გიორგი ჯავახაძე, ალია
როცა მთელი მსოფლიო დაძაბული მიჩერებოდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრემიერობის ერთი წელი “აღნიშნა” და პირდაპირ ეთერში დიდი კრება ჩაატარა, რა ლამაზია და რა მშვენიერი, როგორ უნდა ყველას, რომ მის გარშემო იცეკვოს და ითამაშოს… – თუ ეგ ნაძვის ხეზეა? მოკლედ, დაახლოებით ეგრე და იზღაპრა, მე ზოგადად, წინააღმდეგი ვარ, რომელიმე ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებისო, ამერიკა რომ აწვდის ამ უკრაინას იარაღს, ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებით უნდა მოგვარდესო.
შენა და პრემიერო, ორი რეგიონი წაგვართვა, წაგვგლიჯა რუსეთმა და მიდი, ელაპარაკე და გიყურებთ, სანამ არ მოელაპარაკები უკან არ მობრუნდე!
ნებისმიერიო, კაცო, რუსეთი რომ უკრაინაში შეიჭრა და ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო დაბომბა – ეგ უნდა მოგვარდეს მოლაპარაკების გზით?
კაცი, რომელიც იმასაც ძლივს გვაგებინებს, რისი თქმა უნდა, რა იგულისხმა და მერე, ხან მთავრობის პიარი გვიხსნის, ამის თქმა უნდოდა პრემიერსო, ხან გამყრელიძე და ხანაც ოცნების პარტიული ლიდერები ჩამწკრივდებიან ხოლმე ახსნა-განმარტებისთვის, მოლაპარაკებაზე არ უნდა საუბრობდეს, მაგრამ რას ვიზამთ, რაც ქოციო, ის პრემიერიო…
იმ საღამოს, აი, პრემიერობის იუბილე რომ “აღნიშნა” პრემიერმა, ისიც ბრძანა, ომზე არ უნდა ვილაპარაკოთო, ვიმეორებ, ომზე არ უნდა ვილაპარაკოთო და იმავე ღამით რუსეთი უკრაინაში შეიჭრა… გაუბედეს მაგის მერე და კითხვა დაუსვეს ომზე – რა გვინდოდა, თქვა კაცმა, ომზე არ ვილაპარაკოთო, გვეკითხა, მაგალითად, ქართული პეპლების ჯიშებზე, რომელიმეს გადაშენება ხომ არ ემუქრება? ია და ენძელა ხომ ამოდის იმ ტყეში, ჩვენ რომ წაგვართვა და მიიერთა? ლომი უფრო ძლიერია, თუ მგელი? რომელი ფერი მოსწონს? ბოლოს და ბოლოს გვეკითხა, რა ასწავლა ივანიშვილმა და იცოცხლე გაილექსებოდა. მაგრამ უკუღმართი რომ იქნები ჟურნალისტი და ინტრიგანი, ომზე რას იტყვიო, კაცო, ომზეო…
მეო, უკრაინაში ვერ წავალო, ფრენები არ არისო… უჰ, კაი, კაცო, დომენიკ მანგო წავიდა ეგერ გუშინ უკრაინაში, დავურეკოთ, სპეციალურად პრემიერისთვის ვკითხოთ, რა გზით წავიდა… მაშინაც არ იყო საჰაერო გზები საქართველოში რომ ჩამოვიდნენ მეზობელი ქვეყნის ლიდერები და ქუჩაში დადგნენ… მაშინ ომი დამთავრებული იყოო – მაშ, მტყუანსა? ყოველ ღამე არ ათევდა თბილისში ღამეს თითო ევროპელი ლიდერი? თქვე სარკოზის შედგენილი 7-პუნქტიანი გეგმის უმადურებო!
