ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი აღარ არსებობს და შარლ მიშელის ფორმატის მსგავს მოლაპარაკებებში ხელისუფლება აღარ ჩაერთვება, აღარაფერი გვაქვს მოსალაპარაკებელი ოპოზიციასთანო. რას ნიშნავს ეს განცხადება?
– არათუ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა, პოლიტიკა საერთოდ მოკვდა ქვეყანაში, პოლიტიკური პროცესი აღარ არსებობს. რა მოცემულობა მივიღეთ? საზოგადოებაში ხელისუფლების ნდობის ხარისხი კრიტიკულ ზღვარზეა, ამით უკვე ხელისუფლების ლეგიტიმაცია დგას ეჭვქეშ. 22–23% გახლავთ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობა, ბოლო სანდო კვლევის თანახმად. გაითვალისწინეთ, რომ აქ შედის ადმინისტრაციული რესურსი, 8–10 პროცენტი, მათზე მიბმული და მათზე დამოკიდებული ხალხი. თუმცა, ოპოზიცია კიდევ უარეს დღეშია. ხალხსა და პოლიტიკურ ელიტას შორის დიდი უფსკრულია გაჩენილი. შესაბამისად, პოლიტიკა აღარ არსებობს. რაც არ არსებობს, შეიძლება იმის კრიზისზე ვილაპარაკოთ? ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკის იმიტაციები ყველა მხრიდან სხვათაშორის.
ოპოზიციის ლიდერები იქცნენ პოლიტიკურ კომენტატორებად. ერთი წელია იძახიან, ხალხში გავალთო და ვერ მოაბეს თავი ხალხში გასვლას. გაზაფხულზე წვიმებია, ზაფხულში ცხელა, შემოდგომითაც წვიმებია და თან რთველია და ზამთარში ცივა და ორ–ორი შობა და ახალი წელი აქვთ და როდისღა უნდა გავიდნენ ხალხში? შესაბამისად, ეს უფსკრულია გაზრდილი და ხალხმა დაკარგა პოლიტიკური ელიტისადმი ნდობა. ისინი ჩატოვა კომპრომეტირებულ წარსულსა და კომპრომეტირებულ აწმყოს შორის. სუფთა ფურცლიდან მომავლის არჩევას, მომავლის იმედს, ენერგიას, ვერც ერთი პარტია ვერ ასხივებს. ხალხს ვერ აძლვენ უკეთესი მომავლის რეალურ იმედს. ქაღალდეზე რას დაწერენ, ეგ ხალხს არ აინტერესებს. არც მათი, უსაგნო განცხადებები და კომენტარები აინტერესებს. ამით უკვე დაიღალა ხალხი, ყველში ამოუვიდა. კი, ხელისუფლებაში კობახიძეა და ეს არის მოცემულობა. მაგრამ მოდით, გავზომოთ კობახიძის მიმართ საზოგადოების ნდობა. ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდ უმცირესობას, კატასტროფულად დიდ უმცირესობას შეიძლება მოსწონდეს კობახიძე. თუმცა, ფაქტია, რომ ის ხელისუფლებაშია, იმიტომ, რომ რესურსები აქვთ მონოპოლიზირებული. ოპოზიცია კიდევ რესურსებისა და იდეების გარეშეა დარჩენილი. მოქმედების გეგმებისა და სწორი დღის წესრიგის გარეშე, ოპოზიცია ვერაფერს ვერ ახერხებს.
– პოლიტიკური ჭაობია ქვეყანაში, არც ხელისუფლება გვივარგა და არც ოპოზიცია. როგორ უნდა გავიტანოთ ეს პოლიტიკური ნაგავი და როგორ უნდა ამოვიდეთ ამ ჭაობიდან?
– ფაქტია, რომ მოთხოვნილება არის ძალიან დიდი. ჩვენი პრობლემა მარტო პოლიტიკურ ელიტაში არ არის. სამოქალაქო საზოგადოება ძალიან დასუსტებული და არაფრის მთქმელია. სააკაშვილის მმართველობის დროს, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ დიქტატურაზე, ავტორიტარიზმზე, ყველაფერზე, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება იყო ძლიერი, ისმოდა მისი ხმა, ერთი დღით არ შეუწყვეტია ხალხს ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა გარეთ იყო და იმჟამინდელი ხელისუფლება იძულებული იყო, ზოგჯერ ანგარიში გაეწია ხალხის მოთხოვნისთვის… ხშირად არა, მაგრამ მაშინ ხელისუფლებას უკან ახევინებდა ხალხი, ბევრ უზნეო და უკანონო განზრახვაზე ააღებინა ხელი. მაგას ვამბობ, დღეს ასეთი აქტიურობა არ არის. ეს ოპოზიციურად განწყობილი ხალხი ერთიანი იყო. ერთი დაძახება სჭირდებოდათ და უკვე ყველა გარეთ იყო. დღეს ხალხს არ მოსწონს ეს ხელისუფლება, ბევრი ამ ხელისუფლებამ დააზარალა კიდეც, მაგრამ ხალხი სახლშია ჩაკეტილი, გარეთ არ გამოდის, არ იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ… დღეს სამოქალაქო საზოგადოება გაქრა, ხმას არ იღებს. თუ გამოჩნდნენ და ხმა ამოიღეს, ხელისულება ამას ხვდება სრული იგნორირებით, წაუყრუებს და მორჩა. ეს არის მათი ტაქტიკა. თუ რაიმე პრობლემა აქვთ, თავი უნდა აარიდონ და რეაგირება არ უნდა მოახდინონ. მეტსაც გეტყვით. ინსტიტუციური ლიდერებიც კი, რაღაცნაირი გაურკვევლები გახდნენ. მაგალითად, სახალხო დამცველი. უკვე მისი ხმაც აღარ ისმის. დიდი დისტანცია გაჩნდა ხალხსა და პოლიტიკურ ელიტას შორის, ნდობა დაიკარგა, მათ შორის დამაკავშირებელი ხიდი ჩატყდა. ამის აღდგენას ვიღაც მოახერხებს. დღეს ვერა, მაგრამ მომავალში მოახერხებს. ისტორიული კანონზომიერებაა ასეთი. როდესაც დეფიციტური მოთხოვნაა და არის ვაკუუმი, ის აუცილებლად შეივსება. როდის და რა ფორმით, ვერ გეტყვით, რადგან დღეს ამის ძალიან სუსტი სიმპტომებია.
– თქვენ ბრძანეთ, რომ ვაკუუმი აუცილებლად ამოივსებაო და ის ძალა, რომელიც ამ ვაკუუმს ამოავსებს, საზოგადოებიდან წამოვა, რომელიც შემდეგ პოლიტიკურ ძალად გარდაიქმნება?
– კი, სავარაუდოდ ასე იქნება, მაგრამ როდის, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება.
“ეს უკავშირდება პატარა ადამიანების ტილაობას, მეფის კარზე ვიღაცა ვიღაცას ჩააჩოჩებს” – გია ხუხაშვილი
კომენტარები