თამო კეშელავა, ალია
„ალიას“ წინა ნომერში, ჩვენ მოგიყევით, საქართველოს თავდაცვის სტრატეგიაზე, გიამბეთ, რომ მთავარი რისკები, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით გვაქვს:
- რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტები
- რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის რისკი
ყველა დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სამხედრო აგრესიის რისკი რუსეთის მხრიდან მაღალია, დოკუმენტის მიხედვით, ჩვენი თავდაცვის სტრატეგიაა „ტოტალური თავდაცვა.“
როგორც წინა მასალაშივე დაგპირდით, დღეს მოგიყვებით, რა გვიწერია ეროვნულ სამხედრო სტრატეგიებში, რომელთა მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს, ერთი, 2005 წელს შედგენილი და მეორე – 2014 წელს შედგენილი. ოფიციალური მონაცემით, მთავრობას დავალებული ჰქონდა ეროვნული სამხედრო სტრატეგიის ახალ გეგმაზე მუშაობა, მაგრამ, როგორც ჩანს, როცა საქმე სამხედრო საქმეს, ეროვნულ თავდაცვას ეხება – დიდადაც არსად გვეჩქარება.
შევადაროთ არსებული ორი დოკუმენტი. 2005 წლის ეროვნული სამხედრო სტრატეგიის მიხედვით ეროვნული სამხედრო მიზნებია: თავდაცვა; შეკავება და პრევენცია; მზადყოფნა; საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობა.
2005 წლის ეროვნული სამხედრო სტრატეგიის მიხედვით, აუცილებლად შესასრულებელი ამოცანაა კვალიფიციური კადრების მომზადება, შეიარაღების განახლება, სადაზვერვო მონაცემის დახვეწა, შეიარაღებული მარაგების შექმნა და ნატო-სთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება. დოკუმენტის მიხედვით, შეიარაღებული ძალები სამი კუთხით უნდა განვითარებულიყო – წვრთნა, თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და მართვის ეფექტური სისტემა.
მთავარ საფრთხედ დასახელებულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული ძალები და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები. „რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის იარსებებენ ძალები, რომლებიც აქტიურ დახმარებას აღმოუჩენენ სეპარატისტულ რეჟიმებს და ამისათვის რუსული სამხედრო ბაზების გამოყენებასაც შეეცდებიან.“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.
2005 წლის დოკუმენტში არაერთხელაა ხაზგასმული, რომ მოქალაქეების ჩართულობაც აუცილებელია, თუმცა, იქვე განმარტებულია, რომ ისინი არ უნდა იყვნენ ჩართულნი საბრძოლო, სამხედრო დაპირისპირებაში, მათი როლი, მარტივად რომ ავხსნათ, ზურგიდან დახმარებაა, თუნდაც ინფორმაციული, ჰუმანიტარული კუთხით.
დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების (სშძ) დანიშნულებაა დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულება. ქვეყნის თავდაცვის პირველი პრინციპი კი პირდაპირი აგრესიის თავიდან აცილება და მისგან დაცვაა. მეტიც, 2005 წლის დოკუმენტის მიხედვით, სამხედრო დაპირისპირების დროს, უკან დახევის შესაძლებლობა არ არსებობს – „საქართველოს ტერიტორიის სიმცირის, შეზღუდული ოპერატიული სივრცისა და გაფანტულად მდებარე სტრატეგიული ადგილების გამო უკან დახევის შესაძლებლობა არ არსებობს. შეზღუდული რესურსების გამო შეიარაღებულ ძალებს გაუჭირდებათ დაკარგული და მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ტერიტორიის დაბრუნება.“ – ვკითხულობთ დოკუმენტში. იგივე დოკუმენტის მიხედვით, „ქვეყნის დაცვა ხორციელდება მოწინააღმდეგის რაოდენობისა და სიძლიერის მიუხედავად სამხედრო და სხვა ოპერაციების მეშვეობით.“ – დაახლოებით მსგავსი შინაარსის ტექსტი გვხვდება დღევანდელ დოკუმენტებშიც, მაგალითად, კიდევ ერთ ოფიციალურ სამხედრო დოკუმენტში, თეთრი წიგნი 2017–2020 წერია – „საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა პასუხი უნდა გასცეს ნებისმიერ პირდაპირ საფრთხეს“.
