საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი, ტვ 1-ის ეთერით განმარტავს რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა, რატომ გაუქმდა რეისები, რომლის ბილეთებიც გაიყიდა საკმაოდ ძვირად:
“ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რა სიტუაცია შექმნილი, ხომ არ შეიძლება ეს ხალხი ჩამოვიყვანოთ და ამ ხალხმა იმის გამო, რომ აქ კარანტინში ვერ მოვათავსოთ, საფრთხე შეუქმნან ასობით ათასობით ადამიანს. ძალიან პასუხისმგებლიანად უნდა ვიმოქმედოთ ახლა და შეცდომის დაშვების უფლება არა გვაქვს არავის”
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ “აირზენას” სურს ბილეთის ფასი გაზარდოს და ამიტომ გააუქმა ფრენა და ასევე, დაგვაბარა, ჩვენ, ჟურნალისტებს, რომ გადავცეთ “აირზენას” – ახლა საგანგებო მდგომარეობაა, გაითვალისწინოს. მართალია, გვეგონა რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა ბიზნესთან, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ პრემიერს და გადავცემთ “აირზენას” მის დანაბარებს.
თავის მხრივ, “აირზენამ” განაცხადა, რომ ყველა სპეც რეისი საქართველოს მთავრობის მოთხოვნით გადაიდო.
პრინციპში, საგარეო საქმეთა მინისტრმა “აირზენას” ნათქვამი დაადასტურა.
დღეს დღის მანძილზე, ეკონომიკის მინისტრი, ასევე ტელევიზიით, სთხოვდა კერძო სექტორს, დახმარებოდნენ სასტუმროების ფართით, რათა გამოიყოს კარანტინისთვის მეტი ფართი.
არ გვინდა ვთქვათ, ხომ ვამბობდითო, მაგრამ 26 იანვარს, ლამის ორი თვის წინ გთხოვდით, საკარანტინო სივრცეების გამზადებას! ახლა, იმიტომ არ გახსენებთ, გაუთვალისწინებელ რჩევებს, რომ არ არის გარჩევების დრო, საქმეა საკეთებელი. იგივე ველით თქვენგანაც – ნაცვლად მედიის საშუალებით საქმის გარჩევისა – იპოვეთ საკარანტინო სივრცე და დააბრუნეთ ის მოქალაქეები, რომლებსაც უნდათ საქართველოში ჩამოსვლა.
24 საათია იმაზე მეტიც კია საკარნტინო სივრცის საპოვნელად ვიდრე საჭიროა და ამჯერად მაინც იმუშაოს მთავრობამ გადაძახილის გარეშე – პირდაპირი კომუნიკაციით და სწრაფად. რაც მეტად დავაყოვნებთ სპეც. რეისებს, მით მეტი დაინფიცირებული ემიგრანტის ჩამოყვანის შანსი იქნება.
და ისე, ბატონო პრემიერო, მინისტრებო და ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენც გვაქვს შეხსენების უფლება – საგანგებო მდგომარეობაა ქვეყანაში ეპიდემიის გამო, არ დაგავიწყდეთ! სასწორზე ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე დგას.
ალია
კომენტარები