განათლების ყოფილი მინისტრი და გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, კახა ლომაია:
“შემდეგი სამი დღე
ბაიდენი ხვალ ევროპაში მიფრინავს. გასაგებია, რომ ევროპის შუაგულში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, ვიზიტის სრულ განრიგს არავინ გამოაქვეყნებს. მაგრამ რაც ვიცით, ისიც შთამბეჭდავია. 24, 25 და 26 მარტს დაგეგმილი ნატო-ს სამიტი, ევროკავშირის სამიტი, G7-სამიტი და ვიზიტი ვარშავაში ღამისთევით. ამ ბოლო გარემოებას საგანგებოდ ვუსვამ ხაზს.
აშშ-ის პრეზიდენტების უცხოურ ვიზიტებში ღამის გათენება იმ ქვეყნის მნიშვნელობის აღნიშვნაცაა და სიგნალიც, აქ ჩვენიანები ვართო. ასე იყო 2005 წელსაც, თბილისში პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის დროს. დაგეგმილი ღინისძიებების დონე უპრეცენდენტოა. ამდენი და ამ დონის ღონისძიება დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში აქამდე არასოდეს ჩატარებულა. ამ სამი ღონისძიებიდან ორი მაინც, შეიძლებოდა აშშ-ში გამართულიყო, ან სულაც სამივე – ვირტუალურად, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.
აშშ-მ გადაწყვიტა, რომ მისი პრეზიდენტი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ახლა დასავლური ცივილიზაციის ბედი წყდება – ევროპაში, მათ შორის, ევროპის სიმძიმის ახალ ცენტრში, უკრაინულ-პოლონურ სივრცეში. არ არის გამორიცხული, რომ მანდვე, ევროპის ამ ახალ ცენტრში ბაიდენის და ზელეს შეხვედრაც შედგეს. ეს სიმბოლიკაა და ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ სიმბოლიკას ომში უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ამ მოვლენების დრო და ადგილი, სიმბოლიკასთან ერთად, შინაარსსაც მოითხოვს.
აქ და ახლა უნდა გადაწყდეს კაცისმკვლელ დათვს თავის ბუნაგში გაუშვებენ ჭრილობების მოსაშუშებლად, თუ შეუპოვარ მონადირეს საქმეს ბოლომდე მიაყვანინებენ.”
კომენტარები