ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი-პოლიტოლოგი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, უკრაინა რატომ არ აფეთქებს იმ მილსადენს, „ჩრდილოეთ ნაკადი–1–ს“, რომლითაც უკრაინის გავლით ევროპას გაზი მიეწოდება? ამას ბევრი კითხულობს. რუსეთი ევროპა ისევ აწვდის გაზს და ეს არ ჯდება ომის ლოგიკაში, რუსეთთან დაპირისპირებული ევროპის პოზიციის ლოგიკაში. ან, იმ ევროპამ ნაწილობრივ მაინც თქვას უარი რუსულ გაზზე და ცოტა დისკომფორტი შეიქმნას.
– უკრაინას ბევრად ეხმარება ევროპა. ისეთ რამეს აკეთებს, ჯერ რომ არ გაუკეთებია. იარაღი, ფული, ლტოლვილების მიღება და პატრონობა, პროპაგანდა ევროპულ მედიაში… ამის მერე, მილსადენი ააფეთქო, არ გამოდის. თან, კიევზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი. „ჩრდილოეთ ნაკადი–2“ გაუქმდა. დარჩა ეს „ჩრდილოეთ ნაკადი–1“, რომელიც უკრაინაზე გადის და აქედან გაზს იღებენ ავსტრია, უნგრეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ნაწილს გერმანია. ახლა ვერ გადაკეტავს უკრაინა, ვერც ააფეთქებს, მაგრამ 1-ლი აპრილიდან ვითარება შეიცვლება. ევროპის ბევრ ქვეყანაში უკვე ზამთრის სეზონი დამთავრდა 1-ლ აპრილს და გასათბობად გაზი აღარ სჭირდება, თუმცა, მრეწველობისთვის მაინც იყიდიან გაზის რაღაც რაოდენობას. ეს სულ მცირე, შემოდგომამდე გასტანს და რუსეთი სოლიდურ შემოსავალს ატომატურად დაკარგავს.
– რუსეთმა ევროპის ქვეყნებს გაზის ყიდვა რუბლში მოსთხოვა და პუტინმა განაცხადა, ვინც რუბლში გზის საფასურს არ გადაიხდის, 1-ლ აპრილს შევუწყვეტ გაზის მიწოდებასო. გავიდა ეს დათქმული დრო, მაგრამ ევროპა მაინც ღებულობს რუსეთიდან გაზს, ევროპასთან ეკონომიკური ომის მდგომარეობაში მყოფმა პუტინმა თავისი დანაქადები რომ ვერ შეასრულა, ეს მიანიშნებს, რომ არც თუ ისე მყარ და მომგებიან პოზიციაში იმყოფება?
– კი, მართალი ხარ, პუტინი დაიმუქრა, ვერ შეასრულა და ეს მის სისუსტეზე მეტყველებს ამ საქმეში. კარგია ეს რომ მკითხე, გამომრჩა ეს თემა. პუტინმა ეს ულტიმატუმი რომ წაუყენა ევროკავშირის ქვეყნებს, ყველა ერთსულოვანი იყო – არ გადავიხდით რუბლში გაზის საფასურსო. ავსტრიაც, რომლის მოხმარებული გაზის წილში 80% გახლავს რუსული. ასეთი ერთსულოვანი ევროკავშირი არასდროს ყოფილა რუსეთის მიმართ. მერე პუტინმა უკან დაიხია და განაცხადა, მე ის კი არ ვთქვი, 1 აპრილიდან გაზს შეგიწყვეტთ, არა, 1 აპრილს განკარგულებას ხელს მოვაწერ და ეს გრძელი პროცესია გაზის მანეთებში ყიდვა, ჯერ ისევ დოლარში და ევროში იყიდეთო. ევროკავშირი ამას რომ დათანხმებოდა, მაშინ ევროკავშირის სანქციებიც უქმდებოდა და ახლა, პუტინის ამ ანკესს არ წამოეგებოდნენ. ახლა ნახე რა გამოდის. რუსეთი ევროპისგან გაზის საფასურს თვეში 10 მილიარდ ევროს ღებულობს, თვეში 5 მილიარდ ევროს ბენზინში, 500 000 ევროს თვეში ქვანახშირში. ევროპა ამხელა ფულს აძლევს რუსეთს და რუსეთი ამ ფულის უდიდეს ნაწილს ახმარს ომს. ასევე, ევროპა ეხმარება ფულით და იარაღით უკრაინას. გამოდის, ევროპა აფინანსებს – რუსეთსაც და უკრაინასაც. ანეკდოტური სიტუაციაა. თუმცა, დღეს სხვა გამოსავალი არ არის. თუმცა, ახალი წლიდან შეიცვლება ვითარება. ევროკომისარმა, ურსულა ფონ დენ ლაიენმა განაცხადა, რომ ახალი წლიდან 2/3–ით შემცირდება ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზიო. ეს თუ გაკეთდა, მაშინ ყოველთვიურად მოიკლებს რუსეთის შემოსავლები ევროპიდან. თუ ამერიკამ ის 15 მილიარდი კუბური მეტრი ფიქალის გაზი მოაწოდა ევროპას, მაშინ ესეც დიდი საქმე იქნება. აქვე სერიოზული ლაპარაკია ირანისთვის სანქციების ახსნაზე. ამასობაში, ყატართან ლაგდება ურთიერთობა და ყატარიც მოაწვდის გაზს ევროპას. „გაზპრომის“ 7 კონტრაქტს ევროპის 7 ქვეყანასთან 1 აპრილს გაუვიდა ვადა და ეს კონტრაქტები აღარ დაიდება. პერსპექტივაში ცუდად არის რუსეთის საქმე. სანქციები და ეს დარტყმა გაზის შემოსავალზე, დიდ პრობლემებს შეუქმნის პუტინს.
კომენტარები