ხო, ჩვენ, საქართველოს თავდაცვას კარგი შეიარაღება გვაქვს და ვიმატებთ იარაღს, მაგრამ უკრაინას რატომ მიაწოდეთო, კაცო, ამბობს, კაცი, რომელიც სხვის ომზე ვერ ლაპარაკობს, სხვა სხვის ომში მაინცაა ბრძენი, ჩვენი პრემიერი, სხვის ომზეც ვერ ლაპარაკობს და მე მინდა შეიარაღება და იმას – არაო. რა თავში ვიხლით იმ იარაღსაც რაც გვაქვს, თავის დაცვა არ შეიძლება, რუსი გაღიზიანდებაო, ტარება არ შეიძლებაო, სახლშიც სეიფში უნდა შეინახო, თან დაშლილიო და ქურდი თუ შემოგივარდა, ჩანგლით დაიცავი თავიო, ხელისუფლების დამხობა არ შეიძლებაო და ომზე არც კი ვილაპარაკოთო და რა თავში, თუ @რაკში ვიხლით ამ იარაღს? ჯერ იყო და მიშამ და მისმა ოქრუა-მინისტრმა დაიწყეს სოფელ-სოფელ სიარული და ხალხს სანადირო თოფებიც კი ჩამოართვეს, ემანდ მტერი არ შემოგაკვდეთო და ახლა ამან კიდე, იარაღი რად უნდა იმას ვინც ომობს, იარაღი იმას უნდა ქონდეს, ვინც მისი შენახვა მუთაქის ქვეშ იცისო – თქვენმან მზემან, პრემიერო.
მე ჩემი საქმე მაქვს, მე უსაფრთხოდ ვარ, უკრაინას ემუქრება ახლა საფრთხეო – უარესი დააბრეხვა, რომ ჩაეკითხნენ კიდევ ომზე… გაწყვეტილა უკრაინა, ეგ და მისი საათების კოლექცია იყოს, ოღონდაცა რა…
მეო, მკაფიოდ და ხმამაღლა ვიტყვიო, რუსეთის წინააღმდეგ არანაირ სანქციას არ ვუერთდებიო – ბიჯოო, რუსი მინისტრები ისედაც სანქცირებული უნდა გყავდეს, რადგან შენი რეგიონები მიიტაცეს და აღიარეს – ეგ მაინც გეთქვა, ისე, სიტყვიერად, რუსეთის იუსტიციის მინისტრს, მაგალითად, სანქციებს ვუწესებ და ვერ ჩამოვა საქართველოშიო? თუ ჩამოვა?
არ დარჩენილა რუსეთში პუტინისტი, ღარიბაშვილი ამ განცხადების გამო რომ არ ექო და რაც მეტად აქებდნენ, მით მეტად იმატებდა ქართველი ხალხის რისხვა, როგორია შენი მტერი შენ მეთაურს რომ აქებს და პირში შემოგცინის, ჩემიანი ყოფილა ეგაო, როგორია, როცა მტერი გეუბნება, რომ შენი ქვეყნის პრემიერი მისი მეგობარი? არ დარჩენილა ჩვენი ქვეყნის არც ერთი მეგობარი, ვისაც არ ეთქვას, ეს რა გიყოთ თქვენმა პრემიერმა, რუსეთისკენ მიგაქანებთო.
გამოვიდა ქუჩაში გაბრაზებული ხალხი, გამოვიდნენ ახლაგაზრდები, პენსიონრები, გამოვიდნენ ოჯახები პატარა ბავშვებით და ყველა ერთხმად იძახდა “ღარიბაშვილო გაა@ვი…”, იძახდნენ ღიად, აქციაზე, მერე კამერების წინ, არ ეშინოდათ არც სუსის, არც შსს-ს, არც იმ დღეს ღარიბაშვილის გინების გამო დაკავებულის ბედის გაზიარების, არაფრის არ ეშინოდათ და რომ ეგონა ხალხს, წამოდგება ახლა ღარიბაშვილი და გაა@ვამსო, აქცია დაიშალა და მეორე დღეს, ამ გაბრაზებულ ხალხს კონცერტი ჩაურთეს, ემანდ მართლა არ გავა@მევინოთო.
გავდივართ ახლა ყოველ დღე ქუჩაში, რათა მსოფლიომ ნახოს, რომ ჩვენ გვყავს გასა@მელი პრემიერი, მარა ისეთი ჩა@მული ვართ, ვერ ვა@მევინებთ… ხედავს ამას მთელი მსოფლიო და შევეცოდებით ერთხელაც იქნება, ალბათ და, ჩვენთვისაც მოიცლის, რა გითხრათ.