2005 წლის დოკუმენტში, განსხვავებით სხვა დოკუმენტებისგან, მეტი კონკრეტიკაა, ფაქტიურად, სამოქმედო გეგმაა გაწერილი – დოკუმენტის მიხედვით, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება წინააღმდგეობის მართვის ჰორიზონტალურობა – დეცენტრალიზაცია – ანუ, ცალკეულმა ქვედანაყოფებმა იმოქმედონ ერთიანი გეგმით, მაგრამ შეეძლოთ, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეასრულონ მოქმედებები. დოკუმენტის მიხედვით, სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, მთავარი პრიორიტეტი ქართველი ჯარისკაცების დაცვაა და ქართველ ჯარისკაცს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს სიცოცხლის დასაცავად საჭირო ყველა საჭირო აღჭურვილობა, გარდა ამისა, თუ მოწინააღმდეგე ძლიერია და თავდასხმა ფართომასშტაბიანი, შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა, იმოქმედონ ასიმეტრიული, პარტიზანული ბრძოლებით – ამით მოახერხებენ შეინარჩუნონ ბრძოლისუნარიანობა და მიაყენებენ ზიანს მოწინააღმდეგეს.
2005 წლის დოკუმენტის მიხედვითაც – „შეკავება“ (მას დოკუმენტშივე დაშინებასაც უწოდებენ) ერთ–ერთი მთავარი სტრატეგიაა ქვეყანაზე თავდასხმის არიდების და შეკავება, დოკუმენტის მიხედვით, არ არის მხოლოდ სამხედრო საქმე, არამედ პოლიტიკური და დიპლომატიური – სამხედრო, პოლიტიკური, თუ დიპლომატიური არხის გამოყენებით, უნდა დაინახოს მოწინააღმდეგემ, რომ საქართველოსთან დაპირისპირება მას დიდ დანაკარგებს მოუტანს. გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ, მოწინააღმდეგემ ყველა მხრიდან უნდა გაიგოს, რომ შენ გყავს აღჭურვილი ჯარი, გაქვს თანამედროვე ტექნიკა და იმ შემთხვევაშიც კი, რომც შეძლოს შენ დამარცხება, მისი ფიზიკური, თუ ტექნიკური დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ მას არ უნდა უღირდეს შენზე სამხედრო თავდასხმა.
2005 წლის დოკუმენტის მიხედვით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს დაზვერვას და აუცილებელია თანამედროვე სადაზვერვო სისტემების შეძენა.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ძალების, საჰაერო ძალების, საზღვაო ძალებისა და ეროვნული გვარდიისაგან. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ძალების მთავარ ბირთვის სახმელეთო ძალებს წარმოადგენენ, არანაკლები ფუნქცია აქვს საჰაერო თავდაცვას, რომელმაც უნდა დააზღვიოს ჯარი, სასაზღვრო ზოლი, პორტები. საქართველოს საზღვაო ძალებს კი უნდა გააჩნდეს საქართველოს წყლების, პორტების და სანაპირო ხაზის დაცვისთვის საკმარისი შესაძლებლობები. საქართველოს ეროვნული გვარდია კი დამატებით პასუხისმგებელია დაეხმაროს სამოქალაქო ძალებს საგანგებო ვითარების (აფეთქებებისას გაჩენილი ხანძრები მაგალითად) დროს და დაგეგმოს და უხელმძღვანელოს რეზერვისტების მობილიზაციას.
დოკუმენტის მიხედვით, ქვედანაყოფების წვრთნები უნდა იყოს რეალისტური და მკაცრი.
ეროვნული სამხედრო სტრატეგია 2014 – მას მედიამ ჯერ კიდევ 2014 წელს უწოდა არაკონფრონტაციული.
მინდა აქვე გითხრათ, რომ 2005 წლის სამხედრო სტრატეგიის მიხედვით, ღია სამხედრო დაპირისპირების ალბათობა იმ დროისათვის დაბალი იყო, 2014 წლის და ყველა მომდევნო წლებში მიღებული თავდაცვის ოფიციალური დოკუმენტაციების მიხედვით, რუსეთის მხრიდან სამხედრო დაპირისპირების ალბათობა მაღალია, თუმცა, ეს არ გვიშლის ხელს, ვიყოთ ეკონომიურები თავდაცვის რესურსებში,
2014 წლის დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მთავარი საფრთხე ოკუპაცია. თავდაცვის მიზნების პირველი მუხლები კი ასე გამოიყურება:
„დემოკრატიული კონტროლი – შეირაღებული ძალების განვითარება და გამოყენება;
არაკონფრონტაციულობა – საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა ატარებს არაკონფრონტაციულ ხასიათს და უპირატესობას ანიჭებს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებას. საქართველო ახორციელებს კეთილმეზობლურ პოლიტიკას და არ განიხილავს საკუთარ შეიარაღებულ ძალებს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად.
თავდაცვის რესურსების ეკონომიურობა – თავდაცვის დაგეგმვა და მართვა ხორციელდება შეზღუდული მატერიალური რესურსების გათვალისწინებით.
ამ სამხედრო მიზნების მისაღწევად, 2014 წლის დოკუმენტის მიხედვით, უნდა გავაუმჯობესოთ თავდაცვითი შესაძლებლობები – როგორ უნდა გავაკეთოთ ეს თავდაცვის რესურსების ეკონომიურობით, ამაზე დოკუმენტში არაფერია ნათქვამი. 2014 წლის დოკუმენტს 2005 წლის დოკუმენტისგან განასხვავებს ისიც, რომ თუ იქ პირველ ადგილზე იყო თავდაცვა და მეორე ადგილზე – შეკავება (ე.წ. დაშინება), აქ, უკვე შეკავება პირველ ადგილზეა – და იგი ასეა განმარტებული: „ეფექტიანი შეკავება აიძულებს მოწინააღმდეგეს, უარი თქვას შეიარაღებულ თავდასხმაზე, სამხედრო ოპერაციის წარუმატებლობის ან შეუსაბამო დანაკარგების გამო.“
გარდა ამისა, 2014 წლის დოკუმენტში ვკითხულობთ: „რეზერვის ეფექტური სისტემა, შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი კომპონენტი იქნება იმის დემონსტრირება, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს საქართველოზე თავდასხმა მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით გაცილებით მეტ ზიანს მიაყენებს.“
გამოდის, რეზერვის გამოყენებაც შეკავების (ე.წ. დაშინების) – სტრატეგიაა. სხვათა შორის, აქვე გეტყვით იმასაც, რომ სამთავრობო არხები კითხვიდან „აბა, ომი გინდა?“, გადავიდნენ იმის მტკიცებაზე, რომ ომი რეალისტურია და მის ფონზე, რომ ცალკე პენტაგონი გვაფრთხილებს, ცალკე ევროპა და უკრაინა, ომი სულაც არ არის არა რაციონალური (მაგალითად, მეცნიერ, გია დვალს, არაერთხელ გაუმეორეს ეს ერთ–ერთი ინტერვიუს დროს ჟურნალისტებმა), ბარემ, იმასაც შეგახსენებთ, რომ ყველა თანამედროვე დოკუმენტის მიხედვით, იქნება ეს თავდაცვის მინისტრის ხედვა 2030, თუ თავდაცვის სტრატეგიული კონცეფცია 2021 წლის და ა.შ,. ყველა დოკუმენტში წერია, რომ საქართველო ელის სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს რუსეთთან, მაშ, რატომ არ ხდება იმის აფიშირება, რომ გვყავს რეზერვი? გვყავს, კი? და რამდენი გვყავს? რამდენი რეზერვის გამოყვანა შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში, ოღონდ, სრულად აღჭურვილი რეზერვის? და რატომ არ ვაცხადებთ ამ ინფორმაციას? თუ, მტერს მაშინ ეშინია, როცა ვეუბნებით, 2 საათში შეგიძლია ჩემი დაპყრობაო?
2014 წლის დოკუმენტის მიხედვით, ჩვენი მთავარი სამხედრო პარტნიორია აშშ და უმნიშვნელოვანესია ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება. დაზვერვის როლზე აქაც გვხვდება ჩანაწერი, თუმცა, არ არის დაკონკრეტებული უკვე შეისყიდა დაზვრევისთვის თანამედროვე ტექნიკა ქვეყანამ, თუ არა, უნდა შეიძინოს, თუ არა? თუ აღარ?
2014 წლის დოკუმენტის მიხედვითაც, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შეიარაღებას, წვრთნას, საბრძოლო ტექნიკის შესყიდვას, ასევე უნდა გაუმჯობესდეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული დაცვის საშუალებები და თანამედროვე საჰაერო თავდაცვამ და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებმა კი უნდა გაანადგურონ მოწინააღმდეგე, მაგრამ არც ის წერია არსად, როდის გაუმჯობესდება ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის საშუალებები, ან, გვაქვს თუ არა საერთოდ საჰაერო თავდაცვის სისტემები.
რაც შეეხება ავიაციას, აქ კიდევ უფრო გაურკვეველია სიტუაცია, გვაქვს თავდაცვის მინისტრის, 2016 წლის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას ვავალებთ შეიარაღებული სახმელეთო ქვედანაყოფების საფრენი აპარატებით საცეცხლე მხარდაჭერას, რეიდის მოწყობა, მოწინააღმდეგის მფრინავი საფრენი აპარატების განადგურებას, მოწინააღმდეგის ცეცხლის ჩახშობას და ნეიტრალიზაციას, საჰაერო სივრცის თვალთვალის, მოწინააღმდეგის საფრენი აპარატების აღმოჩენას და განადგურებას, ჯარის ლოგისტიკურ უზრუნველყოფას. დაჭრილების ევაკუაციას, საავიაციო ტექნიკის საბრძოლო მზადყოფნის კონტროლს და ა.შ.
მოკლედ, 2016 წელს ისეთი ბრძანება გაუწერა მმართველმა გუნდმა ავიაციის სარდლობას, რომ ვკითხულობდი, სიამაყით ვივსებოდი, თავი მეგონა პენტაგონში, და უცებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების სისტემების შესყიდვების 2019–2025 წლების სტრატეგიაში, ვკითხულობ:
„უახლოეს მომავალში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-საჰაერო შესაძლებლობები შეზღუდული იქნება, მას გააჩნია სამხედრო მოსამსახურეების გადაადგილების, ტვირთის გადაზიდვის, დაჭრილების სამედიცინო ევაკუაციის და საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა. შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების შერჩევითი განახლება საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი პრიორიტეტია. სამომავლოდ გონივრული იქნება შვეულმფრენების ,,ჰაერი-ხმელეთი“ ტიპის რაკეტებით აღჭურვა.“ – გონივრული იქნებაო, კაცო, გონივრულიო. გონივრულია კი არა, ფანტასტიკის სფეროა 2016 წლის ბრძანება ამასთან. თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთ დოკუმენტში ვკითხულობთ – „2020 წელს, დაიწყო და გრძელდება საავიაციო პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი.“ ანუ, 2016 წელს რომ ავიაციის სარდლობას ბრძანება მიეცით, ყოვლისშემძლე უნდა იყოო, მერე 2019 წელს რომ დაწერეთ, უნდა განვავითაროთო, 2020 წელს ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი საავიაციო პარკი? და 2 წლის მერე რა ხდება? რატომ გვაქვს ამდენი წლის მერეც კი ასეთი შეზღუდული შესაძლებლობები და თუ ასეთი შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს, როგორ უნდა შეასრულოს 2016 წლის ბრძანება ავიაციის სარდლობამ? ავიაციის სამხედრო ბაზა თითქმის გააუქმეთ, საჰაერო თავდაცვას გავაუმჯობესებთო, ცას ჩავკეტავთ, არ გვინდა ავიაციის ბაზა სამხედრო მიზნებისთვისო – მერე გვინდაო, მერე გვინდა, მარა შეზღუდულიაო, მერე, გვინდა, შეზღუდულია და აღვადგენთო და წელს გვეუბნებით – რუსის ჯარი ორ საათში დაგვიპყრობსო. ხოდა, გვაქვს საჰაერო თავდაცავის საშუალებები? შეგვიძლია ცის ჩაკეტავ? თუ არ შეგვიძლია? თუ ქაღალდზე შეგვიძლია, როგორც ავიაციის სარდლობას ვუბრძანეთ ათასი რამ 2016 წელს და ისე არა? და პარტნიორმა ქვეყნებმა როგორ იციან? ნაყიდი გვაქვს უკვე, თუ ჯერ არა? პარტნიორი ქვეყნები იმ დახარჯულ მილიონებს რომ ნახულობენ, არ გეკითხებიან, აქედან რამდენი მილიონი გადაიხადეთ, ძმებო, საჰაერო დაცვაშიო?
