ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, გავრცელდა მიხეილ გორბაჩოვის სიტყვები რუსულ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, რომ სტალინს განზრახული ჰქონდა, საბჭოთა კავშირის კანონიერი მემკვიდრე საქართველო ყოფილიყო, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობდა სტალინის ხელმოწერით და ეს ბრძანებულება არ გაუქმებულაო. საქართველო უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის უფლებმონაცვლე გაეროსა და მსოფლიო ბანკში. გორბაჩოვი, ასევე აცხადებს, რომ სტალინის გეგმით, თბილისი უნდა გამხდარიყო საბჭოთა კავშირის დედაქალაქი, მაგრამ ამ ყველაფრის განხორციელებაში ხელი მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა ხელიო. რამდენად სარწმუნოა?
– ეს ზღაპარია და მეტი არაფერი. ასეთი რამ რომ ყოფილიყო განზრახული, მანამდე ათასი დოკუმენტი უნდა შექმნილიყო. მარტო დედაქალაქის მოსკოვიდან თბილისში გადატანას რამდენი დოკუმენტი დასჭირდებოდა სხვა და სხვა დონეზე? საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, სტალინი ვის შეხვდა, ვის სად ხელი ჩამოართვა და სად რა თქვა, ყველაფერი გამოქვეყნდა და არსად არ არის ნახსენები, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო საბჭოთა კავშირის მემკვიდრე. გორბაჩოვი ერთ, 1937 წლის სტალინის ბრძანებულებას ახსენებს, მაგრამ ის არავის უნახავს. სტალინს საერთოდ არ აინტერესებდა საქართველო და მეტიც, თავს რუსად თვლიდა და არა ქართველად. ჩემი მეგობარი იყო გივი ბაქრაძე, მამამისი სტალინის პერიოდში საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 1951 წელს სტალინი ისვენებდა ბორჯომში და იქ ახლდა საქართველოს ცკ–ს პირველი მდივანი, კანდიდ ჩარკვიანი, ორივენი ფიქრობდნენ, რომ სტალინი თბილისში ჩამოუსვლელად არ წავიდოდა საქართველოდან. ბაქრაძე თბილისში ემზადებოდა სტალინის საზეიმოდ დასახვედრად. ყოველდღე ურეკავდა ჩარკვიანს, ბელადი როდის ჩამოდისო. კანდიდ ჩარკვიანმა რამდენჯერმე უთხრა სტალინს, თბილისში როდის მობრძანდებითო, მაგრამ სტალინმა რანდენჯერმე წაუყრუა. ერთხელაც იგივე ჰკითხა ჩარკვიანმა და სტალინი გაბრაზდა და ჩარკვიანს უთხრა: შენ შორს ვერ იყურები, რატომ არ ფიქრობ იმაზე, თბილისში რომ ჩავიდე, მერე ბაქოშიც უნდა ჩავიდე და ერევანშიცო, მე კი დავბერდი, აღარ შემიძლია ამდენიო. ადგა და ბორჯომიდან პირდაპირ წავიდა მოსკოვში. ე.ი. მისთვის ბაქო, თბილისი და ერევანი ერთი და იგივე იყო. სტალინი არ იყო ვიწრო ნაციონალისტი, ნაციონალიზმს ებრძოდა და რუსეთზე წინ საქართველოს ვერ დააყენებდა. ამას წინათ წავიკითხე სტალინის თანამებრძოლის, რუსი ზეინკლის მოგონება, მისი გვარი აღარ მახსოვს. 1922 წელს, თბილისში, ვაგონშემკეთებელი ქარხნის მუშების მიტინგზე სტალინი სიტყვით უნდა გამოსულიყო. ავიდა ტრიბუნაზე და დაუწყეს სტვენა, სიტყვა არ ათქმევინეს და ჩამოაგდეს ტრიბუნიდან. ამის მერე სტალინმა შეიძულა საქართველო და იქით გახედვა აღარ უნდოდაო, სწერს სტალინის ეს თანამებრძოლი. ეს უფრო დამაჯერებელი მგონია, ვიდრე გორბაჩოვის რაღაც სისულელები, მგონი, გამოპრუტუნდა გორბაჩოვი. მერე, 1937 წელს გაერო–ში საქართველო როგორ გახდებოდა საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი, როდესაც გაერო 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და 1937 წელს, სტალინმა კი არა, არავინ იცოდა, რომ გაერო შეიქმნებოდა. უფრო გვიან შეიქმნა მსოფლიო ბანკი. შანსი არ არის, რომ ეს რეალობა იყოს და ერთი დოკუმენტი არ იყოს გამოქვეყნებული ამის თაობაზე.
– ერაყში, ერთ-ერთი ინფორმაციით, მოსადის დანაყოფებზე მიიტანეს იერიში, მეორე ინფორმაციით, კი ამერიკის საელჩო დაბომბეს, ჯამში, 12 ჭურვი ისროლეს. ამერიკა აცხადებს, რომ რაკეტები ირანიდან გაუშვეს, ირანს აბრალებს საელჩოს დაბომბვას. ბევრი ფიქრობს, რომ ეს რუსეთ–უკრაინის ომში, გარკვეული ფორმით, ირანის რუსეთის სასარგებლოდ ჩართვას ნიშნავს. რა ინფორმაცია გაქვთ?
– სიმართლე გითხრა, ძალიან საეჭვო ინფორმაციად მიმაჩნია, რომ ეს ირანის გაკეთებულია. კი, ამერიკამ უკეთესად იცის, რეალურად რა ხდება, მაგრამ რატომღაც მგონია, ირანი აქ არაფერ შუაში არ უნდა იყოს. ამერიკას ვენესუელას პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან ჰქონდა მოლაპარაკებები, ამერიკისთვის ნავთობის მიწოდების თაობაზე. 10 მარტს იყო საიდუმლო შეხვედრა ჯო ბაიდენსა და მადუროს შორის. ბაიდენმა გადაიბირა მადურო, დაითანხმა 24 საათში 3 მილიონ ბარელამდე გაზარდოს ამერიკისთვის ნავთობის მიწოდება. ვენესუელას ტრამპმა ემბარგო რომ დაადო, ვენესუელური ნავთობის ჩანაცვლება რუსული ნავთობით მოხდა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ამერიკას მექსიკის სანაპიროზე აქვს. ეს ქარხნები განკუთვნილი იყო ვენესუელური ნავთობისთვის, ე.წ. მძიმე ნედლი ნავთობისთვის. რუსული ნავთობი კი მსუბუქი ნედლი ნავთობია. ძველი ბალანსი რომ აღდგეს, ამერიკას ვენესუელის ნავთობი არ ჰყოფნის, მისით სრულად ვერ ანაცვლებს რუსულს. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ბრიტანეთი და კანადა, მათაც უარი თქვეს რუსულ ნავთობზე. შესაბამისად, ბაიდენი ცდილობს ირანთან აღადგინოს ნორმალური ურთიერთობა და ირანული ნავთობით შეავსოს დანაკლისი, აღადგინოს ბალანსი. გარდა ამისა, რატომ არის იცი, საეჭვო ირანის მხრიდან ამერიკის საელჩოს დაბობვა? ერთი კვირის წინ ბაიდენს უნდოდა დალაპარაკებოდა საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს, რომ მათ გაეზარდათ ნავთობის მიწოდება ამერიკისთვის. ამ ქვეყნების მმართველები საერთოდ არ დაელაპარაკნენ ბაიდენს, რადგან განაწყენებულები არიან მასზე, ირანთან მოლაპარაკებას აწარმოებ და გარიგება მასთან უნდა გააფორმოო. ეს ქვეყნები ირანის მოსისხლე მტრები არიან. გამოდის, რომ ამერიკას ირანისგან ნავთობის შეძენის გარდა, დღეს სხვა გზა აღარ აქვს, რაც ირანს აწყობს. ამერიკა ნავთობზე ემბარგოს მოუხსნის და ნავთობს გაყიდის და არა მარტო ამერიკაში, ევროპაშიც. ევროპაც სულმოუთქმელად ელოდება ამ მოლაპარაკებების დასრულებას, რადგან ევროპასაც უნდა ირანული ნავთობი და მისით რუსული ნავთობის ჩანაცვლება. ვენაში უკვე მიდის მოლაპარაკება ამერიკულ და ირანულ მხარეებს შორის, უკვე დასკვნით ეტაპზეა ეს მოლაპარაკება. ირანშიც, რამდენადაც ვიცი, ყველა თანახმაა, რომ ეს შეთანხმება ამერიკასთან შედგეს. ირანელი სასულიერო პირებიც კი პრაგმატიკოსები არიან. რელიგიას პოლიტიკაზე და ქვეყნის ინტერესებზე წინ არ აყენებენ.
– შესაძლოა, ეს იყო ირანის ხელისუფლების გარკვეული ძალების პროვოკაცია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამერიკასთან ურთიერთობის აღდგენას და რუსეთს მიიჩნევენ მოკავშირედ?
– ირანი არ არის დემოკრატიული ქვეყანა, რომ იქ იყოს ისეთი და ასეთი ძალები. ქვეყანაში გაქანებული დიქტატურაა და ვინც არსებული მმართველობის წინააღმდეგ წავა, იქ არის მათთვის ერთი განკუთვნილი ადგილი – სახრჩობელა თეირანის ცენტრში და საჯაროდ სიკვდილით დასჯა. დაველოდოთ, ხვალ–ზეგ გამოჩნდება ყველაფერი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სხვა ქვეყნის პროვოკაცია იყოს იმ მიზნით, რომ ირანმა ნავთობი არ გაყიდოს და ამერიკა და ევროპა ენერგოკრიზისში ჩავარდნენ. თუ ასეა, მაშინ უკვე რუსეთის ხელი ურევია აუცილებლად. ვინ არის ირანის ნავთობით დაინტერესებული? ამერიკა და ევროკავშირი. თუ ამერიკის საელჩო ირანმა დაბომბა, მაშინ ამერიკა და ევროპა კიდევ უფრო გაუმკაცრებენ სანქციებს და ეს ირანის ინტერესებში არ შედის. თან, თეირანს არ გაუკეთებია განცხადება, რომ ერაყში ირანის საელჩო დაბომბეს. არადა, ამერიკაზე განხორციელებული ნებისმიერი სახის აგრესიის შემთხვევაში, ირანი მყისიერად აკეთებს ხოლმე განცხადებებს და ადასტურებს, რომ ესა თუ ის ძალადობრივი აქტი, მან განახორციელა ამერიკის მიმართ.
– რუსეთ–უკრაინის ომზე რას იტყვით? თქვენი აზრით, როგორ მიდის იქ საქმე?
– როგორ მიდის და მე უფრო რეალისტი ვარ. თუ ვინმეს ამ ომში უკრაინის გამარჯვება გაუხარდება, ერთ–ერთი მე ვიქნები. მაგრამ ეგრე არ არის. ევროპა, მინიმუმ, ვიდრე არ მისცემს სამხედრო თვითმფრინავებს უკრაინას, ასევე, საჰარო თავდაცვის სხვა და სხვა სახის სისტემებს, მანამდე ძალიან ცუდად იქნება უკრაინის საქმე. ცაში ბატონობს რუსეთი. იყო ლაპარაკი, რომ ამერიკა თავის „პატრიოტის“ ტიპის რაკეტებს პოლონეთში აგზავნის და პოლონეთიდან გადაიტანენ უკრაინაში. ვნახოთ, იქნებ ამას მაინც არ შეექმნას პრობლემები. თუმცა, რუსეთმა უკვე განაცხადა, პოლონეთიდან უკრაინისკენ მომავალ ყველა ეშელონს დავბობავთ, რომლებიც სამხედრო შეიარაღების შეტანას შეეცდებიან უკრაინაშიო. კი, ფულს აძლევს დასავლეთი უკრაინას იარაღის შესაძენად, მაგრამ ფული ჩარიცხვას დრო უნდა და მერე ის არის საკითხავი, სად უნდა იყიდოს უკრაინამ იარაღი. რუსეთის გეგმა როგორია დღეს. კი, სწორია ის, რომ რუსეთი კატასტროფულად შეცდა. არ ელოდა ამხელა წინააღმდეგობას. რუსეთის პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი შეუფასებელია. ათწლეულები დასჭირდება მის აღსადგენად. რუსეთი