რას წერდა “ალია”15 წლის წინ?
2007 წელი, ავტორი ირინე გოგოსაშვილი
“ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე, საზოგადოების იმ ნაწილს განეკუთვნება, ვისაც ნატოში გაწევრიანება, პირველ რიგში, აბსურდულად, შემდეგ კი სახიფათოდ ეჩვენება… როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ მოსაზრების გამო, ხელისუფლებამ ის აგენტად და “შულავერის კომიტეტის” წევრად გამოაცხადა…
– ბატონო გუბაზ, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც ნაცმოძრაობამ “შულავერის კომიტეტის წევრად” მოგიხსენიათ?
– გამეცინა… ამას ლაპარაკობს ის ხალხი, რომელიც ღიად, სხვისი დაფინანსებით მობრძანდა ხელისუფლებაში.
– ვისი დაფინანსებით?
– ამერიკელების ფულით მოვიდნენ და გვარიანად რუსებმაც დააფინანსეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება მოვიდა ამერიკელებისა და რუსების გარიგებით… ის არის მოჯამაგირე, რომელიც დააფინანსეს იმისთვის, რომ გაატაროს სხვისი ინტერესები და უკან გადასწიოს თავისი ქვეყნის ინტერესები… საქართველო მათ აქციეს სავაჭრო ხურდა ფულად, რომელიც შეიძლება ხან ერთის ხელში აღმოჩნდეს, როგორც ხუთი თეთრი, ხან მეორისაში… ასე რომ, თუ მოღალატე აინტერესებთ, სარკეში ჩაიხედონ და დაინახავენ მოღალატეებს. მთელი მათი ქმედებები ამ სამი წლის განმავლობაში არის საქართველოს ინტერესების და ქართველი ერის ღალატი.
საქართველო ყველას სჭირდება, როგორც ტერიტორია, მაგრამ ქართველი ხალხი არავის უნდა. რომ დაეწყოს მთელი ნაცმოძრაობა და იყვირონ, გუბაზ სანიკიძე მოღალატეაო, ეს ასე არასოდეს იქნება. მათ იმართლონ თავი, მე არაფერი მაქვს სამართლებელი. ოჯახში ვარ გაზრდილი, იმ ოჯახში, სადაც მთავარი თემა იყო საქართველო! მათ არც დაესიზმრებოდათ და ვერც წარმოედგინათ 20-25 წლის წინათ, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იქნებოდა. სააკაშვილი რომ ამბობს, ბავშვობიდან ვოცნებობდი საქართველოს პრეზიდენტობაზეო, ის ცეკას მდივნობას ოცნებობდა და არა დამოუკიდებელი ქვეყნის მართვას. თუ არ გჯერათ, მისი ბიოგრაფია ნახეთ, “კაგებეს” ჯარებში სამსახური კომკავშირის ხაზით.
– თქვენ არ მსახურობდით ჯარში?
– არა, მე რუსული სამხედრო ბეგარა არ გამივლია. ბევრი ყოფილა ჯარში, მაგრამ… საკუთარ ოჯახში ბიძამისი მოიკითხოს და სხვებმა მოიკითხონ კიდევ, რაიკომის მდივნების შთამომავლები რომ არიან. მათ არასდროს თითი თითზე არ დაუდევთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, “უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფდნენო”. ასე რომ, კატები მართავენ დღეს საქართველოს. თუნდაც, რას ნიშნავს მათი განცხადება? – ვინც ნატოს მომხრე არ არის, რუსეთის აგენტიაო. მე ვარ ნატოს მომხრე, მაგრამ მაქვს სერიოზული შეკითხვები და ხელისუფლებისგან პასუხს ველი:
1. ასეთი საშინაო პოლიტიკით მიგვიღებენ თუ არა ნატოში? ანუ ასეთი სასამართლოებით, ასეთი თვითმმართველობით, ადამიანების უფლებათა დარღვევით, გირგვლიანის მკვლელობით, ამირან რობაქიძის მკვლელობით და ა. შ…
2. როგორ ხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ანუ როგორ გაგვყავს რუსული ჯარი, სამშვიდობოებს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში?
3. დსთ-დან როდის გამოვდივართ (იმიტომ, რომ ნატოს წესდება მოითხოვს)? არ შეიძლება, სხვა პოლიტიკურ გაერთიანებაში იყოს ნატოს წევრი.
– თქვენ ყოფილმა თანაგუნდელმა, მაია ნადირაძემ, ბოლო შეკითხვაზე გიპასუხათ – როცა საჭიროდ მივიჩნევთ, მაშინ გამოვალთ დსთ-დანო.