სატირის გარეშე, ყველა ის ადამიანი, ვინც ეს დღეებია გარეთ გამოდის, პირდაპირი გაგებით, სახლში ვერ ისვენებს, ვიცი, ბრაზით გული უსივდება და მიდის, რათა ერთად მაინც დადგეს და მესმის, კი, რადგან მეც ასე ვარ, ვერც მეც ვიძინებ, მეც ვერ ვისვენებ და მინდა ერთი რამ გითხრათ, ერთი კარგი რამ მართლაც დაინახა მსოფლიომ და პუტინმა – საქართველოში პუტინს არ ელიან სამოყვროდ, საქართველოს პუტინი არ უნდა, საქართველო იმაზე მეტია, ვიდრე პუტინის დაფინანსებული პუტინისტები და რამდენიც უნდა დააფინანსოს და რამდენი წელიც უნდა დააფინანსოს, 10 წლის ქართველი ბავშვი რომ უკრაინას მიწერს წერილს და გამარჯვებას უსურვებს, ე, მარტო მანდ უნდა მიხვდე, რომ არ გაქვს პუტინო შანსი!
ამასობაში, რუსეთს სანქციები დაუწესეს და ივანიშვილმა 50 მილიონი დაკარგა სანქციების დაწესებიდან 24 საათში, ვახ, ჩვენ ოკუპანტ ქვეყანას, ჩვენ მტერს სანქციები დაუწესეს და ჩვენი პატრიოტი, ჩვენი გადამრჩენელი, ჩვენი ჩრდილოვანი მმართველი რატომ ზარალდება, ვითომო – გავიკვირვებდით, რომ არ ვიცოდეთ ბიძინას აქციები რუსეთში, ბერას რუსულ-რუსული პასპორტები. ასეა, კი, პუტინს უწესებ სანქციას და უცებ ივანიშვილი იწყებს გაკოტრებას. ეს იმ ამბავს ჰგავს, კაცი რომ ჰყვება: გუშინ 5 კაცი ერთად მეჩხუბებოდა, 4 რომ დავაწვინე, მეხუთე გამექცა, ძლივს ავწიე მიწიდან ხელი და ვხედავ, გარბის, მოვიხედე, მეწევა, უფრო ჩქარა გარბის, მოვიხედე, ვახ, მაინც მეწევა, ბოლოს დავეწიე და რომ უნდა მომექნია ხელი, თავად წაიქცა და თვალი დაილურჯა, ა, ბატონო, თუ არ გჯერა, რა დღეში მაქვს თვალიო… ასეა ჩვენი ივანიშვილიც, რაც უნდა იძახოს, რუსისთვის დაწესებული სანქციებით რომ ოკუპირებული ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი კარგავს ფულს, ეს ყველაფერზე მეტყველებს. უნდა ახლა ომი, უკრაინაში იარაღის შეტანა და სანქციები ივანიშვილს? მიხვდით ახლა ვისი ქონების და მილიონების მცველია ღარიბაშვილი? ხვდებით, ვის უთხრა, მკაფიოდ და ხმამაღლა ვამბობ, რუსეთს სანქციებს არ დავუწესებო?
პრემიერმა მე ერთი მილიონი ლარის დახმარებას მივცემ ქვეყნის ფულიდან უკრაინას, აბა, ჩემ 300 000 დოლარიან საათს კი არ გავყიდი და ჩავურიცხავო, ოღონდ, იმ ფულს ხელში არ მივცემ უკრაინას, ემანდ რამე არაქრისტიანული არ იყიდოს მაგან, იარაღი მაგალითად და ჩემი მოძმე რუსი არ მოკლასო, ამ ფულით ვუყიდი მედიკამენტებს, რუსი რომ დაჭრის უკრაინელს, გამოადგებაო. ფარმამაფიაში ყველა გამოცდილია თითქმის ოცნებაში და მაგ მილიონიდან ისე მოტეხავენ ნახევარს, ვერც მიხვდება უკრაინა, თქვენ ოღონდ ანიშნეთ, პრემიერო.
მივულოცოთ ჩვენს „მეორედ მოსულ“ პრემიერს იუბილე, ერთი წლისაა და ნეკზე კბენა იცის, ნეკზე კბენა იცის, მაგრამ რად გინდა, კბენა იცის და ვის უნდა უკბინოს, მაგდენი არ ესმის, რავა ყველაფერი სასწაული ჩვენ გვჭირს.
გაგახსენებთ, მაინც, რომ ბატონი პრემიერი, თავის დროზე, პუტინისთვის სანქციის დაწესების შემდეგ გაღარიბებულმა ივანიშვილმა გაუშვა, თან მიაძახა, თუ ძმა ხარ, მაგ შენ გაუმაძღარ ნათესავებს მიხედეო… ცოლის ნათესავი არაა ნათესავიო კი ამტკიცებდა ღარიბაშვილი, მაგრამ არ გაუვიდა მაშინ და ბევრი თვლიდა, რომ ნამეტანი მოუვიდა და იმიტომ გააბუნძულა ივანიშვილმა ღარიბაშვილი, თუმცა, მე დღემდე ვთვლი, რომ პირადი იყო მიზეზი და სანამ ბოლომდე არ დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ ღარიბაშვილს არ მოუპარავს მისთვის უცხოეთის ბანკში ის ფული და მართლა უცხოელმა კლერკმა მოპარა, მანამდე ეჭვით უყურებდა, თორემ, რაში ადარდებს ივანიშვილს ჩვენი ფულის მოპარვა? ან თუ ადარდებს, რატომ არავის დააბრუნებინა ფული ბიუჯეტში? ერთმა მოიპარა, ორმა, თუ რვამ? გააქვთ და გამოაქვთ.
ხოდა, მოვულოცოთ, პრემიერს პრემიერობის ერთი წელი, მან მოახერხა და დავით გარეჯის რუკა დაგვიბრუნა. მართალია, დავით გარეჯი ვერ დაგვიბრუნა, მაგრამ დავით გარეჯის რუკა ხომ “ჩამოგვიტანა სპეცოპერაციით მოსკოვიდან”? წავიდა ამის მერე ღარიბაშვილი აზერბაიჯანში, მაგრამ რუკა არ წაუღია, ცხვირში არ უთხრია აზერბაიჯანელებისთვის, აი, რა აღმოვაჩინეთ, მოგვეცით ახლა ჩვენი დავით გარეჯიო – ჩააფლავა, მოკლედ, დავით გარეჯის რუკის საქმე, თორემ, დავით გარეჯის საქმეზე, არც არაფერი გაუკეთებია.
გაპრემიერებიდან მალევე, მედიაში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ურეკავს და განიხილავენ, როგორ მოექცნენ ადამიანებს, ვინც ბერასთვის სოციალურ ქსელში შეგინება გაბედა. მალევე ბერამ განაცხადა, შემდეგშიც ასე მოვიქცევი და ყველა ვაჟკაცი, ვისაც აგინებენ ასე იქცევაო… სამი დღეა ერის ნახევარი აგინებს ღარიბაშვილს და წარბი არ უტოკდება საჯაროდ და იქნება კი იპუტავს ჩუმად ღამით, რა გითხრათ… ხო, იყო იქ რაღაცეები ტრი-ტრი-ზე და ანტუანზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ეს ჩვენი პრემიერი კაცი, ეს ჩვენი ომის მოძულე, იარაღის მიწოდების მოძულე, ჩანაწერში ამბობს, ის ბავშვი ისე დავაშინეთ, ხვალ სკოლაში ჩაფსმული წავაო და იცინის, იცინის, კისკისებს… ბავშვის შეშინება შეიძლება და მტრის – არა. გილოცავთ, ბატონო პრემიერო, ერთი წელი გადის ამ აუდიო ჩანაწერის გასაჯაროებიდან და დღეის მდგომარეობით, რაც დაადგინა თქვენმა გამოძიებამ ის იყო, რომ ჩანაწერში ტრი-ტრის კი არა ანტუანს ვამბობთო და იმ ბავშვზე, ჩაფსმამდე რომ გინდოდათ დაშინება, არც სხვა ბავშვებზე არაფერია ახალი! არ იქნა ეგ საქმე გამოძიებული – ჩააფლავეთ ეგ საქმეც! ანიტა რაჭველიშვილმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მის მულზე თავდასხმა ბერა ივანიშვილისთვის ე.წ. უკადრებელი კომენტარის გამო მოხდა, არც ეს საქმე იქნა გამოძიებული და აქაც ჩაფლავდით.
ამ აუდიოჩანაწერის მერე, გოგი წულაიამ ივანიშვილის ოჯახს აგინა, მოდი, ახლა ჩემზეც იძიეთ შურიო და ძალიან მალევე, გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით ჩასვეს ციხეში. ეძახეს მოძალადე, გარყვნილი, რაღა აღარ ეძახეს და რომ იჯერეს გული მისი ლანძღვით, მერე გამოუშვეს ციხიდან. დღემდე ვერავინ გაიგო მაგ საქმის თავი და ბოლო – ეგ საქმეც ჩააფლავეთ.
