ტომ სტეიერი ამერიკელი ბიზნესმენია, რომელიც 2020 წელს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში “დემოკრატიული პარტიიდან“ მიიღებს მონაწილეობას.
უცხოურ მედიაში წერენ, რომ სტეიერი საინტერესო პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევა. ჟურნალისტების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ნახატმა საპრეზიდენტო კანდიდატის ხელის მტევანზე – სტეიერს ხუთი ჯვრის სიმბოლო აქვს დახატული.
პრეზიდენტობის კანდიდატის ტატუს ვრცელ სტატიას უძღვნის BBC და მიმოიხილავს იმას, თუ რას ნიშნავს ეს სიმბოლო, ვინ იყენებდა და იყენებს მას.
ხუთი ჯვარი მე-13 საუკუნეში იერუსალიმის სამეფოს სიმბოლო გახდა. სამეფო კი, ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ შეიქმნა. არ არსებობს ერთი კონკრეტული თეორია ხუთჯვრიანი სიმბოლოს მნიშველობასთან დაკავშირებით, რომელზეც ყველა შეთანხმდებოდა.
არსებობს სხვადასხვა თეორიები, ერთ-ერთის მიხედვით, ის წარმოადგენს ქრისტესა და ოთხ სახარებას, ასევე ხუთ ჭრილობას ქრისტეს სხეულზე, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს კომპასის სიმბოლოა და ოთხ მხარეზე მიუთითებს.
BBC იმასაც აღნიშნავს, რომ ხუთჯვრიანი სიმბოლო 2004 წლიდან საქართველოს ეროვნულ დროშაზეა გამოსახული.
რატომ გადაწყვიტა ტომ სტეიერმა ხუთი ჯვრის სიმბოლოს ტატუირება?
გასულ წელს, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გაირკვეოდა, რომ სტეიერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, BuzzFeed-სთვის მიცემულ ინტერვიუში ის შემდეგს ამბობდა:
“ეს ნიშნავს, რომ სიმართლე ნებისმიერ ფასად უნდა თქვა. როცა ამ ჯვრებს ყოველდღე ჩემს ხელზე ვხედავ, ვახსენებ საკუთარ თავს, რომ ყოველთვის ვთქვა სიმართლე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ჯვრების სიმბოლო იერუსალიმიდან იღებს სათავეს“, – ამბობდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი.
სტეიერის თქმით, სიმბოლო ნაწილ-ნაწილ დაიხატა, 2017 წლის იანვარსა და 2018 წლის მაისში.
პოლიტიკოსი ქრისტიანია. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ ღმერთი 30 წლის ასაკში იპოვნა, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, სარწმუნოებასა და მის ტატუს შორის კავშირი არ არის. სტეიერის თქმით, ეს მოხატულობა მხოლოდ მოტივაციაა, რომ ყოველთვის სიმართლე თქვას.
კიდევ ვინ იყენებს ხუთი ჯვრის სიმბოლოს?
ამ სიმბოლოს ასევე იყენებენ რასისტული დაჯგუფებები, რომლებიც თვლიან, რომ თეთრი ფერი მათი უპირატესობაა. როდესაც გასულ წელს ახალ ზელანდიაში, მეჩეთში 520 ადამიანი მოკლეს, ამ დაჯგუფებების წარმომადგენლები ქუჩებში გამოვიდნენ და თავიანთ ბანერებზე ჯვრის მსგავსი სიმბოლოები ჰქონდათ, ასევე ეწერათ ფრაზა – “ღმერთს ასე სურს“. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ჯვრის სიმბოლოს სახეცვლილი ვარიანტი იყო წარმოდგენილი
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა “ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ხელში იარაღი უჭირავს, ხოლო იარაღზე ხუთი ჯვრის სიმბოლოა დატანილი.
ტრამპი უმცროსმა ფოტო ამერიკელი სამხედროების მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლის შემდეგ ატვირთა და საზოგადოებამ ეს ზეიმისა და შურისძიების სიმბოლოდ მიიღო.
ამერიკელი ისტორიკოსი დენ ჯონსი ამბობს, რომ ყველა სიმბოლოს თავისი კონტექსტი აქვს და მათ უბრალოდ არავინ იყენებს. ჯონსს თავადაც აქვს ხუთი ჯვრის ტატუ ხელზე. მისი თქმით, ეს მშვიდობის სიმბოლოა, თუმცა დღეს ადამიანები ძალადობის ნიშნად იყენებენ.
მაგალითად, ტრამპის ვაჟს ის სწორედ ძალადობის სიმბოლოდ აქვს გამოყენებული, რადგანაც ფოტო სოლეიმანის მოკვლის შემდეგ გამოაქვეყნა.
ამბები.ჯი
კომენტარები