თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე
– თქვენ ამბობდით, რომ რუსეთ-უარინის ომი მესამე მსოფლიო ომი გადაიზრდებოდა…
– დაიწყო უკვე მესამე მსოფლიო ომი, არა? ეკონომიკური სანქციების ქვეშ ჰყავთ რუსეთი მოქცეული – ამდენი ქვეყანა რომ შეუერთდა სანქციებს – ეს არ არის მესამე მსოფლიო ომი? მაინცდამაინც იარაღი უნდა აიღონ პირდაპირი გაგებით ხელში? – არანაკლები იარაღია ეს სანქციები. ისევე, როგორც, არანაკლები იარაღია რუსული ნარატივი – მაგალითად, ანტიბიოტიკი კარგია – ესეც რუსული ნარატივია, ან, ვაიმე, ნუ გვანერვიულეეებ – ესეც, ანუ, არ მითხრა სიმართლე, დამიმალეო… გამოიყვანენ წინასწარმეტველებს პირდაპირ ეთერში და ეკითხებიან როდის დამთავრდება ეპიდემია – რა შუაშია წინასწარმეტყველი ეპიდამიასთან? ნახეთ რუსული არხები, იქაც სულ შამანები უზით ტელევიზიებში და იმათ აძებნინებენ მკვლელსა და ქურდს… კოვიდის დროს ყველაზე ნათლად გამოჩნდნენ მოსკოვის აგენტები და მე მათ კრემლოვიჩები შევარქვი. სხვათა შორის, ანტივაქსერთა ჯგუფები ევროპაშიც იყო და ახლა, დღეს, ევროპელი ანტივაქსერები ქადაგებენ, რუსეთს ომი არ დაუწყია, საერთოდაც არ არის ომი ეს, სპეცოპერაციაა და უგონებენ, ყველაფერში დამნაშავე ამერიკააო, ანუ, ის ხალხი, ვინც ანტივაქსერულ მოწოდებებს აკეთებდა, ახლა რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ აქაც, ევროპაშიც – რთულია არ დაინახო კავშირი. ჩვენ პირდაპირი მსხვერპლი ვართ რუსული ანტივაქსერული სპეცოპერაციის. მართლა ძალიან მიკვირს, იმ ქვეყნის მოსახლეობა, რომელი ქვეყნის ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული, რუსულ საიტებს, რუსულ გამოცემებს როგორ უჯერებს? ან ჩვენი სახელმწიფო რას აკეთებს ამ დროს და ჩვენი უშიშროება?
– ჩვენი მთავრობის წევრთა ნაწილი იგივე რუსულ ნარატივს იმეორებს და უშიშროებაც იმათია, სად იქნებიან, მთავრობაშია ის უშიშროებაც…
– მე ვცდილობ არ გავერიო პოლიტიკაში, კი იცით. მე ღიად შემიძლია ჯანდაცვაზე საუბარი და ღიად გეტყვით ახლა, რომ დაანგრიეს, დედა უტირეს ჯანდაცვის სისტემას. მინისტრის შეცვლამ რასაკვირველია, არაფერი შეცვალა, მეტიც, ჭაობში ვიყავით და მეტად ჩავეფალით ამ ჭაობში… განადგურებულია ქართული ჯანდაცვა, არ ვიცი, ვის ინტერესში იყო, ეს უნდა იქნეს გამოძიებული. სიმართლე გითხრათ, მე საერთაშორისო პოლიტიკაზეც მაქვს ჩემი აზრი, რადგან წლების განმავლობაში ვმუშაობდი ევროკავშირსა და გაეროში, მაგრამ მაინც ვცდილობ იმით შემოვიფარგლო, რაც ჩემი თემაა. მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, უკრაინის მოქალაქე ვარ და 2007 წელს მივიღე საქართველოს მოქალაქეობაც.
– დედა გყავთ უკრაინელი?
