რადიო თავისუფლება აქვეყნებს მასალას სათაურით “გამოცხადდეს სამართალდამრღვევად” – საით მიდის “ალტ-ინფოს” და მისი პარტიის საქმე?”, სადაც ვკითხულობთ:
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მომავალ ხუთშაბათს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა განსახილველად “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის საჩივარს, რომლითაც ის მოითხოვს ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” სამართალდამრღვევად ცნობას და მასზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 17 მარტს, თითქმის ორსაათიანი კითხვა-პასუხის შემდეგ, კომისიამ ამ საკითხზე გადაწყვეტილების გამოსატანად ერთკვირიანი შესვენება გამოაცხადა.
– რატომ მიგაჩნიათ, რომ კომუნიკაციების ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოექცეს ეს საკითხი? – ჰკითხა საჩივრის ავტორს, ედუარდ მარიკაშვილს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა.
– ქვეყანა დღეს ძალიან ბევრი საფრთხის წინაშე დგას, რომელსაც სჭირდება შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. ამ საფრთხეების პარალელურად კი, “ალტ-ინფო”, როგორც მედია, არის რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებზე პირდაპირ მოშვერილი იარაღი. ჩვენ არ ვითხოვთ აკრძალვას, მაგრამ ვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან, თქვენი მანდატის ფარგლებში მიეცეს, სულ ცოტა, შეფასება ამ არხის მთლიან შინაარსს, – ასე უპასუხა ედუარდ მარიკაშვილმა კახა ბექაურს.
„მიგვაჩნია, რომ “ალტ-ინფოს” მაუწყებლობის მთელი ნარატივი არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამართლება უკრაინის მიერ არჩეული ევროატლანტიკური კურსის არგუმენტებით. ასევე, სახეზეა ამ კონფლიქტის მთავარი შემოქმედის, ვლადიმერ პუტინისა და მისი ქმედებების გაიდიალება, რითაც ტელეკომპანია ცდილობს რუსეთის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის გამართლებას, ომის დანაშაულებისთვის მორალური საფუძვლის წარმოჩენასა და მის დასაბუთებას“, – წერია საჩივარში.
მოპასუხე სერგო ხურციძემ, რომელიც „ალტ-ინფოს“ ინტერესებს იცავს, კომუნიკაციების კომისიის წევრებს მოუწოდა, საერთოდ არ მიიღოს ეს საჩივარი განსახილველად – მისი შეფასებით, არსად „ალტ-ინფოს“ გადაცემებში არ იკვეთება, რომ ის „კრიმინალის იდეალიზებას ახდენს“.
„ბევრი ქართული ფილმი შემიძლია დავასახელო, მაგალითად, „უძინართა მზე“, სადაც უფრო მეტადაა კრიმინალი იდეალიზირებული და რაც ეთერშიც გასულა. კანონი გვეუბნება, რომ ინფორმაცია, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს, ან კრიმინალს აიდეალებს, იმისთვის, რომ იყოს დანაშაულებრივი ქმედება, ამისთვის საჭიროა არსებობდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც რეალურად არ არსებობს. სწორედ ამიტომ კომისიამ ეს საჩივარი არ უნდა მიიღოს“, – თქვა სერგო ხურციძემ.
იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისია საჩივარს განსახილველად მიიღებს, მან უნდა გამოიკვლიოს, „ალტ-ინფოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამები ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს კანონმდებლობას, სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში კი, გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები ტელეკომპანიის წინააღმდეგ.
„ალტ-ინფოს“ გუნდის წევრები, მათ შორის, ამ ჯგუფის მიერ შექმნილი „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფინანსური მხარდამჭერი კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათ ტელევიზიას აძლიერებს ნებისმიერი წინააღმდეგობა. მათ შორის, „ალტ-ინფოს“ გვერდების დაბლოკვაც.
„ალტ-ინფო“ ძალას არ იშურებს, რომ თავის სატელევიზიო გადაცემებში უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უკრაინისვე შეცდომების შედეგად წარმოაჩინოს, რაც თითქოს ქვეყნის მიერ არჩეულმა პროდასავლურმა გეზმა გამოიწვია. ლაპარაკობს იმაზე, თუ რა საფრთხის წინ დგას ახლა საქართველო.
ამ საკითხს, 13 მარტს გავრცელებულ მოკლე ვიდეომიმართვაში შეეხო „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი, ზურაბ მახარაძეც. მან თქვა, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ის და მისი მეგობრები წინასწარმეტყველებდნენ – რომ „დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესი დაიწყო“ და იმისთვის, რომ „საქართველო გადარჩეს ამ ქარიშხალში“, საჭიროა მუშაობის სხვა რეჟიმში გადასვლა და „სხვა ადგილიდან“ მუშაობაო: „მომიწევს სხვა ფორმატში მუშაობა, უშუალოდ ადგილზე, რაც იმას გულისხმობს, რომ თბილისში არ ვიქნები. საქართველოს ბედი წელს უნდა გადაწყდეს“, – ამბობს „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი.
სად არის ახლა პარტიის ლიდერი და მის მიერ ნახსენები „ადგილი“ არის თუ არა რუსეთი, ეს კითხვა რადიო თავისუფლებასთან საუბარში უკომენტაროდ დატოვა კონსტანტინე მორგოშიამ.
მორგოშიამ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე მთელი საქართველოს მასშტაბით „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 62 ოფისი გახსნა, რომელთაგანაც ჯერჯერობით დახურულია ხულოს და შუახევის ოფისები. მისივე სიტყვებით:
„ყველგან, სადაც პროტესტი დახვდათ, ის ორგანიზებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” ან “გეი პროპაგანდისტების” პარტიების წევრების მიერ“.
მარნეულელი აქტივისტის სამირა ბაირამოვას მიმართ „ალტ-ინფის“ ჯგუფის მუქარის თაობაზეც, კოკა მორგოშიამ ასეთი პასუხი გასცა მედიას: „ოფისი შეგვიღება და რა ეგონა? სამირა ბაირამოვა ვერ იბაირამებს“.
„151ე მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე სამირა ბაირამოვაზე და ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და მივყვებით, ჩვენებები მოგვცა, გამოვკითხეთ და ამას მივყვებით ბოლომდე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
„ალტ-ინფოს“ პარტია თებერვლიდან მოყოლებული, საქართველოს პატარა და დიდ ქალაქებში ოფისებს ხსნის, თუმცა „კონსერვატიული მოძრაობის“ ათობით ოფისის გახსნას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია.
ხულოში, მესტიაში, ამბროლაურში, მარნეულში, ოზურგეთში, ქობულეთში, შუახევში, საგარეჯოში სამოქალაქო აქტივისტები თუ, უბრალოდ, იქ მცხოვრები მოსახლეობა, ვინც მათ ღიად პრორუსულ ორიენტაციას აპროტესტებს, ქუჩაში გამოვიდა და ვინც როგორ შეძლო, ისე გააპროტესტა ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი და 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორი „ალტ-ინფოს“ ჯგუფის ოფისების გახსნა.
„ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა გამოცხადებულია ვირტუალურ სივრცეშიც – 28 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა წაშალა მათთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები.
მოძრაობა „სირცხვილიამ” კი გაავრცელა პეტიცია, რომლითაც მოითხოვს საქართველოში შეიზღუდოს “ალტ-ინფოსა” და რუსული სახელმწიფო არხების მაუწყებლობა.
მკაფიოდ პრორუსული პოლიტიკური პარტია ყოველ ჯერზე ირწმუნება, რომ ის სინამდვილეში, არა პრორუსული, არამედ ეროვნული, პროქართული პოლიტიკური ძალაა.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები