ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საწვავის ფასის ზრდაზე პასუხისმგებლობის იმპორტიორებზე დაკისრება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
“ეს არის ღარიბაშვილისა და ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან უტიფარი მცდელობა, რომ მოქალაქეების ნაწილი მაინც შეცდომაში შეიყვანონ და პასუხისმგებლობა ამ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის, საწვავის ფასების ზრდაზე აკიდონ კერძო შემომტანებს, კერძო დისტრიბუტორებს. მაშინ, როცა რეალობა არის ის, რომ საწვავის ფასებს განაპირობებს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ფასები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების ან ნებისმიერი ხელისუფლების კონტროლს მიღმაა, მეორე – ხელისუფლების პოლიტიკა. კერძოდ, ამ პოლიტიკის შედეგები ლარის კურსის სახით და აქციზის ზრდა. ეს ორივე ფაქტორი არის ივანიშვილის რეჟიმს “მოღვაწეობის” შედეგი. აქციზი მათ გაზარდეს და ლარის კურსის ასეთი დრამატული ვარდნა მათი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია პირდაპირ”. – თქვა ბოკერიამ.
ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, რომ არა ქართული ოცნების მიერ საწვავზე აქციზის გადასახადის გაზრდა და მათი ხელისუფლების პერიოდში ლარის კურსის ვარდნა, საწვავის ფასი იმაზე ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ათი წლის წინ იყო.
“რომ არა ეს ორი ფაქტორი, ვგულისხმობ ლარის კურსის ვარდნას ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და აქციზის გაზრდას, შემცირებაზე არც კი ვსაუბრობ ამ წამს, დღევანდელი საერთაშორისო ფასებით საწვავის ფასი დღეს იქნებოდა უფრო ნაკლები, ვიდრე ეს იყო ათი წლის წინ. ასე რომ, უტიფრად ატყუებენ ჩვენს მოქალაქეებს. იმედი მაქვს, რომ არავინ არ მოტყუვდება და არავინ არ წამოეგება ანკესზე, რომ კერძო ბიზნესს დააკისროს პასუხისმგებლობა და იქ გამართონ პროტესტი, როცა პრობლემის თავი და ბოლო არის ჩვენს ხელისუფლებაში”.
კომენტარები