ახლა ცდილობს, ყველა პრობლემა სამხედრო გზით გადაჭრას, მაგრამ ასე არ ხდება. ამას ძლევამოსილი სახელმწიფო და მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო რესურსები სჭირდება, რაც რუსეთს ნამდვილად არ გააჩნია. თანაც, სამხედრო გზით ეს პრობლემები შეიძლება ძლევამოსილმა სახელმწიფომაც ვერ გადაჭრას. რუსეთი ცდილობს, ალყაში ჰყავდეს დიდი ქალაქები, შექმნას ყველგან ჰუმანიტარული კრიზისი, როგორც მარიუპოლში გააკეთა. წყალი, გაზი, საკვები, მედიკამენტები არ არის მარიუპოლში. ახლა უფრო გაძლიერდა ხარკოვის ალყა. ბევრი უკრაინელი ამბობს, თუ ხარკოვი დაეცა, ეს უკვე უკრაინის დაცემააო. აი, კიევის აღება რუსეთისთვის კარგის მომტანი იქნება თუ არა, ესეც არავინ იცის. ამდენი დიდი ქალაქი რომც აიღოს, იმათ კონტროლი არ უნდა? უკრაინელები არ დანებდებიან არც ხარკოვისა და არც კიევის აღების შემდეგ. დაიწყებენ პარტიზანულ ბრძოლებს და ამისთვის უკვე ემზადებიან. მალე გამოზაფხულდება და ვეჭვობ, რუსეთმა სათავისოდ დაამთავროს ეს ომი გაზაფხულამდე. ტყე რომ აყვავდება, მერე ყველა ხის, ბუჩქის ძირში უკრაინელი პარტიზანი იქნება. თან უკრაინაში უზარმაზარი ტყის მასივებია. პარტიზანულ ომში უკრაინას ექნება 100 პროცენტიანი უპირატესობა, რუსეთის დანაკარგები კი აურაცხელი იქნება, როგორც ცოცხალი ძალისა, ასევე, სამხედრო ტექნიკისა. პარტიზანული ბრძოლებისას ფრონტის ხაზი არ არის, პარტიზანი საიდანაც უნდა, იქიდან შემოგიტევს და რაც მთავარია, უკრაინელებმა კარგად იციან თავიანთი ქალაქები, სოფლები, დაბები, ყველა ქუჩა და შუკა, შენობა და რუსეთის ჯარს შავ დღეში ჩააგდებენ. ვიეტნამში, პარტიზანებმა მოუგეს ომი ამერიკას. დღისით გათქვეფილები იყვნენ მოსახლეობაში, ღამით აიღებდნენ იარაღს, ჩაუსაფრდებოდნენ და ხოცავდნენ ამერიკელებს. აქაც ეგრე იქნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ელაპარაკნენ პუტინს, მაგრამ უშედეგო იყო ეს საუბარი. პირდაპირ უთხრა პუტინმა, რომ არ შევაჩერებ ომს, ვიდრე ჩემს მიზანს არ მივაღწევო. პრაქტიკულად, მოითხოვს, რომ უკრაინას არმია აღარ ჰყავდეს. მოითხოვს, უკრაინამ აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკები. მალე ამას დაამატებს ხერსონსაც, რომელიც ერთადერთი დიდი ქალაქია, რომელსაც რუსეთი სრულად აკონტროლებს. ხერსონის სახალხო რესპუბლიკის შექმნა უნდა, რომ მერე ისიც აღიაროს უკრაინამ. არ მოისვენებს პუტინი, ვიდრე ან თავისას არ მიაღწევს, ან თავისივე გარემოცვა არ მოიშორებს, თუ ომი გაგრძელდა და ამ ჭაობში რუსეთი კიდევ უფრო მეტად ჩაეფლობა.