2 საათში კი აგვიღებენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის ასევე ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, უკვე გაწვრთნილია 7 სამანევრო ბატალიონი. მომავალში კიდევ 2 ბატალიონი გაიწვრთნება და აღიჭურვება.
2 საათში კი აგვიღებენ, მაგრამ, 2020 წლის ოფიციალური ინფორმაციით, პირველად, ქართული ჯარის ისტორიაში საქართველოში წარმოებული 40-მდე სამხედრო მანქანა გადაეცა ქართულ ჯარს. გარდა ამისა, მიმდინარეობდა დელტას მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტიც. ექსპორტი გადის, ოღონდ არ ვიცით სად გადის, არ ვიცით სად გადის და უკრაინაში რომ არ გადის, ვიცით, მეტიც, იმასაც უყვებიან „ალიას“, რომ ჯავშანჟილეტების მიყიდვა ითხოვა უკრაინამ, მაგაზეც უარი შევათვლევინეთ დელტას. ან, თუ მხოლოდ 40 მანქანა გადაეცა ქართულ ჯარს, მეტი არ სჭირდება, თუ ჯერ რა დროს ექსპორტი იყო?
2 საათში კი აგვიღებენ მაგრამ, ასევე ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ფრანგული კონტრაქტის ფარგლებში, თავდაცვის ძალებში განთავსდა ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, ასევე, ატლას-ის საცეცხლე გამშვები მანქანა და მისტრალ 3-ის ტიპის რაკეტა. აქტიურად ხორციელდებოდა ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზის შესრულება.
2 საათში კი აგვიღებენ მაგრამ, ასევე ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, (2020 წელი) ქართული ქვედანაყოფები აღიჭურვა ამერიკული წარმოების ემ-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით. შესყიდულ იქნა 500-მდე ერთეული სპეც. ტექნიკა: გერმანული წარმოების მანი, იტალიური ივეკო, ასევე, ამერიკული კომპანია ფორდის მიერ წარმოებული მანქანები და სპეციალური ტექნიკა.
2 საათში კი აგვიღებენ მაგრამ, ასევე ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ასობით მილიონს ვხარჯავთ სამხედრო იარაღის შესყიდვაში და ბაირაქთარი კი არა, ქართული უპილოტო თვითმფრინავების საქმე როგორაა? ექსპორტი დავიწყეთ უკვე?
მოკლედ, როგორც ხედავთ, უამრავი დოკუმენტაცია არსებობს თავდაცვის სტრატეგიის კუთხით, ზოგში რა წერია, ზოგში რა, ზოგი სულაც ერთმანეთს გამორიცხავს – მაგრამ მაინც აქვთ მათ ერთი საერთო – დაპირება, იქნება, იქნება, იქნება, 2014 წელი – საჭიროა, 2020 წელი – ვიყიდით, 2021 წელი – ნაწილი ვიყიდეთ და უცებ, 2022 წელი – არაფერიც არ გვაქვს, 2 საათში დაგვიპყრობენ.
კიდევ ერთი საერთო აქვს ამ დოკუმენტებს, ყველა დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი საქართველოსთვის ნომერ პირველ მტრადაა აღიარებული.