– კი, დედა მყავს უკრაინელი, ლვოვში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი. ბევრი მეგობარი და კოლეგა მყავს იქ. არ ვიტყვი რას ვაკეთებ ჩემი ხალხისა და ჩემი სამშობლოსთვის დღეს, რადგან ვფიქრობ, ამას აფიშირება არ სჭირდება. სხვათა შორის, უკრაინაში ვმუშაობდი წლების წინ რეგიონალურ მრჩევლად ჯანდაცვის კუთხით. უკრაინაც ჩემი სამშობლოა, ჩემი სახელმწიფოა. ჩემ სამშობლოში დღეს ომია, ადამიანებს კლავენ და ის, რა განცხადებებსაც ვისმენ საქართველოში, პირადად ჩემთვის შეურაცხმყოფელია, ამას სჯობია, ხმა არ ამოიღონ საერთოდ. თავის თავსაც ზიანს აყენებენ და ჩემ ორივე სამშობლოსაც. მე ეკატერინე ტიკარაძის დროს გარკვეულ რჩევებს ვაძლევდი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს. მართალია, არ მისმენდნენ დიდად, მაგრამ მე მაინც ვეხმარებოდი… ახლა, დღეს, იმის შემდეგ რაც ხდება ქვეყანაში, ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ახალ ჯანდაცვის მინისტრს დავეხმარო, აღარ მინდა. ჰუმანიტარული ტვირთი გავუგზავნეთ უკრაინასო – ვინმე იტყვის რა გაგზავნეს რეალურად? თუ მე უნდა ვთქვა? კარგი, მე ვიტყვი – გააგზავნეს ის, რაც პანდემიის დროს გამოუყენებელი დარჩეთ, ნარჩენები გააგზავნეს… პანდემიის დროს იყიდეს რაღაცა არასაჭირო მოწყობილობები, რასაკვირველია ვერ გამოიყენეს, ქონდათ ეს მერე საწყობში, ადგნენ ახლა და გაუგზავნეს უკრაინას, ჯართად… რაში სჭირდებოდა უკრაინას ეს ჯართი?
მე ექიმი ვარ, არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ჯანდაცვის სფეროში და არამხოლოდ, კორუფცია რომ არის, ყველა ვხედავთ. მარტივ კითხვას დავსვამ – სად არის იაფი წამლები? შემოვიდა? – მიპასუხონ ამაზე. როგორ შეიძლება ჯანდაცვის მინისტრი არ იყოს ექიმი? სად არის რეფორმები, რომელსაც გვპირდებოდნენ? რა მიმართულებით აპირებს ჯანდაცვის სისტემის წაყვანას, ვინმემ იცის? სამაგიეროდ, ჰყავთ “პიარშიკები”, სამინისტროს პიარის თანამშრომლები, რომლებიც ამ ომზე ისეთ საზიზღრობებს წერენ, ისეთ გულისამრევ პოსტებს წერენ – ამაში ვიხდით ფულს? ეს არის უკრაინის შეურაცხყოფა, ჩვენი მოსახლეობა არ არის ასეთი, ნამდვილად უჭერს მხარს ქართველი ხალხი უკრაინელ ხალხს, მაგრამ რასაც სამინისტროების პიარსამსახურის თანამშრომლების გვერდებზე ვკითხულობ, არ ვიცი, ამას რა ვუწოდო. ვის უნდა ომი? მე ომის წინააღმდეგი ვარ, ექიმი ვარ, ომი შეიძლება მომწონდეს? იარაღი არასოდეს მჭერია ხელში… მაგრამ, ახლა უკვე ხდება ის, რაც ხდება. მერე მხარეც, ვინც დგას და სელფებს იღებს და პოზიორობს, 20 000-მდე უცხოელი ადამიანი ჩავიდა უკვე უკრაინაში სხვა ქვეყნებიდან, ძალიან