ნანა სულავა
„ალიას“ ესაუბრება ომის ვეტერანი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, სამხედრო ექიმი ლაშა ქოიავა.
– თქვენ, როგორც მეომარი, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს? უკრაინაში უკვე ძალიან დიდი მსხვერპლია. თურქეთში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?
– თურქეთში გამართული მოლაპარაკება რომ შედეგს ვერ გამოიღებდა, ეს ისედაც ცხადი იყო. რუსები იტყუებიან, იძახიან, ომი არ გვინდა, მშვიდობა გვინდაო. ომი ჩვენ არ დაგვიწყია და ეს, რაც ხდება, არის სპეცოპერაციაო. რუსეთი 200 ათასამდე სამხედრო ცოცხალი ძალით აწარმოებს ბრძოლებს. ეს არის ომი და არა სპეცოპერაცია. სპეცოპარაციისთვის საკმარისია 30 ადამიანი. უსირცხვილოდ იძახიან, თითქოს უკრაინას თავს არ დასხმიან, მაგრამ ეს ხომ ტყუილია! რუსეთი უკრაინისგან უპირობო კაპიტულაციას ითხოვს. ამაზე უკრაინელები არ მიდიან. ეს რომ მოხდეს, ნიშნავს უკრაინის დაშლას, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელი რესპუბლიკები იქნება. რუსეთს მიეცემა სახმელეთო გზა მოლდოვამდე. დნესტრისპირეთში სამხედრო დაჯგუფება დგას. ფაქტია, რომ რუსეთს უკრაინის დაშლა უნდა ნაწილებად და მისი გეგმით, დარჩება მხოლოდ დასავლეთ უკრაინა.
– რუსეთს, რასაც ვხედავთ, უკრაინასთან შედარებით უპირატესობა აქვს ჰაერში, ხმელეთზე – არა. თქვენი აზრით, დასავლეთი იძულებული გახდება, უკრაინის ცის დახურვაში მიიღოს მონაწილეობა?
– ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას არავინ გააკეთებს, არავინ იტყვის, ვკეტავ ცას და ძალას გამოვიყენებო, რადგან ეს ომში ჩართვას ნიშნავს. რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს რეალურად, მესამე მსოფლიო ომია. იმ ნაბიჯზე არცერთი ქვეყანა არ წავა, რომ რუსებს ხელები გაუხსნას, რადგან რუსებმა უკვე გამოთქვეს მუქარა ბირთვული პოტენციალის გამოყენებაზე. თუ ცას ჩაკეტავს რომელიმე ქვეყანა, იქ ფრენა არ შეიძლება. რუსეთის საფრენი საშუალებები არ უნდა დაფრინავდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიიდან მოხდება სამხედრო ძალის გამოყენება და როგორც კი ნატოს წევრი ქვეყანა ჩაერთვება, რუსეთი საპასუხო დარტყმას განახორციელებს. ის შეიძლება პოლონეთსა და ჩეხეთსაც მიწვდეს. ასე რომ, დასავლეთის ქვეყნები უკრაინის ცის დახურვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
– თქვენ, როგორც ომის ვეტერანი, რომელიც იბრძოდით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, რას გვეტყვით, მაგალითად, აფხაზეთის ომის დროს გქონდათ სათანადო შეიარაღება? თუ არ ვცდები, ხრუშჩოვის დროინდელი იარაღით იბრძოდით. „დიდი პოლიტიკოსი“ შევარდნაძე რატომ არ ზრუნავდა, რომ გქონოდათ იმ დროის ადეკვატურრი შეიარაღება? სად იყვნენ მაშინ დაკარგულები შევარდნაძის დიდი მეგობრები: გენშერი, ბეიკერი, ბუში?
– 1992 წლის 5 სექტემბერს შევარდნაძემ ქართული ჯარი გამოიყვანა ეშერიდან და გაგრის მიმართულებით, ბზიფიდან უკან დაახევინა. ამას იცით, რატომ ვყვები? მტერს მისცა საშუალება, ბზიფის გზით მიეღო დახმარება ჩრდილოეთ კავკასიიდან. შემდეგ მან გაგრიდან გამოიყვანა საბრძოლო დანაყოფები, რამაც გააშიშვლა გაგრის ფრონტი. 1992 წლის 5 სექტემბერს შევარდნაძემ ხელი მოაწერა რუსეთთან ხელშეკრულებას, რომ გაგრიდან გამოეყვანა მეომრები და ეს ადამიანი ჩვენს შეიარაღებაზე იზრუნებდა? ან ის და ან მისი მეგობრები?
– რატომ?
– რატომ და იმიტომ, რომ გაშიშვლდა გაგრა. მტერს მისცა საშუალება, რომ გაგრა აეღო. გაგრის აღებით აფხაზეთის ბედი გადაწყდა. შევარდნაძე საქართველოში ამისთვის იყო გამოგზავნილი.
