საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“- მარიუპოლში რუსები ინტენსიურად ბომბავენ “აზოვსტალს”. ისინი იყენებენ ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებსაც. “აზოვსტალს” ასობით მშვიდობიანი აფარებს თავს, მათ შორის ბავშვები (ვიდეო კომენტარებში). რუსებს ქალაქის დიდი ნაწილი უკავიათ, გარდა “აზოვსტალის” შესასვლელისა და მისი მომიჯნავე უბნებისა. ამასთან, რუსები რომლებიც მარიუპოლში თვენახევარია აკლავენ 15 ათას სამხედროს ახლა შესაძლოა შეამცირონ შემტევი კონტინგენტი და ფრონტის სხვა მიმართულებით გაგზავნონ ისინი. ეს კი მარიუპოლის მცველებისათვის შანსია გააძლიერონ გარეთ მყოფ რუსებზე თავდასხმა. თუმცა “აზოვის” ლიდერმა დენის პროკოპენკომ მიმართვაში აღნიშნა, რომ ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მაინც საკვანძო მნიშვნელობისაა.
– ლუგანსკის რაიონში რუსები ქალაქ რუბეჟნოეს ჩრდილოეთიდანაც მოექცნენ და შეძლეს პატარა ქალაქ კრემენას დაკავება, რომელიც მაგისტრალურ გზაზე მდებარეობს. ამით რუბეჟნოეს ისინი საგზაო ინფრასტრუქტურის გავლითაც შეუტევენ. მიუხედავად მძიმე ვითარებისა ქალაქში რუსები წინ ვერ მიიწევენ. რუსებმა ქალაქის ასაღებად უკვე ასობით სამხედრო დაკარგეს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე უბანს აკონტროლებენ. თუმცა კრემენა მხოლოდ რუბეჟნოეს არ უქმნის საფრთხეს და პირდაპირ ესაზღვრება დონეცკის რაიონის იმ ნაწილსაც, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ. ეს კი მცველების პოზიციას ასუსტებს.
– რუსები კოორდინირებულ შეტევას ერთიანად დაიწყებენ აღმოსავლეთიდან თუ უკვე დაიწყო ეს შეტევა ზუსტად დაუდგენელია. დღეს უკვე მეორედ სცადეს დონეცკის რაიონში რამდენიმე ფლანგზე რუსებმა შეტევა. გუშინ ასეთი ფაქტი უკვე დაფიქსირდა და იქ რუსები სამი მიმართულებით უტევდნენ. ორივე შემთხვევაში უკრაინელებმა თავი ადვილად გაართვეს რუსულ შეტევას და მოიგერიეს მოწინააღმდეგის იერიში. თუმცა ისიც ფაქტია, რომ გადაჯგუფება რუსებმა თითქმის დაასრულეს და თუკი ეს უკვე არ აქვთ დაწყებული რუსებს შეტევა (და ახლა ამ ყველაფერს არ ვხედავთ რუბეჟნოესა და დონეცკის ირგვლივ) მაშინ სავარაუდოა, რომ დიდი ხანი აღარ გადაიწევს იგი, რადგან დრო რუსებზე ნამდვილად არ მუშაობს. ამასთან, ბოლო რამდენიმე საათია რუსები არტილერიის გამოყენებით ინტენსიურად ბომბავენ უკრაინულ პოზიციებს მთელ დონეცკის რაიონში, რაც დიდი შეტევის ინდიკატორი შეიძლება იყოს.
– იზუმთან და ხარკივის რაიონში მთლიანად უკრაინული არტილერია გაუჩერებლად მუშაობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინელებს რისი გამოყენებაც და ამ მიმართულებით გადასროლა შეეძლოთ ყველაფერს იყენებენ რუსების შესაჩერებლად. გარემო იზუმთან გადამწვარია. გზად რუსული ტანკები იწვის. რამდენიმე დღიანი საარტილერიო დამუშავების ფონზე უკრაინელებმა წაიწიეს წინ და იზუმს მიუახლოვდნენ. ამასთან, ხარკივის ირგვლივ რუსული პოზიციებიც დაიბომბა.
– ამავე ხარკივის რაიონში უკრაინელებმა ჩამოაგდეს რუსული შვეულმფრენი და ორი გამანადგურებელი.
– რუსები ბომბავენ სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურას. დღეს დაიბომბა დნიპროპეტროვსკის რაიონი და ქალაქი ლვივი. რუსები ცდილობენ არამხოლოდ უკრაინის ჰუმანიტარული მომარაგება შეზღუდონ, არამედ სამხედრო მომარაგებაც გადაკეტონ, მაგრამ ეს ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს. ამასთან, დნიპროში და ზაპოროჟიეში რუსული რაკეტების ჩამოგდება მოხერხდა.
– რაც შეეხება უკრაინელთა შესაძლო მასირებულ კონტრშეტევას – მას სავარაუდოდ მანამ არ უნდა ველოდოთ მანამ, სანამ რუსების შეტევა არ იქნება მოგერიებული.”
კომენტარები