– ტერიტორიულ მთლიანობას როგორ აღადგენენ? რუსის ჯარი როგორ გაჰყავთ? რაღაც ახალი თარიღი შემოიღეს, 2009 წელი პიარისთვის სჭირდებათ, მოსაგები აქვთ არჩევნები. საქართველოს ის მოსახლეობა, რომელიც ნატოს მომხრეა, არაინფორმირებულია. მათ ჰგონიათ, ნატოში რომ შევალთ, ის მოგვიგვარებს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ პრობლემებსო. რა გარანტიებია იმისა, რომ სხვა კონფლიქტური რეგიონები არ აგვიმხედრდება? ამაზეც გვიპასუხონ.
მინდა ვაუწყო საზოგადოებას ისიც, რომ ნატოში შესვლა აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს დიდ კონფლიქტში ჩართვას. ჩვენ ვართ ხანგრძლივი ომისთვის მზად ახლო აღმოსავლეთში. ქართველებო, ძმებო!.. აზიის საუკუნე მოდის. ახლა ეს ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, აქ არის ჩინეთი, ინდოეთი და რაც მთავარია, მესამე მოთამაშე გამოჩნდა კავკასიაში – ისლამი! ჩვენ რომ აქ ვბჭობთ, ქვემო ქართლში აზერბაიჯანულ მოსახლეობაში ირანელები ძალიან სერიოზულად მუშაობენ. ნატოში რომ შევალთ და რომ გავხდებით რაღაც დიდი გაერთიანების წევრი, ყველას ხომ გვესმის, ფრონტისპირა ხაზზე რომ ვიქნებით? ხართ ქართველებო ხანგრძლივი ომებისთვის მზად? აქ ისეთი პრობლემები მოდის, რუსეთი საერთოდ დაგავიწყდებათ.
– ახლა გამახსენდა ჟირინოვსკის ფრაზა, საქართველო იქნება ქუთაისიდან თბილისამდე და ისეთ დღეში ჩავარდებით, თქვენ თვითონ შეგვეხვეწებით უკან დაბრუნებასო.
– ჟირინოვსკი რაღაცების გამხმოვანებელია, ჩვენთან საერთოდ ადამიანის გარეგნულ სახეს აქცევენ ყურადღებას და არა იმას, რასაც ლაპარაკობს. მე გეტყვით, ნატოში შესვლას რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს: ნატოში შესვლა ნიშნავს თურქეთის რესპუბლიკასთან ერთად სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებაში ყოფნას. ჩვენ გვაქვს ეთნიკურად კომპაქტურად ჩასახლებული არაქართული რეგიონები. არის ჯავახეთი, სომხებმა ეს უკვე გაახმოვანეს და არც გაჩერდებიან. მათ არ უნდათ ისეთ გაერთიანებაში ყოფნა, სადაც თურქეთი იქნება. ამ სომხურ ანკლავზე ძალიან სერიოზული გავლენა აქვს ერევანს და რუსეთს. დათანხმდებიან კი ესენი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის, ლამის, 7%-ის ნატოში გაერთიანებას?! ეს ერთი. მეორეა აზერბაიჯანული ანკლავი. მე ვიცი, რომ ეს ორი ანკლავი არ არის ინტეგრირებული ქართულ საზოგადოებასთან და ქართულ პოლიტიკასთან. ეს ისეთი რეგიონებია, რომლებიც აბსოლუტურად გაუცხოებული არიან. ნატოში შესვლა, ნატოს სამხედრო ბაზის დაყენება მისცემს თუ არა საშუალებას, რომ ირანმა ძალიან სერიოზულად გაგვიფუჭოს საქმე? ქვემო ქართლში ნახევარი მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, თუ მეტი არა. ამას წინათ აჩვენეს შიიტური გლოვის დღე. მარტო ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში ათასი აზერბაიჯანელი იყო. თქვენ ათასი ქართველი ახალგაზრდა სადმე შეკრებილი გინახავთ? შეკრებილს ნახავდით, ალბათ, ლექსენის კონცერტზე. მზად არის ჩვენი ახალგაზრდობა ხანგრძლივი ომისთვის?!
– რას გვთავაზობთ?
– არაფერს, მე ჯერ შეკითხვებს ვსვამ და ველოდები პასუხებს, თორემ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, გამოსავალი არსებობს, მაგრამ მე ამას ჯერ არ ვიტყვი. ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო! დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, მზად ხართ ნატოში შეხვიდეთ აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე? ხართ იმისთვის მზად, რომ სომხური და აზერბაიჯანული ანკლავი აუჯანყდეს საქართველოს? ხართ მზად ხანგრძლივი ომისთვის ისლამთან? რუსეთის გვამში რომ შევძვერით ორასი წლის წინათ, ისლამური საფრთხე ორი საუკუნით გადაიწია, თორემ ისლამი სადმე კი არ წასულა, მობრუნდა ისევ, იმიტომ, რომ დამოუკიდებელი ხარ.
