ნანა სულავა
“ალიას” ესაუბრება “ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის” ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე.
– ბატონო გიორგი, რუსეთს თავის მიერ გაჩაღებულ ომში პრაქტიკულად მოკავშირე არ ჰყავს, თუ არ ჩავთვლით ბელორუსიისა და სირიის რეჟიმებს, ხოლო უკრაინის გვერდით დგას მთელი ცივილური სამყარო. იაპონიამაც კი 50 ათასი ჩაფხუტი და ამდენივე ჯავშან-ჟილეტი გაუგზავნა უკრაინას. ისტორიას არ ახსოვს, ფინეთს ვინმესთვის იარაღი მიეწოდებინა და ახლა სასწრაფო წესით გაუგზავნა უკრაინას საბრძოლო იარაღი და მასალები. შვეიცარია ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით, 1815 წლიდან არის ნეიტრალური ქვეყანა, რომელსაც არასდროს არცერთ ომში მონაწილეობა არ მიუღია, არ შეერთებია სანქციებს არც ჰიტლერის და არც ფრანკოს წინააღმდეგ, ახლა კი შეუერთდა სანქციებს პუტინის წინააღმდეგ. ასევე ნეიტრალური ქვეყანაა შვედეთიც, რომელმაც უკრაინას გაუგზავნა პირველი პარტია ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებისა. იტალია და ესპანეთიც დიდძალი სამხედრო ტექნიკით დაეხმარნენ. ისმის კითხვა, რატომ გაბედა პუტინმა ომი? რა, გაგიჟდა? მისი მენტალური ჯანმრთელობა ეჭვქვეშ ხომ არ დგას? თქვენი შეფასება ამაზე.
– შვეიცარიის ჩართვას ნამდვილად არავინ ელოდა. შვეიცარია ნონსენსია. დანარჩენი ქვეყნები რომ უკრაინის გვერდში დაუდგებოდნენ, სავარაუდოდ, იცოდა. მე ვერ განვსაზღვრავ, მაგრამ რაც დღეს ხდება, ეს არის ყველაზე დიდი კატაკლიზმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში. ამის შემდეგ ევროპაც და მთელი მსოფლიოც კარდინალურად შეიცვლება, ანუ კიდევ ერთი ნაბიჯით გადავდივართ მსოფლიოს ახალ წესრიგზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, რაღაც დონის კოორდინირებულ ქმედებად მიმაჩნია და არა რომელიმე პირის ქაოტურ და გიჟურ მოქმედებად. ამის დამადასტურებელი ბევრი ფაქტია. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფ: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკიც და ნახევარი ევროპაც ამ გაგანია ომის დროს ყავას რუსულ გაზზე ადუღებს. აქ ორი აბსურდია: ან ერთი რატომ აწვდის ამ გაზს და ან მეორე რატომ იღებს და იხდის ამაში დიდ ფულს? ომი თუ არის, მაშინ დაუკეტოს გაზი, რაღა ბომბს ესვრის. დიახ, დაკეტოს და სიცივისგან გაიყინებიან. ყველა რუსეთის მოწინააღმდეგე ქვეყანამ რომ შეწყვიტოს გაზის მოხმარება და ფულის გადახდა, რუსეთის ბიუჯეტი ჩამოიშლება ერთ თუ არა, ორ კვირაში მაინც. აი, ეს არის სრული სიმართლე.
– ყველა იმას აღნიშნავდა, რომ ედუარდ შევარდნაძე დიდი პოლიტიკოსი იყო. თუ მართლაც ასე იყო, რატომ მოხდა, რომ მაშინ, ცხინვალისა და აფხაზეთის ომის დროს, იმის ერთი პროცენტი დახმარება არ მიუღია საქართველოს, რაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობამ მიიღო. მთელი სამყარო ზელენსკის მეგობარი გახდა. ე.ი. გვატყუებდნენ? რეალურად პატივს არ სცემდნენ თურმე შევარდნაძეს. უკრაინას ნეიტრალური ქვეყნები გვერდში უდგანან და იარაღით ამარაგებენ. თქვენ როგორ შეაფასებთ ამას?
– ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც შევარდნაძე მოსკოვიდან ჩამოფრინდა, შევარდნაძის რეჟიმის დამყარება უზრუნველყო რუსი ადმირალის ედუარდ ბალტინის ჯარებმა. შესაბამისად, მის კაბინეტში გამოიზარდა გველის წიწილი მიხეილ სააკაშვილი და ამ ორმა, რუსეთის ერთგულმა მსახურმა, ჩააბარა ცხინვალიც და აფხაზეთიც რუსეთს. ამიტომ ბუნებრივია, დასავლეთი მხარს არ დაუჭერდა შევარდნაძეს. აფხაზეთიც და ცხინვალიც წინასწარ იყო გაყიდული. გაიხსენეთ, აფხაზეთიდან გამოხიზნული მშვიდობიანი მოსახლეობა შევარდნაძემ ისევ აფხაზეთში დააბრუნა იმ მიზეზით, რომ 1-ლ სექტემბერს სწავლის დაწყება გამოაცხადა. 27 სექტემბერს კი რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით. სოხუმი არ დაეცემაო, ამბობდა, ხალხი მოატყუა. ეტყობა, ჩვენს საზოგადოებას პრობლემა აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებით. რატომღაც ამის გახსენება არ უნდათ. ედუარდ შევარდნაძის თანაგუნდელი იყო სააკაშვილი და “მოქალაქეთა კავშირში” დაიბადა “ნაციონალური მოძრაობა”.
– საქართველო დღეს დიდი საფრთხის წინაშე დგას. საფრთხე დღითიდღე იზრდება და თავდაცვის გასაძლიერებლად ქვეყანაში თითქმის არაფერი კეთდება, ამბობენ, იმასაც, რომ თითქოს რუსეთმა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გაიყვანა საოკუპაციო ჯარები. როგორ უნდა მოემზადოს საქართველო რუსეთის მხრიდან თავდასხმისთვის? რა უნდა გააკეთოს კონკრეტულად?
– სამწუხაროდ, ანტიხალხური და არაეროვნული მთავრობების ხელში ვერა და ვერ შეიქმნა ძლიერი ქართული ჯარი. ქართველი ახალგაზრდების დიდ ნაწილში გამეფებულია ნიჰილიზმი და პათეტიზმი. კატასტროფულ დონეზეა ნარკომანიისა და ლუდომანიის რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი კაცი არ არის მობილიზებული ამისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ ისრაელის და შვეიცარიის მსგავსი სამხედრო საყოველთაო სამსახური. მე, როგორც რამდენიმე სახელმწიფო კომისიის წევრი, 25 წელია ვითხოვ, შვეიცარიის მსგავსი სამხედრო სისტემის შექმნას, მაგრამ ყველა ჩვენი მთავრობა, ხელისუფლება და მათი მასმედია, “ბასიანის” მსგავს კლუბებში მოსიარულე ახალგაზრდობას აყალიბებს და “გირჩის” მიერ ორგანიზებული “შარვალჩახდილი” კაცები, რუსეთის არმიას წინააღმდეგობასაც ვერ გაუწევენ, არამც თუ შეაჩერებენ რუსეთის აგრესიას. როგორც ჩემთვის ცნობილია, კლუბ “ბასიანის” თანადამფუძნებელი არის უშიშროების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. ამიტომ რუსეთის აგრესიისგან თავდაცვა მხოლოდ ჩვენი დიპლომატიური, სამართლებრივი წრეებისა და საერთაშორისო საზოგადოების იმედით თუ იქნება შესაძლებელი.
– რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი მედვედევი აცხადებდა, უნდა მოხდეს საქართველოს დესუვერენიზაცია და ნაწილ-ნაწილ დაყოფაო. რუსი გავლენიანი პოლიტიკოსი ნიკოლაი პლატოშკინი უკვე გვემუქრება, უკრაინა უკრაინაა, მაგრამ საქართველო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს და არ დავსაჯოთო? შეძლებს რუსეთი უკრაინის მიყვანას კაპიტულაციამდე? ეს ხომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხის შემცველია.
– რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ რუსეთმა ხელში ჩაიგდო უკრაინა და მის დასაცავად საერთაშორისო ბერკეტებმა ვერ იმუშავა, მაშინ საქართველო, მითუმეტეს, უფრო ადვილი დასაპყრობი იქნება რუსეთისათვის.
– 9 მარტს სოხუმში შეიკრიბნენ ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მოითხოვეს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნოს საქართველომ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სათანადოდ გიპასუხებთო, იმუქრებიან. რა უნდა გააკეთოს საქართველოს პარლამენტმა, მთავრობამ, პრეზიდენტმა და ხალხმა? იმის საშიშროება ხომ არ არის, რომ იგივე განმეორდეს, რაც 1998 წლის 15 აპრილს მოხდა, როცა აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, სოკრატ ჯინჯოლიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას გამოუგზავნა წერილი შინაარსით, რომ საქართველოს ეცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ჟვანიამ ამ წერილს საერთოდ არ უპასუხა. ამის შემდეგ გალის მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ აფხაზი სეპარატისტები. 50 ათასი ქართველი გალიდან გამოაქციეს…
– ეს განცხადებაც მოსკოვიდან არის შეკვეთილი. ისინიც შესაბამისად მოქმედებენ და ულტიმატუმის ენით და მუქარით იმიტომ ლაპარაკობენ. როგორც აღვნიშნე, რუსეთის აგრესიის ასაცილებლად საქართველოს მხოლოდ დიპლომატიური ბერკეტის და საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. თუმცა იმ მწარე გაკვეთილმა იქნებ გვასწავლოს ჭკუა და პარლამენტმა განიხილოს ჩვენი წინადადება საყოველთაო სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ. ეს საკითხი კომპლექსურად არის გადასაწყვეტი, რომ ხელისუფლებამ, მასმედიამ ახალგაზრდობაში მთლიანად ეროვნული მებრძოლის სულისკვეთება ჩამოაყალიბოს და არა ის, რაც აქამდე ხდებოდა. მთელმა ერმა უნდა ვიბრძოლოთ, რომ გავიმარჯვოთ. უკრაინის პრობლემაც სწორედ ეს არის. უკრაინის მოსახლეობის 10% მაინც რომ იბრძოდეს იარაღით ხელში, მაშინ ეყოლებოდათ ნახევარ მილიონიანი არმია, რომელთანაც რუსეთი ვერაფერს გახდებოდა. უკრაინას იარაღს კი აწვდიან ევროპის ქვეყნები, მაგრამ იარაღის დამჭერი არ ჰყავთ, რადგან, როგორც ვთქვი, მოსახლეობის 10 პროცენტიც არ იბრძვის.
– ბატონო გიორგი, აბა, გვატყუებენ, რომ აცხადებენ, ყველა იბრძვისო, ბავშვი, ქალი, დიდი, პატარა?
– ფაქტი სახეზეა. რასაც აცხადებენ, ეს არ არის რეალობა. ისევ ვიმეორებ, მოსახლეობის 10 პროცენტი რომ იბრძოდეს, ნახევარ მილიონიან უკრაინის არმიას რუსეთი ვერაფერს დააკლებდა. ასეთივე ვითარებაა საქართველოშიც. ჩვენმა ყველა მამაკაცმა რომ იბრძოლოს, უძლეველები ვიქნებოდით. ასეა შვეიცარიაში, ისრაელში. მთელი მოსახლეობა იარაღით ხელში იბრძვის თავისი ქვეყნის დასაცავად.
– ქვეყანა ქცეულია ნაცებისა და მათი სატელიტების სათარეშოდ. ოცნება კი ამის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებს. 24 საათი დაკავებულია ნაცების მიერ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე ვითომ პასუხის გაცემით და სინამდვილეში ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. ერთი სიტყვით, ერთმანეთს აცოცხლებენ და კვებავენ. როდემდე შეიძლება ქართველმა საზოგადოებამ ეს აიტანოს და რა უნდა ვქნათ?