წინა მასალაში, არაერთი ამონარიდი შემოგთავაზეთ სხვა ოფიციალური დოკუმენტებიდან, ამჯერად მოვიშველიებ, შეიარაღების სისტემების შესყიდვების სტრატეგიაში (2019–2025 წ.წ.) წერია, „2008 წლის რუსეთის ფედერაციის აგრესიამ, 2014 წლის ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის პროვოკაციულმა ქმედებებმა მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთი მზად არის უგულებელყოს საერთაშორისო ნორმები და მხარი დაუჭიროს „სეპარატისტულ რეჟიმებს“. სირიაში რუსეთის ინტერვენციამ ასევე გამოაჩინა რუსეთის მზადყოფნა აქტიურად ჩაერთოს რეგიონულ საკითხებში, იგი მზადაა გამოიყენოს სამხედრო შესაძლებლობები პოლიტიკური მიზნების აგრესიის გზით მისაღწევად.“
თავდაცვის მინისტრის ხედვაში კი ვკითხულობთ, „მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ „ჰიბრიდული“ საშუალებების გამოყენების სიხშირის ზრდის მიუხედავად, არ გაქრება კონვენციური სამხედრო დაპირისპირების საფრთხე… საქართველოს თავდაცვის ძალები მზად უნდა იყოს სხვადასხვა მასშტაბისა და ინტენსივობის სამხედრო აგრესიაზე საპასუხოდ.“
ესე იგი, ყველა ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ველით ომს, დოკუმენტის მიხედვით, იარაღს ვყიდულობთ, ან ფული გვაქვს გამოყოფილი საყიდლად, დოკუმენტების მიხედვით უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეზერვს, სამოქალაქო თავდაცვას – დოკუმენტების მიხედვით, ჩვენი ჯარი ვალდებულია ნებისმიერი ტიპის მტერს შეებრძოლოს. ანუ, ომს ველით და ჯარი ვალდებულია ებრძოლოს მტერს. იგივე დოკუმენტების მიხედვით, ასევე ოფიციალურის, მთავრობას აქვს სტრატეგია მტრის შეკავების (დაშინების), რომელის მიხედვითაც ისე უნდა ჰყავდეს ჯარი აღჭურვილი, ისეთი რეზერვი უნდა აჩვენოს მტერს, რომ მას არ მოუნდეს ჩვენთან ომი. ამის ნაცვლად, ვეუბნებით, 2 საათში მოგვერევიო, ანუ, იგივე, სამთავრობო დოკუმენტაციის მიხედვით, მტერს ვუბიძგებთ ჩვენთან ომისკენ და თან ვიცით, რომ ქართველი ჯარისკაცები ვალდებულნი იქნებიან ეომონ. უკაცრავად, პრემიერო, თქვენ მოკალით ძერა? თქვენ გინდათ ომი? თქვენც ხომ დაწერეთ ოდესღაც თავდაცვის მინისტრის ხედვა? ოდესღაც რა, 2 წლის წინ, 2020 წელს, სადაც წერდით:
„ხელისუფლების უმთავრესი პასუხისმგებლობაა ჩვენი თავისუფლების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის დონე და მზაობა ყველა მაჩვენებლით მაღალია, არასოდეს გვავიწყდება, რომ ჩვენი ქვეყნის 20% კვლავ ოკუპირებულია, შესაბამისად, არ ვიშურებთ ძალისხმევას მზადყოფნის დონის გასაუმჯობესებლად.
თავდაცვის სამინისტრო ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ერთგული რჩება.“
2020 წელს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის დონე ყვეეელა მაჩვენებლით იყო მაღალი და 2022 წელს, პრემიერო? შემცირდა, თუ გაიზარდა? 2020 წელს გვატყუებდით, თუ ახლა გვატყუებთ? სხვათა შორის, იმ „შეკავების სტრატეგიაზე“ (დაშინების), თქვენც წერდით, ანუ, იცით, რომ მტერს თუ ეტყვი, 2 საათში შეგიძლია დამიპყრო, ყველა სამხედრო გათვლით, (თქვენივე დოკუმენტებიდან) ამან შეიძლება საომარი სიტუაცია გამოიწვიოს, ხოდა, კიდევ ერთხელ გეკითხებით, ომი უნდა თქვენ მთავრობას, პრემიერო? რამდენმა ადამიანმა იცის დღეს საქართველოში, რომ ქვეყნის პრემიერმა ომის შემაკავებელი სტრატეგია გააუქმა? რომ პრემიერმა და მისმა გუნდმა, ქვეყანა ომის შემაკავებელი სტრატეგია თავად დაამტკიცა, ხელი მოაწერა, დოკუმენტიც უდევს და თავად კი, სიტყვიერად მის საპირისპიროს აკეთებს და აუქმებს? ეს ერთი ფარი გიწერიათ სულ თავდაცვის სტრატეგიის კონცეფციაშია და ამ ფარის გარეშე დატოვეთ ქვეყანა და ჯარი? კი, ოფიციალურად, კიდევ წერია ერთი ფარი, ეს არის უსაფრთხოების საკითხში სამი სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინა, აშშ და თურქეთი და აქედან მინიმუმ ერთს გაებუტეთ, ოღონდ სანამ გაებუტებით, ჯავშანჟილეტებზეც კი უარი უთხარით, არა? მეორეს – თურქეთს, არ სთხოვთ ბაირაქთარს და თავად ხომ არ ჩაგიდებთ? ამერიკის წინააღმდეგ სპეციალური ე.წ. პარტიებია ქვეყანაში შექმნილი და გრჩებოდათ ის ერთი ფარი და ისიც მოხსენით და ომის საფრთხის ქვეშ დატოვეთ ქვეყანა? ამიტომ იმეორებენ ახლა სამთავრობო არხები ომი რეალისტურიაო? ომი რეალისტურია, მაგრამ 2 საათში წავაგებთო და რის გაკეთებას აპირებთ იმ 2 საათში პრემიერო? თუ ტექნიკა ნაყიდია, როგორც ამბობდით, ჯარი მომზადებული, რის გაკეთებას გეგმავთ იმ 2 საათში რომ წავაგოთ?
სხვათა შორის, თქვენ კი წერთ, ერთგული ვარ ტოტალური თავდაცვის კონცეფციისო, მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს, მაგ ტოტალური თავდაცვის პირველი ნაწილია – შეკავება (შეშინება). გარდა ამისა, კი იძახით, ერთგული ვარო, მაგრამ ეროვნული სამხედრო სტრატეგია იმდენი წელია არ განახლებული, იქ ნახსენებიც კი არ არის ეს ტოტალური თავდაცვა. საერთოდ იქ, არც არაფერია ნახსენები, არც უკანდახევა როგორ უნდა მოხდეს, თუ მოხდა, ან, როგორ სჯობს სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა, იძახით, მოქნილადო, გავიგეთ, ბატონო, მაგრამ მოქნილად ბევრი რამის კეთება შეიძლება, აგერ, ა, მოუქნელად იწყებთ ომს და ქვეყანაში რამდენმა ადამიანმა იცის ამაზე? განსხვავებით 2014 წლის სამხედრო სტრატეგიისაა, ეს ყველაფერი კარგადაა განმარტებული 2005 წლის სტრატეგიაში და მეტი, ძველ ვარიანტში, ისიც განმარტებულია, რას ვაკეთებთ, თუ დიდია მოწინააღმდეგის ძალა, როგორ ვუფრთხილდებით ჯარისკაცთა სიცოცხლეს. ხაზგასმით წერია, რომ არანაირი გაფრთხილება სამხედრო აღჭურვილობას, მხოლოდ სამხედრო ცოცხალ ძალას ვუფრთხილდებით და 2014 წლის დოკუმენტში კი, არაფერი წერია ჯარისკაცების სიცოცხლეზე და სამაგიეროდ, თავდაცვის საშუალებებს ვიყენებთ ეკონომიურადო, წერთ.
ახლა მაინც დაეგეგმათ ახალი ეროვნული სამხედრო გეგმა. 2014 წელს მათ მიღებაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ, ახლა ზოგი მათგანი ისევ არასამთავრობო ორგანიზაციაშია, ზოგი პარლამენტში, ზოგი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომისიაში, ხოდა, რატომ სხედან ჩუმად? რას შვრება ასეთს ეს პარლამენტი, რა სიო ქრის მანდ ასეთი?
