თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ ესაუბრება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი, ზაზა გოგავა.
– ერთი თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და საკმაოდ ხმამაღალი იყო მისი პირველი მოთხოვნები, ღიად ამბობდა, რომ უკრაინის მთავრობის გადადგომა სურდა და პირდაპირ კიევისკენ მიიწევდა – რა ცვლილებებს ხედავთ დღეს ომის მიმდინარეობაში?
– მიუხედავად იმისა, რომ ძნელია, ომის დროს პარალელურ რეჟიმში რაიმეს პროგნოზირება, ის მოხდა, რასაც ვამბობდით – პირველივე ფაზაში, ყველა ტაქტიკური ჩანაფიქრი, რაც ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს გააჩნდა – ჩაიფუშა, არ ვლაპარაკობ ყბადაღებულ ბლიცკრიგზე, რომლის წარმოება წარმოუდგენელი იყო ასეთი მებრძოლი ქვეყნისთვის, როგორიც უკრაინაა. რას ვხედავთ უკრაინაში? პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ხალხი გაერთიანებულია ერთ არმიად, უკრაინა იბრძვის, როგორც ერთიანი ორგანიზმი. მეორე მხარეს გვყავს ოკუპანტი – რომლის შეიარაღებულ ძალებს არანაირი მოტივაცია გააჩნიათ ამ ომში საბრძოლველად, ამიტომ, მათი ტაქტიკური კრახი მოსალოდნელი იყო. რამოდენიმე ფაზა განახორციელეს და ყველგან წარუმატებელი. ომის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ, უკვე პირდაპირ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ოკუპანტის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე ჩადიოდა ომის დანაშაულს – მათ მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაზე დაიწყეს ფიქრი, სწორედ იმიტომ, რომ ყველა მხრივ წარუმატებელი იყო რუსეთი ომში. ჩვენ ვხედავთ იმ ფასს, რასაც უკრაინა იხდის, მაგრამ ეს არ და ვერ აღიქმება ისე, რომ ოკუპანტების შეიარაღებული ძალას რაიმე წარმატება აქვს ომში. დღევანდელი გადმოსახედიდან, მიუხედავად იმ სურათისა, რაც ამ წუთში უკრაინაშია, გარდატეხა უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარესაა.
– ამ გადასახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ 2008 წელს საქართველოშიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა მაშინ დაიწყეს, როცა ქართველმა მებრძოლებმა პირისპირ ბრძოლაში რაღაცა ტიპის წარმატებას მიაღწიეს? ჩვენც ამიტომ დაგვიბობმა მშვიდობიანი მოსახლეობა?
-ამის თქმა ზედმეტი სენტიმენტების გარეშე შემიძლია, არა იმიტომ, რომ 2008 წელს მე ვხელმძღვანელობდი შეიარაღებულ ძალებს და იმ ბრძოლას რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ, არამედ იმიტომ, რომ ეს მართლა მათი ხელწერაა – როცა ისინი ბრძოლის ველზე წინააღმდეგობას აწყდებიან, იწყებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. ყველამ იხილა იმ ხუთდღიანი ომის განმავლობაში რა დანაკარგები მიაყენა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, პრინციპში, ამიტომაც იყო შემდეგ მორალური ზეწოლა… მოწინააღმდეგის გატეხვისათვის, სუსტ წერტილებზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე მიაქვთ იერიში და ჩვენ ვნახეთ არაერთი დაბომბვა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულები. უკრაინაში ამ წუთში, ეს ხელისგულზეა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან, ამდენი წლის მერე, სტრასბურგის მეორე გადაწყვეტილებაზე ვხედავთ, რომ ყველაფერი, რასაც ვამბობდით – დადასტურებულია.
– რა შეგრძნება იყო, როცა ევროპის სასამართლომ განაცხადა, ქართველებო, თქვენ არ დაგიბომბიათ მშვიდობიანი მოსახლეობა და არ ჩაგიდენიათ ომის დანაშაული, მით უფრო, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ?
– თავს ვერ მოვიტყუებ, რომ ჩემ თავთან რაიმე ისეთი შეგრძნება მქონდა, არცერთხელ არ დამიშვია ჩემ გონებაშიც კი, რომ შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო, ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს იქ არ ჰქონდათ დანაშაული ჩადენილი, მაგრამ ერთი შეგრძნება მართლა მქონდა – ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, გარდაცვლილი გმირებისა და მათი ოჯახების მიმართ, მათ სჭირდებოდათ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ მათი შვილები, მათი მეუღლეები, ჩვენი მოქალაქეები, ბოროტებასთან ბრძოლას შეეწირნენ და არანაირი დანაშაული არ მიუძღოდათ, მაგრამ ის, რომ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ეს აღიარა პირადად მათთვის – ნამდვილად ბევრს ნიშნავდა.
– რუსეთის შეიარაღებას, ბევრი ქართველი, თუ უცხოელი ექსპერტი წლებია აღმატებულ ხარისხში იხსენიებს. რა გამოაჩნია ამ ომმა? გადაჭარბებული იყო ეს შეფასება? ბოლო წლების მანძილზე რუსეთი თავის მოქალაქეებს სამხედრო ფულსაც მთლიანად პარავდა?
– მრავლად აღმოცენდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს სამხედრო ექსპერტებს უწოდებენ და ბრძოლის ველის ახლოსაც არ არიან ნამყოფი. მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთთაგანი, ვინც თავიდანვე აცხადებდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების უძლეველობა მითია და ეს მითი მთლიანად მოდიოდა საბჭოთა კავშირის არმიიდან. ყველამ ნახა მსოფლიოში, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე გახდა რუსეთი და შემდეგ, ყველაფერი რაც სამხედრო დოქტრინაში იყო, რუსეთმა გადაიბარა. თუმცა, მეორე მსოფლიო ომში ვინც იბრძოდა, იმათგან უკვე აღარავინაა ამ ჯარში. ამის შემდეგ რუსეთი აწარმოებდა მცირე ზომის სამხედრო კამპანიებს – აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ჩეჩნეთში, ეს იყო ის მცირე სამხედრო კამპანიები, რომლებსაც ამ ზომის შეიარაღებული ძალებით მართავდა. მათ მეთოდებს თუ დააკვირდებით, რას აკეთებდნენ აფხაზეთში, რას აკეთებდნენ სამაჩაბლოში და ჩეჩნეთის ორივე კამპანიაში, ერთი-ერთში მეორდება – რუსეთის შეიარაღებული ძალები არც ცვლიან ტაქტიკას და არ ცვლიან დოქტრინას. მათ არ იცის ასიმეტრიული, არაკომერციული ომის წარმოება. დღეს თანამედროვე სამყაროში ომი მიმდინარეობს ურბანულ ტერიტორიებზე, ველზე აღარავინ იბრძვის. ამიტომაც განიცადეს კრახი. ხშირად მოჰყავთ სირიის მაგალითი, ამბობენ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში იომეს და გარკვეული გამოცდილება დააგროვეს, მაგრამ ასე არ არის. სირიაში ძირითადი სამუშაო შეასრულა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველას ახსოვს ეს, აშშ-მ გაანადგურა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები და თქვა, მოვრჩით და მივდივართ აქედან. შემდეგ შევიდა თურქეთი და რაღაც დოზით რუსეთი, რომელმაც იქაც თავის ცნობილ ტაქტიკას მიჰყო ხელი და მეტიც, რუსეთი სირიაში ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაშიცაა ეჭვმიტანილი და ამ საკითხის გარკვევა დღემდე გრძელდება. ამის შემდეგ რუსეთმა 2014-ში უბრძოლველად ჩაიგდო ხელში ყირიმის ნახევარკუნძული და მართლა წარმოუდგენელი სურათი იყო, უკრაინაც ბრძოლის გარეშე როგორ თმობდა მას. ამას ემატება კორუფცია – გამოჭამეს ყველაფერი, წლებია იპარავენ ჯარის ფულს და ეს სამხედრო ტექნოლოგიებზე აისახება. თანამედროვე ომი არის ტექნოლოგიები. ამ ომის დროს, ერთ მხარეს ჭკვიანი ჯარისკაცი და ტექნოლოგია, და მეორე მხარეს ძველი მანქანა და მეორე მსოფლიო ომის მეთოდებით მებრძოლი რუსეთი. ქალაქებზე ალყა ეს არის მეორე მსოფლიო ომის ტაქტიკა, ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, რომ დღეს ვინმე ამას ბრძოლის ველზე გააკეთებდა, ვერ დავიჯერებდი. მინდა ვთქვა, რომ რუსეთის არმიაზე მითმა ნგრევა დაიწყო 2008 წელს, როცა მსოფლიომ შეხედა, როგორ შეიძლება გაუმკლავდე ესეთ შეიარაღებულ ძალებს, როგორიც რუსულია! ამაში გადამეტებულს არაფერს ვამბობ, ჩვენ ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ნიღაბი ჩამოეხსნათ მათ უძლეველობას!
