თამო კეშელავა, ალია
რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკა მთავარი მიმწოდებელია იარაღის უკრაინისთვის და ეს არ მიაჩნია სწორად, რადგან, თურმე, იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი. იქვე თქვა, ომზე არ უნდა ვილაპარაკოთო… ამ ინტერვიუდან, რამდენიმე საათში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. თუ გვყავს დაზვერვის ნასახი მაინც დარჩენილი, თუ ოდნავ მაინც მუშაობს საქართველოს საგარეო სამინისტრო, საქართველოს მცირედი მონაცემი მაინც უნდა ჰქონოდა, რომ რუსეთი მალე აპირებდა უკრაინაში შეჭრას და პრემიერს ასეთი არაადეკვატური განცხადებები არ უნდა ეკეთებინა… ომი დაიწყო და საქართველომ რუსეთთან ახალი სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმაო, გვითხრეს, საქართველოს მხარემ გამოაცხადა, აბა, მე ვინ მკითხავდა, თავად გააფორმა ჩემთან რუსეთმა ხელშეკრულებაო, თუმცა, ეს ახალი შესაძლებლობებიაო. გავიდა რამდენიმე დღე და საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა დაიწყეს ჩამოსვლა, ბიზნესის დარეგისტრირება, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, აბა, მე რა ვქნა, წლების წინ, ნაციონალურმა მოძრაობამ დაადგინა რუსეთთან უვიზო მიმოსვლაო, თან ნაციონალურ მოძრაობას ქვეყნის მტერს და ომის პარტიას ეძახის და თუ ასეთი ცუდია ნაციონალური მოძრაობა, მისი მიღებული გადაწყვეტილებები რატომაა უცვლელი? თუ ნაციონალურ მოძრაობას ომი უნდოდა და იმიტომ დააწესა უვიზო რეჟიმი, შენც ომი გინდა, კაცო? ან, დღევანდელ რეალობას როგორ ადარებ 10–14 წლის წინანდელს? დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ ომის დანაშაულს ჩადის რუსეთი უკრაინაში და იმის ნაცვლად, რომ ჩვენც თავიდან ვაჩვენოთ მსოფლიოს, რა აკეთეს საქართველოში, ადრე როგორც იყო, ისე უნდა დავტოვოთო… 3 აპრილს, პრემიერმა განაცხადა, მე ომის დაწყების დღიდან ვიცოდი, რომ უკრაინა დაინგრეოდა და დაისჯებოდაო, ვიცოდი, რომ უამრავი ადამიანი გაწყდებოდა და რუსეთი ოკუპირებას ახდენს უკრაინისას ყოველ დღე, ეს გრძელდება და ვერავინ აჩერებს. არავინაა რუსის გამჩერებელიო. პენტაგონი, ბრიტანეთის დაზვერვა და თავად უკრაინა აცხადებს, ვიბრუნებ ტერიტორიებსო და ღარიბაშვილი ამტკიცებს, ასე არაა, მე ვიცი, რომ პირიქით, რუსეთი იკავებს უკრაინის მეტ ქალაქსო.
და მაინც, ომი გვინდა? – რა სტრატეგია გვაქვს ქვეყნის დასაცავად და რა წერია ოფიციალურ დოკუმენტებში?
ამ კუთხით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაა ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. კონცეფციას შეიმუშავებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, როცა მმართველი გუნდი ამბობს, რომ ის მოქმედებს პატრიოტული მოტივებით, სინამდვილეში, არსებობს გაწერილი დოკუმენტი, რომლითაც ვალდებულნი არიან იმოქმედონ, რომელიც იგივე მმართველი გუნდის მიერ ხელმოწერილია და რომელსაც პარტნიორებს ამაყად წარუდგენენ ხოლმე, ალბათ, რადგან ამ დოკუმენტის (და მისი თანმდევი დოკუმენტების მიხედვით), ჩვენ ისევ ის მებრძოლი ქვეყანა ვართ, აღმაშენებლის და თამარ მეფის, ამ დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ ომისთვისაც მზად ვართ ქვეყნის დასაცავად, ნატოც გვინდა და ევროკავშირიც და განსაკუთრებულად გვინდოდა და გვჭირდებოდა, თურმე, უკრაინა, უსაფრთხოების პოლიტიკისთვის.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ბოლო დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის ეროვნული ღირებულებებია სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა თავისუფლება დემოკრატია და კანონის უზენაესობა უსაფრთხოება კეთილდღეობა მშვიდობაა, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შორის კი, პირველივეა – სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების პირველი ოთხეული ასე გამოიყურება:
- რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები
- რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დარღვევა
- კავკასიაში არსებული კონფლიქტები
როგორც ხედავთ, პირველი პუნქტია ოკუპაცია, ახალი სამხედრო აგრესიის რისკი – და აქვე გეტყვით იმასაც, რომ ეს ორი პუნქტი, ბოლო წლების მანძილზე უცვლელია. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა რუსეთის მხრიდან ახალ სამხედრო აგრესიას წლებია ელის და წესით, უნდა ემზადებოდეს კიდეც, ლოგიკურად. წლებია იციან, რომ არსებობს რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის რისკი და ჩვენ გვეკითხებიან, აბა, ომი გინდათო?