– ბატონო ლაშა, თუ აფხაზეთის ბედი1992 წლის 5 სექტემბერს გადაწყდა, რატომ მიმდინარეობდა ბრძოლები1993 წლის 27 სექტემბრამდე, იმ დრომდე, როცა სოხუმი დაეცა?
– 1993 წლამდე იმიტომ გაიწელა, რომ ზვიად გამსახურდიას მომხრეების დიდი ნაწილი იყო აფხაზეთში და შევარდნაძე რუსებს კი არა, ქართველებს, პირველი პრეზიდენტის მომხრეებს ებროდა.
– რა პარალელების გავლება შეიძლება უკრაინის ომსა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ომს შორის?
– მხოლოდ ერთადერთი შედარება შემიძლია გავაკეთო. მე ორივე ომის მონაწილე ვარ და შემიძლია თამამად ვთქვა, აფხაზეთისა და ცხინვალის ომშიც გულანთებული ქართველები იბრძოდნენ, ისევე როგორც უკრაინაში იბრძვიან დღეს უკრაინელები. აფხაზეთის ომის დროს ერთმა მებრძოლმა (გვარი არ მახსოვს) მანქანა გაყიდა და იარაღი და საჭირო ნივთები უყიდა თანამებრძოლებს. აი, ასეთ პირობებში იბრძოდა საკუთარი ქვეყნის დასაცავად „დიდი პოლიტიკოსის“ ჯარი. 2008 წლის აგვისტოს ომში, რომლის მონაწილეც ვარ, როცა სააკაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კუშნერთან ერთად ჩამოვიდა, საფრენი აპარატი არ იყო ჰაერში, პანიკაში იყო მთელი ჯარი და პრეზიდენტი ომიდან გამოიქცა. საერთოდ, პრეზიდენტი იქ რატომ უნდა ყოფილიყო? მთავარსარდალი ქვეყანას უნდა მართავდეს თავისი კაბინეტიდან. ის ერეკლე მეფის დროინდელი ბრძოლის ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. ჩვენი მეფეები ბრძოლაში ჩაბმულები იყვნენ, მაგრამ თანამედროვე ომი სხვა არის. სააკაშვილი რომ გამოიქცა ომიდან, ამან გამოიწვია ჯარის დემორალიზაცია. მე რომ მკითხოთ, ეს ომი ოთხდღიანი კი არა, სამდღიანი იყო. აგვისტოს ომში გაირკვა, რომ ქვეყანას არ ჰყავდა მმართველი რგოლი, არც კარგი და არც ცუდი. სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ჯარში დემორალიზაცია.
– თუ შეადარებდით სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის?
– სააკაშვილისა და ზელენსკის შედარება დანაშაულია. ზელენსკი მართავს ქვეყანას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს. სააკაშვილის საომარი რიტორიკა კი ისეთი იყო, რომ მიგვეღო ის შედეგი, რაც მივიღეთ. რუსის ჯარი საქართველოში ისე უნდა შემოსულიყო, რომ მსოფლიოს არ „ესაყვედურა“ რუსეთისთვის. სააკაშვილის მაშინდელი უამრავი ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ის არის რუსეთის აგენტი.
ახლა პარალელს გავავლებ რუსეთ-უკრაინის ომსა და აფხაზეთის ომს შორის. როდესაც სოხუმს ბომბავდა ავიაცია, ჩვენ, ქართველ მებრძოლებს, ამის საწინააღმდეგო არანაირი იარაღი არ გვქონდა. ერთხელ შევარდნაძე გამოვიდა და თქვა, სოხუმს ბომბავს რუსული თვითმფრინავიო. მხოლოდ ერთხელ თქვა ეს და მთელი მსოფლიო ჩაერთო. მერე ისევ უკან წაიღო თავისი სიტყვები, არა, შემეშალა, რუსული თვითმფრინავი არ ბომბავდაო.
– შევარდნაძემ კი თქვა, მაგრამ თქვენ ხომ ხედავდით, რომ რუსული თვითმფრინავი ბომბავდა?
– ეს სახელმწიფოს მეთაურს უნდა ეთქვა, ჩვენს ნათქვამს აზრი არ ჰქონდა. ასე რომ, ორივე ომში შევარდნაძეც და სააკაშვილიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ.
– ბატონო ლაშა, თქვენი პროგნოზი როგორია რუსეთ-უკრაინის ომში, როგორ ფიქრობთ, უკრაინა დამარცხდება?
– რუსეთი დამარცხდება. რუსეთმა ვერ შეასრულა თავისი ჯარების წინაშე დასახული ამოცანა. ამ ომის პირველი რიგის ამოცანა იყო კიევის აღება და უკრაინის ხელისუფლების შეცვლა, რომელიც აღიარებდა ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში და დონბასსა და ლუგანსკს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადებდა, რაც რუსეთს საშუალებას მისცემდა, რომ გზა ჰქონოდა ყირიმზე. დიდი მცდელობის მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო, უკრაინას უარი ეთქვა დასავლეთთან და ცივილურ სამყაროსთან ინტეგრაციაზე.
კომენტარები