– თუმცა, ვიღაცებმა მაინც გაიფიქრეს და თქვეს, რომ რუსი მთელი ძალებით არ იყო შესული, თორემ 5 დღე როგორ გაძლებდნენ ქართველები. ახლა რამდენიმე ევროპარლამენტარმაც კი ბოდიში მოგვიხადა და დღესაც გვესმის აქა-იქ იგივე, რომ არც უკრაინაში იყენებს, თურმე, რუსეთი სრულ სამხედრო ძალას.
– 2008 წლის ომის შემდეგ გვესმოდა, რომ რუსებმა დაგვინდეს, ისეთი ტექნიკა არ გამოიყენეს საქართველოში, თორემ 5 დღესაც კი ვერ გავუძლებდით… 5 დღესაც გაუძლო ჯარმა, 5 კვირასაც გაუძლებდა და 15-საც, მაგრამ შედეგები რა იქნებოდა? ვინც იძახის დღეს, რომ, თურმე, მათი წარმოდგენით, რუსები მთლიან ენერგიას არ იყენებენ, გვითხრან, როდის გამოიყენებს იმ „მთელ ძალას“ აბა, რას ელოდება რუსეთი, როდის ჩამოიშლება? ერთადერთი, რაც შეიძლება გადანახული ქონდეს, არის ბირთვული და ქიმიური იარაღი, რაზეც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ პასუხი გასცა და უთხრა, თუ რომელიმე მათგანის გამოყენებაზე გაიფიქრებს, მიიღებს პასუხს. ბირთვული შეკავების დოქტრინები ყველა ქვეყანას აქვს, 9 ქვეყანაა, ვისაც ბირთვული იარაღია, ერთ-ერთი რუსეთიცაა. ყველა თანხმდება რომ ბირთვული ომის პირობებში გამარჯვებული არ არსებობს. ერთადერთი რითიც შეუძლია რუსეთს მსოფლიოს დაემუქროს, ეს არის ბირთვული ომი, მათ არსენალში სხვა რამე აღარ არსებობს, ტაქტიკური, ოპერატიულ-ტაქტიკური და სტრატეგიული დონის, თუ რაიმე შეიარაღება გააჩნიათ, ყველაფერი გამოიყენეს. არანაირი მკვლელი იარაღი, რომელსაც გამოუჩენენ მსოფლიოს და ეტყვიან, აი, ამით გარდატეხას მოვახდენთ რუსეთ-უკრაინის ომშიო – არ გააჩნიათ! საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისინი მუქარით ფონს გადიოდნენ, ეს ტაქტიკა შეესისხლხორცათ, მერე – თავში თავადვე აუვარდათ. ხედავთ, ბრძოლის ველზე უკვე 7 გენერალი ჰყავთ დაკარგული, ეს ისტორიას არ ახსოვს.
– აქვე ვიტყვი, რომ ეს 7 გენერალი სადმე ერთ კარავში კი არ აუფეთქებიათ, შვიდივე სხვადასხვა ნაწილის მეთაური იყო, დღეს იმ შვიდივე ნაწილმა იცის, რომ მათი მეთაური ომის დაწყებიდან ერთ თვეში, დაიღუპნენ. – რომელმე ომი გახსოვთ, სადაც ერთკვირაში, შვიდ სხვადასხვა ნაწილს მეთაური დაეკარგა?
– არ არსებობს ეგეთი რამე, ისტორიაში არ არსებობს. შუა საუკუნეებში, ბრძოლის დაყებამდე მეთაურები ებრძოდნენ ერთმანეთს, კი, ბატონო. სხვა ვითარებაში, ესეთი რამე არ მომხდარა. გავიმეორებ, მათი უძლეველობის, მათი მომზადების და ბრძოლისუნარიანობის მითი დაიმსხვრა, ამიტომაც არიან ესეთ დღეში…
– ორი სამხედრო გემი ერთ დღეს იწვოდა – ეს ვიდეო ყველამ ნახა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ ზომის სამხედრო გემი სულ 4 აქვს რუსეთს. 4 გემიდან, ომიდან ერთ თვეში, ერთ დღეში 2 გემს რომ კარგავ – თან არა სამხედრო გემთან შეტაკებაში, არამედ ნაპირიდან – რას ნიშნავს?