ნამოხვანჰესიც თქვენ დროს ჩაფლავდა, კი იძახეთ, გახარიაა მაგ საქმეში დამნაშავეო, მაგრამ, აბა, გახარიას ხომ არ დაიჭერდით? “ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობაში არსებულ ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი, ამიტომ, მე მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავას და ბატონ ლევან დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე ხვალ და დაიწყონ კომუნიკაცია უშუალოდ მოსახლეობასთან. პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ” – ბრძანეთ, ხოდა, აბა, თურნავა, სად არის თურნავა, სად ჩააფლავეთ? ან რა გაირკვა? რა იყო წუხილი? რა დადგინდა? შემოდგით ისევ ეგ თქვენი ფლავი.
მერე გახარიას ნარკომნობაში დასდეთ ბრალი და მთელ გუნდთან ერთად ეძახდით, აბა, თუ მაგარი ბიჭი ხარ, მოფსი, ახლავე ჩვენ თვალწინ მოფსიო… არ მოგიფსათ ქართულ ქილაში გახარიამ, არ ვენდობი სამხარაულს, მეც ვიყავი ცოტა ხნის წინ სამხარეულის უფროსი და თქვენზე უკეთ ვიცი, რა კანტორაცააო – მანდაც ჩააფლავეთ.
მერე ჩააფლავეთ სასამართლო რეფორმა და შარლ-მიშელის ხელმოწერილი დოკუმენტი ერთად.
ნაცებს დავამთავრებო და მეტი ხმა აიღეს თქვენი პრემიერობის დროს – მანდ თუ არ ჩაფლავდით, თვალი ჩამიპაჭუნეთ.
ატყდით, იმ ერთი წლის იუბილეზე, მე შემოვიტანე ვაქცინები, გახარიას არ შემოუტანია, ერთი ვაქცინაც არ დამხვდაო და ეგაც თქვენივე პირით ჩააფლავეთ, არ იცავს ვაქცინაო, დააბრეხვეთ, ხოდა, რა ჯანდაბად გინდოდათ ვაქცინის შემოტანა, რომლის დამცველობით ფუნქციაში ეჭვი გეპარებოდა, ანტივაქსეროო, ვერავინ გკითხათ, ჩააფლავეთ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა და არც მაგაზე გისვამენ კითხვას, არც იმას გეკითხებიან, რომელი ეპიდემიოლოგი შენა ხარ, ვაქცინებზე საუბარს რომ არ წყვეტო. ფლავი, ფლავი, “პაპიზორი პირში”.
ვაქცინაციის დაწყების პირველივე დღეს ახალგაზრდა ექთანი გარდაიცვალა, დღემდე არ გვაქვს ამომწურავი პასუხები კითხვებზე – არ გკითხავდით ამ საქმეზე თქვენ, მაგრამ ვაქცინაციის პროცესს თქვენ ხელმძღვანელობთ თურმე და თქვენვე გეტყვით – მანდაც ჩაფლავდით.
ათწლიანი გეგმა გაქვთ ახლა რაღაცა, ქვეყანა ასაშენებელიაო – მოგიკვდით, პრემიერი რომ იყო ივანიშვილი არ აგიშენათ ქვეყანა და დაქცეული დაგახვედრათ, ხოო? ხოდა, ასაშენებელია ქვეყანა, უამრავი დანგრეული სახლია, ნანგრევები გასატანია, წყლის გაყვანილობები გასაკეთებელი, სკოლები გასარემონტებელიაო და ქვეყანას სჭირდება მუშები, მივალ სოციალურად დაუცველთან, ვინც შრომისუნარიანია და ვეტყვი, წამოდი, იმუშავე მუშად და თვეში 300 ლარს გადაგიხდი, თუ არადა, ერთი წლის მანძილზე, შეგამოწმებ და ვნახავ, გეკუთვნის თუ არა დახმარებაო. ანუ, რომ ისწავლა ვიღაცამ 4 წელი, დავუშვათ, გახდა პედაგოგი და ცხოვრობს რეგიონში, მოგეხსენებათ რეგიონებში სკოლები პანტა-პუნტად დაიხურა, ხოდა, ვერ იშოვა მასწავლებლის ადგილი, მივა ღარიბაშვილი და ეტყვის, მინდა გაგახარო, სამსახური გიშოვე, მშენებლობაზე ტომრებს ათრევ და თვეში 300 ლარს მოგცემ სოციალურ დახმარებასთან ერთადო? მივა ღარიბაშვილი ეტყვის, აბა, დამიმტკიცე, თუ მართლა ღატაკი და უქონელი ხარ ახლა გამჩნდება, თუ არ დაეთანხმები 300 ლარად თვეში ტომრების თრევას – ესე იგი მატყუებ და შიმშილით კუჭი არ გიხმებაო? ასე წარმოუდგენია? ტენდერს გამოაცხადებს, სადაც მუშახელის ხელფასი, პირობითად იქნება გათვლილი 800 ლარად და სოციალურად დაუცველებს გადაუხდიან თვეში 300 ლარს? და რა იყიდოს იმ 300 ლარად? ფეხსაცმელი, ქურთუკი, თუ ჯინსი? ძიძაც უნდა აიყვანოს, რომ შვილი დაუტოვოს? იპოვოს თავისზე მეტად ღატაკი და 100 ლარი შესთავაზოს ძიძაობაში, თუ უარს ეტყვის, მიმართოს პრემიერს, პრემიერო, აქ ერთი უქონელი და ღატაკია, 100 ლარად ძიძად მუშაობაზე უარს ამბობს და მოდით, ახლავე ჩამოართვით ის სოციალური დახმარება და მოვა ჭკუაზეო?