და ბოლოს კიდევ ერთი საკითხი – დიდი გამოხმაურება მოჰყვა უკრაინელი მაღალჩინოსნების განმარტებას, რა მიზეზით ვერ მოახდინეს 24 საათში ხალხის ევაკუაცია. უკრაინა განმარტავდა, რომ გზები გადაიჭედებოდა, მსხვერპლიც მეტი იქნებოდა და ვერც ჯარის გადასროლას მოახერხებდა, იქნებოდა სრული ქაოსი, შესაბამისად, სამხედრო კუთხითაც მეტ დანაკარგს ნახავდა და მშვიდობიანი მოსახლეობის კუთხითაც. თუმცა, ქართველ ექსპერტთა ნაწილი გაიძახის, უნდა გამოეცხადებია მაინც ევაკუაციაო. უკრაინის ინფორმაციით, მას 24 საათით ადრე მიაწოდეს სავარაუდო თავდასხმაზე ინფორმაცია და როგორც „ალიას“ სამხედრო პირი გვიყვება, ეს ინფორმაცია მათ თავად რუსეთიდან მიაწოდეს, რადგან სწორედ იმის იმედი ჰქონდათ, რომ ევაკუაციას დაიწყებდნენ, გადაჭედავდნენ გზებს, ვერც თავშესაფრებში მოასწრებდნენ გზაზე გასული ხალხის ჩაყვანას, ვერც სამხედროების მობილიზებას. და თუ უკრაინა არ დაიწყებდა ევაკუაციას, მერე წამოაძახებდა, რომ წინასწარ იცოდა ომის დაწყების თარიღი და არ დაიწყო ევაკუაცია. უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ ცუდსა და უარესს შორის მოუწია გაეკეთებინა არჩევანი და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ყველა სამთავრობო დოკუმენტში რომ ის წერია, რუსეთისგან სამხედრო თავდასხმას ველოდებითო, ჩვენი სამხედრო ევაკუაციის გეგმა როგორია? გვაქვს საერთოდ? რა ტრანსპორტით უნდა გადავიყვანოთ ხალხი და რაც მთავარია სად გადაგვყავს? გვაქვს თავშესაფრები? არავინ თქვას, აგერ, ჩვენც გვაქვს მეტროო – ჩვენი მეტროები სავსეა აალებადი მასალებით და მას არაერთი დღე დასჭირდება სანამ თავშესაფრად გამოსადეგი გახდება. არც ერთი სამთავრობო უწყების გვერდზე არ იძებნება ევაკუაციის გეგმა საომარ სიტუაციაში.
გვაქვს სამოქალაქო უსაფრთხოების გეგმა, სადაც ვკითხულობ, რომ გამოიყენება ყველა ტიპის საგანგებო მდგომარეობის დროს, გარდა საომარისა, თუმცა, შესაძლებელი იქნებოდა, მისი გამოყენებაც, ალბათ, კარგად რომ იყოს დამუშავებული. თუმცა, ამ ევაკუაციის გეგმის მიხედვითაც, არ არის გაწერილი რამდენი თავშესაფარი გვაქვს, რამდენ ადამიანს იტევს. დოკუმენტში პირდაპირ წერია, თუ რამე და ხალხი ვერ გადავიყვანეთ თავშესაფრებში, კარვებს დავცემთო. ვკითხულობთ იმასაც, რომ როცა დაგვჭირდება ევაკუაცია, მერე შევარჩევთ ტერიტორიასო, თავშესაფრების გამოყოფასო და ასევე გამოვიყენებთ საგანგებო სიტუაციების ზონაში არსებულ იმ თავშესაფრებს, რომლებიც არ არის დაზიანებულიო… რატომ გვაქვს დაზიანებული თავშესაფრები და რატომ არ ხდება მათი აღდგენა – როგორც უკვე მიხვდებოდით, ამაზე სიტყვაც არ წერია.
რაც შეეხება კოორდინაციას, კავშირგაბმულობაზე ეკონომიკის სამინისტროა პასუხისმგებელი, ენერგიის წყაროზე – ენერგეტიკის, ტრანსპორტის მიწოდებას ტრანსპორტის სააგენტო განკარგავს, საზღვაო ტრანსპორტის მიწოდებას – ავიაციის სააგენტო, საერთაშორისო ჰუმანიტარული მხარდაჭერა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალება, ქიმიური და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარემოსა და დაცვის სამინისტროს, სურსათითა და წყლით უზრუნველყოფა – სოფლის მეურნეობის სამინისტროს… ხოდა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, პრემიერი გადააბრალებს უსაფრთხოების საბჭოს, უსაფრთხოების საბჭო, სპეციალურად შექმნილ კომისიას, კომისია რომელიმე მინისტრს და ივლიან წრეზე, არ უვლიათ ჯერ, თუ არა? თავის დროზე გიორგი გახარიამ 20 ივნისზე აიღო პასუხისმგებლობა და… დაწინაურდა პრემიერობამდე, პასუხიმსგებლობა აიღო და არაფერი, პასუხისმგებლობა აიღო და დღემდე არ ამბობს ვინ გასცა მოქალაქეებისთვის დარბევის და დევნის ბრძანება.
კომენტარები