პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, ლევან ნიკოლეიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც პრეზიდენმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეიკი და ცრუ ინფორმაცია უწოდა და წერს:
“პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი რომ ხარ, საქართველოს არმიის პოლკოვნიკის სტატუსი რომ გაქვს, ერთ დროს გენ.შტაბის უფროსად რომ მსახურობდი, საკუთარ თავს არ უნდა აკადრო ყურით მოთრეული ამბების სერიოზულ ცნობებად გასაღება. თუ რაიმეს იტყვი, ერთი დამამტკიცებელი საბუთი მაინც უნდა წარმოადგინო…
აღნიშნულ გენიალურ ტექსტში უამრავი დაუსაბუთებელი აზრია გამოთქმული. ერთ მათგანზე გავამახვილოთ ყურადღება. პატიოსანი და ბრძენი ანალიტიკოსის თქმით, სალომე ზურაბიშვილი კიევში უნგრეთის პრეზიდენტთან ერთად უნდა ჩასულიყო. უნგრეთში ამჟამად წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, პრემიერ ორბანის პარტია “ფიდესი” რუსეთის პოლიტიკის კრიტიკას ერიდება, მმარველი გუნდის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობაც საკმაოდ სუსტი და სიმბოლურია. ქვეყნის პრეზიდენტიც რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი პარტია “ფიდესის” უერთგულესი ჯარისკაცი და ბ-ნი ორბანის უახლოესი თანამებრძოლია.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ადამიანს ევროპულ პრესაში უნგრეთის წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ერთი სტატია მაინც თუ გაქვს წაკითხული, უნდა ხვდებოდე – უნგრეთის პრეზიდენტის კიევში ჩასვლა ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა (გამორიცხული არაფერია).
დარწმუნებული ვარ, რომ ბ-ნმა დოქტორმა არც იცის უნგრეთის პრეზიდენტის გვარი. არც ის ეცოდინება, რომ უნგრელებმა 10 მარტს აირჩიეს სახელმწიფოს ახალი მეთაური…
თუმცა, კაცმაცუნისგან, რომელსაც ნათქვამი აქვს ზუსტად ვიცი გიორგი გახარია სააკაშვილის გასათავისუფლებლად ზეგ შიმშილობის დაწყებას აპირებსო, არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს.
რა უნდა მომცენ, რა უნდა გადამიხადონ, რომ ტელევიზორში გამოვიდე და რომელიმე პოლიტიკოსის კუჭზე გაკეთებულ რეზექციაზე ვისაუბრო, თან დავასახელო ოპერაციის გაკეთების ტერიტორია…
შემირცხვენია ის ქვეყანა, სადაც გენ.შტაბის ყოფილი უფროსი ორღობის დედაკაცივით (მამაკაცივით) ჭორაობს…
გული იმაზე მწყდება, რომ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები ასეთ უთავმოყვარეო კაცმაცუნებს უსმენენ.
რა განსხვავებაა ამასა და იმ ქალს შორის, დიანა ტრაპაიძემ რომ გაალანძღინა ჩემი თავი… ხსენებაც არ მინდა…”
კომენტარები