10 წლიანი გეგმაო, კაცო.
10 წელი რომ თვეში 300 ლარად მშენებლობაზე იმუშავებ და იმ 300 ლარას და მაგაზე ნაკლებ სოციალურ დახმარებას რომ ვერაფერს ამყოფინებ, სტომატოლოგთანაც რომ ვერ წახვალ და კბილის ფერიას დაელოდები, როდის ამოგიგდებს კბილს, რომ მერე უკბილოდ, მაგრამ კბილის ტკივილის გარეშე იყო – ესაა ცხოვრება?
ახლა ვიღაცა გაიფიქრებს, აი, ხალხი რატომ გარბის საქართველოდანო და მეგობრებო, ჩვენ კი არა, ღარიბაშვილი და ივანიშვილი უნდა მირბოდნენ და ჩვენ უნდა მივსდევდეთ, ჭკუა რომ გვქონდეს!
და 5 ივლისი, როცა ჯერ პატრიოტული მოტივებით წაახალისეთ ძალადობა, მერე საკმარისი პოლიციელი ვერ გამონახეთ ქვეყანაში ხალხის დასაცველად, მას მერე, რაც მოძალადეებს ჟურნალისტები და მოქალაქეები აცემინეთ, დაგვპირდით ამ საქმეს გამოვიძიებო, მაგრამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილის არ იყოს, რას გამოიძიებ, როცა ყველა საქმეში მთავარი დამნაშავე ან შენ ხარ, ან ბიძინა, ან შენ, ან ბიძინა…
ამ ერთ წელში მოხდა ე.წ. მოსმენების საქმეც, უცებ საზოგადოებამ იხილა ღიად გამოტანილი სავარაუდოდ სუსის კრებსები, საიდანაც ცხადი გახდა, რომ უსმენდით ყველას საწოლში, სამზარულოში, აბაზანაში, ტელეფონში, ინტერნეტში, ქუჩაში, ტყეში, დაბადების დღეზე… უსმენდით და აარქივებდით… მოსმენების მსხვერპლთა სრული უმრავლესობა სასულიერო პირი იყო, არადა, როგორ გიყვართ თქვენ და პუტინს სანთლის დანთება, როგორი ერთმორწმუნეა თქვენთან პუტინი… ასეთი ქრისტიანი კაცი, მღვდელს როგორ უსმენდი, კაცო? ასეთმა ქრისტიანმა კაცმა იცოდი პედოფილსა და ბარიგა მღვდლებზე და არაფერს აკეთებდი? არაფერს აკეთებდი რა, არაფერს აკეთებ? ახლაც ხომ არ არიან ის პედოფილები და ბარიგები დაკავებული? ხომ ამ საქმეშიც ჩაფლავდი? სუსი დაგაქციეს თავზე და ხომ ესეც გამოუძიებელია, ხომ არ მეშლება?
