“ალიას“ ესაუბრება, იურისტი გურამ კონტუაძე
– საქართველოში გამოიცა 21 მარტს დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ და აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია ამ დეკრეტმა. პრემიერმა თქვა, რომ ყველგან იკძალება ათ კაცზე მეტის შეკრებაო, თბილისის მერიაში დავრეკე და მითხრეს, რომ მეტროში და ავტობუსში იმიტომ არ მოქმედებს 10 კაცზე აკრძალვა, რომ ამაზე კანონში არაფერია ნათქვამი მეტროზე და ავტობუსზეო. კანონში არაფერია ნათქვამი ეკლესიაზეც, სახლში თავშეყრაზეც არაფერი ნათქვამი.
– დეკრეტში არ არის მითითებული, მაგაზეა მთელი ამბავი, კი. თუ სადმე დაშვებულია ათ კაცზე მეტის შეკრება – ეს უნდა იყოს გაწერილი გამონაკლის შემთხვევებში, ამ ტიპის დოკუმენტი არ არსებობს. მეტსაც გეტყვით.
10 კაცი შეკრების შესახებ, სად ვნახეთ, სად წავიკითხეთ პრემიერის ზეპირი მოხსენების გარდა? დეკრეტში ათ კაცზე არ არის საუბარი არსად. ასევე ზეპირი სახით გვითხრა პრემიერმაც რომ ყველგან იკრძალება და მათ შორის ეკლესიაშიცო, იმიტომ რომ ჰკითხეს ეკლესიაზე. მაგრამ, კანონი ვერ იქნება, ზეპირად გადმოცემული ფრაზა.
გამონაკლისს შემთხვევებს წესით ადგენს მთავრობა, დეკრეტით მას უფლებამოსილება ეძლევა, რომ დაადგინოს. რა თქმა უნდა, ყველა ეს საკითხი უნდა იყოს გაწერილი.
თვითონ შეკრებაზე როცა არის საუბარი და მანიფესტაციებზე, აქაც საინტერესოდ იშლება საკითხი – რასთან გვაქვს საქმე? ანუ აკრძალული ნებისმიერი სახის შეკრება? მაგალითად, ერთ ჭერქვეშ თუ მის გარეთ? – არც ეგაა განსაზღვრული.
მანიფესტაცია არის, როცა მაგალითად შენ ატარებ რაღაცის მიმართ აქციას, მაგრამ იქ პირდაპირ არის კონკრეტული კონსტიტუციის მუხლის გაგრძელება ეს კანონი, შესაბამისად სიმართლე გითხრა, მე თვითონ გაოცებული დავრჩი, რომ ეს სპეციალური კანონი მთავრობას უკვე დადგენილი არა აქვს.
– მაგრამ ის რაც დადგენილი არა აქვს? თბილისის მერიის ოფიციალური პასუხია არის, რომ რადგან დეკრეტში ცალკე არ წერია მეტროში და ავტობუსში 10 კაცზე მეტი არ შეიძლებაო, ამიტომ დავუშვიო. ანუ, რაც ადგილიც არ წერია, ყველგან დაიშვება?
– ზუსტად მანდ ვარ, არ არსებობს დადგენილება, რომელიც განმარტავს, არის თუ არა გამონაკლისი შემთხვევა, თუ ყველგან იკრძალება. ამიტომ, ეს ნაწილი ბუნდოვანია.
დეკრეტში არის 16 შეზღუდვა და მერე აღსრულებადობა ენიჭება 3-4 ნაწილს. მაგალითად, წერია ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეგიძლია მოსთხოვო უძრავი ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა სახელმწიფოსთვის და იქვე არის მითითებული, რომ მატერიალურიც შეუძლია მოსთხოვოს სახელმწიფომ. მე რამდენადაც წარმომიდგენია, ვერანაირად მატერიალურში ვერ იქნება ნაგულისხმები ფულადი საშუალებები. საუბარი უნდა იყოს უძრავ-მოძრავი ქონების გამოყენებაზე და საგანგებო მდგომარეობა რომ დამთავრდება, უკვე ხარჯების ანაზღაურება შეუძლია მოითხოვოს ამ იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა, მაგრამ გავიმეორემ, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ.
