მწერალი, ლაშა ბუღაძე:
“საბჭოთა ქართულმა კინომ კრებითი ქართველის ისეთი სახეობა შექმნა, რომელსაც დღემდე ნოსტალგიით დაეძებენ (და პოულობენ) რუსები საქართველოში: სასაცილო, უხეშ-უვნებელი და ზომიერად საყვარელი იდიოტის…
ქართველის რუსულ-ტურისტული კლიშე “მიმინო”: ამაყი და კეთილი დეგენერატი…
ან “ჯარისკაცის მამა”: მართალია, საყვარელი, მაგრამ ადამიანსა და რაღაცნაირ მოცხოველო ქვეადამიანს შორის გაჩხერილი არსება… (ამ შემთხვევაში სოციალურ ფსიქოტიპაჟებს ვგულიხსმობ და არა მსახიობთა მიერ შექმნილ ტიპაჟებს).
გაიხსენეთ, თუნდაც ამ ფილმებში, როგორი ჩვეულებრივები, რაციონალურები და “ადამიანურები” არიან რუსები და, ორიგინალურობის გათვალისწინებით, როგორი საყვარლად ექსცენტრულ-ველურები არიან ქართველები…
ეს სტერეოტიპი – ეგზოტიკურ-გამრთობი კრეტინის – ჩვენც კარგად მოვირგეთ და რუსებსაც სწორედ იმიტომ ვეგებით ფიანდაზად რესტორნებში, რომ ვიცით – ასეთი საქონელი მხოლოდ ამათთან თუ გასაღდება: რომელიმე სასო პავლიშვილი რომ იჭაჭება რუსებისთვის, როგორც “გრუზინი”.
მახსოვს, ვალერი მელაძემ (რომელიც დეგრადანტ პავლიაშვილზე წესიერი ადამიანი აღმოჩნდა თუნდაც უკრაინის კონტექსტში), 20 ივნისის მერე ვიდეო ჩაწერა და მსუბუქად, უზოგადესად, მაგრამ მაინც გამოესარჩლა ქართველებს… ოღონდ ყველაფერი გააკეთა ამ ვიდეოში, რომ ის ძალიანაც სერიოზულად არ აღექვა სისტემურ პუტინიზმს: ჩაიცვა ჩოხა, წარბი თეატრალურად აპრიხა და ირონიანარევ სადღეგრძელოდ გამოხატა სოლიდარობა… ანუ ეგზოტიკა ვარ, ძალიანაც არ გამიწყრეთო. თუმცა ეს ალბათ მართლაც სიმამაცე იყო, რადგან სხვამ ესეც ვერ გაბედა.
მაგრამ მთავარი არა ეს ან მსგავსი საქციელი, არამედ ამ “იდენტობის” უბადრუკობაა: ჩოხიანი კლოუნი ქართველი, რომელმაც რუსს უნდა მოაწონოს ან შეასაღოს თავი…
საბჭოთა დროს ეს ეგზოტიკურ-პრეზენტაციული მაჩოიზმი შესაძლოა მონობის “ფროიდულ” კომპენსაციადაც კი მიჩნეულიყო – ისტორიულად რუსებმა “გვიხმარეს”, ქართველი კაცები კი 37 მანეთიანი გასტროლების დროს “ხმარობდნენ” რუს ქალებს (განზრახ ვწერ ამ საზიზღარ სიტყვას, ისტორიული მარაზმის საილუსტრაციოდ), და ცხადია სტალინის ქართველობით სიამაყეც ისტორიულად “ნახმარ” ქართველთა კომპენსაციად უნდა ჩავთვალოთ, რომელიც მავანთათვის დღემდე ასრულებს ვადაგასული ვიაგრას ფუნქციას…
მაგრამ დღეს არა ფსიქოლოგიზმში, არამედ დეგრადირებულ იდენტობებშია პრობლემა – ქართველის პრორუსული სახეობა ჩაწოლილი საქონელივით ყიდის თავის ძველსაბჭოურ იდენტობას და რაკი სპეციფიკური სახეობის რუსის გარდა ეს არც არავის სჭირდება (ანკი ვის უნდა სჭირდებოდეს), ამიტომაც ვერაფრით გავაგებინებთ ასეთ ქართველს, რატომ არ უნდა ჩართოს რესტორანში “ჩორნი ბუმერ” და “დიმპიტაურ-დამპიტაური”, რადგან ამის მუშტარი ყავს რუსი “დევნილ-ტურისტის” სახით და ვერც რაიმე უკეთესს გამოუგონებს (იდენტობა უკვე გამოუგონეს “მინინოებმა”), ხოლო სოლიდარობის განცდას ღირსება და მორალი სჭირდება, რაც დიდად არ არის წახალისებული თანამედროვე საქართველოში… და რაც რუსეთთან 200-წლიანი ურთიერთობის ისტორიული ტრაგედიიდან იღებს სათავეს.”
კომენტარები