ფოტო – ნეტგაზეთი
მღვდელ-მონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე, რომელიც ოთხი წელია უკრაინაში ცხოვრობს “ნეტგაზეთთან” ამბობს:
“მე ვარ ქალაქ როვნოში, ბელარუსიის საზღვართან ახლოს და ამ ეტაპზე ჩვენს ქალაქში სიწყნარეა. თუმცა ჩვენ გვერდით ქალაქში, ჟიტომირში, დაბომბეს მჭიდრო დასახლება, რასაც ერთი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. საშინელი მდგომარეობაა, სრულ ჯოჯოხეთში ვართ. ვლოცულობ, რომ მსგავს დღეებს არავინ მოესწროს. ძალიან რთულია ბომბების ქვეშ ცხოვრება, ბომბების ქვეშ წესის აგება და ბომბების ქვეშ ჯვრისწერა.
სრული ჯოჯოხეთი მოუწყვეს რუსებმა, ამ ეგრეთ წოდებულმა ფსევდოქრისტიანებმა უკრაინის მოსახლეობას. ყველა სისასტიკისთვის გაიმეტა, რაც კი შეიძლება ადამიანს გაუკეთო. ზოგჯერ ვფიქრობ, მართლა 21-ე საუკუნეში ვცხოვრობ? ახლა ხდება ეს ყველაფერი? იქ ვარ, სადაც გაუწყლოების გამო ბავშვები იხოცებიან და ჰუმანიტარული ტვირთი არ შემოდის და ამ ამბავზე მსოფლიოც დუმს.
ვნახეთ რა გააკეთეს მარიუპოლში, მშობიარე ქალები დაბომბეს და იყო მცდელობა ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფოს დაბომბვის, თუმცა ხელი შეუშალეს. სადაც კი ლოკაციით დაადგენენ, რომ იქ ბავშვები არიან, პირდაპირ იქ ახორციელებენ საჰაერო დარტყმას. ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება მეტი სიმწარე ნახონ უკრაინელებმა.
გენოციდია, აბა რა არის, როცა ონკოლოგიურ ბავშვებს დაბომბავ, რომლებმაც შეიძლება ხვალ ვერც კი გაიღვიძონ თავიანთი მძიმე დაავადებიდან გამომდინარე და ყოველდღე ბრძოლაში არიან.
რუსეთს უნდა ის გააკეთოს უკრაინაში, რაც სირიას გაუკეთა. თავისი სიბოროტით სურს აღადგინოს საბჭოთა კავშირი, რაც არასდროს არ მოხდება. ის სიამოვნებას იღებს იმ წამებასა და გოდებაში, რადგან რუსეთი ზოგადად დაფუძნებულია სიბოროტეზე. ჩერნიგორის ევაკუაციის დროს დაცხრილეს დედა შვილებთან ერთად. ზოგჯერ ხმამაღლა მინდა ვიყვირო, რომ მსოფლიოს სძინავს? წარმოუდგენელი სისასტიკე ხდება აქ. ეკრანზე იმდენს ვერავინ ვერ განახებთ, რაც რეალურად ხდება.
ორი სასულიერო პირი უკვე მოგვიკლეს. ჯერ აწამეს უსასტიკესად და შემდეგ დახვრიტეს. ხარკოვი მაშინ დაიბომბა, როცა მიცვალებულები გამოჰყავდათ. რუსებმა საკუთარი მიცვალებულებიც კი დაბომბეს. არ ვიცი, რატომ გააკეთეს ეს, ალბათ კვალის დაფარვას ცდილობენ. სამი დღე ჩვენს ქალაქში 20 წლამდე ბავშვებს მოასვენებდნენ. ამ გოგო-ბიჭების ყურება, ამდენი ახალგაზრდის წესის აგებას და თუნდაც მათ ქრისტეს წიაღში გადასვლას, არ შემიძლია მშვიდად შევხვდე. მათ თავიანთ მიწა-წყალზე მშვიდად უნდა ეცხოვრათ.
ქალი, ბავშვი, კაცი – ყველა ჩართულია ბრძოლაში, ყველა მონაწილეობს თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის. დღეს უკრაინა მხოლოდ თავისთვის არ იბრძვის, როგორც ვიცით, ევროპისთვის და პირველ რიგში, საქართველოსთვის იბრძვის, რადგან ჩვენი თავისუფლებაც ამ ერის თავისუფლებაზე გადის. ღმერთმა ქნას, რომ არ დაეცეს.
ვხედავთ, რა დაემართა რუსეთს ამ სანქციებით. ეგონა, რომ ძალაუფლებას მოიპოვებდა, თუმცა ბოლომდე გაწირა თავისი ხალხიც. ხარკოვი, რომელიც რუსულენოვანი ქალაქია, მიწასთან გაასწორა. უკვე აღარ არსებობს ეს ქალაქი. ტაძრებში ლოცვის დროს დაბომბა ხალხი. მე-12 საუკუნის მონასტერი დაბომბა, სადაც რუსი მოსახლეობა ცხოვრობდა. ზუსტად ეს ადამიანები ებრძვიან პუტინს. ხარკოვში არიან ადამიანები, რომლებმაც უკრაინული ენა არ იციან და მან თავისი ხალხი დაბომბა.