– ბატონო სოსო, ცოტა თუ არ გააქტიურდნენ ამერიკა და ევროპა, გაზაფხულამდე მიაღწევს უკრაინა?
– 2014 წელთან შედარებით, ამერიკა და ევროპა ძალიან ეხმარებიან უკრაინას, თუმცა, ეს არ არის ახალი მოვლენა. ეგოისტური პრაგმატიზმი ყოველთვის ახასიათებდათ ევროპელებს. აი, გასული საუკუნის 30–იანი წლები გავიხსენოთ. 1936–1937 წლებში მუსოლინის ფაშისტურმა იტალიამ, აფრიკის ერთადერთ ქრისტიანულ, მართლმადიდებლური სახელმწიფოს, აბისინიის დაპყრობა გადაწყვიტა. დღევანდელ ეთიოპიაზე გელაპარაკები. აბისინიის ნებუსი, იგივე იმპერატორი, ჰაილე სელასიე ერთა ლიგაში გამოვიდა და 6 საათიანი სიტყვა თქვა. ატირა ერთა ლიგის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები სელასიემ. ზელენსკი გამახსენდა, ბრიტანეთის პარლამენტში, ფეხზე ამდგარნი რომ უკრავდნენ ტაშს. სელასიე ითხოვდა, ემბარგო დაუწესეთ იტალიას ნავთობზე შესყიდვაზე, რადგან თუ ნავთობს ვერ იყიდის, ნავთობი თუ არ ექნება, ტანკებში ვერ ჩაასხამს საწვავს და ვერ დაგვიპყრობს, დანარჩენს ჩვენ მივხედავთო. რა გააკეთა იცი, ერთა ლიგამ? ნავთობზე არ დაუწესა სანქცია და ღვინის გაყიდვაზე დაუწესეს სანქციები. ბრიტანეთი იყო მაშინ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგი, ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა, ნევილ ჩემბერლენმა თავი მოიკლა, ყველაფერი გააკეთა, რომ იტალიისთვის ნავთობზე ემბარგო არ დაეწესებინათ. ღვინოზე იტალიისთვის ემბარგო იმ ვითარებაში, რა მდგომარეობაშიც აბისინია იყო, სასაცილოც იყო და სატირალიც. მერე, ესპანეთის სამოქალაქო ომში, მოხალისეები იბრძოდნენ. ევროპის ქვეყნებმა, ამერიკამ იარაღზე ემბარგო დაუწესეს ფრანკოს ფაშისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეებს და საბჭოთა კავშირიდან მიჰქონდათ ტანკები. ახლა, ესპანეთში, ზღვით როგორი გადასატანი იყო მაშინ ტანკები. ახლა, გამოვიდა უნგრეთის პრემიერ–მინისტრი, ვიქტორ ორბანი და განაცხადა, უკრაინისთვის ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს არ გავყინავო და წინააღმდეგია, ევროკავშირმა რუსულ ნავთობს ემბარგო დაადოს. თქვა და დაბლოკა კიდეც ევროკავშირის ეს ინიციატივა. კი, ორბანის გარდა სხვებიც არიან წინააღმდეგნი, მაგრამ ერთი ხმა საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, ეს ხმა კი პირველად ორბანისა იყო. საინტერესო იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის განცხადება. არის ასეთი პოსტი საფრანგეთის საგარეო სამინისტროში. მან განაცხადა, რომ მალე ევროკავშირი სულ სხვანაირი იქნება. ჩვენ ვერ ვღებულობთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის ვერ მიღწევის გამო, 27 ქვეყანაა ევროკავშირში და ვერ ვაღწევთ კონსენსუსს, მალე გაერო–ს უშიშროების საბჭოს დავემსგავსებით, სადაც 50 წელია, ერთი გადაწყვეტილებაც კი ვერ მიუღიათო.
