ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება უფლებადამცველი, ლია მუხაშავრია.
– ქალბატონო ლია, ჰააგის ტრიბუნალმა უკრაინაში პროკურორი და გამომძიებელი გააგზავნა, რასაც მედია უპრეცენდენტო ფაქტს უწოდებს. რატომ არის უპრეცენდენტო?
– უკრაინა არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა, ისევე როგორც რუსეთი. ანუ ჰააგის ტრიბუნალის იურისდიქცია, ასე ვთქვათ, პირდაპირ ასე არ ვრცელდება ამ ქვეყნების ტერიტორიაზე, მაგრამ როგორც ჩანს, შეიქმნება სპეციალური ტრიბუნალი, როგორც შეიქმნა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. იმიტომ, რომ თვალყურს ადევნებს, მისი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე არ უნდა მოხდეს ომის დანაშაულის ჩადენა. ახლა მასმედიამ გაავრცელა ბევრი ინფორმაცია, რომლებიც უდავოს ხდიან, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაცია სჩადის ომის დანაშაულებებს. ამიტომ, უკრაინაში უკვე გააგზავნეს პროკურორი და გამომძიებელი, რაც ძალიან გასაოცარი ამბავია. ასეთი რამეები ხდებოდა ხოლმე აფრიკის ქვეყნების საქმეებზე, როდესაც ადგილზე მიდიოდა ძალიან მძიმე და სისხლისმღვრელი ომები. აქ, ევროპის შუაგულში იგივეს გაკეთება არის იმის ნიშანი, რომ ძალიან ჩქარა დაიწყო გამოძიების პროცესი –მტკიცებულებების მოპოვება, მტკიცებულებების დამაგრება, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს გასამართლება დანაშაულის ჩამდენი პირებისა. ეს მართლაც უპრეცენდენტო ამბავია, რადგან ყოფილი იუგოსლავიის ტრიბუნალი საკმაოდ დაგვიანებით შეიქმნა, მას შემდეგ, რაც იქ დასრულდა საომარი მოქმედებები. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე საუკეთესო საშუალება, რომ ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთის აგრესიას ასეთი სამართლებრივი, ცივილური ფორმით მოუძებნოს პასუხი.
– ჰააგის სასამართლოში როგორ ხდება კონკრეტულ პირებზე დაკავების სანქციების გაცემა?
– ჰააგის სასამართლოს ჰყავს თავისი პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო, რომელთაც აქვს სამართლებრივი დევნის უფლება. დაინტერესებულია მათი დაკავებით, ვისზეც დაკავებაზეც სანქციას გასცემს. იქ, ვისზედაც ორდერია გაცემული, უნდა წარსდგეს ტრიბუნალის წინაშე, პირადად უნდა იყოს წარმოდგენილი მოსამართლეთა წინაშე და პირადად დაიცვას თავი. ამიტომ, როდესაც ხდება ორდერის გამოწერა დაპატიმრებაზე, ეს იმას გულისხმობს, რომ ვინაიდან სასამართლოს აქვს ე.წ. უნივერსალური იურისდიქცია, ნებისმიერ ტერიტორიაზე უნდა მოხდეს მისი გადაწყვეტილების აღსრულება. არა მარტო ინტერპოლის, არამედ ყველა სხვა ძალოვანი უწყებების დახმარებითაც. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან სწრაფად, დროულად იქნეს გამოწერილი დაპატიმრების ორდერი თავად პუტინის მიმართ, რადგან ის არის ომის სულის ჩამდგმელი, ინიციატორი და ომის დამწყები.
– თუ პუტინის მიმართ გასცა დაპატიმრების ორდერი ჰააგის პროკურატურამ, თუ ინტერპოლს გადაეცა მისი ძებნის და დაპატიმრების საქმე, ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინი იზოლაციაში მოექცევა და რუსეთის რამდენიმე მეგობარი ქვეყნის გარდა, ვერსად წავა?
– სად უნდა წავიდეს, ყველგან სანქციებით არის შებოჭილი. ცხადია, ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული იქნება პუტინიც და სხვა სავარაუდო დამნაშავეებიც, ვისზეც შესაძლოა, დაკავების ორდერები მომავალში გასცეს ჰააგის ტრიბუნალმა. თუ პუტინი, თავისი კერძო თვითმფრინავით გადაწყვეტს რომელიმე ქვეყანაში გადაფრენას, მას აეროპორტშივე დააკავებენ. სხვათაშორის, მე ვფიქრობ, რომ თვით რუსეთშიც მოიძებნებიან ადამიანები, მათ შორის, ძალოვან უწყებებში, რომლებიც მოისურვებენ მის მიმართ გამოწერილი დაპატიმრების ორდერის აღსრულებას. ეს შეიძლება მოხდეს მის ახლო გარემოცვაშიც კი. ამ სანქციებმა ძალიან ბევრი გააბოროტა, მისი უახლოესი გარემოცვაც საკმაოდ უკმაყოფილო უნდა იყოს იმით, რაც ხდება დღეს რუსეთში. მე მგონი, არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ყველაფერზე უშუალო პასუხისმგებელი პუტინია.
– საერთაშორისო მედია ლაპარაკობს, რომ შესაძლოა, ნიურბერგის სასამართლო პროცესის მსგავსი მასშტაბური პროცესიც გაიმართოს, რადგან უკრაინაში ძალიან ბევრი ომის, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სხვა დანაშაულის ფაქტები არსებობს და შესაბამისად, დამნაშავენიც ბევრნი არიანო. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ცივილიზებულმა სამყარომ ჯერ მხოლოდ ქალაქ ბუჩაში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ იცის და სხვა ქალაქებში უარესი და უფრო მეტი დანაშაულია ჩადენილი. შესაძლოა, მართლა ვიხილოთ „ნიურბერგი–2“?
– ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჯერ ხომ არავინ იცის, რა მოხდა და რა ხდება სხვა ქალებში, რომლებსაც რუსეთის ჯარი აკონტროლებს? მარიუპოლის ალყაც არ არის დასრულებული, ჯერ ომი არ დასრულებულა. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ეს გაააქტიურებს საერთაშორისო საზოგადოებასა და ინსტიტუტებს , ცხადია, უკვალოდ არ ჩაივლის და კონკრეტული შედეგები აუცილებლად ექნება. რუსეთს შეუჩერდა გაერო–ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა, რუსეთი გარიცხეს ევროსაბჭოდან, ამავე დროს ჰააგის ტრიბუნალი გააქტიურდა და უკრაინაში უკვე გააგზავნა პროკურორი და გამომძიებელი. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ შემაკავებელი პროფილაქტიკური ღონისძიებაც იქნება, რომ რაც აქამდე ჩაიდინეს, ამაზე ხომ პასუხი მოეთხოვებათ და მომავალში რომ გაფრთხილდნენ. ამიტომ, საპასუხოდ ეს რუსული აგიტაცია–პროპაგანდა ჩართო და ცდილობს, თავი იმართლოს, რუსეთის ჯარის ჩადენილ დანაშაულებების უკრაინელებზე გადაბრალებას ცდილობენ. ანუ, უკვე არის შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ შემაკავებელი ფაქტორები აქვს ამ ღონისძიებებს იმათ მიმართ, ვინც უკვე ჩაიდინა ან მომავალში შეიძლება ჩაიდინოს დანაშული.
– ამ შემაკავებელი ფაქტორებმა, შესაძლოა, პუტინის გარემოცვის წევრებზეც იმუშაოს. ბევრი მათგანი, შესაძლოა, გამოერიდოს, გამოეცალოს ამ გარემოცვას. ბევრმა მაღალი თუ საშუალო რგოლის სამხედრო თანამდებობის პირმა, შესაძლოა, ბრძანების შესრულებაზე უარი თქვას?
– რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ბრძანების შესრულებაზე უარის თქმის ფაქტები ადრე იყო, მაგრამ ახლა რუსეთში სამხედრო პირის მიერ ბრძანების შეუსრულებლობაზე ძალიან გაამკაცრეს პასუხისმგებლობა. დღეს ძალიან საშიშია ასეთი უარყოფის გამოხატვა. ყოველი შემთხვევისთვის, რუსეთის არმიის ხელმძღვანელობასა და სარდლობაში, ვფიქრობ, ძალიან ბევრი იქნება უკმაყოფილო დაუგეგმავი და ასეთი გაუაზრებელი ომის დაწყების გამო, რომელსაც დიდი მსხვერპლი და დანაკარგები აქვს რუსეთისთვის და ამას უკვე რუსული მხარეც აღიარებს. რუსეთი რომ საკუთარ მასშტაბურ დანაკარგებს აღიარებს, წარმოიდგინეთ, რეალურად რა დიდი დანაკარგები აქვთ. ეს უკმაყოფილება შეიძლება გადაიზარდოს იმაში, რომ გაჩნდეს საღი აზრი, თუკი პუტინი აღარ იქნება რუსეთის პრეზიდენტი და მთავარსარდალი, ომი შეწყდება და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება – თავად რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისა. ეს ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თავად რუსეთში შეიქმნას პუტინის დაპატიმრების რეალური მექანიზმები. ვფიქრობ, გარკვეულწილად, ამაზედაც არის გათვლილი ეს მოქმედება. რაც უკრაინის მიმართებით დაიწყო ჰააგის ტრიბუნალმა, ეს რომ შევადაროთ, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საქმეს, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ამბავია. ისე, ფაქტია, რომ უკრაინაში მომხდარმა დააჩქარა აგვიტოს ომის საქმეზე გამოძიების პროცესი – ჰააგის ტრიბუნალმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების სამი მაღალჩინოსნის დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა –ალბათ, ჰააგაში ჩვენი, ქართული მხარის მიერ შეტანილი სარჩელის საფუძველზე დაწყებულ სასამართლო პროცესის დასრულებასაც დააჩქარებს…
კომენტარები