით ამ ხალხს. მე უბრალოდ, როგორც კომისიის წევრმა და როგორც იურისტმა, ახსნა-განმარტებები მივეცი პრეზიდენტს…
კომენტარები