სოციალურ ქსელში და უცხოურ მედიაში ვრცელდება Associated Press-ის ჟურნალისტის და უკრაინის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი, მესტილავ ჩერნოვის წერილი. იგი არის უკრაინელი ფოტოგრაფი, ფოტოჟურნალისტი, რეჟისორი, სამხედრო კორესპონდენტი და მწერალი, ჩერნოვის მასალები გამოქვეყნდა და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ მედიასაშუალებაში, მათ შორის CNN-ში, BBC-ში, New York Times-ში, Washington Post-ში და სხვა. მან მოიგო და იყო პრესტიჟული ჯილდოების ფინალისტი, ჩერნოვმა კონფლიქტის ზონებში მუშაობისას რამდენიმე დაზიანებები მიიღო. იგი მარიუპოლში ასევე უკრაინელ ფოტოგრაფან ერთად იყო მაშინ, როცა არც ერთი ჟურნალისტი აღარ იყო დარჩენილი. მათ ეკუთვნით არაერთი კადრი მარიუპოლიდან, მათ შორის, სამშობიაროს დაბომბის ფოტოები და ვიდეოები, რომლებსაც რუსული პროპაგანდა ყალბად მოიხსენიებს. და ჟურნალისტი იხსენებს, როგორ სთხოვდნენ უკრაინელები გადაეღოთ, რასაც მარიუპოლში აკეთებდა, გადაეღოთ და ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის.
„ჩვენ ერთადერთი საერთაშორისო ჟურნალისტები დავრჩით მარიუპოლში. ჩვენ ორ კვირაზე მეტი ვაფიქსირებდით მარიუპოლის ალყას რუსული ჯარების მიერ. საავადმყოფოდან ვრეპორტირებდით, როცა დერეფნებში შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. ქირურგებმა შენიღბვისთვის თეთრი ხალათები მოგვცეს.
უცებ, გამთენიისას, ათიოდე ჯარისკაცი შემოიჭრა: “სად არიან ჟურნალისტები?” დავხედე მათ სამკლაურებს (ლურჯი – უკრაინული) და შევეცადე გამომეანგარიშებინა იმის ალბათობა, რომ ისინი შენიღბული რუსები იყვნენ. წინ გადავდგი ნაბიჯი. ”ჩვენ აქ ვართ, რომ გამოგიყვანოთ”, – გვითხრეს მათ.
საოპერაციოს კედლები არტილერიისა და ტყვიამფრქვევის ცეცხლისგან იძვრებოდა და თითქოს შიგნით უფრო უსაფრთხო იყო. მაგრამ უკრაინელ ჯარისკაცებს ჩვენი გაყვანის ბრძანება ჰქონდათ. ქუჩაში გავიქეცით და დავტოვეთ ექიმები, რომლებმაც შეგვიფარეს, ორსული ქალები, რომლებიც ცეცხლის ქვეშ იყვნენ და ადამიანები, რომლებსაც საავადმყოფოს დერეფნებში ეძინათ, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდათ. საშინლად ვგრძნობდი თავს ყველა მათგანის მიტოვებით.
ცხრა წუთი, შეიძლება ათი, მარადისობა გზებზე, დაბომბული სახლების კვალდაკვალ. როცა იქვე ჭურვები აფეთქდა, მიწაზე დავეცი. შოკისმომგვრელი ტალღები ერთიმეორის მიყოლებით… მიკანკალებდა სხეული, ხელები გამიცივდა.
სადარბაზოსთან მივედით და ჯავშანმანქანებმა ბნელ სარდაფში წაგვიყვანეს. მხოლოდ იქ გავიგეთ პოლიციელი მეგობრისგან, რატომ გამოგვიყვანეს საავადმყოფოდან უკრაინელებმა, თავიანთი ჯარისკაცების სიცოცხლის რისკის ფასად: . „თუ დაგიჭერენ, გადაგიღებენ და გაიძულებენ თქვათ, რომ ყველაფერი, რაც გადაიღეთ, ტყუილია. მთელი თქვენი ძალისხმევა და ყველაფერი, რაც გააკეთეთ მარიუპოლში, უშედეგო იქნება“, – თქვა მან.
პოლიციელი, რომელიც ცოტა ხნის წინ გვთხოვდა, მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა მისი მომაკვდავი ქალაქი, ახლა გვთხოვდა წასვლას. მივედით ათასობით მანქანასთან, რომლებიც მარიუპოლის გასასვლელად ემზადებოდნენ. 15 მარტი იყო. წარმოდგენაც არ გვქონდა, ცოცხლები თუ გამოვაღწევდით.