– დღეს უკვე გააკეთა განცხადება მინისტრმა ნათია თურნავამ, სასტუმროებს სთხოვა, რომ შეიძლება გადაგიხადოთ, შეიძლება ვერ გადაგიხადოთ, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ თქვენი ფართებიო.
– სავარაუდოდ ამაზეა საუბარი, კი. მაგრამ რა ოდენობით უნდა იყოს გამოყენებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების საკუთრება, ეგეც მთავრობის დასადგენია.
ასევე საინტერესოა მანდ მიმართულება ბიუჯეტისა და ასიგნების ნაწილში, მაგალითად, მთავრობის სარეზერვო ფონდი თუ განისაზღვრა 40 მილიონით, ის ამ შემთხვევაში იზრდება. ამასთანავე უფლება ეძლევა ე.წ. საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცებით შევიდეს უკვე მთავრობა პარლამენტში. 32-ე მუხლი ჩერდება, 31–ეს მოქმედება ჩერდება, ასე რომ ნებისმიერი სახელმწიფო თუ სამაუწყებლო, ასევე თვითმმართველობის ორგანიზაციის გადარიცხვები რეალურად შეჩერებულია უკვე.
-არსებობდა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში სახელმწიფო მოახდენდა ფინანსების მოძიებას და დაიწყებდა ან დახმარებას, ან ვალების გაჩერებას, ან კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას ან საბანკო სერვისზე მოახდენდა რეაგირებას, ჩვენ ვნახეთ, რომ ამაზე დეკრეტში საუბარი არ არის, რომელიმე მუხლი ავალდებულებს, რომ შეღავათებით ასარგებლოს მოქალაქეები ამ დროს, თუ არა?
– ეს უკვე არის პოლიტიკური ნაწილი და სამართლებრივს სცდება. სახელისუფლებო ვერტიკალი ძლიერდება ძალიან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ ვალდებულება აიღოს ამ კუთხით. მაგრამ, თუ მაგალითად მთავრობა ახდენს უკვე იმ საბიუჯეტო კოდექსის კონკრეტული მუხლის შეჩერებას, რომელითაც 5 პროცენტზე მეტით შეუძლია უკვე გაზარდოს ხარჯვითი ნაწილი, რაზეც არის საუბარი დეკრეტში, შეიძლება იქ იყოს მოაზრებული ზუსტად ამ ტიპის დახმარებების გაწევა. თუმცა, როგორც გითხარით, ეს პოლიტიკური ნაწილია. მთავრობა დღევანდელ ეტაპზე სავარაუდოდ, ფიქრობს შესაძლო მოვლენების რამდენიმე განვითარებაზე და ამიტომ, უშუალოდ, რომელ ვალდებულებას აიღებს თავის თავზე ძნელად წარმოსადგენია.
– დეკრეტში მედპერსონალის მობილიზებაზეა საუბარი, მაგრამ არ არის საუბარი ძალოვანი უწყების მობილიზებაზე, რატომ? ეს იგულისხმა?
– იქ მთავარი ხაზია გავლებული იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ პირველ რიგში იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას, იძულებითი ღონისძიებების პირადი ჩამონათვალი ასევე არის გაწერილი კანონში. რაც შეეხება მობილიზაციას – მობილიზაციის უფლებამოსილება ეძლევა არა მარტო თვითონ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, არამედ იქვე არის მითითებული უფლებამოსილი პირების შეზღუდვა. უფლებამოსილ პირებად აქ სავარაუდოდ საუბარი იქნება არა მარტო იმ ექთნებზე, ანდა ექიმებზე, ანდა იმ პირებზე, რომლებსაც უკვე გააჩნია დიპლომი, ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, არამედ ე.წ. დამხმარე პროფესიებზე, მარტივი მაგალითი რომ ავიღო, მაგალითად სასწრაფოს მძღოლი, ის მართალია არ არის ე.წ. ექიმი ან ექთანი, მაგრამ დამხმარე როლს ასრულებს, რათა ექიმმა და ექთანმა შეასრულოს თავისი ვალდებულება.
ამ ეტაპზე პოლიციელებს ევალებათ აღსრულებადობა და ამასთან ერთად თვითონ კარანტინის ზონების მეთვალყურეობა. სხვა პუნქტი დეკრეტში არ არის.
