თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი, კახა ესებუა:
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიკვეთა რუსეთის სამხედრო კამპანიაში (კამპანია – სამხედრო მოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც ორი ან მეტი ძირითადი ოპერაციისგან შედგება) უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, რუსეთის გენშტაბმა განაცხადა, რომ მათი ამოცანები ძირითადად შესრულებულია (რაც ბუნებრივია, დიდი ტყუილია) და ახლა დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე უნდა გადაერთონ.
ამ ამბავში ყველაზე მთავარი ისაა, რომ პრაქტიკულად ეს კიევის აღებაზე და დასავლეთ უკრაინაზე უარის თქმას ნიშნავს. შეიძლება თეორიით დაგღალეთ, მაგრამ რისი თქმაც მინდა, მოითხოვს გარკვეულ თეორიულ წინასიტყვაობას.
თანამედროვე ომი სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება, რომლებიც ამავდროულად ომის დონეებია – ესაა სტრატეგია (ომის უმაღლესი დონე, რომელიც განსაზღვრავს ძირითად მიზნებს, ამოცანებს, რესურსებს), ოპერატიული ხელოვნება (ბრძოლის ველზე განსაზღვრავს სამხედრო ძალისხმევის ძირითად მიმართულებებს, მიდგომებს) და ტაქტიკა (ტაქტიკური ქვედანაყოფების უშუალო გამოყენების მეთოდები და ხერხები ბრძოლის ველზე). სტრატეგიის გარკვეულ ასპექტებზე, კონკრეტულად ინდუქციურ და დედუქციურ სტრატეგიებზე, გრავიტაციის ცენტრზე და სხვა საკითხებზე ერთ-ერთ წინა პოსტებში ვისაუბრეთ, დღევანდელ პოსტში კი ყურადღებას გავამახვილებთ ოპერატიულ ხელოვნებაზე.
ოპერატიული ხელოვნება ომის თეორიაში შედარებით ახალი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩანასახი ნაპოლეონის/პრუსიული ომების დროს, გენერალური შტაბის ფორმირების პერიოდში გაჩნდა, თანამედროვე სახით ის მაინც მე-20 საუკუნეში, პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ჩამოყალიბდა. მის ავტორად მიიჩნევა რუსი/საბჭოთა გენერალი (შემდგომში მარშალი) და სამხედრო მოაზროვნე მიხეილ ტუხაჩევსკი. პირველი მსოფლიო ომმა მოიტანა ე.წ. პოზიციური ჩიხი სამხედრო მოქმედებებში. დიდი არმიები ვერ ახერხებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგობის დაძლევას, თხრიდნენ სანგრებს და ასე პოზიციურ ბრძოლებში იხარჯებოდა დრო, რესურსები და ადამიანური სიცოცხლეები. ტუხაჩევსკი, ტრიანდალფილოვი, სვეჩინი და სხვები სწორედ ამ ვითარების ამოხსნას ცდილობდნენ. მათ გამოიყენეს იმ პერიოდში მექანიზებული მანევრის მზარდი შესაძლებლობები (ტანკები, სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანები და ა.შ.) და საარტილერიო ცეცხლის გაზრდილი მანძილი და სიმძლავრე. შესაბამისად, ახალი მიდგომა გულისხმობდა მოქმედებების მეტ მობილურობას, სიჩქარეს, ლოგისტიკის ტემპის ოპერაციების ტემპთან სინქრონიზებას, ზემოქმედებას მოწინააღმდეგის თავდაცვის მთელ სიღრმეზე, უფრო აქტიურ მანევრს ზურგში. ახალი მიდგომით, არ ხდებოდა მთელი ძალისხმების ერთ გენერალურ ბრძოლაზე ორიენტირება, ამის ნაცვლად კი ძალისხმევის განაწილება და საკვანძო მიმართულებებზე წარმატების მიღწევით სტრატეგიული მიზნების უზრუნველყოფა. ყოველივე ამას, ანუ ხიდს ტაქტიკასა და სტრატეგიას შორის, ოპერატიული ხელოვნება ეწოდა. ტუხაჩევსკის და მისი გუნდის იდეები დაედო საფუძვლად გენერალ დე გოლის ხედვებს სატანკო დივიზიებით გარღვევაზე და მთელ გერმანულ სამხედრო სკოლის (გუდერიანი, რომელი და ა.შ.) ხედვებს პანცერ დივიზიებით მოქმედებაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომისას გერმანულმა მხარემ ძალიან აქტიურად გამოიყენა. ამერიკულმა სამხედრო სკოლამაც ძალიან აქტიურად აიტაცა ტუხაჩევსკის ხედვები და დღემდე იყენებს. რაც შეეხება მის სამშობლოს, მადლიერმა საბჭოთა ხელისუფლებამ 1937 წელს ტუხაჩევსკი დახვრიტა, მისი ნაშრომები კი ნაგავში გადაყარა. სამხედრო ელიტის განადგურება საბჭოთა კავშირს 1939 წელს ფინეთში ომის პრაქტიკულად წაგებად და მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე სრულ კრახად დაუჯდა.