***
მე გავიზარდე ხარკოვში, უკრაინის ქალაქში, რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში და სკოლაში ვისწავლე იარაღის მართვა. ვფიქრობდი, მას შემდეგ რაც მე ვაშუქებ ომებს ერაყში, ავღანეთსა და მთიან ყარაბაღში, ბევრად გამიადვილდებოდა ამის გაკეთება უკრაინაში, სადაც უამრავი მეგობარი მყავს, მაგრამ როდესაც ამერიკელებმა და შემდეგ ევროპელებმა თავიანთი საელჩოების კიევიდან ევაკუაცია მოახდინეს და მე შევისწავლე რუკები, სადაც ნაჩვენები იყო რუსული ჯარების განლაგება ჩემს მშობლიურ ქალაქთან, ჩემი ერთადერთი აზრი იყო: „ჩემი ღარიბი ქვეყანა“.
ომის პირველ დღეებში რუსებმა დაბომბეს ხარკოვის თავისუფლების მოედანი, სადაც ახალგაზრდობაში ვიდექი.
ვიცოდი, რომ რუსული ძალები მარიუპოლს სტრატეგიულ პუნქტად განიხილავდნენ აზოვის ზღვაზე მდებარეობის გამო. ასე რომ, 23 თებერვლის საღამოს, მე წავედი იქ ჩემს დიდი ხნის კოლეგასთან, ევგენი მალოლეტკასთან, Associated Press-ის უკრაინელ ფოტოგრაფთან, ერთად.
გზად სათადარიგო საბურავებზე ვნერვიულობდით და ინტერნეტში აღმოვაჩინეთ ადამიანი, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა და შუაღამისას დაგვთანხმდა საბურავების მოყიდვას. მას და მოლარეს ავუხსენით, რომ ომისთვის ვემზადებოდით. გიჟებივით გვიყურებდნენ.
მარიუპოლში დილის 3:30 საათზე მივედით. ერთი საათის შემდეგ ომი დაიწყო.
მარიუპოლის 430 ათასი მაცხოვრებლის დაახლოებით მეოთხედმა ადრეულ დღეებში დატოვა იქაურობა, სანამ ჯერ კიდევ შეეძლოთ. მაგრამ ცოტას სჯეროდა, რომ ომი ნამდვილად შეეხებოდათ და როცა უმრავლესობა მიხვდა თავის შეცდომას, უკვე გვიანი იყო.
ჭურვების შემდეგ რუსებმა გამორთეს ელექტროენერგია, წყალი, საკვების მიწოდების სისტემები და ბოლოს, რაც მთავარია, გამორთეს მობილური კომუნიკაციები, რადიო და ტელევიზია. რამდენიმე სხვა ჟურნალისტმა დატოვა ქალაქი მანამ, სანამ კომუნიკაციები საბოლოოდ გაწყდა და სრული ბლოკადა დაიწყო.
ბლოკადის პირობებში ინფორმაციის ნაკლებობა ორ მიზანს ემსახურება. პირველი არის ქაოსი. ხალხი ვერ ხვდება რა ხდება და პანიკაშია. მეორე არის დაუსჯელობა. დანგრეული შენობებისა და მომაკვდავი ბავშვების კადრის გარეშე, რუსეთის ჯარს შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც სურდა. ჩვენ რომ არა, ეს კადრები არ იარსებებდა.
ამიტომ ჩვენ გავრისკეთ, რათა მსოფლიოს ვაჩვენოთ ის, რაც ვნახეთ. და ამან რუსები ისე გააბრაზა, რომ ჩვენზე ნადირობა გამოაცხადეს.
აქამდე არასდროს მიგრძვნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი იყო სიჩუმის დარღვევა.
***
სიკვდილი სწრაფად დაიწყო. 27 თებერვალს ვნახეთ ექიმი, რომელიც ცდილობდა ნამსხვრევებით დაჭრილი პატარა გოგონას გადარჩენას. იგი გარდაიცვალა.
მეორე ბავშვი გარდაიცვალა, მერე მესამე. სასწრაფო დახმარების მანქანებს დაჭრილები ვეღარ გამოჰყავდათ, რადგან კომუნიკაციის გარეშე ხალხი ექიმებს ვერ იძახებდა.