– რა შეიძლება მოხდეს? ხომ ვერ გარიცხავენ ევროკავშირიდან იმ ქვეყნებს, რომლებიც ყველა მეტ–ნაკლებად სარისკო გადაწყვეტილებებს ბლოკავენ? ცხადია, არა. არადა, ყველა ქვეყანას ერთი ხმა აქვს.
– ცხადია, არავის გარიცხავენ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების წესი შეიცვლება. შეიძლება, რაღაც ორგანო შექმნან, სადაც, დავუშვათ, 10 ან 15 წევრი ქვეყანა იქნება და გადაწყვეტილებებს ისინი მიიღებენ. შესაძლოა, იყოს ისეთი საკითხები, რომელთაც მაღალი ლეგიტიმაცია, ყველა წევრის თანხმობა დასჭირდება და იყოს საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც, დავუშვათ, ხმების 2/3 ან 1/3 დასჭირდება. პირობითად ვამბობ ამას, თორემ რას და როგორ გააკეთებენ, გამოჩნდება. საფრანგეთი მართალს რომ ამბობს, ამას წყალი არ გაუვა. არ მუშაობს ეს პარიტეტი ევროკავშირში, ეს ფაქტია და რუსეთ–უკრაინის ომმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ვინ ოხერია ხორვატია, რომ უკრაინისთვის პოლონური სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა დაბლოკა? ახლა, ამერიკა და ბრიტანეთი ეხვეწებიან ხორვატიას, უკან წაიღოს თავისი ვეტო.
– ამდენი წევრის, მით უფრო, პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყნების მიღებით, გაფარჩაკდა ევროკავშირი. ამ პატარა ქვეყნებს დიდი ამბიცია აქვთ, სრული პარიტეტი ევროკავშირში, მაგრამ მინიმალური წვლილი მისი განვითარებისთვის. კრიტიკულ მომენტებში კი მხოლოდ საკუთარი ქვეყნების და არა საერთო ევროპული ინტერესებიდან გამოდიან.
– კი, ევროკავშირი ძალიან მოუქნელი და ბიუროკრატიული ორგანიზაცია გახდა და შეიცვლება, იმედია. ომს რაც შეეხება, პუტინს იმის იმედი აქვს, რომ უკრაინის მოსახლეობა დაიმშევა, მერე ბრძოლის უნარი და მოტივაცია აღარ ექნებათ და დანებდებიან. არა, მოტივაცია მაინც ექნებათ, მაგას ვერ წაართმევენ. ერთხელ გითხარი, რომ ნაპოლეონის იმ დროს უძლეველი არმია ესპანეთში დაამარცხეს მწყემსებმა. თან, ანრე მასენა, ნაპოლეონის ყველაზე ძლიერი მარშალი დაამარცხეს, ის ედგა ამ ლაშქრობას სათავეში. რატომ? მოტივაცია ჰქონდათ, საკუთარ ოჯახებს, სამშობლოს იცავდნენ. ასე არიან უკრაინელებიც – ოჯახებს და სამშობლოს იცავენ და მოტივაცია აქვთ. იარაღი რომ მიაწოდონ, იბრძოლებენ, ცოცხლები არ დანებდებიან. ეს სანქციები, საბოლოოდ რუსეთს დედას უტირებს, მაგრამ სრულად რომ გამოიღოს შედეგები ამ სანქციებმა და რუსეთის ეკონომიკა ერთი 30 წლით უკან გადაისროლოს, ამას 2–3 წელი უნდა და გაძლებს ამდენ ხანს უკრაინა? ცა დაუცველი როდესაც გაქვს, ომი წაგებული გაქვს, რადგან ყველანაირი შიშის გარეშე გბომბავენ. თან რამდენი თვითმფრინავის გადაცემაზეა იცი, ლაპარაკი? 