დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ვნების კვირა ჰქვია. ეს 6 დღე, იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და შესაბამისად, ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.
ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება სრულად იკითხება.
რაც შეეხება დიდ ოთხშაბათს –ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქნოდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც, როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფვლელად მოამზადა.
აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკარიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარეობასა და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.
დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის: “უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო…” – დროს ვასრულებთ. პარასკევამდე ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები აღასრულებენ სენაკებში. ამგვარად, ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.
კომენტარები