იმავე დეკრეტში არის საუბარი იმაზეც, რომ მთავრობა დააკისრებს სხვებსაც აღსრულებადობას, ანუ სხვები არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ყველას შეიძლება მიეცეს ამის უფლებამოსილება, საუბარია ასევე პირების, რომლებიც არიან პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული, ანუ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი მაგალითად.
-თავდაცვა?
-თავდაცვა ამ ეტაპზე ნაკლებადაა მოსალოდნელი.
საერთოდ საგანგებო მდგომარეობის დროს ყველაზე ძნელია ის, რომ ხელისუფლება ან ნებისმიერი მთავრობა, არ დარჩეს საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების ანუ უფლებამინიჭების არეალში. შესაბამისად, როცა საუბარია, რომ უნდა მოხდეს თავდაცვის ძალების მობილიზება, ამან შეიძლება იმხელა უფლებამოსილება მიანიჭოს მთავრობას, რომ ამ ეტაპზე ნაკლებად გამორიცხული მგონია, თუმცა სავარაუდოდ არსებობს რაღაცა გეგმა ბ, გ, დ, რომლის მიხედვითაც თუ პროცესი უკვე გახდა გარკვეულწილად უმართავი, ამ ბერკეტსაც ჩართავენ, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა რაც არის, სამართალდამცავ ორგანოებზეა მთლიანად გადატანილი ეს უფლებამოსილება.
– დავუშვათ აღმოჩნდა სიტუაცია, რომ სასტუმროებს ან მოქალაქეებს დაევალათ საკუთარი ფართი გადასცენ დროებით სარგებლობაში სახელმწიფოს. საგანგებოს ვადის გასვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ბალანსზე ჰქონდა შენობა, რომელიც არ გამოიყენა და გამოიყენა მაინცდამაინც შენი ფართი – ამ შემთხვევაში რა მოხდება? უნდა დაგიმტკიცოს მთავრობამ, რომ ჰქონდა ამის აუცილებლობაა?
– მანდ არის ყველაზე მთავარი, რომ საკუთრების უფლებაში ჩარევა ინტენსიურად – აუცილებლად განისაზღვრება საჭიროებისდა მიხედვით, შესაძლებელი არის, რომ ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდეს ფართი, რომელიც ასევე იყოს თავისუფალი. თუ სახელმწიფო აიღებს ამ ფართს, ივარაუდება და პრეზუმცია არსებობს, რომ სახელმწიფო, ანუ მთავრობა მოქმედებს ყოველთვის საზოგადოებისა და სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესების მიმართულებით, შესაბამისად თუ პირს, მაგალითად, მიმართავს სახელმწიფო, მან ასევე უნდა დაასაბუთოს, უნდა არსებობდეს გონივრული საფუძველი და საჭიროება იმისი, რომ მე მჭირდება ეს კონკრეტული ფართი. უკვე ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, რომ შეასრულოს. მაგრამ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მას შეუძლია იდავოს ამაზე, ასეთ შემთხვევაში თუ ის დაამტკიცებს, რომ მაგალითად, ერთი და იგივე ობიექტი მდებარეობდა გვერდიგვერდ და ანალოგიურად იყო აღჭურვილი, თუმცა მთავრობამ გამოიყენა მაინცდამაინც მისი, ასეთ შემთხვევაში მას არა მარტო იმ ხარჯების ანაზღაურება შეუძლია მოითხოვოს, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, არამედ გადავიდეს უკვე მიუღებელ შემოსავალზე და ისიც მოითხოვოს.
მაგრამ პირველ ეტაპზე, რადგან გეუბნება, უნდა შეასრულო, ანუ სამართლებრივად სახელმწიფოს დანიშნულება ის არის, რომ, როცა გეუბნებიან შეასრულე, თუ რაიმე უკანონობა არის, შეგიძლია მერე გაასაჩივრო და მოითხოვო სასამართლოს მეშვეობით, ან კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით.
– მოქალაქეები გვირეკავენ დაგვეუბნებიან, რომ აპირებენ რამდენიმე დღეში ოჯახით გაემგზავროს სოფელში, აინტერესებთ ხომ არ შეეზღუდება ეს უფლება?
