დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია:
“არ ვიზიარებ ეიფორიას იმის შესახებ, თითქოს რუსეთს გაჰყავს ჯარები კიევიდან და ჩერნიგოვიდან.
პირიქით, აშკარად ჩანს, რომ ადგილი აქვს რუსეთის სამხედრო ძალების გადაწყობას და გამსხვილებას, ასევე სხვადასხვა ზონებიდან ახალი სამხედრო ნაწილებით გაძლიერებას.
ამას ემატება ლავროვის კომენტარიც მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, სადაც მან ხაზი გაუსვა კრემლის მიერ თავიდანვე დასახული მიზნის ურყევობას.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემ ვარაუდს, რომ რუსეთს განზრახული აქვს აზოვის მთელი აკვატორიის ხელში ჩაგდება და ამ მიზნის მისაღწევად ის ნებისმიერ მოლაპარაკებას დროის მოგების მიზნით გამოიყენებს. მხოლოდ ამის მანიშნებელი იქნება ნებისმიერი პირობა, რომელიც აპრიორი მიუღებელია უკრაინისთვის.
რუსეთი შეჩერებას არ აპირებს. ამგვარი მოძრაობებით და დიპლომატიური ფლანგიდან გასროლილი განცხადებებით ის ზეწოლას ახდენს უკრაინულ მხარეზე, მისი კარნახით შედგენილი პირობების მისაღებად. მთავარი პირობა კი მნიშვნელივანი ტერიტორიული დათმობებია, რაც გულისხმობს აზოვის ზღვის გასწვრივ ყირიმთან სახმელეთო კავშირის მიღწევას.. აქ ცხადია მოიაზრება ქ.მარიუპოლის დათმობა რუსეთის სასარგებლოდ.
კიევისა და ხარკოვის მიმართულებებზე რუსეთი გააგრძელებს შეტევებს, თუმცა არა ამ ქალაქების აღების მიზნით (დიდი რესურსი მიაქვს), არამედ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი უკრაინული არმიის გაშლის მიზნით.
გადაჯგუფებას და შორეული ზონებიდან სამხედრო ნაწილების გადმოსროლას მინიმუმ ორ კვირა სჭირდება. ერთი კვირა უკვე გავიდა. ვიყოთ რეალისტები – ომის მეორე ფაზა გარდაუვალია. მისი ხანგრძლივობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მზად არიან უკრაინული სამხედრო ძალები კიდევ უფრო მძიმე ბრძოლებისთვის. ამ საკითხზე სამხედრო ექსპერტებმა ისაუბრონ. მე კი უბრალოდ მსურს გავაფრთხილო კიევი – ერთი წუთითაც არ ენდოს რუსეთს იქამდე, ვიდრე კრემლს შეუძლია შეცვალოს რეალობა, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოება და დაცულობა 100%-ით არ იქნება გარანტირებული ფიზიკურად.”
კომენტარები