ჟურნალისტი, თამო კეშელავა:
“ოცნებამ თქვა, თუ ჭკვიანად არ იქნებით, ხელისუფლებაში მართლა მოვალთ და მერე ნახეთო…
პუტინმა თქვა, თუ ჭკვიანად არ იქნება უკრაინა, ომს დავუწყებო.
ასეა, წაბაძულობით ვაცი დამაკდაო…
ჰაი გიდი, ცხრა ნაბადზე რომ ვხტებოდიო – კადიროვმა.
წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი დარჩაო – დაუჩივლი სამხედრო გემ “მოსკოვს”
წყალი პირველად პატარასაო – ამოუკნავლია იმ ორ სამხედრო გემს, რომლებიც მანამდე ეზიარნენ ზღვის ფსკერს.
დვორნიკოვი სირიაში არ ვარგოდა და უკრაინაში გარბოდაო…
ცვილი რკინად არ გამოდნების – უთქვამთ უკრაინელ ტრაქტორისტებს და რუსულ ტანკებს აღარ შლიან ნაწილებადო.
ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო – უთქვამს პუტინს სოციალური ქსელების გათიშვამდე.
ყრუს და ბრმას ცოლი მოუკვდა – როგორ გავაგებინოთო – გვერდს რომ აღარ მოუწვება – მაშინ ხომ გაიგებსო – უთქვამს პესკოვს.
ღარიბი ქალი და კაცი დღეში ცხრაჯერ მოკვდებაო – უპასუხა ხალხმა პოლიტიკოსებს, რომლებიც ხშირად კითხულობენ, ხალხო, სად ხაააართ?
ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა – ლაშქარი – შევახსენე მე პუტინისტებს.
ქვა თავის ადგილზე მძიმეა, რო დაიძვრის – გამსუბუქდება – უთქვამს რუს ტანკისტს, რომელიც ომამდე ტანკისტი იყო და ომის დროს – მკვლელი.
ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო – ჩაიქირქილა “ერთმორწმუნე” ძმამ.
ტირილითა და გლოვითა მტერი არ შეშინდებაო – შემოგვძახეს წინაპრებმა.
ტკაცა-ტკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა სჩანს – უთქვამს ეკონომიკას.
საშოვარი კარგია, ნაშოვარი ძვირფასი – არ აგარევინებთო!
საოხრეზე ნაშოვნი სატიალოზე დაიხარჯაო – დაუწუწუნია ოცნების დელეგაციას უკრაინაში წასვლამდე.
სადაც არის დიდი ღომი, იქანაა ჩემი ომი – ომი, თუ ღომიო?
ომში ნაცადი ხმალისა იმედი გქონდეს სახლშიო – გაუფიქრებია თევდორე მღვდელს
ომში რა სჯობიაო, და – რაც ხელში მოგხვდებაო – უთხრა თურქეთმა რუსეთს და უკრაინას ბაირაქთარები მისცა
ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო – დაუგეგმავს რუსულ პროპაგანდას.
მელია სადაც წავა, კუდიც იქ გაჰყვებაო – მარა, ყველა მელიას კუდი როდი მიყვებაო.
მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა – დააბარა აზოვის პოლკმა რუს ჯარისკაცს პუტინთან
ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილით – მარა, ეს ჩვენი დელეგაცია, ხოხვით მაინც წავიდოდესო.
ლაშქრის შეყრა თუ გინდა, ბუკი უნდა დაკრაო – ბუკი და ლაშქარი რად მინდა, მაინც 2 საათში დაგვიპყრობენო, თქვა მინისტრმა და კედლისკენ გადაბრუნდა.
კოკა წყალზე გატყდება, ქურდი ქურდობაში მოკვდება – კიდევ კარგი, ახლა მაინც დაინახა ეს მსოფლიომ.
კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდესო – წაუკითხეს ბიძინას და თავი მოიმძინარა.
კამეჩი წუმპეს წაიქცა, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია – უთხრეს გერმანიას და საფრანგეთს.
კაი კაცს ბევრი ეპატიჟება, ცუდს – არავინო – არაა მთლად მართალი ეგ ანდაზა.
იმედიანი შიმშილიც კარგიაო – გაიფიქრა “იმედის” მაყურებელმა
იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო. – სულ ტყუილად არ დაიჯერეს ხელოვნებმა.
იანვრის ქურდი მარტში გამოჩნდებაო – თქვეს სანქციებმა
თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო – თმა გაისწორა კობახიძემ
თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო – შემოუთვალეს იუნკრებმა ღარიბაშვილს
თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს – ფიქრობს გრეჩიხა.
პუტინმა ლუკაშენკოს უთხრა: – ცოტა იქით მიიძარიო, – საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო
თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო – ფირქობდა დასავლეთი, როცა რუსეთს ჩრდილოეთი ნაკად2–ს უუქმებდა, გაეროდან რიცხავდა, სავაჭრო ხელშეკრულებებს უჩერებდა და ა.შ. და ა.შ.
ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა – გაიფიქრა ეროვნულმა ბანკმა
ვინც ცას ორმოდან უყურებს, ცოტას ხედავსო – ვეტყოდი ნეიტრალიტეტის მომხრეებს.
ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩებაო – უკრაინამ
ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერს – სომხეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა, რაც რუსეთმა ჯარის ნაწილი გაიყვანა
ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითაო – შემოგვძახეს წინაპრებმა.
დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა – მგონი, ალტ–ინფოზეა ნათქვამი
დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო – საწვავის ფასიდან მოპარული თითო ლარი ორ ლარად რატომღა იქცაო?
დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო – გაიფიქრა ბაირაქთარმა
ბრმათა შორის ცალ თვალიო, არს პირველი სარდალიო – უთქვამს პუტინს დვორნიკოვის დანიშვნისას.
ამირან გულში მღეროდა – ყმანო ბანი მითხარიო – უთქვამს კოვიდს.
გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები – ბანდიანსაო – დაუწუწუნია ოცნებას, რადგან გაქცევასაც და დადგომასაც თავისი შნო აქვსო.
გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო – ვაფრთხილებთ, რუსული ბიზნესის დარეგისტრირებაში გართულ მთავრობას.
ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა – ჩამოსძახა ჰიტლერმა პუტინს.
აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე:
ყველაფერი დროს ელის, დრო კი – არაფერსო,
რადგან:
ისე მგელი არ მოკვდება, რომ თხის დასამარხად გახდესო!”
კომენტარები