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სამხედრო ექსპერტი საუბრობს მოსალოდნელ საფრთხეზე, მეტიც, ამ საფრთხეზე საუბრობს პენტაგონი, ევროპის სადაზვერვო სამსახურები, საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, მე ჩემმა დაზვერვამ შემატყობინა, საფრთხე არ გვემუქრებაო. ანუ, წლების მანძილზე, საქართველოს ეროვნული კონცეფციის მიხედვით, ნომერ პირველი საფრთხე იყო რუსეთი და დღეს, როცა ომი გააჩაღა უკრაინასთან, საფრთხე არ გვემუქრება? გაქრა ეს საფრთხე? ბიბილოვი, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებას ითხოვს, მაშინ არ გვაქვს საფრთხე? აკი, ჰიბრიდულ ომში ვართო? ომში ვართ და საფრთხე არაა? ბორდერიზაცია გრძელდება და საფრთხე არაა? გვატყუებდით, ბატონებო, ეს წლები, საფრთხედ რომ წერდით ყველა დოკუმენტში რუსეთს? ატყუებდით პარტნიორ ქვეყნებს, რუსეთს კი მივიჩნევთ საფრთხედო? და საქმე საქმეზე რომ მიდგა, აღარაა საფრთხე და ვბარდებით? ამიტომ გვესმის ასეთი განცხადებები დასავლეთისგან?
უკრაინა – ჩვენი ერთ–ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი
დოკუმენტის მიხედვით, უსაფრთხოების პოლიტიკის მიმოხილვისას, პირველი ადგილი დეოკუპაციას უჭირავს, უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი ასპექტებია ასევე ევროკავშირში ინტეგრაცია და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრება; აშშ–თან უკრაინასთან, თურქეთთან და მსოფლიოს სხვა რეგიონების ქვეყნებთან, გაეროსთან, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა.
ყურაღებას მივაქცევ აქაც იმას, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან გამოყოფილია სათანამშრომლოდ სამი ქვეეყანა – აშშ, უკრაინა და თურქეთი. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით, უსაფრთხოების პოლიტიკის ცალკე მიმართულებად 7.2 პუნქტის თანახმად, ცალკე განიხილება უკრაინა და უკრაინასთან თანამშრომლობა! ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია უკრაინა წლების მანძილზე უსაფრთხოების კუთხით! როგორ თანამშრომლობდა უსაფრთხოების კუთხით უკრაინა საქართველოსთან მთელი ამ წლების მანძილზე – მაგას ვინ მოგვიყვება, თუმცა, სახეზეა საქართველოს ხელისუფლების „თანამშრომლობა“ უკრაინასთან, რუსეთ–უკრაინის ომის დროს. სახეზეა „ქართულ ოცნებასთან“ აფელირებული ე.წ. ექსპერტებისა და ანალიტიკოსების წერილები „ხიხია“ ზელენსკიზე და უკრაინელ ხალხზე, რომლებმაც აიძულეს, თურმე, რუსეთს შვილების დახოცვა და ასევე სახეზეა ის ფაქტიც, რომ მათი წერილები პროსახელისუფლებო მედიაში ვრცელდება.
არადა, ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობ: „საქართველო ესწრაფვის, მაქსიმალურად გამოიყენოს უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობები. საქართველო და უკრაინა თანამშრომლობენ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, არამედ ისეთ მრავალმხრივ ფორმატებშიც, როგორებიცაა გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და სუამი. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია უკრაინასთან თანამშრომლობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.“
ხო, ომამდე ასე იყო, საქართველო „ესწრაფოდა გამოეყენებინა“ უკრაინა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და იყენებდა კიდეც, მაგრამ ომი რომ დაიწყო, უკრაინის ოფიციალური მონაცემის ნაცვლად, აგერ, მთლად პუტინის გავრცელებული მიმართვებით საუბრობს საქართველოს ხელისუფლება! აი, რა ეწყინა საქართველოსგან უკრაინას და რატომ ეწყინა საქართველოსგან. სხვათა შორის, როგორც „ალიას“ წყარო უყვება, უკრაინამ საქართველოს შესაძლებლობები კარგად იცოდა და ამიტომ, მხოლოდ ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით ითხოვა დახმარება, თუმცა, კომპანიას, რომელსაც მისი დამზადება და მიწოდება შეეძლო უკრაინისთვის, უარი ათქმევინეს დახმარებაზე. თურქეთი ბაირაქთარებს აწვდის, აზერბაიჯანი შეუზღუდავი რაოდენობის საწვავს და ჩვენ ტყვიაგაუმტარი ჟილეტებიც არ მივეცით, თავდასხმისთვის საჭირო კი არა, თავდასაცავი საშუალებაც არ მივეცით და თან ვის, წლების მანძილზე პარტნიორ ქვეყანას, რომელიც უნდა გამოვიყენოთ უსაფრთხოების კუთხითო, გვიწერია აგერ ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ დოკუმენტში. ანუ, სანამ უკრაინას ულხინდა, ის იყო ჩვენი ქვეყნის მეგობარი და ახლა ჩვენი ქვეყანა, მთავრობის სახით, ეუბნება, ომი რომ გაქვს, სახლები გენგრევა და შვილებს გიხოცავენ, არ იცოდი, რომ ვერ მოუგებდი რუსეთს ომს, რას შეუვარდიო, თუ რას შემოგივარდაო…
რა საფრთხის, რისკის წინაშე დგას საქართველო?
როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასთან“ აფელირებულ ე.წ. ექსპერტებს და ანალიტიკოსებს არ აქვთ წაკითხული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, თორემ, ეცოდინებოდათ, რომ ნომერ პირველი საფრთხე, ამჟამინდელი მთავრობის შეფასებითაც რუსეთია და ნომერ პირველი მეგობარი დასავლეთი. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი დადანაშაულებულია სეპარატისტების მხარდაჭერაში, კრიმინალური დაჯგუფებების მფარველობაში, ქართველების ეთნიკურ წმენდაში. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთმა 2008 წელს ეთნიკური წმენდის ახალი ტალღა წარმოქმნა; მოგვიანებით დაარღვია 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სამხედრო ძალები არ გაიყვანა. როგორც დოკუმენტში წერია, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები, ხელყოფს და ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ტერიტორიებს იყენებს საქართველოში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად, კერძოდ, ტერორისტების შესარჩევად და მოსამზადებლად. არსებობს საშიშროება, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გამოყენებულ იქნეს ისეთი არალეგალური საქმიანობისთვის, როგორიცაა ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის კომპონენტების უკანონო გადაზიდვა და ვაჭრობა, ადამიანთა ტრეფიკინგი და სხვა. დოკუმენტის მიხედვით, 2008 წელს რუსეთს სურდა ქვეყნის საგარეო–პოლიტიკური კურსის შეცვლა, საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩანაცვლება, რადგან რუსეთის მიზანია საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ ქცევა და ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ბაზების მშენებლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იმის ნიშანია, რომ რუსეთი ემზადება პროვოკაციისა და შესაძლო სამხედრო აგრესიისთვის.
ომი გვინდა?
არა, დეოკუპაციისათვის, საქართველომ მთავარ იარაღად მშვიდობიანი მეთოდები დაიტოვა, და აგრძელებს სამშვიდობო წინადადებების შეთავაზებას, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სურვილია, რუსეთთან იქონიოს კეთილმეზობლობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა, თუმცა, ეს ვერ მოხდება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის და დეოკუპაციის განხორციელების გარეშე. დაახლოებით იგივე გვიწერია დოკუმენტში ჩვენც, რასაც ზელენსკი ეუბნება ახლა რუსეთს, დატოვე შენი ჯარით ჩემი ქვეყანა და მერე ვისაუბროთ მეზობლობაზეო. და თუ ჩვენ ჩვენივე ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაში ეს გვიწერია, მაშ, რას აკეთებს ზელენსკი არასწორად და რას უწუნებენ ქართველი პოლიტიკოსები უკრაინას? რა გამოდის, თავად არ აპირებენ მათივე შედგენილი დოკუმენტის შესრულებას?
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა. ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად შეიარაღებული ძალების მზადყოფნა და თავდაცვისუნარიანობა. საქართველოს თავდაცვის დაგეგმვა ეფუძნება „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპს – რომლის წარმატებით განხორციელება მოითხოვს სამოქალაქო თავდაცვის სისტემის დანერგვას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას და სამხედრო რეზერვის ეფექტიანი სისტემის შექმნას. დოკუმენტში არაერთხელაა აღნიშნული, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრება და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთ–ერთი უცვლელი გზაა ქვეყნის უსაფრთხოებისკენ. ასევე, ვიგებთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად განმტკიცდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარების პროგრამების მეშვეობით.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს აზერბაიჯანთან ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა. ერთობლივი ენერგეტიკული, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორი ქვეყნის სტაბილურობასა და კეთილდღეობას. დოკუმენტში არ არის აღნიშნული, როგორ მოხდა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა, რუსეთი კი ნომერ პირველი საფრთხე და მაინც, ექსპერტთა თქმით, აზერბაიჯანიდან შევამცირეთ ენერგოშესყიდვები და გავზარდეთ რუსეთთან? როგორ და რატომ მოხდა, რომ აზერბაიჯანმა შეამცირე ტვირთების გადაზიდვა საქართველოს რკინიგზით წინა წლებში? ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება პირდაპირ გადის, დოკუმენტის მიხედვით ენერგოუსაფრთხოებაზე და ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ისიც გაწერილია, როგორ უნდა ჩაგვენაცვლებია ენერგო კუთხით რუსული ბაზარი – ვინ არის პასუხიმსგებელი პირიკუ მოქმედებაზე?