რატომ მოვყევი ეს ყველაფერი – დღეს რაზეც უნდა ვისაუბრო, სწორედ ოპერატიულ ხელოვნებას ეხება. რუსეთის სტრატეგიულ შეცდომებზე ერთ-ერთი წინა პოსტში ვისაუბრე, ახლა, მიმდინარე ომში რუსეთის ოპერატიული ხელოვნება უნდა განვიხილოთ.
სტრატეგიული მიზნიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობდა უკრაინის უსწრაფეს დამარცხებას და კიევის რამდენიმე დღეში აღებას, რუსულმა გენშტაბმა შეიმუშავა ოპერატიული მიდგომები და ოპერატიული დაგეგმვაც ამ პრინციპებზე დაყრდნობით განხორციელდა. როგორც იკვეთება, რუსული ოპერატიული მიდგომები ძირითადად შემდგომში მდგომარეობდა:
1. შეტევის ძირითადი მიმართულება იყო კიევი. ჩანაფიქრი იყო ჯავშანსატანკო მანევრისა და სადესანტო ოპერაციების ერთობლიობით მისი სწრაფი ალყაში მოქცევა რამდენიმე მხრიდან, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაკავება/განადგურება. კიევის მიმართულებას მხარს უჭერდა ჩერნიგოვის/სუმის მიმართულება უკრაინული ძალების მისაზიდად და შემდგომში კიევის ალყის აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დასასრულებლად;
2. შეტევის მეორე ოპერატიული მიმართულება იყო დონბასის მიმართულება. იქ განლაგებული იყო უკრაინული არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი დაჯგუფება. მისი დაბმა უნდა მომხდარიყო თავად დონბასის მხრიდან შეტევით, ხარკოვის და მარიუპოლის მხრიდან სწრაფი გარღვევით კი რუსები ამ ძალების ზურგში უნდა აღმოჩენილიყვნენ და ალყაში მოექციათ;
3. მესამე მიმართულება ყირიმის მიმართულება. ეს ძალები ყირიმიდან ხერსონში უნდა შეჭრილიყვნენ და ერთი მხრივ მარიუპოლისკენ უნდა წასულიყვნენ და დონბასის დაჯგუფებასთან ერთად რუსეთთან სახმელეთო დერეფანის უზრუნველყოფა უნდა მოეხდინათ, მეორე მხრივ კი ნიკოლაევის და ოდესის ზურგში უნდა გაეჭრათ შეტევა და ამ დაჯგუფების ალყაში მოქცევით უზრუნველეყოთ ოდესაში საზღვაო დესანტის გადასხმა;
4. მეოთხე და ამ ეტაპზე არშემდგარი მიმართულება დასავლეთ უკრაინის მიმართულება იყო. ამ მიმართულებაზე უნდა ემოქმედა ბელორუსის შეიარაღებულ ძალებს და უკრაინა პოლონეთის საზღვრისგან მოეჭრა. ამა თუ იმ მიზეზით ეს მიმართულება არ შედგა მოცემული ეტაპისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ ამინდი (ნიადაგის მდგომარეობა) ჯავშანსატანკო ქვედანაყოფების გაშლის შესაძლებლობას არ იძლეოდა, სწრაფი შეტევისთვის ამ ქვედანაყოფებს საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა გამოეყენებინათ, რაც მათ მოწყვლადობას ზრდიდა. სწრაფი გადაადგილების უზრუნველყოფისთვის გადაადგილება ხორციელდებ(ოდ)ა დაზვერვის და უსაფრთხოების გარეშე. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის/აშშ-ის დაზვერვის ეფექტური მუშაობის და თავდაცვითი პოზიციების სწორი მოწყობის გამო, სწრაფი გარღვევები რუსულ არმიას ჩაუვარდა, კოლონები კი განადგურდა, რუსულ ძალებს მოუწიათ პოზიციურ ბრძოლებში ჩართვა.