– ეს არის ორპოლუსიანი ნაცადი სისტემა, რომელიც ორივე მხარეს აწყობს, ხალხის გარდა. ერთ-ერთი ძალის პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლა უპირობოდ გამოიწვევს მეორე ძალის წაგებას არჩევნებში. ხელისუფლებაში მოვლენ ეროვნულად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა არსებობასაც ნაც-ქოცები ხელს უშლიან. მათთვის ყველაზე საშიში მესამე პოლიტიკური პოლუსის გაჩენაა.
– ჩვენ კარგად გვახსოვს, შევარდნაძე ხელს აწერდა წამგებიან შეთანხმებას. ერთხელ მოაწერა ხელი და გაგრა ჩააბარა, მეორედ მოაწერა და სოხუმი ჩააბარა, მესამედ მოაწერა და გალი ჩააბარა ნაწილ-ნაწილ. ცხინვალში სეპარატისტები საერთოდ დამარცხებულები იყვნენ და იქაც წამგებიან შეთანხმებებს მოაწერა ხელი. რუსეთის ჯარს მისცა სამშვიდობო სტატუსი. სააკაშვილმა რუსეთს კოდორი, ახალგორი, დიდი და პატარა ლიახვის ხეობები ჩააბარა და 100 ქართულ სოფელს ქვების გროვა უწოდა. ესენი არ იყვნენ რუსეთის აგენტები? აბა, ვინ იყვნენ – სამშობლოს მოღალატეები. ახლა საფიქრალი ის არის, ოცნების ხელისუფლება რა სახის შეთანხმებას მოაწერს ხელს რუსეთთან. ღმერთმა დაგვიფაროს და რუსეთმა უკრაინის შემდეგ საქართველოში რომ დაიწყოს აგრესია, რას ფიქრობთ ამაზე?
– თქვენს ჩამონათვალს ერთსაც დავამატებდი. ზვიად გამსახურდიას მიერ გაუქმებული სამხრეთ ოსეთი სააკაშვილმა აღადგინა და მის ხელმძღვანელად სანაკოევი დანიშნა. ეს ერთეული დღემდე არსებობს სამართლებრივ სივრცეში. ეს რეჟიმები ერთი და იმავე სამართლებრივი სისტემის გამგრძელებლები არიან. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის მძევლები არიან. ისინი ყველანი გარე ფაქტორებზე არიან დამოკიდებული. რა შეთანხმებაც მოხდება საერთაშორისო დონეზე, იმას აკეთებენ. ცალკე დამოუკიდებელი მოთამაშეები არ არიან. ასე რომ, რასაც ზევით გადაგვიწვეტენ, იმას შეასრულებენ. სამშობლოს ღალატი სხვა რა არის, აგრესორის ყველა კაპრიზს რომ შეასრულებ და ყველა წამგებიან შეთანხმებას ხელს მოაწერ.
– ბატონო გიორგი, არის თუ არა ეს ომი პუტინისა და მისი უახლოესი გარემოცვის მხრიდან შეცდომა? პუტინიც ისე ხომ არ შეცდა, როგორც ჰიტლერი, რომელმაც არასწორად შეაფასა საბჭოთა კავშირის სამხედრო პოტენციალი, ვერ განსაზღვრა, მხარს დაუჭერდა თუ არა დიდი ბრიტანეთი და ამერიკა საბჭოთა კავშირს? ან უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან ხომ არ არის ამ ომის მიმართ არაადეკვატური პასუხი? ღირდა ამდენი მსხვერპლის გაღება?