მართალია, ახლა, დღეს, ომის ფონზე, გვესმის საუბრები, რომ საქართველო რუსეთზეა ჩამოკიდებული, თუმცა, საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია თურქეთი. თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა და რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს მნიშვნელოვანი სამხედრო პარტნიორიცაა. ასევე, თურმე, ნუ იტყვით და საქართველო, როგორც ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი ბუნებრივი რგოლი, დიდ ყურადღებას უთმობს ყაზახეთთან, თურქმენეთთან, ყირგიზეთთან, უზბეკეთთან და ტაჯიკეთთან მჭიდრო თანამშრომლობას, განსაკუთრებით ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. გარდა ამისა, არ დაიჯერებთ და ჩვენ ვაღრმავებთ, თურმე. ჩინეთთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ისრაელთან, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან, კანადასთან, ინდოეთთან,ბრაზილიასთან, ავსტრალიასთან, აგრეთვე ლათინური ამერიკის, აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩნდება კითხვა – თუ ამდენ ქვეყანასთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ეკონომიკის, ტრანსპორტირების და ენერგეტიკის საკითხებში, რატომ არ გვაქვს ფული, რატომ არ გვყავს მეგობრები? სად არიან ეს ჩვენი მეგობრები? რატომ ვართ მაინც რუსეთზე ჩამოკიდებულნი? თუ ესეც მხოლოდ ქაღალდზე წერია, უცხოელი პარტნიორების წასაკითხად?
როგორც ზემოთ მოგახსენებთ, კიდევ რამდენიმე დოკუმენტი გვაქვს, იმის დასადგენად, რა არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გეგმა.
არსებობს საფრთხეებისა და რისკების შეფასების სპეციალური დოკუმენტიც, თუმცა, დოკუმენტი გასაიდუმლოებულია. უსაფრთხოების საბჭოს ვებ. გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დოკუმენტი ბოლოს 2015 წელს განახლდა და მოიცავს 2015–2018 წლების პერიოდს.
გვაქვს კიდევ ერთი დოკუმენტი: „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025, დოკუმენტი თავდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა. მისი მიხედვითაც, რუსეთის ფედერაცია ცდილობს დააბრუნოს საქართველოს რუსული გავლენის სფეროში და თავდაცვის სამინისტრო თვლის, რომ რადგან 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მერეც ვერ მიაღწია მიზანს, სამხედრო მოქმედებებს რუსეთის მხრიდან ისევ უნდა ველოდოთ. ველოდებით და თან არ ველოდებით, ველოდებით და აბა, სად და საიდან ჩანს რომ ველოდებით? ველოდებით და აგერ ქვეყნის პრემიერმა თქვა, ჩვენ ბოლო 30 წელში სამჯერ ვიომეთ და გვეყოო, ველოდებით, რომ თავს დაგვესხმებიან, არ ვიომებთო და მაშ, რას ვშვრებით? ვბარდებით? ომი გინდათო? არა, თავდაცვა გვინდა, ომი რომ გვინდოდეს, მოვითხოვდით, კრემლი აგვეფეთქებინა, ჩვენ კი ქვეყნის დაცვას ვითხოვთ და როცა ყველა დოკუმენტში წერია, რომ ველით თავდასხმას, თუ არ უნდა ვიომოთ, რას ვაკეთებთ? ჯადო ვიცით რამე და შევულოცავთ?
იგივე დოკუმენტში, რომელიც 2021 წელსაა შედგენილი, წერია, რომ ბორდერიზაცია მზარდი გახდა. აკი, ქართული ოცნების პირობებში მიწებს არ ვკარგავთ და ომი არ გვქონიაო? აგერ, წერია ოფიციალურ დოკუმენტში, ჰიბრიდული ომის პირობებში, ბორდერიზიამ იმატაო – ანუ, გასროლის გარეშე გვიპყრობენ.
ტოტალური თავდაცვა – შეკავება და თავდაცვა:
დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული თვადაცვის მიზნებია შეკავება და თავდაცვა, რომელიც ტოტალური თავდაცვის მიდგომებს ეყრდნობა:
შეკავება გულისხმობს ისეთი სამხედრო და პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას, რომლის პირობებში მოწინააღმდეგე აცნობიერებს, რომ მისი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მიღწევა დაკავშირებულია მიუღებელ სამხედრო-პოლიტიკურ ზიანთან. ანუ, გასაგებად რომ ავხსნათ, თუ რუსეთი დაინახავს, რომ ჩვენ მობილიზება გავუკეთეთ რეზერვს და დღეს გვყავს 50–60 ათასი შეიარაღებული სამხედრო, მას არსებული სამხედრო დაბრკოლების გადასალახად დასჭირდება მინიმუმ 150 000 სამხედრო, რის მობილიზებასაც დღეს ვერ შეძლებს. ასევე, წესით და რიგით, ჩვენ უკვე ჩაკეტილი უნდა გვქონდეს ცა. წესით, რიგით და დოკუმენტების მიხედვით, ნაყიდი უნდა გვქონდეს ცის დაცვის საშუალებები, ბაირაქთარები (თავის დროზე, ავიაციის გაძლიერებაზე უარი სწორედ უპილოტო თვითმფრინავების სასარგებლოდ ვთქვით) და ახლა უნდა ვაწყობდეთ აღლუმებს, რათა რუსეთმა კარგად დაინახოს, რა შეიარაღება გვაქვს – ამას ითვალისწინებს სწორედ ეს შეკავების სტრატეგია. ამის ნაცვლად, გამოდის ხელისუფლება და ამბობს, ჩვენო, კაცო, 2 საათში დაგვიპყრობენო და სამხედრო ტრიბუნალი გვინდა მათ დასასჯელად, რადგან, პირდაპირ მიწაში დებენ თავდაცვის სამინისტროს, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, რომლის მთავარი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია შეკავება! ანუ, დოკუმენტში წერია ერთი და აკეთებენ საწინააღმდეგოს. მერე გვიკვირს ჩვენ დასავლეთის რეაქცია, დიახაც, წაკითხული აქვს ეს დოკუმენტები დასავლეთს და იქ ყველაფერი ისე წერია, როგორც უნდა ეწეროს და სანამ საქმე საქმეზე არ მიდგება, აბა, რას წარმოიდგენს, რომ ხელისუფლება თავისივე ხელმოწერილ დოკუმენტს გააბათილებს? არ არის ქვეყნის ღალატი, ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციის და სტრატეგიის ფეხქვეშ გათელვა?
დოკუმენტში ვკითხულობთ, წარუმატებელი შეკავების შედეგად შესაძლოა განხორციელდეს გარე სამხედრო აგრესია. ასეთ შემთხვევაში, თავდაცვა გულისხმობს აგრესიის შეწყვეტასა და სტატუს-კვოს აღდგენას. შეკავება და თავდაცვა ეროვნული თავდაცვის უმთავრესი მიზნებია, რომლებიც აისახება სამინისტროს სამ ძირითად ამოცანაში: შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა; სამოქალაქო უწყებების მხარდაჭერა სხვადასხვა საგანგებო მდგომარეობის დროს; რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებაში წვლილის შეტანა. შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა – ამოქმედება ხდება სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. შეკავების წარუმატებლობის შემთხვევაში, სთძ-მა (საქართველოს თავდაცვითი ძალები) უნდა შეძლოს სამხედრო აგრესიის შეჩერება და მოწინააღმდეგისთვის საკუთარი სამხედრო მიზნების მიღწევის ხელის შეშლა სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული ღონისძიებების გატარებით მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოწინააღმდეგეზე განხორციელებული სამხედრო ზეწოლა და მიყენებული ზიანი მისთვის მძიმე უნდა იყოს.
ანუ, თუ წარუმატებელი აღმოჩნდა შეკავების სტრატეგია – თუ მტერმა მაინც იფიქრა, ამათზე თავდასხმა მარტივია ჩემთვისო, მერე გადავდივართ ომზე, კი, ასეა ჩვენ თავდაცვის სტრატეგიაში გაწერილი. ხოდა, რაში სჭირდება მტერს ზედმეტი ფიქრი? გამოდის ქვეყნის ხელისუფლება, გამოდიან მოღალატე ე.წ. ექსპერტები და ამბობენ, ჩვენ, კაცო, 2 საათში დაგვიპყრობენო – ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიას – შეკავებას, თავად სპობენ და მტერს უბიძგებენ თავდასხმისკენ და კიდევ ჩვენ გვინდა ომი? ომი არ უნდათ, შეკავება არ უნდათ და აბა, რა გინდათ, ბატონებო, შემოვიდეს მტერი, ჩაგვაბაროთ და თქვენ დარჩეთ ხელისუფლებაში ისევ, დაგერიცხოთ ხელფასები და ვისაც არ გვინდა რუსეთის გუბერნიაში ყოფნა, ისინი, ხელებშეკრულნი გვაწამონ ქუჩებში და დაგვხვრიტონ, როგორც ეს უკრაინაში გააკეთეს? თუ გინდათ, ჩვენი შვილები გარეკონ რუსულ ჯარში უკრაინის წინააღმდეგ საომრად? გავიგე, რომ სკამი და ხელფასი გინდათ, მაგრამ რის ფასად?
არსებობს კიდევ ერთი დოკუმენტი თავდაცვის ხედვა – 2030 – სადაც კარგად არის აღწერილი ტოტალური თავდაცვა:
„ეროვნული წინააღმდეგობის გაწევა კრიზისის ან ომის დროს გულისხმობს სამხედრო და არასამხედრო რესურსების გამოყენებას. ეროვნული წინააღმდეგობის გასაწევად განსაკუთრებული როლი მიენიჭება სპეციალური ოპერაციების ძალებს, ეროვნული გვარდიას და სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფებს. ტოტალური თავდაცვის ამოქმედებით გაიზრდება ეროვნული წინააღმდეგობის ხანგრძლივობა. ტოტალური თავდაცვის გამოყენების მიზანშეწონილობას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა. სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოების კოორდინირებული ჩართულობით, სახელმწიფო თავდაცვის ორგანიზება უფრო ეფექტურად წარიმართება. თავდაცვის ორგანიზება ტოტალური თავდაცვის მიდგომის შესაბამისად, ზრდის სამხედრო აგრესიაზე პასუხის ხანგრძლივობას და მოწინააღმდეგეს არ აძლევს ოკუპაციის განხორციელების საშუალებას. აღნიშნული ხელს უწყობს ქვეყნის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობის უწყვეტობას და პოლიტიკური კონტროლის განხორციელებას, მოსახლეობის უზრუნველყოფას აუცილებელი საზოგადოებრივი სერვისებით და უცხოური მხარდაჭერის მობილიზებას. ტოტალური თავდაცვის ოთხი ძალისხმევის ხაზია: ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა, სამხედრო ძალისხმევა, სამოქალაქო ძალისხმევა და საერთაშორისო ძალისხმევა. ერთიანი სამთავრობო ძალისხმევა გულისხმობს აქტივობების კოორდინირებულ დაგეგმვას და ყველა შესაბამისი უწყების კრიზისულ და საომარ ვითარებაში ჩართვას. სამხედრო ძალისხმევა გულისხმობს შეკავებისა და თავდაცვის ამოცანების მიღწევას საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენებით. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები ინარჩუნებს საბრძოლო მზადყოფნის მაღალ დონეს და სხვა უწყებებისა და მოსახლეობის მხარდაჭერით, აწარმოებს წინასწარ დაგეგმილ და კოორდინირებულ მოქმედებებს სამხედრო ამოცანების შესასრულებლად. სამოქალაქო ძალისხმევა გულისხმობს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს სამოქალაქო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერას და ამავე დროს, ემსახურება ხელისუფლების ფუნქციონირების უწყვეტობას. სამოქალაქო თავდაცვა ასევე გულისხმობს: სამოქალაქო დაცულობის უზრუნველყოფას და ძირითადი სერვისებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უწყვეტ ფუნქციონირებას; მოსახლეობის მორალურ და ფსიქოლოგიურ მდგრადობასა და კიბერთავდაცვას ომისა და მშვიდობიანობის დროს. საერთაშორისო ძალისხმევა წარმოადგენს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო მხარდაჭერის (სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, მატერიალური, ინფორმაციული, დაზვერვასთან დაკავშირებული და სხვ.) მობილიზებას, როგორც სამხედრო დაპირისპირების წინა პერიოდში, ასევე, მისი მიმდინარეობისას. აღნიშნული მიზნად ისახავს მოწინააღმდეგეზე ზეწოლის გაზრდას მის მიერ განზრახვის შესრულებაზე უარის სათქმელად, აგრესიის შესაჩერებლად და კონფლიქტის დასასრულებლად საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობებით. ეფექტური საპასუხო მოქმედებების საწარმოებლად ომისწინა და უშუალოდ სამხედრო დაპირისპირების ფაზებში, საჭიროა შესაბამისი სამოქმედო გეგმებისა და პროცედურების შემუშავება ტოტალური თავდაცვის ოთხივე განზომილებისთვის. აღნიშნული აუცილებელია ეროვნული შეკავებისა და თავდაცვის მიზნების მისაღწევად, რაც სამხედრო და არასამხედრო საპასუხო მოქმედებების კოორდინირებული მართვით მიიღწევა.“
მოკლედ, ასეა, დოკუმენტების მიხედვით, ჩვენ მებრძოლი ერი ვართ, უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი და იმდენ ქვეყანასთან გვაქვს მეგობრული და ეკონომიკური ურთიერთობა, ვერც დავიმახსოვრე ყველა, დოკუმენტების მიხედვით, ჩვენ ევროკავშირი და ნატო გვინდა, დოკუმენტების მიხედვით, წლებია ველოდებით რუსეთისგან დარტყმას, სამხედრო დარტყმას, დოკუმენტების მიხედვით, ჩვენ ნაყიდი გვაქვს ტანკსაწინაღმდეგო იარაღი, ჰაერის დაცვის საშუალებები, ბაირაქთარები, დოკუმენტების მიხედვით, ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობა გვინდა, დოკუმენტების მიხედვით, აგერ, ტოტალური თავდაცვაც შეგვიძლია და ეროვნული წინააღმდეგობის გაწევაა დოკუმენტების მიხედვით ქვეყნის დაცვა (ანუ, ის, რასაც დღეს უკრაინელი ხალხი აკეთებს რეალურად), თუმცა, ჩვენი პრემიერი იძახის, ეროვნული წინააღმდეგობა კი არა, ნოლი წინააღმდეგობაა ეროვნულობა და პატრიოტიზმიო.
მოკლედ, ჩვენ დოკუმენტების მიხედვით, ამავე მთავრობის დოკუმენტების მიხედვით, ომი გვინდა კი არა, მეგობრებო, ომში ვართ უკვე!
წესით, უკვე რეზერვი უნდა გვყავდეს გაწვეული.
სამოქალაქო ჩართულობაც გაწერილია ამ ომისთვის, მაგრამ მოქალაქეები არავის მოუმზადებია ჯერ, ისიც არავინ იცის, სად არის თავშესაფრები და არის თუ არა.
დიდი საქმე, ხელისუფლება თუ არ ვარგა, ხალხი ხომ ვარგივართო, წერს ბევრი ჩემი მეგობარიც და რა უნდა იმ უკრაინას და დასავლეთსო, ნუ, იმ უკრაინას რა უნდა, ამ წერილით გაიგეთ, იმედია, იმ დასავლეთს რა უნდა და ამ დოკუმენტების წაკითხვის მერე, სხვა რამეს ელოდა, აშკარად და რაც შეეხება ხალხს, არ დაგავიწყდეთ, ჩემო კარგებო, რომ უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე პრემიერია და კონსტიტუციის მიხედვით, სწორად ისაა პასუხისმგებელი საომარი მდგომარეობის გამოცხადებასა და ჯარის გამოყენებაც მისი ბრძანებით ხდება და ხვალ რომ დაგვესხას თავს რუსის ჯარი და პრემიერმა არ გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა, მერე ვიძახოთ, ხალხი, არ ვიყავით ცუდი და რა გვინდოდა რუსეთის გუბერნიად გახდომაო.
როგორც ზემოთ გითხარით, იმისა გასარკვევად, რისი გაკეთება შეგვიძლია, რა გვიწერია ოფიციალურ დოკუმენტაციებში, რას ვაკეთებთ თავდასხმის დროს, ან თავდასხმის წინაპირობის დროს – არაერთი დოკუმენტის წაკითხვა მოგვიხდა. გვაქვს კიდევ რამდენიმე დოკუმენტი, ეს არის ეროვნული სამხედრო სტრატეგია – სამი სახისაა ეს დოკუმენტები, ერთი 2007 წელს მიღებული, მეორე – 2014 წელს და მესამე – 2017 წელს და მათზე შემდეგ ნომერში გიამბობთ, ასევე მოგიყვებით იმასაც, თუ რა ცვლილებები განიცადა დოკუმენტმა.
ბარემ გეტყვით იმასაც, რომ გასულ წელს, 2021 წლის დეკემბერში, ღარიბაშვილმა უსაფრთხოების საბჭოს დაავალა, ემუშავათ ეროვნული თავდაცვის კონცეფციაზე და საფრთხეებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, ასევე, ჩვენი ინფორმაციით, მიდის მუშაობა ერონული სამხედრო სტრატეგიის ახალ ვარიანტზეც – დოკუმენტებზე მუშაობა, ოფიციალური უწყების მონაცემით, თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მეორეს მხრივ, 2023 წელშიც იქნება თებერვალი და 2024 წელშიც, სად გვეჩქარება…
და ბოლო, შემოგთავაზებთ კომენტარს, აკია ბარბაქაძესთან, რომელიც გახლავთ ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, თადარიგის პოლკოვნიკი.
–ბატონო აკი, თქვენ უკვე არაერთი დღეა ითხოვთ, დაიწყო ხელისუფლებამ თავდაცვისთვის მზადება. დღეს ვუსმინე პრემიერს, რომელმაც თქვა, რუსეთს ვერავინ მოერევაო, უკრაინამ წააგოო, მაშინ, როცა უკრაინის ხელისუფლება ამბობს, ვიბრუნებ ბრძოლით ქალაქებსო, რამდენიმე დღის წინ თქვა, რუსეთს უკრაინის მიწაზე ებრძვიანო, ომის დაწყების წინ თქვა, რად უნდა უკრაინას იარაღი რატომ აწოდებენო და ეს არის კაცი, რომელიც არის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე, ეს არის კაცი, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს საომარ ვითარებას, თუ რუსეთმა სამხედრო დაპირისპირება დაიწყო საქართველოსთან, რას იზამს მთავრობა, რომელიც გვიმტკიცებს, ჩვენ, კაცო, 2 საათში დაგვიპყრობენო, გამოიყვანს ჯარს, დაგვიცავს? თუ იტყვის, ვერ მოვასწარი გამოყვანა, აზრი არ ქონდა გამოყვანას? და რას ვიზამთ ხალხი? რას აპირებთ, მაგალითად, თქვენ კონკრეტულად? გადავხედე დოკუმენტებს თავდაცვის შესახებ და იქ ყველაფერი კარგადაა ქაღალდზე, იარაღიც გვაქვს, ჯარიც გვყავს, იქ ნომერ პირველი მტერია რუსეთი და წლებია მისგან თავდასხმას ველით, მეტიც, უკვე ჰიბრიდულ ომში ვართ და ა.შ., მაგრამ ხელისუფლების ქმედებები და სიტყვები განსხვავებულია.
–ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, გვართმევენ კონსტიტუციურ უფლებას დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. არც პრემიერს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არავის გაუკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, არიან, თუ არა მზად პირადად უხელმძღვანელონ ქვეყნის თავდაცვას. კობახიძის განცხადება 1990–წლებში დესეთეში შეყვანასთან დაკავშირებით, რომ უაზრობა იყო ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვითი ბროლა, მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება არ აპირებს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის სამხედრო აგრესიას და მზადდება იდეოლოგიური საფუძვლები ქვეყნის კაპიტულაციისათვის. 38 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად პატაკს აბარებს ხელისუფლება მტერს, რომ საქართველო არ ემზადება თავდაცვითი ომისათვის და მას, ხელისუფლებასურჩევნია საქართველოს მოსახლეობის მშვიდობა თავისუფლებას. მოვითხოვ, ხელისუფლების პირველმა პირებმა საჯაროდ გააკეთონ განცხადება, რომ ისინი მზად არიან ორგანიზება გაუწიონ ქვეყნის თავდაცვას. თუ ეს განცხადება არ გაკეთდა, ხელისუფლება ვერ დაბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოში. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, თავდაცვის ძალები რამდენად მზად არის ქვეყნის თავდაცვისათვის. ამ განცხადების შემდეგ შეგვიძლია შევთავაზოთ წინადადება, როგორ გავაძლიეროთ სწრაფად და ეფექტურად ქვეყნის თავდაცვის ძალები. თუ ხელისუფლება არ დაბრუნდება ქვეყნის კონსტიტუციის ჩარჩოში, ვერ დავიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. თუ ამ განცხადებას არ გაეკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი არ აპირებენ ქვეყნის თავდაცვას და თუ ამას არ აპირებენ, რაღა მნიშვნელობა აქვს ჯარი ძლიერი გყავს, თუ სუსტი? კანონის მიხედვით, უნდა გვყავდეს 37 ათასიანი საკონტრაქტო არმია, ვსვამ კითხვას, 37–ათასიანი გვყავს? აქედან რამდენია საბრძოლო შენაერთი? უნდა ვიცოდეთ, რა ძალის შეკავება შეუძლიათ, მათემატიკაა. რამდენია, 10 000? 25 000? ამის გაგების შემდეგ, უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, სწრაფად გავიწვიოთ აქტიური რეზერვი, რომ შევავსოთ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს 50–60 ათასი კაცი დავაყენოთ იარაღის ქვეშ. ამ შემთხვევაში რუსეთს თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევა უჯდება ძვირი, ის 150–160 ათასიან სამხედრო ძალას, ჩვენი მიმართულებით, დღეს ვერ გაუკეთებს მობილიზებას. ამიტომ მიჩნდება ეჭვი, რომ არ აპირებენ ქვეყნის თავდაცვას. მოვითხოვ, გამოვიდნენ ხელისუფლების პირველი პირები და გააკეთონ განცხადება, რომ ისინი მზად არიან ქვეყნის თავდაცვისათვის, ამის შემდეგ შეგვეძლება დანარჩენზე საუბარი. ამ განცხადებით უნდა გააბათილონ ყოველდღიური პატაკები კრემლთან, რომ არ აპირებენ ომს. თუ ეს განცხადებები არ გაკეთდება, დავიწყებ კონსულტაციას ოპოზიციის ლიდერებთან, მაინტერესებს რას აპირებენ ოპოზიციის ლიდერები, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება თვითონ აბარებს ქვეყანას მტერს.
კომენტარები