გამოჩნდა, რომ რუსულმა არმიამ ვერ მოახერხა ვერც გაერთიანებული და ვერც კომბინირებული ოპერაციების ინტეგრირება (გაერთიანებული ოპერაცია ნიშნავს სახეობებს შორის კოორდინაციას და ერთობლივ მოქმედებას, სახეობებში იგულისხმება სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, ძალები. კომბინირებული ოპერაცია გულისხმობს გვარეობებს შორის კოორდინაციას და ერთობლივ მოქმედებას. გვარეობებში იგულისხმება ჯავშანსატანკო, არტილერია, დაზვერვა, საარმიო ავიაცია, ლოგისტიკა და ა.შ.). ვერ მოხდა დაზვერვის, ჯავშანსატანკო მანევრის, საარტილერიო ცეცხლისა, სადესანტო ძალების და ლოგისტიკის ინტეგრირება. გამომდინარე იქიდან, რომ ჯავშანსატანკო კოლონები უკრაინულმა თავდაცვამ შეაფერხა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ კი მსხვილი დესანტის გადმოსხმას ხელი შეუშალა, საკვანძო ინფრასტრუქტურის დასაკავებლად გადასხმული დესანტი განადგურდა. ლოგისტიკურ კოლონებზე დარტყმებმა წინ წასული ჯავშანკოლონები მომარაგების გარეშე დატოვა. როგორც აღინიშნა, კოლონების დაუცველად გზებზე გადაადგილებამ მათი განადგურება განაპირობა. ავიაცია და სარაკეტო ძალები არ იყო ინტეგრირებული ერთიანი საცეცხლე უზრუნველყოფის გეგმაში. ყოველივე ამან გამოიწვია, რომ თითოეული ქვედანაყოფი ძირითადად საკუთარი საშუალებებით იბრძოდა და ვერ მოხდა რუსული არმიის განკარგულებაში არსებული საშუალებების ეფექტიანი, კოორდინირებული გამოყენება.
ცალკე უნდა აღინიშნოს რუსული დაგეგმვის უფანტაზიობა და ოპერატიული ადაპტირების უნარის არქონა. პირადად მე, ომის პირველ ეტაპზე რუსული მხარის მიერ დაშვებული შეცდომები მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის ტაქტიკა მეგონა, იმდენად აშკარა და უპატიებელი იყო აღნიშნული შეცდომები. ოპერატიული ხელოვნება, რომელიც სწორედ რუსულმა სამხედრო სკოლამ შექმნა, დღეს სწორედ რუსულმა სამხედრო მანქანამ გაანადგურა, ისევე როგორც საბჭოთა სისტემამ მისი შემქმნელი, დიდი სამხედრო მოაზროვნე მიხეილ ტუხაჩევსკი.
ახლა მოკლედ შევაჯამოთ, თუ რას ნიშნავს რუსული მხარის მიერ კიევის მიმართულებაზე პრაქტიკულად უარის თქმა. ამ ეტაპზე როგორც ჩანს, ესაა სამიდან ერთ, მთავარ ოპერატიულ მიმართულებაზე მარცხის აღიარება. პრაქტიკულად უარი არის ნათქვამი ყირიმის მიმართულების ერთ-ერთ ქვე-მიმართულებაზე, მიკოლაევი-ოდესის მხარეს. შედეგად, სამიდან რუსეთს 1.5 მიმართულება დარჩა, რომელზეც სავარაუდოდ ახლა რუსული არმია კონცენტრირდება. რუსეთი ეცდება უკრაინული ძალების დიდი ნაწილი მაინც დააბას დასავლეთ უკრაინის მხარეს და თავად დიდწილად აღმოსავლეთში გადაერთოს. ამავდროულად, უმცირესია იმის ალბათობა, კიევზე რუსების შეტევის გარეშე ბელორუსებმა დასავლეთ უკრაინას მარტომ შეუტიონ. შესაბამისად, საკუთარ ძალებს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ალბათ უკრაინაც გადაისვრის. შედეგად, ომის მეორე ეტაპი საგრძნობლად დაკორექტირებული ოპერატიული პრიორიტეტებით იწყება.”
კომენტარები