ექიმები გვთხოვდნენ, გადაგვეღო ოჯახები, რომლებსაც გარდაცვლილი და დაშავებული ნათესავები მოჰყავდათ და მათი გენერატორი გამოგვეყენებინა ჩვენი კამერების დასატენად. თქვეს: არავინ იცის რა ხდება ჩვენს ქალაქშიო.
დაბომბვის შედეგად საავადმყოფო და მიმდებარე სახლები დაზიანდა. ჩვენი ფურგონის მინები ჩამსხვრეული იყო, მანქანის გვერდი ჩამტვრეული, საბურავები დახვრეტილი. ხანდახან საავადმყოფოდან გავრბოდით ცეცხლმოკიდებული სახლის გადასაღებად, შემდეგ კი აფეთქებების დროს უკან ვბრუნდებოდით.
ქალაქში მხოლოდ ერთი ადგილი იყო დარჩენილი კარგი კავშირით – ბუდიველნიკოვის გამზირზე გაძარცულ სასურსათო მაღაზიასთან. დღეში ერთხელ მივდიოდით და კიბეების ქვეშ ვიმალებოდით ფოტოების და ვიდეოების გასაგზავნად. კიბეები დიდად არ გვიცავდა, მაგრამ მის ქვეშ უფრო მეტად დაცულად ვიგრძენით თავი ვიდრე ღია ცის ქვეშ.
3 მარტისთვის სიგნალი იქაც გაქრა. ვიდეოს გაგზავნა საავადმყოფოს მეშვიდე სართულზე ასვლით და ფანჯრიდან გადახრით ვცადეთ. იქიდან დავინახეთ, რომ სავაჭრო ცენტრი გაძარცვეს და მისკენ არტილერიისა და ტყვიამფრქვევის ცეცხლში გავემართეთ. ათეულობით ადამიანი გამოვარდა იქიდან,
მაღაზიის სახურავზე ჭურვი აფეთქდა, მე კი მიწაზე დავეცი. დავიძაბე, მეორე დარტყმას ველოდებოდი და ასჯერ ვლანძღე თავი, რომ კამერა არ ჩავრთე ამ ყველაფრის ჩასაწერად. მეორე დარტყმა მოჰყვა, ჭურვი საშინელი სტვენით შევარდა ჩემს გვერდით მდებარე კორპუსში. დავიმალე.
მოზარდი მოვარდა, „ჭურვი ჩვენგან 10 მეტრში ჩამოვარდა. ჩემი მეგობრები იქ იყვნენ. წარმოდგენა არ მაქვს, რა დაემართათ მათ“, – თქვა მან.
სასწრაფოდ დავბრუნდით საავადმყოფოში. 20 წუთში მსხვერპლებმა მოსვლა დაიწყეს, ზოგიერთი მათგანი სავაჭრო ურიკებით მოჰყავდათ.
რამდენიმე დღის განმავლობაში გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება სატელიტური ტელეფონი იყო. და ერთადერთი ადგილი, სადაც ის მუშაობდა, იყო ქუჩა, ჭურვის კრატერის გვერდით. დავჯექი, ჩავიკეცე და ვცადე სიგნალის მიღება.
ყველა მეკითხებოდა: გთხოვ მითხარი, როდის დასრულდება ომი. პასუხი არ მქონდა.
ყოველდღიურად ვრცელდებოდა ხმები, რომ უკრაინის არმია ალყის გარღვევას აპირებდა. მაგრამ არავინ მოსულა.
ამ დროისთვის საავადმყოფოში სიკვდილს ვუყურებდი, ქუჩებში ცხედრებს, მასობრივ საფლავში გადაგდებულ ათეულ ცხედარს. იმდენი სიკვდილი ვნახე, რომ თითქმის გაუცნობიერებლად ვიღებდი.
9 მარტს ორმა საჰაერო დარტყმამ გაარღვია ჩვენი ფურგონის ფანჯრები.
დავინახეთ, რომ სამშობიაროდან კვამლი ამოდიოდა. იქ რომ მივედით, მაშველებს ნანგრევებიდან ჯერ კიდევ გამოჰყავდათ დასისხლიანებული ორსულები.
ჩვენი კამერის ბატარეები თითქმის ცარიელი იყო, ჩვენ არ გვქონდა კავშირი სურათების გასაგზავნად. კომენდანტის საათამდე სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი. პოლიციელმა მოისმინა, როგორ განვიხილავდით საავადმყოფოში აფეთქების შესახებ შეტყობინების გაგზავნის გზებს.
