ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ისმის იმაზე საუბარი, რომ კერძო კლინიკებს და ლაბორატორიებს უნდა მიეცეთ უფლება, რათა კორონავირუსის ინფექციაზე სწრაფი ტესტების შემოტანა შეძლონ და მოსახლეობის დიაგნოსტიკა ამ ფორმითაც მოხდეს. თუმცა ისმის კითხვა – რამდენად ხარისხიანი და ეფექტური იქნება ეს ტესტები და ის ხომ არ გახდება კერძო პირებისთვის დამატებით ფულის შოვნის საშუალება?
ასეთი ტესტების სიძვირესთან ერთად, პრობლემას მისი ჩატარების მეთოდოლოგიაც ქმნის. მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსზე შემოწმებას ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია უკვე ატარებს, თუმცა ტესტირება მხოლოდ სისხლის ანალიზს ემყარება. პრობლემა კი ისაა, რომ სისხლის ანალიზით კორონავირუსის დადგენა ავადმყოფობის მხოლოდ აქტიურ სტადიაზეა შესაძლებელია და შესაძლოა ადამიანს კორონავირუსის საწყისი სტადია ჰქონდეს და ასეთმა ტესტირებამ ეს ვერ აჩვენოს.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებიდან ჩანს, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სწრაფი ტესტების კერძო კლინიკების მიერ შემოტანა ჯერ ვერ ხერხდება. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამას აქვს თავისი პროცედურები და რაც მთავარია, პირველ რიგში ტესტების ხარისხის შემოწმება უნდა მოხდეს.
„რეზონანსთან“ დარგის სპეციალისტები ამბობბენ, რომ სწრაფი ტესტები საკმაოდ კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების რაოდენობა შევამციროთ. თუმაც აქვე თანხმდებიან იმაზე, რომ მისი ეფექტურობა და ხარისხი ქვეყანაში შემოტანამდე ხელისუფლების მიერ შემოწმებული უნდა იყოს. ხოლო თუ კლინიკების მიმართ ხელისუფლებას საკმარისი ნდობა არ აქვს, ტესტები მაშინ თავად შემოიტანონ. თუმცა ამ ტესტების პასუხის გადამოწმება მაინც ლუგარის ლაბორატორიაში უნდა მოხდეს. საბოლოოდ კი ისმის კითხვა – რეალურად აქვს თუ არა ამ ტესტების შემოტანას აზრი, თუ კი მისი პასუხების გადამოწმება მაინც საჭირო იქნება.
რაც შეეხება ლაბორატორიებს, რომლებიც ახლა კორონავირუსზე ანალიზს აკეთებენ, ეს სწრაფი ტესტები არ არის და ის სისხლის ანალიზით კეთდება, რომელიც გენეტიკური კვლევაა. ამიტომაც სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი ღირებულება ძვირია და ფასის გაკონტროლებას ხელისუფლება ვერც შეძლებს.
კერძო ლაბორატორიები, რომლებიც ახლა ადგენენ ადამიანს აქვს თუ არა კორონა ვირუსი, მისი ფასი 400 ლარიდან 600 ლარამდე ჯდება. დარგის სპეციალისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ტესტების შემოტანის პროცესი დააჩქარონ, რადგანაც არ ვიცით ზუსტად ვირუსის გავრცელება მოსახლეობაში რა სისწრაფით ხდება. მათი აზრით, შესაძლოა მიმართვიანობა არ ხდება ან უსიპტომოდ მიდის, ეს კი რისკებს ზრდის და შესაძლოა სავალალო შედეგი მივიღოთ.
„რეზონანსი“ შეეცადა დაკავშირებოდა ერთ-ერთ ლაბორატორიას, რომელიც ამ კვლევებს აკეთებს, თუმცა, მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც კორონა ვირუსის დიაგნოსტიკას ახორციელებს და ამას სისხლის ანალიზის მეშვეობით აკეთებს. თუმცა ეს პროცედურა საკმაოდ ძვირი ღირს და 600 ლარამდე ჯდება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცახდებენ, ამ ეტაპზე სწრაფი ტესტების შემოტანის მოთხოვნით, 5 ლაბორატორიიდან განაცხადი მიიღეს და მათი განხილვა ხდება. ამიტომაც არასწორია ინფორმაცია, თითქოს ხელისუფლება კერძო სექტორს ტესტების შემოტანის უფლებას არ აძლევს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტები გაკეთდება.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მეტი ოპერატიულობისთვის და უკეთესი შედეგების მისაღებად, განხორციელდება ლუგარის ლაბორატორიის დეცენტრალიზაცია.
