ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– ვიღაც ხომ სათავისოდ იყენებს სამთავრობო ცვლილებებს. ამ შემთხვევაში, ყველა ამბობს რომ ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ უფრო მოძლიერდა, რადგან ლევან დავითაშვილი მისიანია, ნათია თურნავა კი ვანო ჩხარტიშვილის პროტეჟე იყო, ღარიბაშვილი მას ვერ აკონტროლებდაო.
– კი, ბატონო, შეიძლება ოდნავ დაუგრძელეს ირაკლი ღარიბაშვილს საბელი და ეკონომიკურ ბლოკში თამაშის, საკადრო გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მისცეს. ამით რა იცვლება? არც არაფერი, ბიძინა ივანიშვილი მართვის ტექნოლოგიიდან გადავიდა კონტროლის ტექნოლოგიაზე. ირაკლი ღარიბაშვილი არ იყო პრემიერ–მინისტრი, მოულოდნელად რომ გაუშვეს და მერე ერთ კვირაში დაგვავიწყდა მისი არსებობა? ახლაც შესაძლებელია იგივე განმეორდეს. არათუ ეს მინისტრები მიდიან და მოდიან, ღარიბაშვილის წასვლაც არაფერს ნიშნავს ამ ქვეყანაში. ძალიან სასაცილო მდგომარეობაა ამ მხრივ. ერთადერთი, როგორც ჩანს, ვინც საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებდა, საკუთარი თავი შექმნა ქართულ პოლიტიკაში, პრემიერებიდან ეს იყო გიორგი გახარია. პრემიერობიდან მისი წასვლა და ოპოზიციაში გადასვლაც ამის დასტურია. ასევე, გიორგი კვირიკაშვილმა დაგვამახსოვრა თავი, არა იმდენად თავისი მოღვაწეობით, არამედ ფინალურ ეტაპზე გარკვეული გაჯიუტებით და დამოუკიდებელი თამაშით. დანარჩენები ვინ იყვნენ, პრემიერები თუ მინისტრები, ვინ მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ან რატომ მოდიოდნენ და რატომ მიდიოდნენ, ერთი დიდი გაურკვევლობაა. ყველამ იცოდა, რომ არაფერს წარმოადგენდნენ, არ იღებდნენ პრინციპულ გადაწყვეტილებებს. ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. შეიძლება სხვა და სხვა ეტაპზე, ძალაუფლების რეალურმა მფლობელმა, ასე ვთქვათ, თავის მომსახურე პერსონალიდან ვინმეს ცოტა დაუგრძელოს საბელი, მაგრამ თუ დასჭირდება, ისევ დაუმოკლებს. მე არ აღვიქვამ სერიოზულად იმას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი მოძლიერდა. კი, შესაძლოა, გუნდის შიგნით სხვაზე მეტი ძალაუფლება აქვს, მაგრამ მთელ ამ ძალაუფლებას ერთ წუთში წაართმევს ივანიშვილი და სხვას გადაულოცავს.
კომენტარები