– რუსეთის მხრიდან ომის წარმოება არის არა მარტო შეცდომა, არამედ დანაშაულიც. ზელენსკის მისამართით კი იმას ვიტყვი, რომ გამარჯვების იმედი თუ არ გაქვს, იმის იმედი თუ არ გაქვს, რომ მთელი შენი ერი იბრძოლებს, კონცერტები და მიტინგები ბრძოლის ფორმა არ არის. ომის წარმოების რამდენიმე ხერხი არსებობს. თუ ბრძოლა გინდა, უნდა იბრძოლო ისე, როგორც ჯოხარ დუდაევის ჩეჩნეთმა იბრძოლა, როგორც ავღანეთმა იბრძოლა. რუსების გაზზე ყავა არ უნდა აადუღო. გათიშე და უთხარი, არ მინდა შენი გაზი-თქო და თუ ასე იბრძოლებ, მაშინ აუცილებლად გაიმარჯვებ, თუ არადა, მოგიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან ყბედობა და ვაჭრობა. იგივე მინდა ვთქვა ცხინვალისა და აფხაზეთის საკითხზეც. ვისაც ხელი ექავება საბრძოლველად, აფხაზეთი და ცხინვალი მშვენიერი ადგილია პარტიზანული ბრძოლებისთვის. ბალტიისპირელი პარტიზანები 30 წელი ებრძოდნენ საბჭოთა კავშირს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთში, კოდორის ხეობის დამცველი სვანი პარტიზანები სააკაშვილის რეჟიმმა თბილისიდან გაყიდა. ასე რომ, ვისაც რუსეთის წინააღმდეგ ომი უნდა, აქვე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუძლია პარტიზანულად იბრძოლოს.
ზოგიერთი პოლიტიკურად უწიგნური სრულიად ალოგიკურად აცხადებს, თუ ზელენსკი გმირია, მაშინ სააკაშვილს რას ვერჩითო. ისიც ხომ გმირი გამოდისო. როგორ ფიქრობთ, შეიძლება სააკაშვილი და ზელენსკი ერთმანეთს შევადაროთ? – სავსებით გეთანხმებით. მათი შედარება ერთმანეთთან არ შეიძლება. მე ზელენსკის დიდი მეხოტბე არ ვარ, მაგრამ ბოლოსდაბოლოს, ჩაფხუტით და ბრონეჟილეტით ფრონტის ხაზზეა. სააკაშვილმა კი ცხინვალის ომში ჰალსტუხის ჭამითა და მიწაზე ხოხვით დაამახსოვრა ხალხს თავი. ის ოთხდღიანი ომით არის ცნობილი.
– საპატრიარქოს პოზიცია როგორია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით?
– საქართველოს პატრიარქმა შეშფოთება გამოთქვა, დიდი თანაგრძნობა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ. ომის დაწყების პირველი დღიდან დღემდე გრძელდება ჰუმანიტარული დახმარება. რაც შეეხება მეუფე ნიკოლოზის პოლიტიკურ განცხადებას, ეს იყო მისი პირადი პოზიცია და არა საპარტიარქოსი. საპატრიარქო გაემიჯნა მეუფე ნიკოლოზს.
და ბოლოს, შეიძლება ვთქვა, რომ მთელი მსოფლიო კატასტროფის წინაშე დგას და ბეწვის ხიდზე გავდივართ. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებს, გვაქვს რწმენა ცოცხალი ღმერთისა, რომლის გარეშე ამ ქვეყანაზე არაფერი ხდება, ამიტომ იმედი გვქონდეს მშვიდობისმყოფელი ჩვენი ღმერთისა და ეკლესიის საიდუმლოებებისა, რომლითაც ზეციური მადლი გარდმოედინება დედამიწაზე. რადგან რელიგიური თემით მომიწია წერილის დამთავრება, გამოვთქვამდი ჩემს მოსაზრებას, თუ გაიგონებენ ყუმბარებისა და ტყვიების ზუზუნში ჩართული მხარეები, იქნებ მიემართათ შუამავლისთვის – მსოფლიო დედაეკლესიისთვის, თუნდაც ჩვენისთანა საერო მართლმადიდებლური ორგანიზაციისთვის. იქნებ ასე მოხერხებულიყო მშვიდობის მიღწევა და ხოცვა-ჟლეტის შეჩერება ამ დიდ მარხვაში, მითუმეტეს, რომ ორივე ერის შვილები მართლმადიდებლები არიან.
კომენტარები