ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:
“შეძლებისდაგვარად მოკლედ, საქართველოს შესაძლო ნეიტრალიტეტზე და კონსტიტუციაში ევროატლანტიკურ ჩანაწერზე:
ზელენსკიმ ძალიან მკაფიოდ თქვა, და ამას ბოლომდე დაიცავს, რომ უკრაინა ამ ომიდან უსაფრთხოების ძალიან მყარი გარანტიების გარეშე არ გავაო. ჩვენ ვეღარ დავკმაყოფილდებით ბუდაპეშტის მემორანდუმის ფარატინა დეკლარაციით, ორმხრივ ან მრავალმხრივ საფუძველზე გვინდა უკრაინის დაცვის ვალდებულებაო.
ანუ, ზელენსკის სურს, თუ უკრაინა ნატოს წევრი ვერ ხდება, მაშინ ნატოს მეხუთე მუხლის ვალდებულება აიღონ ნატოს არასკეპტიკოსმა სახელმწიფოებმა – აშშ-მ, ბრიტანეთმა, თურქეთმა, პოლონეთმა და ა.შ.
თუ ეს ვალდებულება ამ ქვეყნებმა აიღეს, მერე გნებავთ ნეიტრალური დაარქვით უკრაინას და გნებავთ სხვა რამ, უკრაინის უსაფრთხოება გარანტირებულია და რუსეთის მარცხი გაფორმებული.
ჩვენ, უკრაინისგან ცალკე, ვერ მივაღწევთ ამ მხრივ იმაზე მეტს, ვიდრე უკრაინა აღწევს ამხელა მსხვერპლით, სამხედრო წინააღმდეგობით და დასავლეთის წელამდე ჩართულობით.
ამიტომ, როგორც სხვაგანაც ვთქვი, უკრაინას უნდა ავეკიდოთ ისე, როგორც პიკის საათის საცობში შექმნილ დერეფანში მისდევენ ხოლმე სასწრაფო მანქანას.
თუ ოდესმე უკრაინა-რუსეთის ხელშესახები მოლაპარაკებები დაიწყო დასავლეთის ჩართულობითა და შუამავლობით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს საკითხი იქვე იდოს მაგიდაზე.
თუ უკრაინის უსაფრთხოების თემა ჩვენი ჩართულობის გარეშე დალაგდა, რუსეთი მარტო დარჩენილს მოგვადგება და გვიზამს ყველაფერს, რაც უნდა რომ გვიქნას.
ეს ასე იქნება მათ შორის იმიტომაც, რომ 10 წელია ჩვენმა ხელისუფლებამ არც კი განიხილა ქვეყნის თავდაცვის გაძლიერება. ჯარს ჰქონდა ავღანეთის მისიაში სამსახურისა და სოციალური/დასაქმების კომპონენტი. ახლა ავღანეთი მოიხსნა და ჯარი იქცა მხოლოდ დასაქმების ადგილად.
10 წელია ხელისუფლების პოლიტიკა მხოლოდ იმაზეა გათვლილი რომ ომი არ უნდა იყოს და ომში არ ვიქნებით, ამიტომ ჯარს ვუხდით ხელფასს და ამით ვასრულებთ ჯარზე საუბარს.
დიპლომატია არის ომის გაგრძელება. თუ შენ სამხედრო შესაძლებლობები არ გაქვს, ტალეირანიც ვერ გიხსნის კატასტროფისგან. როცა არ გაქვს ომის ოფცია, მიდიხარ ნებისმიერ პირობაზე, რომელსაც მტერი გიყენებს. აი ასე შეიძლება დახასიათდეს ქართული ოცნების თავდაცვის პოლიტიკა მთელი 10 წლის განმავლობაში.
ამ რეალობაში, უკრაინაზე აკიდების გამოსავალი არის ერთადერთი სწორი გამოსავალი.
ამიტომ, სანამ უკრაინის საკითხი არსებით მოლაპარაკებებამდე არ მისულა, იმის განხილვაც ზედმეტია თუ რას ვუშვებით რუსეთისგან ნეიტრალიტეტის მოთხოვნას. სხვა ვარიანტი არ არსებობს, მას ვწყვეტთ უკრაინასთან ერთად, დასავლეთის ჩართულობით.
თუ ეს სხვანაირად გადაწყვიტა ვინმემ, იქნება არც მეტი არც ნაკლები – ღალატი. ეს სიტყვა ძალიან არ მიყვარს, მძიმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულად ასახავს დანაშაულის კვალიფიკაციას.
თუმცა, მე მაინც მგონია, რომ სერიოზული საზავო მოლაპარაკებები არასდროს გაიმართება უკრაინასა და რუსეთს შორის. პუტინი არ გაჩერდება, მიაწვება ბოლომდე – რუსეთის ჩამოშლამდე.”
კომენტარები