არ ვიცი, როგორ უნდა ვუწოდო მათ ეკლესია. ესენი ხრწნასმიცემული სექტაა. გახსოვთ ალბათ, საომარი მდგომარეობა რომ გამოცხადდა, მიმართულების აბრები ჩამოიხსნა ყველგან, რომ მტერი ლოკაციამდე ადვილად არ მისულიყო. ათამდე სასულიერო პირია უკვე დაჭერილი, რომლებმაც წითელი ჯვრები დაუსვეს მიმართულებებს და ასე მოჰყავდათ მტერი სამხედრო ბაზებამდე, კომისარიატებთან, სადაც ათობით ახალგაზრდა მოხალისე, სტუდენტი იდგა და ამ ახალგაზრდების დასაბომბად მოიყვანეს რუსი სამხედროები რუსმა სასულიერო პირებმა.
ოთხი სტუდენტი ჩამოგვისვენეს ქალაქში. რამდენიმე ქალაქი კი მოხუცებმა გადაარჩინეს, უთვალთვალეს მღვდლებს და დაიჭირეს. ის მღვდლებიც კარგად სცემეს და შემდეგ ადგილობრივ პოლიციაში მიიყვანეს. ყველა მღვდელმა აღიარა დანაშაული, რომ ისინი თანამშრომლობდნენ რუსეთის დაზვერვასთან. აი, ასეთ გახრწნილობას რა საერთო აქვს ქრისტიანობასთან?
მადლობა ღმერთს, რუსეთის უამრავმა ეკლესიამ გამოხატა პროტესტი და გადმოვიდნენ უკრაინის ეკლესიის დაქვემდებარებაში. მასობრივად დაიწყეს მათმა მღვდელმთავრებმაც რუსეთის პატრიარქის ლოცვებში მოხსენიებაზე უარი და განუდგნენ რუსეთის საპატრიარქოს.
ეს არ არის ის ხალხი, ვინც შეძლებს, რომ ეს ომი აპატიოს რუსეთს. ძნელია აპატიო შვილებისა და ბავშვების დახოცვა, ძნელია აპატიო სიმსივნით დაავადებული ბავშვების და მშობიარე ქალების დახოცვა. არც ღმერთი აპატიებს რუსეთს ამ ყველაფერს.
პუტინის მუქარა ფუჭია – მას არ შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ერთადერთი, რაც შეუძლია გამოიყენოს, ჩერნობილის ატომური სადგურია. ატომურ სადგურს ელექტროენერგია გაუთიშეს, ხუთი თანამშრომელი ტყვედ ჰყავთ აყვანილი, შესაძლოა მალე დადგეს ცუდი შედეგი.
თუმცა, ამით არა მარტო უკრაინას მიადგება ზიანი. ევროპა დაზიანდება და პირველ რიგში, ბელარუსს დაუდგება ცუდი შედეგი, რადგან ვნახეთ საით წაიღო მაშინ ქარმა რადიაცია. ევროპას არც ამაზე აქვს მწვავე რეაქცია. ბელარუსებიც მშვიდად სხედან და უტიფრად შესჩერებიან თავიანთ ხელისუფლებას.
ამაზე მეტი ბირთვული ომი რაღა უნდა გააკეთოს პუტინმა, რასაც დღეს უკრაინაში აკეთებს. ვფიქრობ, რუსეთი მსოფლიოს ერთობამ უნდა შეაჩეროს. აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ცა და ნურავის ჰგონია, რომ ამით მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.
სახმელეთოს მხრივ რუსეთს ასჯერ უფრო მეტი დანაკარგი აქვს, ვიდრე ჰგონია. ხმელეთზე ვერსად იმარჯვებენ რუსი ჯარისკაცები. მათ ჯარისკაცებს შიათ, სოფლებში ქათმებსა და კვერცხებს იპარავენ. ხორცად ჰყავთ გამოშვებული ეს ბავშვებიც, ამ არაადამიანებს და ახოცინებენ.
მე პოლონეთის საზღვართან ვარ ახლოს და აქედან ადვილია ტვირთის შემოტანა. გუშინ და გუშინწინ 1200 დოლარის მედიკამენტები შემოვიტანეთ, დღეს 500 დოლარის კიდევ გამოგზავნეს და აქედან ვეტერანი გვარდიელების მეშვეობით ვახერხებთ მივაწოდოთ ჟიტომირს და სხვა ახლომდებარე ოლქებს, სადაც მასობრივი დაბომბვა არ მიდის.
უკრაინას ძალიან გმირი ჯარისკაცები ჰყოლია. მე აღფრთოვანებული ვარ ამ ერის შემართებით, პრინციპულობით, სასწაულებს აკეთებენ. თქვენ უნდა ნახოთ რას აკეთებენ მოხუცი ადამიანები.
ბებიები ისე იჭერენ რუს პარტიზანებს და გადასცემენ უკრაინულ ჯარს, რომ აზრზე ვერ მოდიან ეს ჯარისკაცები. მგონი, ყველა მეორეს უყენია ტანკი ეზოში.
უკრაინა იერიშზე გადასვლას ერიდება, რადგან ამით მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაიზრდება, ეს იციან რუსებმა და ევაკუაციაშიც ამიტომ გვიშლიან ხელს.
კომენტარები