5 ივლისს სასიკვდილოდ უამრავი ადამიანი გაიმეტეს, თქვენ ბიძინაზე მლოცველი ქეთი დოლიძის შვილიშვილიც კი წააქციეს მოძალადეებმა და გაფიქრებაც არ მინდა, ჟურნალისტები და პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ ახლოს, რა მოხდებოდა. ერთმორწმუნეზე გამახსენდა, ახლა პუტინმა თქვა, ზელენსკი და მისი მთვარობა ნარკომნები არიანო… ვინც არ მოსწონს პუტინს, მისთვის ყველა ნარკომანია…
არ მოგწონდათ ლექსო ლაშქარავა, პრემიერო? გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავა არ მოგეწონათ? თუ თქვენც თქვენთან ერთმორწმუნე პუტინის სიტყვები რატომ გაიმეორეთ? რატომ გაიტაცა თქვენმა შსს-მ ცხედარი ოჯახიდან, რატომ გარბოდნენ ცხედრით ხელში პოლიციელები? არ მოგეწონათ, მკვდარიც არ მოგეწონათ, პრემიერო?
და გენადი ბესტაევი? კაცი, რომელსაც სახლის წინ გაუბეს ოკუპანტებმა მავთულხლართი და 5 ჯერ დაიჭირეს, სანამ სიკვდილამდე არ მიიყვანეს, არ მოგვიგდეს, იცით, რომ თქვენი კლასტერის მპოსტავები მასაც ნარკომნად იხსენიებენ? რამდენიმე თქვენი თანაგუნდელის ოჯახის წევრი მართლა ნარკომანია, მაგრამ მაგის გამო სიკვდილს არავინ უსურვებს პრემიერო, ხოდა, არც გენადი ბესტაევის ცხედარი მოგეწონათ? რუსებისგან ნატანჯი კაცის ცხედარი მიწაში ისე ჩააგდეთ არც ერთი კაცი არ მისულა მთავრობიდან და ფეისბუქ-ფეისბუქ აძახებინებთ, ნარკომანიაო…
და მაინც თქვენ ხართ პუტინთან ერთმორწმუნე, თუ ის არის თქვენთან ერთმორწმუნე პრემიერო? იმიტომ, რომ ჩემი რელიგია, ჩემი ღმერთი აშკარად სხვა რამეს მასწავლის და გამარკვიეთ, თქვენ ვისთან ერთმორწმუნე ხართ?
ამ ბოლოს, ის ადამიანები, ვინც თქვენ გაქებთ, ღიად წერენ, ძალიან საშიში იქნება პუტინის დამარცხება, შეიძლება ატომური ბომბი ააფეთქოს და დავიღუპოთ, ამიტომ, მოდი, ხომ არ სჯობს უკრაინა მივცეთ რუსეთს, დაანებოს დასავლეთმა თავი და ასე დანარჩენები გადავრჩებითო. უკრაინას გაწყვეტს და ჩვენ გადავრჩებითო… უკრაინის გაჟუჟვაში გაერთობა და ჩვენ არაფერს გვეტყვისო… სინამდვილეში არც ბირთვულის ამფეთქებელია პუტინი და არც უკრაინა დაანაყრებს, საქმე არც ერთმორწმუნეობაშია, ბავშვების მკვლელებმა და ბავშვების ჩაფსმამდე დამშინებლებმა, პედოფილებისთვის ხელის დამფარებლებმა რა იციან რა არის რწმენა, სინამდვილეში საქმე ბიძინა ივანიშვილის მილიონებშია, რადგან ბიძინა ივანიშვილს თუ ფული ძალიან შემოაკლდა, მერე უკვე ბიუჯეტთან “ქართული ოცნების” ვირთხებს აღარ მიუშვებს, მთლიანად თავად გამოხრავს.
ვიტყოდი ახლა კიდევ, აქაც ჩაფლავდი-თქო, მაგრამ რანაირად, სამი დღეა ლამის მთელი ერი გაა…ვიო გეძახის და ისევ სკამზე ზიხარ, გვპარავთ, აპირებთ მონებად გვამუშაოთ 300 ლარად თვეში, ქვეყნიდან გვყრით, ერის ხმას არად აგდებთ და თქვენ ჩაფლავდით? თქვენ კი არა ჩვენ ჩავფლავდით, ჩვენ…
ომზე არ ილაპარაკოთ და მშვიდობის გეშინოდეთ, პრემიერო, რადგან თუ პუტინს სანქციებს არ მოუხსნიან და შენი მამამარჩენალი და იმის მამამარჩენალი ორივე გაღატაკდება, გაიქცევით და ხალხი გამოგეკიდებათ… იქნება და გაასწროთ.
კომენტარები