”ეს შეცვლის ომის მიმდინარეობას,” – თქვა მან და იქ წამიყვანა, სადაც დენი და ინტერნეტი იყო.
მანამდე იმდენი მკვდარი ადამიანი და მკვდარი ბავშვი გადავიღეთ, უსაზღვროდ ბევრი. არ მესმოდა, რატომ ფიქრობდა, რომ მეტი სიკვდილი შეცვლიდა.
სიბნელეში ვისხედით, ჩვენ გავგზავნეთ სურათები და ვიდეო, დავყავით ისინი სამ ნაწილად, პროცესის დასაჩქარებლად. ამას რამდენიმე საათი დასჭირდა. კომენდანტის საათი დიდი ხნის წინ იყო გასული, დაბომბვა გაგრძელდა, მაგრამ პოლიცია, რომელიც დავალებული ჰქონდა ჩვენი გაცილება ქალაქში, მოთმინებით გველოდა.
***
შემდეგ ჩვენი კავშირი მარიუპოლის მიღმა სამყაროსთან კვლავ გაწყდა.
ჩვენ დავბრუნდით სასტუმროს ცარიელ სარდაფში.
ჩვენ არ ვიცოდით რუსული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას.
ლონდონში რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა ორი ტვიტი, სადაც AP-ის ფოტოებს ყალბი უწოდა და ამტკიცებდა, რომ ორსული ქალი მსახიობი იყო. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აჩვენა ფოტოების ასლები და გაიმეორა ტყუილი სამშობიაროზე თავდასხმის შესახებ.
ამასობაში, მარიუპოლში, ალყაში მყოფი ხალხი ომის ბოლო ამბებს გვეკითხებოდა. ხშირად მომმართავდნენ და მეუბნებოდნენ: გთხოვთ გადამიღოთ, რომ ქალაქგარეთ ოჯახმა იცოდეს, რომ ცოცხალი ვარო.
ამ დროისთვის მარიუპოლში უკრაინული რადიო და ტელევიზია არ მუშაობდა. ერთადერთი რადიოსიგნალი იყო რუსული ტყუილის გადაცემა – რომ უკრაინელები მარიუპოლის მძევლად იყენებდნენ, ესროდნენ სახლებს, ამუშავებდნენ ქიმიურ იარაღს. პროპაგანდა იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგიერთს, ვისთანაც ვისაუბრეთ, სჯეროდა ამის მიუხედავად, რასაც საკუთარი თვალით ხედავდნენ.
მესიჯი გამუდმებით მეორდებოდა, საბჭოთა სტილში: მარიუპოლი ალყაშია, დაყარეთ იარაღი.
11 მარტს, მოკლე ზარის დროს, ჩვენმა რედაქტორმა გვკითხა, შეგვეძლო თუ არა ვიპოვოთ ქალები, რომლებიც გადაურჩნენ სამშობიაროში საჰაერო თავდასხმას თავიანთი არსებობის დასამტკიცებლად. მივხვდი, რომ სამშობიაროდან გადაღებული კადრები საკმარისად ძლიერი უნდა ყოფილიყო, რომ რუსეთის ხელისუფლების რეაქცია გამოეწვია.
ეს ქალები სხვა საავადმყოფოში ვიპოვეთ. ზოგი ჩვილთან ერთად იყო, ზოგიც მშობიარობდა. გავიგეთ, რომ ერთმა ქალმა შვილი დაკარგა, შემდეგ კი თვითონ გარდაიცვალა.
ვიდეოს დასადებად მეშვიდე სართულზე ავედით. იქიდან მე ვუყურებდი ტანკებს, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ადგნენ გზას ჰოსპიტალური კომპლექსისკენ, თითოეული ასო Z-ით იყო მონიშნული, რომელიც ომის რუსეთის სიმბოლოდ იქცა.
გარშემორტყმული ვიყავით. ათობით ექიმი, ასობით პაციენტი და ჩვენ.
***
უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც საავადმყოფოს იცავდნენ, გზა გადაკეტა რუსმა სნაიპერმა, რომელმაც უკვე ესროლა ქუჩაში გავარდნილ მედიკოსს.
სიბნელეში ვისხედით და აფეთქებების ხმა გვესმოდა. ასე გადიოდა საათები. სწორედ მაშინ მოვიდნენ ჩვენთან ჯარისკაცები, უკრაინულად ყვირილით.