ბევრს მეც დავეხმარე და კონტაქტზე ვარ მათთან, ჩავიდნენ და იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ და ეხმარებიან უკრაინელ ხალხს ყოველგვარი პიარის გარეშე. არ არის საჭირო ეგეთ დროს პიარი. სამაგიეროდ, ჩვენთან, საქართველოში რუსეთის მოქალაქეები ჩამოდიან – სად წავიდა კოვიდიო, მკითხეთ, გგონიათ რუსეთში გაქრა კოვიდი? დღეში 3000-მდე ადამიანი იღუპება კოვიდით რუსეთში დღესაც, ვინმე ამბობს ამას? უამრავი არავაქცინირებული რუსი მოქალაქე ჩამოვა საქართველოში, რუსული ვაქცინა გინდ გაგიკეთებია და გინდ არა, ეს ადამიანები არიან არავაქცინირებულნი და ვინმემ იცის რუსეთში რამდენი და როგორი შტამები ტრიალებს? – არა, რუსეთი კარგა ხანია მსოფლიოს ინფორმაციას აღარ უზიარებს. ახალ აფეთქებას კოვიდის კუთხით სწორედ რუსეთის მოქალაქეებისგან უნდა ველოდოთ. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინიდან ჩამოვა ლტოლვილი საქართველოში, გაუკეთე ვაქცინა, რადგან ის მალე წავა ისედაც ევროპაში და ფაიზერით აცრა იქ გამოადგება იქაური ევროპული კოვიდსაბუთისთვის. რუსეთის მოქალაქეებს კი აყიდინე ვაქცინა და ისე გაუკეთე, გადაახდევინე თუნდაც ორმაგი – ასე ვაქცინაში გადახდილ თანხას მაინც ამოიღებ. არ იტყვის რუსეთის მოქალაქე ფაიზერით აცრაზე უარს, რადგან რუსეთში მას წვდომა არ ჰქონდა ფაიზერზე, დიდი სიამოვნებით გადაიხდის ორმაგს და გაიკეთებს.
– თქვენ გგონიათ, რომ საქართველოში უკრაინელი ლტოლვილები არ დარჩებიან, ხო? მე საერთოდაც დიდ ენთუზიაზმს ვერ ვხედავ მათ მისაღებად, განსხვავებით, რუსი მოქალაქეებისგან, რომლებსაც აშკარად მეტად მფარველობენ, ჩემი აზრით, ხელისუფლება.
– რატომ დარჩებიან უკრაინელები საქართველოში? მათ უკვე მისცეს ევროპაში 3 წლით ცხოვრების და მუშაობის უფლება, მიიღებენ სოციალურ დახმარებას, ჯანდაცვის პაკეტებს ბავშვებისთვის, მათ შვილებს უფასოდ უმკურნალებენ, თუ დასჭირდებათ, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო ევროპამ, არც ეკონომიკურად, არც ტექნიკურად, არც ერთი კუთხით არ აწყობთ საქართველოში დარჩენა. ევროპაში განათლებასაც უკეთეს მისცემენ შვილებს და საავადმყოფოში რომ მივლენ, არ მოკლავენ, საქართველოში კი ამ მხრივ რა ხდება, ჩემზე უკეთ იცით.
– ჯერ კიდევ გასულ წელს, „ალიასთან“ ამბობდით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მართლაც დაიწყებს უკრაინასთან ომს, საქართველოს ამ დროს საუკეთესო შანსი ექნება ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს დასაბრუნებლადო. ომი რომ დაიწყო და რამდენიმე პოლიტიკოსმა ისაუბრა ამ თემაზე, პირველი თქვენ გამახსენდით….
