ექსპერტი სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში, კახა ესებუა:
“დღეს ცოტა პოლიტიკაზეც ვისაუბროთ.
არსებობს ასეთი ცნება Escalation dominance theory. რა არის ეს? ესაა მოთამაშის (ჩვენ შემთხვევაში ქვეყნის) შესაძლებლობა ესკალაციის საფეხურეობრივი ზრდის გზით კონფლიქტის ფასი იმ დონეზე აწიოს, რომ მეორე მხარეს არ უღირდეს გაყოლა და დეესკალაციისკენ წაიყვანოს საქმე. ეს კონცეფცია რუსეთის საყვარელ კონცეფციად შეიძლება მივიჩნიოთ. წლების მანძილზე რუსეთი აშშ-ს სწორედ ამ თამაშის წესებით ეთამაშებოდა და გერმანიის და საფრანგეთის დახმარებით სულ იგებდა. მაშინ, როცა ამ ესკალაციის შემდეგი საფეხური ომი იყო, კოლექტიური დასავლეთი კაპიტულაციას აცხადებდა.
უკრაინის მთელ ამ კრიზისსა და ომში რაც განსხვავებული მოხდა არის ის, რომ ამერიკამ ბრიტანეთთან ერთად გადაწყვიტა აღარ მოუსმინოს ფრანგებს და გერმანელებს და ბოლომდე მიაწვნენ. რუსეთი ომამდე ცდილობდა იგივე სტრატეგიით ემოქმედა, თუმცა როცა ომის საფეხურზე გადასვლის საკითხი დადგა, ვაშინგტონმა და ლონდონმა ომის სცენარზე გაყოლის მზადყოფნა გამოხატეს. რუსულმა დიპლომატიამ გაჭედა.
პუტინს დარჩენილი ჰქონდა ორი დიდი არჩევანი, ომი ან დეესკალაცია. აქედან ორივე მისთვის ძალიან ცუდი ვარიანტი იყო.
Если драка неизбежна, надо бить первым – თქვა რამდენიმე წლის წინ პუტინმა. მისივე თქმით ეს გაკვეთილი მან ლენინგრადის ქუჩის ცხოვრებისგან მიიღო. პუტინი პოლიტიკას უყურებს, როგორც ქუჩას. ამაზე მას ბევრჯერ უსაუბრია, და თანამედროვე ევროპელ “რძეზე და ბულკზე გაზრდილ” პოლიტიკოსებთან მის უპირატესობას სწორედ სწორედ ამაში ხედავს. მას მოსწონს მობლატავე ძველი ბიჭის იმიჯი მსოფლიო სცენაზე. ქუჩის ბიჭს არაფერი აქვს დასაკარგი, ის არც მუშაობს, არც სწავლობს, არც ციხის ეშინია. ყოველ შემთხვევაში ასე უნდა რომ სხვებმა იფიქრონ. ამიტომ კაი ოჯახში გაზრდილ ბიჭებს მისი ეშინიათ. იმიტომ კი არა, რომ ვერ მოერევიან. იმიტომ რომ ამათ შარის და პრობლემების ეშინიათ, ქუჩის ბიჭს კი არა. ქუჩა დიდწილად ბლეფი და თამაშია. ვინც მეტად წევს დაძაბულობას და ვინც აჩვენებს, რომ მეტზეა წამსვლელი, ის იგებს. გულწრფელად ვიტყვი – არ მჯროდა, რომ პუტინი იმ სისულელეს გააკეთებდა, რაც გააკეთა. თუმცა, როგორც ჩანს, პუტინმა ჩათვალა, რომ იმ მომენტამდე იყო მისული, რომ драка неизбежна и надо бить первым. ომი დაიწყო, ოღონდ დაიწყო რუსებისთვის სრულიად მიუღებელ პირობებზე შემდეგი მიზეზებით:
- არ არსებობდა მოულოდნელობის ეფექტი, უკრაინა პირდაპირ იყო მიერთებული აშშ-ის დაზვერვას;
- ამინდი იყო სრულიად მიუღებელი (სტეპი უკვე გამლღვალი და ატალახებული იყო. შემდეგ ისევ მოთოვა და ისევ გალღვა, დაიწყო წვიმები. ეს პრობლემას შემტევ მხარეს უქმნის);
- უკრანა და მთელი მსოფლიო მიბილიზებულები იყვნენ;
- ვერ შეიქმნა სამხედრო ინტერვენციის მინიმალურად დამაჯერებელი პრეტექსტიც კი და რუსეთმა საინფორმაციო ომი კონვენციური ომის დაწყებამდე წააგო;
- რუსული ჯარი თვეების მანძილზე უწყვეტი სწავლებით, საველე პირობებით, გადასროლებით, კარავში ცხოვრებით და გაუკვევლობით დაღლილი და დემორალიზებული იყო;
ახლა ხდება კიდევ ერთი საინტერესო რამ, რაც თამაშების თეორიაში Chicken Game-ს სახელით არის ცნობილი. მარტივად რომ აღვწეროთ, ესაა ვითარება, როცა ორი მხარე მიდის ერთმანეთის შემხვედრი გზებით და გზიდან გადახვევა არც ერთს არ უნდა, რათა ეს სისუსტედ არ იქნას აღქმული. აშშ და რუსეთი ახლა სწორედ ამ ტრაექტორიებით მიდიან. გუშინ რუსებმა Сармат-ის ტიპის საკონტინენტთაშორისო რაკეტა გამოსცადეს და პუტინმა განაცხადა, ახლა ცოტა მეტად დაფიქრდებიან ისინი, ვინც გვემუქრებაო. ბირთვულ შანტაჟს კიდევ ეპიზოდური ხასიათი აქვს, თუმცა ის დონბასში რუსების წარუმატებლობის და დასავლური იარაღით უკრაინის მომარაგების ზრდის პირდაპირპროპორციულად მოიმატებს.
არსებობს კიდევ ერთი ასეთი რუსული კონცეფცია – Escalate to deescalate. ეს ნიშნავს ლიმიტირებულ ბირთვულ დარტყმას მეტიქის შესაშინებლად და საბოლოოდ დეესკალაციისთვის, ოღონდ არავინ იცის რეალობაში ეს როგორ იმუშავებს. ბირთვული შანტაჟი ძალიან სახიფათო რამეა. პირველი გასროლა თუ მოხდა, არავინ იცის რა მოყვება ამას, თუმცა სამყაროს და კაცობრიობას კარგი მომავალი არ ელოდება. რუსეთისა და ამერიკის ბირთვული შესაძლებლობების შესახებ, ვეცდები ცალკე პოსტში მოგიყვეთ, თუმცა კარგად ეს ომი ვერ დასრულდება ვერც ერთი მხარისთვის. ბირთვული შანტაჟი რუსეთის არსენალში ბოლო ტყვიაა. მასში შედის როგორც სტრატეგიული, ასევე ტაქტიკური ბირთვული მუხტები. თუ სტრატეგიული შეიარაღების ნატოს წინააღმდეგ გამოყენება რა ტიპის პასუხს გამოიწვევს ნათელია, ნაკლებად გასაგებია, რა მოხდება უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური მუხტების გამოყენების შემთხვევაში. აშშ-ში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მსგავს სცენარებზე მუშაობს, თუმცა ამ სცენარებს ჩვენ არავინ გაგვიზიარებს. მოკლედ გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ.”
კომენტარები