– თქვენც დაკვირვებიხართ, რომ ნაპირიდან მოხდა მათი გამოყვანა მწყობრიდან – სრულიად წარმოუდგენელია, „ზესახელმწიფოდ“ ხარ ცნობილი, „ზეტექნოლოგიებით“ წყალშიც და ნაპირიდან ესეთი სახის ორი მცურავი საშუალება დაკარგო? გარდა ბრძოლიუნარიანობისა, არც მოტივაცია აქვთ, ეს მოტივაცია არ იყო თავიდანვე და რაც არ იყო, ის აწი ვერ დაიდება. რომ შევხედოთ რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაქტიკას, რუსეთში გენერალი ბრძოლის ველზე ვერ უნდა მოკლან იმიტომ, რომ ბრძოლის ველთან მათ კავშირი არა აქვთ, ამიტომაც, ამდენ ხანს ამ ტიპის დანაკარგი არ იყო, მაგრამ რუსულმა სპეცსამსახურებმა აიძულა ისინი წინა ხაზზე გასულიყვნენ, ასე უნდოდათ მოტივაცია შეუქმნათ ჯარისკაცისთვის. ისეთი სახის სამხედრო ჩინოსნებს აძალებენ წინა ხაზზე წასვლას, რომელსაც წინ არაფერი არ ესაქმებათ, ამიტომაც ვხედავთ ჩვენ ამ დანაკარგებს.
–როცა იღუპება ნაწილის მეთაური, გენერალი, სტატისტიკას რომც არ შევეხოთ, ცხადია, რომ იმ ნაწილში ჯარისკაცებიც იქნებიან დაღუპულნი. ეს ნაწილები შესავსები იქნება, ხომ?
–რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც არ დაგიდევს არაფრად ბრძოლის ველზე 15 ათას დაკარგავს, 20 თუ 45, მთელი თავისი ცხოვრება, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ეგენი ასე იბრძოდნენ. მეორე მსოფლიო ომში ამის ბევრი მაგალითი არსებობს, როდესაც მოუგია ბრძოლა და წაგებულთან შედარებით, სამჯერ მეტი ჯარისკაცი დაუკარგიათ. ეხლა ვისითაც შეეცდებიან შევსებას, ჩათვალეთ, ყველა საზარბაზნე ხორცია. მიიყვანო რეზერვი ბრძოლის ველზე გადაუმზადებელი, მიიყვანო საბრძოლო ნაწილებში, რომლებმაც დანაკარგები განიცადეს და ამით მიიღო ეფექტი, ეგეთი რამე არ არსებობს მსოფლიოს ისტორიაში. ნებისმიერი შევსება, იქნება ბრძოლის ველზე ახალი ცხედრების დათვლა.
-საუბრობენ რაღაც ზეიარაღზე, ე.წ. რუსულ „კინჯალზეც“…
-წარმოიდგინეთ, როგორი ჰუმანური სახელმწიფო ყოფილა რუსეთი, რომ ასეთი იარაღი აქვს და ჰუმანურად ექცევა უკრაინალებს და არ იყენებს, ხოცავს ბავშვებს, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ისვრის „კინჯალს“ – ეს ლოგიკურია? არ არის ეს ლოგიკური. პანდემიის პირობებში პუტინმა აჩვენა მულტფილმი მსოფლიოს, მულტფილმი დავარქვი მე ამას, მსოფლიოს უთხრა, რომ აი, ეს რაკეტები, დედამიწაზე დადიან და მერე სადაც უნდა იქ ჩავარდებიან – ეგ არის მულტფილმი. ჯერ ერთი, მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ეგეთი რამ, რომ შენ გაქვს საიდუმლო იარაღი და მერე ამას უმზეურებ მეორე მხარეს – ამიტომ იყო ეს მულტფილმი. დაიჯერა თავად ეს მულტფილმი და თავად ჩააგდო რუსეთი ამ მდგომარეობაში, მე არ ჩამიგდია.
-არ აქვს რელურად „კინჯალი“?
-აქვს, მაგრამ, რა შეუძლია იმ კინჯალს? გვანახონ, აბა, რა შეუძლია და როცა დააპირებს მის გამოყენებას, მაშინვე ექნება უკრაინას მის გასანადგურებლად საპირწონე მართლა მაღალტექნოლოგიური იარაღი.
კომენტარები