რაც შეეხება კერძო ლაბორატორიებს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, უკვე არაერთმა კერძო ლაბორატორიამ გამოთქვა სურვილი, რომ ჩაატაროს სკრინინგი.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთი კონკრეტული ლაბორატორია ახორციელებს კვლევებს, სადაც საკმაოდ მაღალი ფასია დადებული. ჩვენ გავატარეთ გარკვეული შედარებითი ანალიზი, რაც ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებით არის. ჩვენ ლუგარში და სხვა ჩვენს ლაბორატორიებში მივყვებით საერთაშორისო გაიდლაინებს.
„ის ლაბორატორია, რომელსაც არ ვასახელებ, ტესტირებას ატარებს სისხლიდან აღებული ნიმუშით. ეს შესაძლებელია, თუმცა სისხლში ვირუსი ჩნდება უკვე ე.წ. განვითარებული ინფექციის დროს. ეს მეთოდი მიღებულია, განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობის დროს.
„მე არ მაქვს უფლება ჩავერიო კერძო ლაბორატორიების ბიზნეს საქმიანობაში. თუ დაიწყებენ ტესტირებას, ეს ძალიან კარგია, რადგან მეტად შეგვეშველებიან, მოვუწოდებ, რომ ეს ანალიზები იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი.
ერთი კვლევა ჯდება 350-დან 400 ლარამდე – ესაა მისი თვითღირებულება ხელფასის და ტრანსპორტირების გარეშე. საკმაოდ ძვირადღირებული კვლევაა და ამას სახელმწიფო იღებს თავის თავზე.
„ყველას ვთხოვთ, ტესტირება უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ის ექიმმა უნდა დანიშნოს. ვთხოვ ლაბორატორიებს, ვიყოთ სოლიდარულები, გავიაროთ კონსულტაციები ადამიანებთან, ვისაც ამის დიდი გამოცდილება აქვს. მთავარია მოსახლეობა არ შევიყვანოთ შეცდომაში“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.
მისივე განმარტებით, განისაზღვრება „ოქროს ტესტირების“ თუ „სწრაფი ტესტირების“ ოპტიმალური საბაზრო ფასი. ტესტირების უფლება ექნება ყველას, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით ანაზღაურდება.
„მაგრამ ის, რომ ვიღაცას მოუნდეს და კომერციალიზაციის მიზნით გავაკეთოთ, ეს კიდევ განსახილველი საკითხია. თუ ჩემს პირად მოსაზრებას მეკითხებით, მე, ალბათ, მხარს არ დავუჭერდი დღეს კორონავირუსზე ტესტირების კომერციალიზაციას, იმიტომ, რომ კორონავირუსული ინფექცია არის გლობალური გამოწვევა და ამას ჩვენ ერთად ვებრძვით და არა, ვთქვათ, მოგების მიზნით რომელიმე ლაბორატორია.
„ეპიდემიების დროს ტესტირებების კომერციალიზაცია არ ხდება და დღეს ჩვენ გვაქვს პანდემია მსოფლიოში. ასეთ დროს, ყველაფერს თავის თავზე იღებს სახელმწიფო, რათა ადამიანებისთვის ის იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი. ამიტომ, განისაზღვრება ოპტიმალური ფასი, რაც არის ბაზარზე სწრაფი ტესტის ანტიგენზე დამყარებულის, ანტისხეულზე დამყარებულის და შესაბამისად, უფლება ექნება ყველას, ვისაც შეუძლია ამ ტესტირების ჩატარება და რა თქმა უნდა, ამას აანაზღაურებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა. მაგრამ ის, რომ ვიღაცას მოუნდეს და კომერციალიზაციის მიზნით გააკეთოს, ეს კიდევ განსახილველი საკითხია“,-ამბობს გამყრელიძე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი ამბობს, რომ ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოტანაზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არანაირი ტექნიკური შეფერხება არ არსებობს და სამინისტრო დადგენილ წესებს მიჰყვება.
„მინდა, ცალსახად ვუპასუხო ყველა იმ ექიმსა და კლინიკურ ლაბორატორიას, რომელიც დაინტერესებულია სწრაფი ტესტების ქვეყანაში შემოტანით, ეს იქნება დიაგნოსტიკური თუ კვლევის მიზნებისთვის, არანაირი ტექნიკური შეფერხება სამინისტროს მხრიდან არ არსებობს. სამინისტრო მიჰყვება დადგენილ წესს, რაც არის დაწესებული იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ უხარისხო და დაუსაბუთებელი მახასიათებლების პროდუქციის, ამ შემთხვევაში ტესტების შემოტანა ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, სწრაფი ტესტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რეგულირების სააგენტოს მიერ ხუთი განცხადება განიხილება.