– როცა პუტინი ლაპარაკობდა ჩვენს საზღვრებზე, ირიბად ხომ არ მიგვანიშნა ამ საფრთხეებზე?
– როცა პუტინი დასავლეთს დაუპირისპირდება, ეს დაპირისპირება ნიუ-იორკში და ფლორიდაში კი არ გაივლის, გაივლის ისევ კავკასიაზე. ყველაზე სუსტი წერტილი ჩვენც ვართ, ყველაზე დაბალი ღობე არის საქართველო იმიტომ, რომ ყველაფერი წავაგეთ ჩვენ. ალბათ, ნახეთ ის კადრები, როდესაც პუტინს მედიასთან შეხვედრაზე ქართველმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, მთელი დარბაზი ხარხარებდა, იცინოდა პუტინიც.
– თქვენ როგორ ფიქრობთ, რაზე იცინოდნენ?
– ჩვენ დაგვცინოდნენ. ჭკუათხელი და მასხარა ხელისუფლება რომ გვყავს, იმიტომ იცინოდნენ. არ უნდა გაგისკდეს ქართველ კაცს გული, როცა ამას უყურებ? მთელი მსოფლიო დაგვცინის, როგორც არაფრისმაქნის ნაცარქექია ერს. ამ ქვეყანას რა ემუქრება, იცით? არც რუსული ბაზა გავა აქედან და ამერიკულიც შემოვა.
– ე. ი. ორი ბატონის მონობა გვემუქრება?
– კი, კი… საქართველოს ორ ნაწილად გადახერხავენ, თუ არა სამად და უფრო მეტ ნაწილადაც და მერე დიმპიტაური-დამპიტაურით იძახონ, _ მიშა! მიშა! და გივია თარგამაძისა და თავისუფლების ინსტიტუტს ანაბარა შემორჩნენ.
– და მაინც, თუკი ქვეყანა ნატოსკენ მიეშურება, ეკლიანი გზით და გვირგვინით, რატომ ასხვისებს საქართველოს ხელისუფლება ერის სიმდიდრეს რუსებზე?
– იმიტომ, რომ საკუთარი ვიწრო ინტერესები ამოძრავებთ.
– მხოლოდ?
– აბა, რა? თქვენ როგორ გგონიათ, რატომ დაიბადნენ ნოღაიდელები, ბურჯანაძე, ბენდუქიძე და სააკაშვილისნაირები? მათ ეს ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ. მართლა გჯერათ, თქვე უდღეურებო, რომ ამათ რამე სხვა აინტერესებთ? თვალი გაახილეთ, რა ხდება! მე არ ვარ პოპულისტი პოლიტიკოსი და არ მჭირდება ხალხის მოტყუება, მე არ მინდა მასა ერქვას ჩემს ქართველებს, მე მინდა, მათ ერი ერქვას, გამიგეთ?!
– ბატონო გუბაზ, მე ნუ მეჩხუბებით.
– ვართ ჩვენ დღეს ერი? კარგს და ცუდს ვარჩევთ, თუ ბრმები ვართ?
მე დავით აღმაშენებლის ქვეყანა მინდა და არა მიშკა სააკაშვილის, ანდა დღეს ვართ აღმაშენებლის სულისკვეთებით ქართველები? აი, რა ხდება… ჩვენზე აგენტობა რატომ გამოაგორეს, იცით? კომპრომატები არ ჰქონდათ და იმიტომ. ვისზე უნდა მოძებნონ კომპრომატი – კახა შარტავაზე, ირაკლი მელაშვილზე, ნიკო ორველაშვილზე, გუბაზ სანიკიძეზე თუ რეზო შავიშვილზე, რომელსაც შანსი ჰქონდა, მილიარდერი ყოფილიყო?! გათვალეს მარტივ რამეზე – საზოგადოებაზე, მაგრამ არ გაუვიდათ 10-დან 8 ან 7-მა არ დაიჯერა და მართლაც ძნელი დასაჯერებელია, ჟიული შარტავას ბიჭი და ლევან სანიკიძეს შვილი აგენტები იყვნენ. გოჩა ჯოჯუა აგენტი ვერ იქნება იმიტომ, რომ გაგრაში დედ-მამა აფხაზებმა და რუსებმა ერთად დაუხვრიტეს. ეს არ გაუვიდათ და ალბათ, თავიანთი ავადმყოფი ფსიქიკით რაღაც ახალ სიბინძურეებს გადმოაგდებენ.
კომენტარები