– რეალურად რომ ვთქვათ ჩვენ გადაადგილება იზღუდება, თუმცა არა ამ სახით. ჩვეულებრივი სახით ხდება გადაადგილებები, ბერკეტი იმისა, რომ ვინმემ რამე კიდევ უფრო შეზღუდოს, რეალურად ნაკლებად ჩანს. დეკრეტში მითითებულია, რომ მიმოსვლის თავისუფლება შეიზღუდა ცალკე სპეციალური ტრანსპორტისა და გადაზიდვის ცალკე არის ნახსენები, მაგრამ საოჯახოს, ან პირადს არ ეხება.
-რაც შეეხება შრომით ნაწილს… რა ხდება ამ მხრივ?
-მართალია მოხდა კონსტიტუციური სახით, შრომის უფლებებში ჩარევა თუმცა, პირდაპირი ინტენსივობით არ მომხდარა ორგანულ კანონში ჩარევა, შრომის კოდექსში – რეალურად, როგორ იქნება უფასო შვებულებები, არ მესმის. უფასო შვებულება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ 15 დღე იყოს, და რაკი ჯერჯერობით შრომით კოდექსში რაიმე სახის ინტენსიური ჩარევა არ ფიქსირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივად მოქმედებს იგივე კანონი ამ 15 დღეზე.
– მაგალითად, კალაძემ დეკრეტის გამოცემისთანავე, ბიზნესსექტორს მიმართა, არ დაითხოვოთ თანამშრომლები უფასო შვეულებითო, შეუძლია ეს დაადგინოს კანონით ან შემდეგი დეკრეტით?
– ეს ისედაც გათვალისწინებულია, საერთოდ არაანაზღაურებადი შრომის ხელშეკრულება დასაქმებულის გათვალისწინებით უნდა ხორციელდებოდეს, შრომითი ურთიერთობის შეჩერების რამდენიმე სახეს იცნობს შრომის კოდექსი, მაგრამ არ იცნობს მრავალთვიანი უხელფასო შვებულების სახეს.
– როგორ გადაუხადოს დამსაქმებელმა, თუ გაჩერებული აქვს ბიზნესი?
– შრომის კოდექსს ახასიათებს ასეთი პარალელი, რომ ის, რაც არ რეგულირდება შრომის კოდექსით, რეგულირდება ე.წ. საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონით, მერე დეკრეტით, სამოქალაქო კოდექსით და ა.შ. თუ მაგალითად ბიზნესს უწევს, რომ უნდა შეჩერდეს, ის უნდა შეჩერდეს. სავარაუდოდ მან აპელირება უნდა გააკეთოს უკვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, ანუ შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგებაზე. თუ რეალურად ბიზნესი შევწყვიტეთ, შესაბამისად შემოსავალი არა აქვს, დასაქმებულისათვის არ შეუძლია გადახდა, ასეთ რამეს ითვალისწინებს გათავისუფლების შესახებ მუხლი, რომელიც არის ეკონომიკური ტექნოლოგიური ცვლილებები და იქაც ეს მუხლიც ვერ იქნება გამოყენებადი, რადგან აქ უკვე სხვა კანონი მოქმედებს შრომის კოდექსთან ერთად.
– და მივდივართ კაზუსამდე, არ შეუძლია უხელფასო შვებულებაში გაუშვას დიდი ხნით.
– აღნიშნული უფლებამოსილება ისეთი სახით, ერთთვიანით არ გააჩნია დღევანდელ ეტაპზე, რადგან რომ განვმეორდე, სიტუაციაა ისეთი, რომ შრომის კოდექსი დღემდე იცნობს მხოლოდ წელიწადში ორ კვირას არაანაზღაურებადს, ისიც დასაქმებულის მოთხოვნით. შემდეგ არის ანაზღაურებადი შვებულება, შეჩერების საფუძვლები დროებითი შრომისუუნარობაა და ასევე სხვადასხვა საკითხებია, შესაბამისად, რადგან ორგანული კანონია, ეს არის ისეთი გარემოება, რომელიც მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებლად ხდება.
