COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი პაქსლოვიდის პირველი პარტია საქართველოში ჩამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ პაქსლოვიდი COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს.
“პაქსლოვიდის ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან. პაქსლოვიდით მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი 5 დღეს მოიცავს”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში ამბობენ, რომ უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც პრეპარატი პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტებია განკუთვნილი. პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი აქვთ, როგორიცაა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმულები და ა.შ. პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება.
კომენტარები