28 ერთეული მიგ–29 და 10 ერთეული სუ–25. სულ ეს არის, მეტი კი არა და ამის გადაცემას არ დააყენეს საშველი ევროპელებმა. არა, პუტინს თავს გაუვიდა, უამრავი მშვიდობიანი უკრაინელი ჩახოცა, სამშობიაროები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი კორპუსები დაბობმა. ახლა ამერიკაში პრეზიდენტი რომ იყოს ტრუმენი, საფრანგეთში დე გოლი და ინგლისში ჩერჩილს თავი დავანებოთ და პრემიერ–მინისტრი ტეტჩერი იყოს, ამ პუტინის შანტაჟს ატომური ბომბებითა თუ უკრაინული ატომური ელექტროსადგურებით, ფეხებზე დაიკიდებდნენ და ერთ კვირაში კისერს მოუგრეხდნენ. რისი ატომური ბომბის მსროლელია პუტინი? რა, თვითმკვლელი ტერორისტია? ოჯახი ჰყავს, შვილები და შვილიშვილები ჰყავს, იმათაც ამოწყვეტს? ეგ გამორიცხულია, მაგრამ ევროპელებს ეშინიათ, ამერიკელებსაც თავიანთი პრობლემები აქვთ. საფრანგეთში მალე 2 ევრო გახდება ბენზინი და ამ დროს, აპრილში მაკრონს არჩევნები აქვს. ამერიკაშიც ძვირდება ბენზინი, ხალხი უკმაყოფილოა და შემოდგომაზე ბაიდენს არჩევნები აქვს. პუტინს ერთი უპირატესობაც აქვს – საერთოდ არ ადარდებს, რამდენი რუსი მოკვდება ამ ომში. დემოკრატიული ქვეყნები კი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთ მოქალაქეებს ცოტა არ შესცივდეთ, მცირედი დისკომფორტი არ იგრძნონ. ზემოთ რომ ჩამოვთვალე, ის ძველი პოლიტიკოსები, ლოალობით, უკან დახევით, უაზრო კომპრომოსებით კი არ იგებდნენ პოლიტიკურ თუ სამხედრო ბრძოლებს. არა, იქით უტევდნენ, იმათზე შანტაჟი არ სჭრიდა, რადგან ღირსეული და მამაცი პოლიტიკოსები იყვნენ. ეჰ, ახლა ეგენი იყვნენ, ფეხებით დაკიდებდნენ პუტინს. ოღონდ, ჯერ იმ წითელ ღილაკზე, რომლითაც ვითომ პუტინმა ატომური ბომბი უნდა გაისროლოს, ხელებს მიამტვრებდნენ.
– ბატონო სოსო, სირიელი მებრძოლები ჩადიან უკრაინაში და აქ ამბავი ატყდა, თუ საქართველომ საჰაერო სივრცე მისცა რუსეთს სირიელების უკრაინაში ჩასაყვანად, ომში ჩართული, რუსეთის მოკავშირე ქვეყანა გამოვა საქართველოო. თუმცა, თურქეთმა არ მისცა საჰაერო გზა სირიელებს და მგონი, ეს პრობლემა მოიხსნა.
– კი, თურქეთი არ აძლევს საჰაერო გზას და ეს თავისთავად ნიშნავს, რომ არც ჩვენი ცა დასჭირდებათ ტრანზისტული ფრენისთვის. ისე, თურქეთს რომც მიეცა ცა სირიელებისთვის, არა მგონია, ჩვენი საჰაერო გზა დასჭირვებოდა რუსეთს, სხვა გზას ნახავდა, ჩვენ გვერდს აგვივლიდა ამ ხალხის გადასაყვანად. ისე, ეს სირიელები რამ გააგიჟა? საკუთარ სამშობლოში ვერ იბრძოდნენ და უკრაინაში მოუნდათ თავის გამოჩენა? სირიაში ომობდნენ ქურთები. ქურთები უკრაინაში საომრად არ წამოვლენ.იმათ იქ, სირიაში აქვთ საქმე. ისე, რუსეთს სირიელების დასახმარებლად რომ დაუდგა საქმე, დაქირავებულებს რომ ეძებს, პროფესიონალი მებრძოლების კრიზისის მაჩვენებელია.
კომენტარები