საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში გადმოასვენებენ. როგორც ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადმოსვენების პროცედურები შეთანხმებულია ოჯახთან.
„ჩვენ, ბოლო ცუდი ინფორმაცია გვქონდა გუშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა ესპანეთში – 73 წლის მამაკაცი. სამძიმარს გამოვხატავ მისი ოჯახის მიმართ. მას ჰქონდა გარკვეული გართულებები სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებით, ამან კიდევ უფრო გაართულა მისი მდგომარეობა. საელჩო და საკონსულო არის კონტაქტზე ოჯახთან და მისი გადმოსვენების პროცედურები უკვე შეთანხმებულია ოჯახთან. გადმოსვენება მოხდება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის პროცედურებით და გაწერილი პრაქტიკით“, – განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ 73 წლის სერგო მელაძე COVID-19-ით ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გუშინ გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, სერგო მელაძე წარმოშობით წალენჯიხიდან იყო და ბოლო წლების განმავლობაში ესპანეთში ცხოვრობდა.
სერგო მელაძის გარდა ესპანეთში კორონავირუსით კიდევ ორი ქართველი გარდაიცვალა. მათგან ერთ-ერთის, ცირა ნაჭყებიას ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას ამ დრომდე ითხოვს.
კომენტარები