ბოლო მონაცემებით, საქართველოს სამეზობლოში ყველაზე მეტი ინფიცირებული თურქეთში ჰყავთ, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19-ით 1236 ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 30 პაციენტი გარდაიცვალა და გავრცელებიდან დღემდე გამოჯანმრთელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც მოსახლეობაში პანიკას იწვევს.
AMBEBI.GE-სთან საუბარში ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ სხვადასხვა ქალაქში განსხვავებული სიტუაციაა, თუმცა მთლიანობაში მოსახლეობა შეშინებულია.
მანანა აბაშიძე:
– სტამბოლში ვცხოვრობ და ერთ-ერთ საკვებ ობიექტში ვმუშაობ, რომელიც რამდენიმე დღეა დაკეტილია… ოჯახის წევრები მეკითხებიან, რას ელოდები, წამოდიო, ჩემი ნამუშევარი მაქვს ასაღები, თვენახევრის… ახლა რომ წამოვიდე, მერე შეიძლება, უკან ვერც დავრუნდე და იმ თანხას არავინ დამიბრუნებს. აქაც ძალიან მძიმე ვითარებაა. წლევანდელი ტურიზმი უკვე ჩავარდნილია და ხელისუფლებისგან გარკვეულ შეღავათებს ითხოვენ…ასევე დაგაინტერესებთ
ერთმანეთის მიყოლებით იხურება ყველაფერი, სურსათის მაღაზიების გარდა. ხელმძღვანელობა მუდმივად მოუწოდებს ყველას, დარჩნენ სახლში და არ გამოვიდნენ ქუჩაში, თუმცა ამ მოწოდებას ყველა არ ითვალისწინებს… ამიტომ, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრათეინ ხოჯამ ყველას მიმართა, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მითითებებს არ გაითვალისწინებენ, ფინანსური სანქციები დაიწყება. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, რადგან ხალხი მაინც ცდილობს გამოვიდეს მარაგისთვის ან სხვა პირადი საქმისთვის, რომლის გადადება არ უნდათ იმის შიშით, რომ მერე ვითარება უფრო არ გაურესდეს… ამიტომ, ურჩევნიათ, ყველაფერი თუნდაც რისკის ფასად მოილიონ.
ქეთევან ბიგანაური:
– სტამბოლში დაძაბულობა და პანიკაა ისე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. პანიკაში უფრო ქართველი ემიგრანტები არიან, ვინც ოჯახებში ვმუშაობთ, უფრო მშვიდად ვართ, რადგან უფრო დაცულად ვგრძნობთ თავს. პანიკა და შიში კარგს არაფერს მოგვიტანს… უამრავი ქართველი ემიგრანტი, ვინც ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობდა, ახლა უმუშევარია, რადგან დროებით ყველაფერი დაიკეტა…
ვცდილობთ, ქართველები ერთმანეთს თავად დავეხამროთ, ინფორმაციულად და ისეც, შეძლებისდაგვარად, რადგან აქ უცხო ქვეყანაში, ჩვენი თავის პატრონები ისევ ემიგრანტები ვართ. ამბობენ, რომ ხელისუფლება იქცევა ვითარების შესაბამისად.
კახა ჩაჩანიძე, ანტალიაში მცხოვრები ქართველი:
– ტელევიზორს არ ვშორდებით მთელი დღეა… ამდენი წელია აქ ვცხოვრობ, სულ უცხოენოვან თურქებთან მქონდა საქმე და ადგილობრივ ენას ცუდად ვფლობდი, ახლა ისე ვარ ჩაფლული ინფორმაციებში, მგონი ამ რამდენიმე დღეში თურქული ვისწავლე… აქ უამრავი ემიგრანტია, რომლებმაც თადარიგი დაიჭირეს და ანტალიაში ადრე ჩამოვიდნენ, რომ სამუშაოზე ეზრუნათ, თუმცა ბოლო დღეებში ქუჩაში რომ გავდივარ, თავი ფანტასტიკის ჟანრის ფილმის გმირი მგონია, მანქანის გარეშე, ქუჩაში გასვლის უფლება არ გვაქვს.
ხალხი შეშინებულია, რადგან ამდენი ათასია დაინფიცირებული და არცერთი გამოჯანმრთებული არ არის. არადა, პირველ დღეებში, როდესაც მსოფლიოში ყველაფერი რთულად იყო, თურქეთი სიტუაციას აკონტროლებდა. არ ვიცით, როდის და როგორ გაექცა ხელისუფლებას კონტროლი. შესაძლოა, მანამდეც იყო და უბრალოდ არ ამხელდნენ, რომ ერდოღანის “გამართულ მენეჯმენტს” ჩრდილი არ მისდგომოდა. თუმცა, ჭირს თავი არასდროს დაუმალავს და ეს ვერც თურქეთში მოხდებოდა.
ლადო, 28 წლის, იზმირში მცხოვრები ქართველი:
– ამბობენ, რომ უფრო მეტია დაინფიცირებული და დაღუპულიც, უბრალოდ, ხელისუფლებას პანიკის ეშინია და მალავს. ერთ დღე-ღამეში დაინფიცირებულთა რაოდენობა 950-მდე ადამიანით გაიზარდა. შესაძლოა, ინფორმაციის გავრცელებამ მართლაც წარმოქმნას ქაოსი, რადგან როგორც კი პირველი დაინფიცირებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მაშინვე მიაწყდა ხალხი სურსათის მაღაზიებს, აფთიაქებს და ამბობენ, რომ ბანკებსაც კი – თანხის გატანა დაიწყეს… ძალიან შეშინებულები ვართ. ალბათ რამდენიმე ხანს დავაკვირდებით სიტუაციას და მერე წამოვალთ. საქართველოდან გვეუბნებიან, რომ წამოსვლას თუ დავაპირებთ, გავითვალისწინოთ, რომ სარფზე ორკვირიანი კარანტინი გველოდება და გვაფრთხილებენ, ბევრი ბარგი არ გვქონდეს…
ცოტა ვითარების ჩაწყნარებას ველოდებით. გვამშვიდებენ, რამდენიმე კვირაც და პიკი გადაივლის, საზღვრები გაიხსნებაო. ადგილობრივები ცუდ დღეში არიან, ბიზნესი ჩაუვარდათ, ტურისტებს ვეღარ მიიღებენ. ეს ჩვენზეც აისახება, რადგან უამრავი ქართველი, თუნდაც ჩემს გარშემო აქედან არჩენდნენ ოჯახებს. ბიზნესმენი, რომელთანაც ვთანამშრომლობ, ანუ მუშახელი მიმყავს, მეუბნება, რომ ვირუსის გადავლის შემდეგაც მძიმე პერიოდი გველოდება.
კომენტარები