“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, იქ განთავსებული სამხედრო ბაზებიდან სატანკო ბატალიონების ეკიპაჟები რუსეთში გადაიყვანეს. ოფიციალური მონაცემით, ვოლგოგრადის რეგიონის სამხედრო ოლქის პრუდბოის საწვრთნელ პოლიგონზე სატანკო ეკიპაჟების სწავლება დაიწყო. იქვე არიან სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის ტანკისტებიც.
რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, სატანკო ეკიპაჟები სატანკო ბიათლონში მონაწილეობისთვის მოემზადებიან და კონკურსის მონაწილეები იასპარეზებენ თანამედროვე T-72B3 ტანკებით.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ეჭვის თვალით უყურებენ ცხინვალში. მით უმეტეს, რომ სატანკო ბიათლონი რუსეთში, რამდენიმე თვის წინ უკვე ჩატარდა და რუსეთის გარდა მასში მონაწილეობას იღებდნენ ოკუპირებული რეგიონების ტანკისტები და რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სატანკო ეკიპაჟები.
რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, რომ წვრთნა მხოლოდ მიზეზია და რუსული სამხედრო ბაზებიდან გაწვეული სატანკო ეკიპაჟების წევრებს უკრაინისკენ გააგზავნიან.
ცოტა ხნის წინ, პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს უკვე თავისი ჯარის 100 პროცენტი ჰყავს შეყვანილი უკრაინაში, როგორც ჩანს, მას უკვე მართლაც სჭირდება დამხმარე ძალა ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
რუსეთმა უკრაინაში 625 რაკეტაზე მეტი გაისროლა და ჯარის 100% ჰყავს შეყვანილი – პენტაგონი
კომენტარები