ეს არ ჰგავდა გადარჩენას. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ერთი საფრთხისგან მეორეზე გვაგზავნიდნენ. ამ დროისთვის მარიუპოლში არსად იყო უსაფრთხო და ვერავინ დაგეხმარებოდა. ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა მომკვდარიყავი..
მე ჯარისკაცების წარმოუდგენლად მადლიერი ვიყავი. მაგრამ ის მაინც ვგრძნობდი სირცხვილს, რომ მოვდიოდი.
***
ჩვენ ორნი და სამი კაციანი ოჯახი ჰიუნდაიში ჩავჯექით და ქალაქგარეთ 5 კილომეტრიან საცობში გავიჭედეთ. დაახლოებით 30 000-მა ადამიანმა დატოვა მარიუპოლი იმ დღეს, იმდენმა, რომ რუს ჯარისკაცებს დრო არ ჰქონდათ პლასტმასის გარსში გახვეული მანქანის ფანჯრებში შემოხედვის.
ხალხი ნერვიულობდა. ყოველ წუთს თვითმფრინავი ჩნდებოდა ან საჰაერო დარტყმა ისმოდა. დედამიწა შეირყა.
15 რუსული საგუშაგო გადავკვეთეთ. თითოეულ მათგანზე, წინა სავარძელზე მჯდომარე, იმ ოჯახის დედა, რომელთანაც ჩვენ ვმოგზაურობდით, გაბრაზებული ლოცულობდა – იმდენად ხმამაღლა, რომ ჩვენ გვესმოდა.
გავიარეთ საგუშაგოები – მესამე, მეათე, მეთხუთმეტე, ყველა დაკომპლექტებული შეიარაღებული ჯარისკაცებით – ჩემი იმედი, რომ მარიუპოლი გადარჩებოდა, ქრებოდა. მივხვდი, რომ მხოლოდ ქალაქამდე მისასვლელად უკრაინის არმიას ამდენი დაბრკოლების გარღვევა მოუწევდა.
მზის ჩასვლისას უკრაინელების მიერ დანგრეულ ხიდთან ავედით, წითელი ჯვრის კოლონა 20-მდე მანქანისგან გაიჭედა. ჩვენ ყველამ გადავუხვიეთ გზიდან მინდვრებსა და სოფლის გზებზე.
მე-15 საგუშაგოზე მცველები რუსულად საუბრობდნენ მძიმე კავკასიური აქცენტით. მათ მთელ კოლონას უბრძანეს, მოეხსნათ ფარები, რათა არ გამოჩენილიყო გზის პირას გაჩერებული იარაღი და აღჭურვილობა. მანქანებზე დახატული თეთრი Z ძლივს გავარჩიე.
მეთექვსმეტე საგუშაგოს რომ მივუახლოვდით, ხმები გავიგეთ. უკრაინული ხმები. დიდი შვება ვიგრძენი. წინა სავარძელში მჯდომ დედას ცრემლები წამოუვიდა.
მარიუპოლში ბოლო ჟურნალისტები ვიყავით. ახლა იქ ჟურნალისტები არ არიან.
***
ჩვენ კვლავ დატვირთული ვართ იმ ადამიანების შეტყობინებებით, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ საყვარელი ადამიანების ბედი, რომლებიც გადავიღეთ და ჩავწერეთ. სასოწარკვეთილებით და გულწრფელად გვიყვებოდნენ თავიანთ ისტორიებს, ისე, თითქოს უცხო არ ვართ, თითქოს შეგვიძლია მათი დახმარება.
როდესაც რუსულმა თვითმფრინავმა გასულ კვირას დააარტყა თეატრს, სადაც ასობით ადამიანმა შეაფარა თავი, ვიცოდი, სად შეგვეძლო წავსულიყავით, რომ გაგვეგო გადარჩენილთა შესახებ, უშუალოდ მოვისმინე, როგორი იყო უსასრულო საათების გატარება ნანგრევების გროვის ქვეშ. ვიცი ეს შენობა და მის ირგვლივ დანგრეული სახლები. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მის ქვეშ არიან გამომწყვდეულები.
კვირას კი უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთმა ააფეთქა სამხატვრო სკოლა მარიუპოლში, რომელშიც დაახლოებით 400 ადამიანი ცხოვრობდა.
მაგრამ ჩვენ იქ ვეღარ მივალთ…”
კომენტარები