წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა:
“მეგობრებო! დარეგისტრირდა სოლიდარობის და განვითარების ფონდი “სგფ წალენჯიხა”, სოლიდარობისა – ომის დროს, როცა უკრაინა იბრძვის საკუთარი სახელმწიფოებრიობისათვის და ამ ომში მთელი თავისუფალი სამყაროს მეციხოვნეობა ერგო ბედად თუ ბედისწერად…. როგორც, სულ ცოტა ხნის წინ და მთელი ისტორიის მანძილზე, საქართველოს (ჰუგო გუპერტი).
ომის დაწყებისთანვე, 24 თებერვალს, წალენჯიხა დამეგობრდა უკრაინის ქალაქ იავოროვთან და ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში უკვე შეგროვდა და გაიგზავნა მედიკამენტები, საკვები, სამოსი, შედგა სისხლის დონაცია. ჩვენი მეგობარი ქალაქი, როგორც ზურგის ქალაქი, სადაც განთავსებულია უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი, დაიბომბა 13 მარტს.
ფაქტს გამოეხმაურა აშშ სახელმწიფო მინისტრი ბ-ნი ბლინკენი. ქალაქის მერის, ბ-იგორ გრაბოვსკის განცხადებით, ქალაქს ჰოსპიტალური სექტორისთვის სჭირდება ტექნიკური მხარდაჭერა – დიზელგენერატორები, წყალმომარაგების ტუმბო (უკვე მოგვარებულია-ჩატანილია თქვენი სახელით)!
ერთობით საქმე უკვე კეთდება!
ვთვლით, რომ შევძლებთ მეტს!
ამ მძიმე პერიოდში უკრაინის, იავოროვის მხარდაჭერის მიზნით, ფონდში ერთიანდებიან არა მხოლოდ წალენჯიხელები, არამედ ქართული საზოგადოების, ხელოვნების, განათლების, კულტურის წარმომადგენლები, მოქალაქეები, რომლებისთვისაც უპირველესია დემოკრატიული და თავისუფლების იდეალები!
თავისუფლება გვაერთიანებს! ომის პერიოდში შექმნილი “სგ ფონდი”, მშვიდობიანობის ჟამს, გარდაიქმნება განვითარების ფონდად, შესაძლებლობად და ეს პერიოდი უკრაინას და საქართველოს ძალიან მალე დაუდგება. ეს იქნება გამარჯვებული ერების მიერ ბრძოლით მოპოვებული მშვიდობა.
ფონდის საქმიანობა იქნება დამყარებული სრულ ნდობაზე და გამჭვირვალეობაზე. თითოეული დონორისთვის ხილული იქნება საკუთარი შემოწირულობის მიზნობრიობა,პროცესის მომდინარეობა და საბოლოო შედეგი.
ფონდი ანგარიშვალდებული იქნება დონორების და “წალენჯიხის საზოგადოებრივი დარბაზის” წინაშე (წალენჯიხაში ყალიბდება ღია სამოქალაქო საზოგადოება!)
ერთად ბევრს შევძლებთ! წალენჯიხა აერთიანებს! წალენჯიხა გადამდებია!”
კომენტარები