– კი, ნამდვილად ვთქვი და ვინ მომისმინა? რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჯერ კიდევ ომამდე არ ჰქონოდა საქართველოს და უკრაინას მჭიდრო ურთიერთობა, იგივეს ცდილობდა მოლდოვეთშიც. ძლიერი ალიანსი რომ გვქონოდა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვეთს, იმას ვერ გაბედავდა ასე მარტივად, რასაც დღეს აკეთებს, ეცოდინებოდა, რომ თუ ერთს დაარტყამდა, 5 ფრონტი გაეხსნებოდა – ახლა კი იცის, რომ ხმის ამომღები არ არის არც საქართველო, არც მოლდოვეთი და არც, მაგალითად, იაპონია. ეს თეორიული საუბარია, რასაკვირველია, მაგრამ შეიძლებოდა ამის რეალობად ქცევა. ნაცვლად ამისა, რუსული ნარატივი გვესმოდა ყველგან. არაერთი ადამიანი მეძახდა ცერეუშნიკს და მათ შორის, ერთი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, და მეცინებოდა, რადგან მხოლოდ კაგებეშნიკს ჰგონია ყველა ცერეუშნიკი, ასეა, ქურდს ყველა ქურდი ჰგონია. როცა ცერეუშნიკს მეძახდნენ, ამითიც კი ვხვდებოდი, რომ ის კაგებეშნიკი იყო.
– და მაინც, მოიგებს ამ ომს უკრაინა?
– რუსეთი უკვე წაგებულია, ჩათვალეთ ახლა რუსეთში ზვავი წვება, ომი მარტო ავტომატი არაა, ომია ეკონომიკა და ჯანდაცვაა. ყველა ჭკვიანი, გონიერი, ძლიერი ადამიანი გარბის რუსეთიდან. ეს ადამიანები იყვნენ რუსეთში დოვლათის შემქმნელნი და რუსეთში დარჩება რუსი ვანია, რომელსაც არაფერი შეუძლია. ასობით მსხვილმა კომპანიამ დატოვა რუსული ბაზარი და ბაზრის დატოვება ადვილია, თუმცა, ბაზარზე თავიდან შესვლა აღარ არის მარტივი და მას წლები სჭირდება. რას ნიშნავს კომპანიებს გასვლა? წარმოგიდგენიათ თითო კომპანიას რამდენი საწარმო, რამდენი მაღაზია, რამდენი ოფისი ჰქონდა ამხელა ქვეყანაში? გავიდა კომპანია და დაიკეტა მაღაზიები, ქარხნები, საწარმოები – დარჩა უამრავი რუსი უმუშევარი. მილიონობით ადამიანი რჩება დღეს ერთდროულად უმუშევარი რუსეთში. 3 თვეში ფიზიკურად თვითმფრინავებიც ვეღარ იფრენენ რუსეთში, რადგან ნაწილები გაუთავდებათ. გარდა ამისა, არსად წასულა კოვიდი და ეპიდსიტუაცია რუსეთში დღეს მიგდებულია უპატრონოდ. ასევე უკონტროლოა, სამწუხაროდ, რუსეთ-საქართველოს საზღვრები, სწორედ ამიტომაა ორმაგად საშიშ მდგომარეობაში საქართველო ეპიდემიის კუთხით, უამრავი არავაქცინირებული პირი შემოდის რუსეთიდან დღეს და ორმაგი სიფრთხილე გვმართებს. ისევ გეტვით, მეგობრებო, კოვიდი არსად წასულა, საუკეთესო თავდაცვაა ბუსტერი, პირბადე, დისტანცია, ჰიგიენა. ჩვენ ახლა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ვარ.
გისურვებთ ჯანმრთელობას. და მინდა ჩემ მეორე სამშობლოს ვუთხრა თქვენი მეშვეობით: “სლავა უკრაინი!”
“ალიამ” სცადა ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირება, თუმცა, ამაოდ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა, ან ჯანდაცვის სამინისტრო, მასალაში მოცემულ ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებს, “ალია” მათ კომენტარს აქვე გამოაქვეყნებს.
„მოგიყვებით, რა მოხდა სინამდვილეში საქართველოში“ – გიორგი ფხაკაძე
კომენტარები