მარტივად რომ ავხსნა, ეკონომიკური ცვლილებები უნდა იყოს გარე ფაქტორიდან გამოწვეული. შეწყვეტა და შეჩერება ხომ ორი სხვადასხვა ტერმინია, შეწყვეტის დროს შრომის კოდექსის 37-ე „ო“ ყბადაღებული მუხლი, რომელიც ობიექტური მიზეზებით ამართლებს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას, აი, ეს უფრო ესადაგება დღევანდელ ვითარებას – რადგან ობიექტური ნიშნავს, რომ გარე დამკვირვებლისათვის მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. თუმცა დღევანდელ სასამართლო პრაქტიკაში და ასევე სხვა თეორიაში გატარებული აზრის მიხედვით, ე.წ. ულტიმა რატიოა, რომ შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნებას ენიჭება უპირატესობა, ვიდრე მის შეწყვეტას. ეს ნიშნავს მარტივ რამეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ვეღარ ახერხებს ბიზნესი, ანუ კონკრეტული მეწარმე რაიმე საქმიანობას, მას არა შეწყვეტა შეუძლია, არამედ შეცვლილ გარემოებებისადმი მისადაგება, შეცვლილ გარემოებებისადმი მისადაგება ნიშნავს, ჩვენ შემთხვევაში კლასიკური გაგებით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას. თუ დისტანციური ვეღარ ხერხდება, მაშინ უკვე შეიძლება მიენიჭოს დამსაქმებელს უფლებამოსილება, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტოს.
– ეროვნულ ბანკს არ გამოუცია არანაირი დეკრეტი.
– დღევანდელ დღეს რაც ვნახე, ოფიციალური წყაროები იყო და რაც შევამოწმე, ჯერჯერობით ესეთი სახეზე არ გვაქვს.
– თუმცა, ვალდებულება აქვს, რომ გამოსცეს?
– ეს უკვე ეროვნული ბანკის შესახებ კანონით რეგულირდება, და ამის შესახებ ცოტათი ნაკლებად მიჭირს საუბარი, რადგან მანდ სპეციფიური საბანკო თემაა, შესაბამისად მისი დამუშავების, ან თვითონ ფაქტის გარეშე ნაკლებად მინდა ვისაუბრო იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება მოჰყვეს.
– რას შეცვლის მთლიანობაში საგანგებო მდგომარეობა?
– ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, უპირველეს ყოვლისა ყველაზე მთავარი რაც უნდა გვესმოდეს, რომ მთლიანობაში ის სამოქალაქო ბრუნვა, რაზეც არის დამოკიდებული ბიზნესის განვითარება შეიცვლება საგანგებო მდგომარეობის ფონზე.
შეცვლილი გარემოებები არის, როგორც ზოგიერთი იურისტი ახსენებს ხოლმე, ე.წ. ფორს–მაჟორი. სინამდვილეში ქართულ კანონმდებლობაში არ გაგვაჩნია ასეთი ტერმინი და ამას ჰქვია – შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება. საგანგებო მდგომარეობის დროს, მაგალითად 2008 წელს, ეკონომიკის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რის შემდეგაც გარკვეული ხელშეკრულების შესრულების ვადებმა უკვე გადაიწია. მაგალითად, თუ მე მქონდა დადებული ხელშეკრულება, რომ მე მივაწვდიდი რაღაცა ნივთს ვიღაცას, იმის გამო, რომ მე ამ საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ შევძელი მიმეწოდებინა, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ვადა გამიგრძელდა.
სამოქალაქო ბრუნვა დაკავშირებულია ხელშეკრულებათა შესრულებაზე, ანუ სამოქალაქო კოდექსი ასე გვაქვს აგებული, რომ თუ ერთ–ერთი მხარე ვერ ასრულებს რაიმე ხელშეკრულებას, მაშინ მეორე მხარემ უნდა შეუწყოს ხელი, ეს ნიშნავს, რომ გარემოებებისადმი მისადაგება უნდა ჩადონ აუცილებლად მხარეებმა და თუ ესეც ვერ გამოვიდა, მერე უკვე განუხრელად ამის დაცვაც აღარ შემეძლება.