„ხუთი განცხადება განიხილება რეგულირების სააგენტოს მიერ ამ ეტაპზე სწრაფი ტესტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. აქედან სამი განცხადება სრულად შეესაბამება მოთხოვნებს, ორის შემთხვევაში მოვითხოვეთ დამატებითი საფუძვლები. როგორც კი იქნება ეს საფუძვლები წარმოდგენილი, რეგულირების სააგენტო წარმოების პროცესს დაასრულებს. ამდენად, აქ უნდა დავიცვათ წესები, რომელიც დადგენილია ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებისთვის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი და ინფექციონისტი სერგო ჩიხლაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ კერძო ლაბორატორიებს კორონა ვირუსზე ტესტირების ჩატარების უფლება რაც უფრო მალე მიეცემათ, მით უფრო უკეთესი იქნება.
„კერძო ლაბორატორიებს კორონა ვირუსზე ტესტირების ჩატარების უფლება აუცილებლად უნდა მიეცეთ. რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესია. ხოლო ხელმისაწვდომობა რაც უფრო მეტი იქნება, ფასიც ნაკლები გახდება. ახლა საქართველოში კერძო ლაბორატორია მხოლოდ სისხლის ანალიზით აკეთებს, რაც უფრო რთული პროცედურაა და უფრო ძვირიც ღირს. ამიტომაც, როცა კონკურენცია არაა, რა თქმა უნდა, ფასიც უფრო მეტი იქნება.
„ეს არის ე.წ. „პი-სი-არ“ მეთოდის ტესტები, რომელიც ლოგიკურია, რომ ძვირი ღირს. თუმცა არსებობს ასევე სწრაფი და უფრო მარტივი ტესტებიც, რომელიც მნიშვნელოვან წილად გაცხრილავს ნეგატიურ ადამაინებს, რომლებიც ინფიცირებულები არ არიან. ეს ტესტები გაცილებით იაფი ღირს, მაგრამ ბიუროკრატიული ბარიერების გამო მისი შემოტანა არ ხდება.
„ორივე ტიპის ტესტები ანტიგენზზე და ანტისხეულებზეა დაფუძნებული. აქ ცხვირ-ხახის ნაცხის ანალიზი კეთდება და მათი ღირებულება დაბალია, მისი ფასი 9 დან 20 დოლარამდე მერყეობს, ადგილზე კიდევ უფრო იაფია“, – აცახდებს სერგი ჩიხლაძე „რეზონანსთან“.
ჯანდაცვის კიდევ ერთი ექსპერტი ვატო სურგულაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერების გამო ხელისუფლება ტესტების შემოტანას სწრაფად ვერ ახერხებს. ამიტომაც, კერძო ლაბორატორიებს მაშინ მისი შემოტანის საშუალება უნდა მისცენ. თუმცა, ექსპერტი აქვე ამატებს, რომ მაინც აუცილებელია ყველა შემოტანილი ტესტის შემოწმება, რათა ყალბი და უხარისხო ტესტებით ფულის გაკეთება არ მოხდეს.
„ტესტებმა შესაძლოა მოგცენ როგორც ყალბი დადებითი, ასევე ყალბი უარყოფითი პასუხები. ეს კი პრობლემებს შეგვიქმნის. ამიტომაც კერძო ლაბორატორიებს თუ მისი შემოტანის უფლება მიეცემათ, მაშინ ხელისუფლების მხრიდან შემოწმებული უნდა იყოს და ნებართვა უნდა გააჩნდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ დიდ კორუფციულ სქემას მივიღებთ, სადაც ყალბ ტესტებს გამოიყენებენ და ამით კიდევ უფრო დავზარალდებით.
„რა თქმა უნდა, კერძო ლაბორატორიებს ტესტების გაკეთების უფლება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს სახელმწიფო სტრუქტურასთან კორდინირებული უნდა იყოს. მარტო ინფექციურ საავადმყოფოში დამატებით ტესტების გაკეთება არ გვიშველის.
„რაც შეეხება ამ სისხლის ანალიზით ტესტირებას, მის ფასს ვერ გავაკონტროლებთ. 600 ლარიც კი ჯდება. ეს არის რუტინური გენეტიკური ანალიზი, რომელიც რთულია. როცა სწრაფ ტესტებზე ვსაუბრობთ, ის გვეუბნება არის თუ არ არის ვირუსი. თუმცა ამ სწრაფმა ტესტმა რომ გვითხრას, რომ დადებითია პასუხი, მაინც ლუგარის ლაბორატორიაში უნდა გადამოწმდეს. თუმცა გარკვეულ წილად დროს ვიგებთ. ეგაა ამ ტესტების მთვარი აზრი“, – ამბობს სურგულაძე.
წყარო: რეზონანსი
კომენტარები