ბოლო 28 საათის განმავლობაში, მარიუპოლი ორი მხრიდან, სხვადასხვა სახისა და კალიბრის არტილერიით იბომბება. თითქმის 2 დღის განმავლობაში, ქალაქში არ არის შუქი, წყალი, გათბობა, მობილური და ინტერნეტ კავშირი.
მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. აზოვის ზღვაზე მდებარე საპორტო ქალაქი, რომელშიც 430 ათასი ადამიანი ცხოვრობს, პრაქტიკულად, მოწყვეტილია დანარჩენი უკრაინისგან.
ალყის მიუხედავად, ქალაქიდან გასასვლელი გზა არსებობს, თუმცა, მასზე მოძრაობა საშიშია განუწყვეტლივი საარტილერიო და საავიაციო დაბომბვების გამო.
„წითელი ჯვარი” ალყაში მოქცეულ მარიუპოლში შექმნილ მდგომარეობას უმძიმესად აფასებს. საშა ვოლკოვი, რომელიც ქალაქში ორგანიზაციის დელეგაციის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ საკვების და წყლის მარაგები ძალიან მცირეა.
BBC-ს ინფორმაციით, ვოლკოვი აუდიომესიჯში ამბობს, რომ ოჯახებს აღარ აქვთ პროდუქტი და არ შეუძლიათ ბავშვების გამოკვება.
იწურება მედიკამენტების მარაგიც.
“ბევრი ჩვენგანი ავად არის, რადგან აქ სიცივე და მაღალი ტენიანობაა,” – ამბობს ვოლკოვი.
“ადმიანებს სხვადასხვა საჭიროებები აქვთ, განსაკუთრებით – დიაბეტითა და კიბოთი დაავადებულ პაციენტებს,” – ამბობს ვოლკოვი.
რუსეთის ფედერაციამ, 24 თებერვალს, დილით, უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით შეიჭრა – კიევის, ხარკოვი/სუმის და ხერსონი/მარიუპოლის.
ამ დროისთვის ყველა მიმართულებით მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები.
კომენტარები