მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“ეს ქართველები რუსეთის დერჟავას ეთაყვანებიან. მათი ღმერთი პუტინია. რუსულ ნამდვილ კინოს, ლიტერატურასა და მუსიკას საერთოდ არ იცნობენ, არც უსმენენ და არც კითხულობენ, ცოტას კითხულობენ: მხოლოდ გენერლებისა და პოლიტიკოსების მემუარებს აკვდებიან და უკუღმა ლაპარაკობენ – მკვლელებზე, კომისრებზე, ბერიებზე აღფრთოვანებულები საუბრობენ.
თავიდან შეიძლება ისიც გეგონოს, რომ სულიერ ადამიანს ელაპარაკები და მოულოდნელად ხელში დემონის მიმდევარი გრჩება, შეუძლია უცბად ასეთი რამეც გითხრას, რომ თურმე პუტინი ვიშნუს ინკარნაციაა.
ისინი გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან ერთმანეთს… რადგან თუ დააცლით, აღმოაჩენთ, რომ მათი ღმერთი სტალინიცაა. სტალინზე გიჟდებიან, აბოდებთ, ცაში აჰყავთ, სტალინი გმირია, წმინდანია, მისტიკოსია, მან ყველაფერი იცოდა, ეს გლეხუჭა ჟუკოვი მადლობელი უნდა იყოს, რომ გადაურჩა, ნაპოლეონი მასთან რას მოვა, ვერც მაკედონელი, – ეგრე უნდა ექნა, ხალხი უნდა გაეჟუჟა, აბა, რა უნდა ექნა?! ჰო გადაასახლა, ეგრე უნდათ.
დიადი დერჟავა + პუტინი + ბერია + სტალინი + საბჭოეთი = ეს მათი ფორმულაა.
ანუ ეს ერთი ხაზია, შიზოფრენიკთა ერთი ნაკადი.
და თქვენ გგონიათ, რომ მარტო ამერიკელებს ვერ იტანენ? ცდებით. ვერავის ვერ იტანენ, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის გარდა, – ვერც ევროპელებს, ვერც აფრიკელებს, ვერც ავსტრალიელებს, ვერავის, არავის…
ისინი დემონური სვერხ დერჟავას წევრები არიან გულის სიღრმეში. ამ დროს იშიფრებიან. ეს „კეთილშობილური“ სახეები შირმაა, გულის სიღრმეში თავად არიან მკვლელები, უნდათ, რომ იყვნენ მკვლელები და ატომური დერჟავის ხელით იხორციელებდნენ სურვილებს.
თქვენ გგონიათ ძალიან უცხოები არიან? არა. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება წლების წინ აფხაზეთში მებრძოლი ქართველი კაციც კი აღმოჩნდეს (რეალურად), რომელიც ბრძოლისას ასეულს მეთაურობდა. ახლა ის პუტინის მონაა. ახლა პუტინს უნთებს სანთლებს. თავის ყოფილ მებრძოლებს დასცინის და პუტინის ხატს კოცნის.
შენ იძაბები და უყვები იმ კომისრის შესახებ, რომლის ტყავის წინსაფარიც სულ მუდამ სისხლიანი იყო და თავად კომისარი ვერასოდეს იშორებდა მიწისქვეშა დერეფნებში დახვრეტილი ხალხის სისხლის სუნს, რომლითაც იყო გაჟღენთილი მისი მთელი სხეული და მისი დამპალი ცხოვრება.
და თუ ამერიკაა შენი მტერი, უკრაინას რატომ ბომბავ, შე უნამუსო?!
ის კი გიპასუხებს, ეგრეა ძმაო, აბა რა გინდა! ეგრეა, ძმაო, არ უნდა გაამწარო პუტინი!
გულისრევა!”
კომენტარები