ანი დვალიშვილი, ალია
ისე, ადრეც ვთქვით, ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობაში არაფერს აკეთებს და ეკონომიკაში უფრო გაუჭირდებაო და რაც მინისტრად დაინიშნა, მისი განცხადება ჯერ არ გვინახავს. ვთქვათ, სფეროს სწავლობს, მაგრამ არც მისი შემცვლელი სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადება გვინახავს და ორივეს დუმილი ცოტა არ იყოს, საეჭვოა. ეს მაშინ, როცა გაზაფხული დადგა და მიწას უნდა ვამუშავებდეთ, მაგრამ დამუშავებას ვინ ჩივის, ხეების შესაწამლი შხამ-ქიმიკაატები იმდენი ღირს, გლეხები ფიზიკურად ვერ ახერხებენ შეძენას და ახლა იმის იმედად არიან, რომ ჭია და ქინქლა არ გაუჩნდება ნაყოფს. არადა, ხე თუ კვირტში არ შეიწამლაა, პრაქტიკულად, გამორიცხულია, ნორმალური მოსავალი მოგცეს. სოფლის მეურნეობაში სუბსიდიები განულებულია და ნებაზეა მიშვებული. მოგეხსენებათ, თურქეთმა, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე გადასახადები სიმბოლურად, 1%-მდე დასწია, რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ ლამის მთელი ქვეყანა, მიწის დამუშავებაზე გადავიდა, რადგან მიღებული პროდუქციიდან შემოსავალს მთლიანად ჯიბეში ჩაიდებენ, ერთი პროცენტი კი სათვალავში აშკარად არაა. ამ გზით თურქეთი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებით 50 მილიარდი დოლარის მიღებას ვარაუდობს და როგორ გგონიათ, ამ თანხაში საქართველოს წილი რამდენი იქნება? ძალიან ბევრი, რადგან კარტოფილი, ხახვი და ნიორი, ძირითადად სწორედ თურქეთიდან შემოდის და მერე რა, რომ პერიოდულად იმავე კარტოფილს საზღვარზე ე.წ. „კარტოფილის კიბოს“ დიაგნოზს უსვამენ, ჩვენ მაინც ვჭამთ, იმიტომ რომ იაფია და იაფი საგადასახადო შეღავათების გამოა.
საქართველოს რეალობას ყველაზე კარგად დღეს მწვანილის ფასი ასახავს. ჰო, მწვანილის, რომელიც უკვე შემოვიდა და ბაზარზე ცეცხლის ფასი ადევს. რატომ? იმიტომ, რომ მიწის დამუშავება არავის სურს და მწვანილიც კი შემოგვაქვს, რაც ადგილზე მოდის, ისიც ძვირად ფასობს და წლების წინ ორ კონა ოხრახუშსა და ქინძში „პარა პიატნადცატს“ რომ ვიხდიდით, ახლა 50 თეთრი ღირს კონა…
როგორ მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის ომი და რომელი პროდუქტების დეფიციტი შეიქმნება?
კომენტარები