ჟურნალისტი, ავთო დვალიშვილი:
“ყველანაირი მედიკამენტის გარეშე შესაძლებელია ცხოვრების უფრო ჯანმრთელად გაგრძელება. როცა ფსიქიკა ჯანმრთელია, ძალიან ნაკლები შანსია რამე დაავადება მოგერიოს, ეს ფაქტიურად გარანტირებულია, როცა სახლში შინაური ცხოველი გყავს“ – წლების წინ ეს სიტყვები ჩემმა ძველმა მეგობარმა მითხრა. მაშინ გავიღიმე და დავეთანხმე მეგობარს, თუმცა სადღაც, გონების პატარა ნაწილში გავიფიქრე, რომ ამეტებდა ამ ყველაფერს… არ ვთქვი, მაგრამ ჩემდაუნებურად გამეფიქრა – ნეტა ამას…
ახლა სხვანაირად მინდა დავიწყო ტექსტი… უფრო სწორად ჩემს თავს ვუთხრა, ნეტა მას კი არა, ვაი შენ, ასაკით – მეოთხე ათწლეულში იყავი და ჯერ კიდევ არ იცოდი ნამდვილი, ჯანსაღი ცხოვრება როგორია. სახლში რომ მიხვალ, კარებს გაგიღებენ და ტოკიოს (ცუგა, ჯიში-მალტეზე) რეაქციას ვხედავ, ვხვდები რა ჯანმრთელობაზე და სიჯანსაღეზე მესაუბრებოდა მაშინ ძველი მეგობარი. ასეთი სიხარულის, სიყვარულის და ემოციის გამოხატვა მხოლოდ ძაღლებს შეუძლიათ. ოჯახის წევრები აპროტესტებენ, ტოკიოს ძაღლს ნუ ეძახიო, ამიტომ მეც დიდი ხანია ეს სიტყვა ამოვიღე სასაუბრო ენიდან. ტოკიოც, თქვენი ძაღლებიც, ქუჩის ძაღლებიც არიან ცუგები და ვსიო…!
როცა ბავშვები ცუგასთან ერთად იზრდებიან, თითქმის შეუძლებელია არასწორ, ბოროტ, მოძალადე ადამიანად ჩამოყალიბდნენ.
უბრალოდ, დრო არ გრჩება, რომ ცუდ ხასიათზე იყო… მე და ჩემი ოჯახის წევრებს – მეუღლეს, შვილებს არ გვცალია ნეგატიური ფიქრებისთვის… ჩათვალეთ პატარა ბავშვი გყავთ სახლში, რომელიც იზრდება, მაგრამ რჩება პატარასავით ლაღი, ბედნიერი და ალალი… ეს იმდენად გადამდებია, რომ შენც აუცილებლად ასეთი ხარ მუდმივ რეჟიმში. ზოგჯერ ცანცარაა, ზოგჯერ გაბრაზებს კიდეც, მაგრამ ბოლოს ისე იქცევა, რომ ეს ყველაფერი სიცილ-ხარხით მთავრდება.
მოკლედ, ახლა მე თუ არ გამაჩერებთ, კიდევ ბევრს ვილაპარაკებ, შეიძლება თავი მოგაბეზროთ კიდეც, ამიტომ მოვრჩები. უბრალოდ რითიც დავიწყე იმას გავიმეორებ – ყველანაირი მედიკამენტის გარეშე შესაძლებელია ცხოვრების უფრო ჯანმრთელად გაგრძელება.
და ბოლოს… არ მოაკლოთ ეს ყველაფერი თქვენს ოჯახს…
(ფოტო ასახავს მომენტს, როცა ტოკიო იცავს თავის სათამაშოს რომ არავინ წაართვას)”
კომენტარები