საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდის ოქმს აქვეყნებს. წმინდა სინოდის ოქმს უცვლელად გთავაზობთ:
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მისალმების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა; და დასძინა: ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება; გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება.
წმინდა სინოდის სხდომის მდივნად აირჩიეს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
კათოლიკოს-პატრიარქმა, საკითხის განხილვაში, აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა მღვდელმთავრებს და სიტყვა გადასცა კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი).
მიტროპოლიტმა შიომ ისაუბრა არსებული ვითარების შესახებ და განსახილველად წარმოადგინა ტექსტი. მან რამდენიმე მღვდელმთავრის მიერ შემოთავაზებული სხვა ტექსტების შესახებაც მოახსენა წმ. სინოდს.
მეორე ტექსტი წარმოადგინა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).
მესამე ტექსტი წაიკითხა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი).
მეოთხე, – გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა).
ტექსტების მოსმენის შემდეგ გაიმართა მსჯელობა.
მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს მიტროპოლიტებმა: ისაიამ (ჭანტურია), დავითმა (მახარაძე), სერგიმ (ჩეკურიშვილი), თეოდორემ (ჭუაძე), საბამ (გიგიბერია), დიმიტრიმ (შიოლაშვილი), გერასიმემ (შარაშენიძე), ილარიონმა (ქიტიაშვილი), მთავარეპისკოპოსებმა: სპირიდონმა (აბულაძე) და იაკობმა (იაკობიშვილი), ეპისკოპოსებმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) და გრიგოლმა (კაცია).
წმ. სინოდმა განაჩინა:
დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას. ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პირველ რიგში კი გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები.
მთავარი მიზეზი კი ადამიანის ღვთისგან დაშორებაა.
განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი, სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები, რომელიც ანადგურებს პიროვნებას სულიერად და ხორციელად. ჩვენ, ეკლესიის წევრები, არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები, განსაკუთრებით კი წმინდა და დიდი მარხვის პერიოდში, აძლიერებდნენ მარხვასა და ლოცვას.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა.
ეკლესიის ყველა საიდუმლოება სული წმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც განაღმრთობს და მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარყოფს ადამიანს. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი.
ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი; ევქარისტიული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან; წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება.
ამიტომაც, ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, – მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, – ყოვლად მიუღებელია.
ამ კრიტიკულ პერიოდში წმინდა სინოდი მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგ რეკომენდაციებს:
ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით.
2. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობა.
3. ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის (წყლიანი ღვინის) მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით.
4. რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს – ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, ასევე თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფთ, ან ვირუსით დაავადებულებს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ამ შემთხვევაში სასულიერო პირებს მიეცემათ დამატებითი რეკომენდაციები.
5. დასაფასებელია საქართველოს მთავრობის ყველა სტრუქტურის, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის მუშაკების, თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა მაღალი პროფესიონალიზმით.
წმინდა სინოდი მორწმუნეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სახელმწიფოსა და ექიმების რეკომენდაცეები და სიფრთხლით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს არის მოყვასზე ზრუნვის გამოვლინება. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და მოვერიდებით, გავხდეთ სხვათა დასნებოვნების მიზეზი.
არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანურ სიკეთეს და ურთიერთმხარდაჭერას. ეს იქნება ჩვენი რწმენისა და ღირსების მაჩვენებელი.
6. ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყველამ წავიკითხოთ თითო თავი სახარებიდან, ყოველდღე ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე“, რათა ერთობით შევავედროთ უფალს საქართველო და მთელი მსოფლიო.
7. საქართველოს ეკლესია მზად არის, გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე.
ასევე საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დაწესებულებები მზად არის, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა არსებულ სიტუაციაში მიიღოს შესაბამისი პაციენტები.
არაერთი განსაცდელი გადავიტანეთ საუკუნეების მანძილზე: სტიქიური უბედურებები, ომები, სხვადასხვა სახის ეპიდემია.
ღრმად გვწამს, რომ ღვთის წყალობით და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ჩვენ ერთად, – ერი და ბერი, გადავიტანთ ამ განსაცდელსაც და ურთიერთსიყვარულით შევეგებებით ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
„უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედერებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?“ ც (ფსალ.26-1).
ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო!”- ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები