საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც EBRD-თან არსებული €90-მილიონიანი კრედიტის ნახევარზე მეტს – 55 მილიონი ევროს სესხს აღარ აიღებს. ინიციატივის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს თანხა განკუთვნილი იყო ნენსკრაჰესთან დასაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის და ქვესადგურის მშენებლობისთვის. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძის თქმით, მთავრობის მიზანია სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმირება, რათა თავად სსე-მ შეძლოს დამოუკიდებლად ფინანსების მოზიდვა და საკუთარი სახსრებით ან ახალი სესხით დააფინანსოს აღნიშნული პროექტი და ის მთავრობის სესხით აღარ აშენდება.
“2024 წლისთვის როდესაც დაგეგმილი იყო ამ ტრანშის აღება და ათვისება, ამ პერიოდიდან შესაძლებლობა ექნება კომპანიას, რომ დაიწყოს საკუთარი კაპიტალით ამ თანხის მობილიზება და ასევე კორპორატიზაციის პარალელურად, თავადვე შეძლოს სესხის მოზიდვა და არ დასჭირდეს სახელმწიფოს ამისთვის სუვერენული სესხის აღება და შემდგომ მასზე გადასესხება,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
“საქართველოს მთავრობის 2021 წლის 10 ნოემბრის განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ მიმართა EBRD-ს სესხის თანხიდან მეორე ტრანშის (55 მილიონი ევროს) გაუქმების და სასესხო შეთანხმებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების თხოვნით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, EBRD-ის მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების მეორე ტრანშის გაუქმების თაობაზე,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
“ჩვენ დაგეგმილი გვქონდა არამხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ინფრასტრუქტურული მიმართულებებითაც სესხების აღება, თუმცა აღარ გაფორმდა სასესხო ხელშეკრულებები და აღარ მოხდა ხელმოწერა, ვინაიდან ჩვენი სტრატეგიული მიზანი რაც არის, არის ვალის მოწყვლადობის შემცირება, ანუ ერთის მხრივ ჩვენ უნდა შევამციროთ ვალის მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებით, მაგრამ ამავე დროს მიზანია, რომ უცხოურ ვალუტასა და ლარს შორის თანაფარდობა ვალში, რაც დღეს 80%/20%-ზეა, 2025 წლისთვის 65%/35%-ზე შევამციროთ.
ეს სესხი არის ერთ-ერთი იმ ხელშეკრულებათაგანი, რომელიც შევაჩერეთ. რადგანაც შესაძლებლობა გაჩნდა კორპორატიზაციით თავად სახელმწიფო ელექტროსისტემამ დააფინანსოს პროექტი,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა სამინისტროს თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $8.12 მილიარდია, რაც 25.63 მლრდ ლარს შეადგენს. მათ შორის EBRD-ის მიმართ ვალი 229 მილიონი დოლარია.
ბიზნეს– მედია.
კომენტარები