ჰეშთეგი / Hashtag-მა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც “ფაქტჩეკის” მთავარი რედაქტორი მალხაზ რეხვიაშვილი, რუსეთის ჰიბრიდულ ომზე საუბრისას, ამბობს:
“რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ჯერ კიდევ შეჭრამდე, ჰიბრიდული ომი უძღოდა წინ. თანამედროვე სამყაროში, იმისთვის რომ სამხედრო ოპერაციები დაიწყო – შენი ერისთვის უნდა გქონდეს სათქმელი. პუტინს სჭირდება მესიჯბოქსი, რომლითაც ერთის მხრივ, ისაუბრებს მოქალაქეებთან ქვეყნის შიგნით და მეორეს მხრივ, მოქალაქეებთან ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული როგორც დასავლეთის, ასევე ქვეყნის შიგნით მოსახლეობის რეაქცია.
რუსეთი ამზადებდა ნარატივს იმის თაობაზე, რომ უკრაინაში კონფლიქტი, რომელიც ახლა იწყება, ეს არის პასუხი იმაზე, “რაც ხდებოდა” ბოლო 8 წლის განმავლობაში დონბასსა და ლუგანსკში. პირველ რიგში ვხედავდით რუსეთის მხრიდან ისტერიულ უარყოფას იმისა, რომ ეს სამხედრო მობილიზება ომის წინაპირობაა, რუსეთი მუდმივად ამტკიცებდა, რომ არ აპირებდა სამხედრო დაპირისპირებას. შემდგომ, ეს ყველაფერი შეფუთა იმგვარად, რომ ეს არის სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზანია კიევის ნაცისტური ხელისუფლების შეჩერება. რუსეთი მუდმივად ამ პოლიტიკას მიმართავდა, რომ ის მესიაა და გადამრჩენელი. და ყველა ომი იმითაა შეფუთული, რომ დაპყრობილი ქვეყნები უნდა “გადაარჩინოს”…
რუსული პროპაგანდა გახდა ტექნლოგიებზე დაფუძნებული, ის ცდილობს შეაღწიოს ყველა მოწყობილობაში, რომელსაც იყენებენ ადამიანები, დაწყებული ლეპტობიდან დამთავრებული ტელევიზორით. მისი პროპაგანდაა გაურკვევლობა, ინსტიტუტებისადმი ნდობის გაქრობა, ადამიანების დაყოფა და ა.შ. მათ ის კი არ უნდათ დავიჯეროთ, რომ სადმე გენოციდი მიმდინარეობდა, მაგალითად, დონბასში და ლუგანსკში (როგორც ამას თავად ყვებიან), ეს რომ ყოფილიყო მათი მიზანი, მიმართავდნენ საერთაშორისო სასამართლოს და თუ ეს ფაქტები არსებობს, დაამტკიცებდნენ სასამართლოში. ჩვენ ყველამ ვნახეთ საცხოვრებელ სახლს როგორ ხვდება რაკეტა და ინგრევა. რუსთმა გაავრცელა ოფიციალური პოზიცია, რომ უკრაინული იარაღი მოხვდა უკრაინულ სახლს. რუსეთის მიზანი, რომელიც ამდენი ინფორმაციას ავრცელებდა, არ ყოფილა ის, რომ ჩვენ ეს დაგვეჯერებია, მისი მიზანი იყო, რაღაცა ეთქვა და ბევრჯერ ეთქვა ის, რაც კითხვებს გააჩენდა, კითხვებს დათესავდა, იმგვარ ჭეშმარიტებებზეც კი, რაზეც შეიძლება სხვა სიტუაციაში არ გვეკამათა. ყოველ დღე ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ზელენსკი გაიქცა უკრაინიდან, ყოველ დღე უკრაინის პრეზიდენტი წერს ვიდეოს, სხვადასხვანაირს, რომ არ ვიფიქროთ, წინასწარ გამზადებული ვიდეოა, იმის დასადასტურებლად, რომ ის კიევშია. არავის აღარ სჯერა, რომ ზელენსკი გაიქცა. უბრალოდ, სანამ ზელენსკის უპასუხებს, მანამდე საზოგადოება არის დემორალიზებული. მერე ზელენსკის პასუხს ხომ ყოველთვის იმდენი ადამიანი არ ნახულობს, რამდენადაც გავრცელებულ დეზინფორმაციას? სწორედ ამ შიშების კვებაა, რომ აი, სახელმწიფომ მიგატოვათ, საკუთარ მოქალაქეებს ბომბავს და ა.შ. ცალ-ცალე არც ერთი დეზინფორმაცია თავის მიზანს, რომ დავიჯეროთ, არ აღწევს, მაგრამ იმდენი დეზინფორმაციაა, რომ ცოტ-ცოტა წარმატებას ყველა აღწევს. საბედნიეროდ, უკრაინაში ამას ჯერ ვერ ახერხებს.”
კომენტარები