“დღეს გვქონდა შემთხვევა, როდესაც ქალბატონის ინფიცირებასთან დაკავშირებით მოხდა შიდა გადაცემა სარიტუალო შემთხვევისას. დადგენილია 450 კონტაქტი და ეს ჯერ კიდევ არ არის სრული” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, ამ წუთებში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს, საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტი გადავიდეს საკარანტინო რეჟიმზე. ეს რაიონები იკეტება” – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების კარანტინზე გადაყვანა არის იძულებითი ნაბიჯები და ამ ნაბიჯების გადადგმის მიზანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა.
გახარიას თქმით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საგანგებო რეჟიმსა და წესრიგს შსს დაიცავს. მისივე თქმით, კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადასული მარნეულის კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალი”.
ცნობისთვის, ქალი, რომელსაც მარნეულში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია, სწორედ “ჯეო ჰოსპიტალში” იყო მოთავსებული. კლინიკის ტერიტორიაზე, 24 საათის განმავლობაში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა.
კომენტარები