აქ ძალიან მძიმე და მკაფიო ზღვარი უნდა გაივლოს – ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე თუ შემიძლია ვალდებულების შესრულება, საუბარია სიტუაციაზე როცა შენი და მეორე მხარის ნებისგან დამოუკიდებლად, ანუ მისი ბრალიც არ არის და არც შენი, ხდება ისეთი რამე, რომელიც თქვენ გაცვლევინებთ ხელშეკრულების მთლიან პერიოდს, ვადას, მიწოდებას და ა.შ. შესაბამისად, რადგან შეჩერებები სავარაუდოდ მოსალოდნელია და მათი გადავადებები იქნება ძალიან ბევრი, სამოქალაქო ბრუნვა შეფერხდება და პირდაპირ აისახება უკვე ეკონომიკაზე, სამოქალაქო ბრუნვა სხვა არაფერია, თუ არა მიწოდება და გადახდა, ან მომსახურების მიწოდება და შემდგომში გადახდა.
– საგანგებო მდგომარეობა თავის მხრივ პირდაპირ ითვალისწინებს თუ არა ე.წ. ფორს-მაჟორს?
–კი, იწვევს, ოღონდ, კიდევ გავიმეორებ ამ შემთხვევაში აუცილებელია ეს იყოს მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებელი, ანუ საგანგებო მდგომარეობა არსებობს, თუმცა საგანგებო მდგომარეობისგან გამოწვეული შეზღუდვა, აკრძალვა, შემცირება, ინტენსივობაში ჩარევა უნდა იყოს ისეთი, რომ მე ვალდებულებას ვერ ვასრულებდე.
– ვთქვათ უმუშევარი დავრჩი და ხელფასი არა მაქვს, ვერ ვიხდი გადასახადებს, არა მაქვს საჭმლის ფული.
– აი, აქ უკვე შემოდის საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონი, სადაც საუბარია, რომ თუ დასაქმებულთა შემცირება ხდება, მაშინ შემდგომში მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს, ამ ადამიანთა დასაქმებას, მაგალითად, შეუძლია შეცვალოს საგადასახადო რეჟიმი, ხელი შეუწყოს მეწარმეებს და ასე შემდეგ.
– თუ გავხდი გადახდისუუნარო?
– სამოქალაქო კოდექსში გვაქვს ერთი ძალიან ცუდი მუხლი, რომელიც 367–ე მუხლია და ძალიან მარტივად ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ვალდებულების ვადის შესრულებამდე გახდა გადახდისუუნარო, უზრუნველყოფის სახე შემცირდა ან საერთოდ ვერ წარმოადგინა, მაშინ კრედიტორს შეუძლია ვადის დადგომამდე დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, რაც ნიშნავს მარტივ რამეს, რომ მე თუ მქონდა სესხი და გავხდი გადახდისუუნარო, მთხოვს გადახდას დაუყოვნებლივ. მინდა ამ მუხლის საკონსიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და აუცილებლად გავასაჩივრებ უახლოეს მომავალში.
სულ მახსენდება ჩემი ლექტორის სიტყვები, რომ სამოქალაქო კოდექსი იმისკენ კი არ არის მოწოდებული, რომ არიქა გაწყვიტე ხელშეკრულება, ან სასწრაფოდ მოსთხოვე მისი შესრულება, არამედ ყოველთვის მოწოდებულია იმისკენ, რომ ხელშეკრულება შენარჩუნდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მოვალე ვერ ასრულებს რაღაცა ვალდებულებას, უნდა ვეცადოთ შევუქმნათ პირობები, რომ მოახერხოს ვალდებულების შესრულება.
და ბოლოს, ყველაზე მთავარია – ძალა ერთობაშია. ერთმა ჩემმა კოლეგამ ძალიან კარგად დაწერა, რომ 90-იანი წლების თაობა ახლა ისევ ხვდება კრიზისს, ოღონდ როგორც უკვე მშობელი, ან დასაქმებულიო. შესაბამისად მგონია, რომ ამ ტერმინს – ძალა ერთობაშია არა სადღაც კედელზე ჩამოვკიდებთ, არამედ გავითავისებთ. კრედიტორი, სახელმწიფო, პოლიციელი, დაინფიცირებული თუ ეკლესიის მრევლი – მივხვდებით, რომ ერთობა უნდა მივიდეს ძალამდე, ერთად თუ ვართ, მაშინ არის ძალა, თორემ დანარჩენი ლიტონი სიტყვებია, მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში.
თამო კეშელავა, “ალია”
კომენტარები