სამხედრო საქმისა და უსაფრთხოების ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
“22 აპრილი, წარმართული რუსეთის მთავარი კერპის, დაუმარხავი მკვდარის, ლენინის დაბადების დღე.
უკრაინის ფრონტზე ყველაფერი ლოგიკურად ვითარდება. ცუგცვანგის ეფექტი, რუსეთ-უკრაინის ომს თავის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს. რუსეთის ყველა შემდეგი ნაბიჯი, მის სამხედრო მდგომარეობს საბრძოლო მოქმედების თეატრზე, აუარესებს.
მოახლოებული კატასტროფის პირველმიზეზი სწორედ ლენინის გადაწყვეტილებაა: როდესაც საბჭოთა კავშირი იქმნებოდა ორი პოზიცია შეეჯახა ერთმანეთს, იმპერიული და ინტერნაციონალური. იმპერიულს წარმოადგენდა სტალინი, რომლის მოდელიც ითვალისწინებდა რუსეთის იმპერიის აღდგენას ძველ საზღვრებში, მართვის ახალი სისტემით (ძალაუფლება საბჭოებს, გარკვეული ავტონომიურობა ნაციონალურ ტერიტორიებს და მკაცრი ცენტრალიზებული მართვა). ინტერნაციონალები, ლიდერები ტროცკი და ლენინი, მსოფლიო სოციალისტური რევოლუციის იდეებით იყვნენ შეპყრობილი და მათვის საერთოდ გაუგებარი იყო როგორ შეიძლებოდა კომუნიზმის აშენება მხოლოდ ერთ სახელმწიფოში, თუნდაც იმპერიაში. მათვის, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შექმნა, ნაციონალური მთავრობებით, იყო გამოსავალი, არ დაკავებულიყვნენ შიდა სახელმწიფოებრივი პრობლემების მოგვარებით და მთელი ენერგია მსოფლიო რევოლუციის პრობლემებისკენ მიემართად. საბოლოო სიტყვა ლენინის იყო, რუსეთის იმპერიის რეანიმაცია არ შედგა.
გასული საუკუნის 80 იან წლებში დაიწყო რუსეთის იმპერიის აღდგენის მეორე მცდელობა, შემსრულებელი ანდროპოვი-გორბაჩოვი. კომუნისტური პარტიის დამარცხება, სოციალისტური წყობის დემონტაჟი, ნაციონალური სახელმწიფოების ( სოციალისტური რესპუბლიკების) გაუქმება და რუსეთის ცენტრალიზებული იმპერიის აღდგენა წარმოუდგენელი იყო დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე. ვარშავის პაქტის სამხედრო ბლოკის დაშლა, აღმოსავლეთ ევროპიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა და უარი მსოფლიოში სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერაზე ჯეროვნად იქნა შეფასებული და გორბაჩოვს მიეცა საშუალება გადართულიყო რუსეთის იმპერიის აღდგენის პროექტზე. პირველი ნაბიჯი, 15 რესპუბლიკის ნაცვლად, საბჭოთა კავშირის 150-ზე მეტი სუბიექტის ერთობად გადაკეთება იყო. თუმცა მოულოდნელად, ამ პროექტის წინააღმდეგ იშვიათი სიჯიუტით და სითამამით, კომუნისტური პარტიის 15 რესპუბლიკის ნაციონალური ნომეკლატურა ამხედრდა (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სწორედ ისინი მოდიან დამოუკიდებელ სახელმწიფოების სათავეში),
ყველაზე მძლავრი წინააღმდეგობა კი მოსკოვის პარტაქტივიდან მოდიოდა, რომელიც რუსეთის სახელით მოქმედებდა.
იმპერიის აღდგენის მეორე მცდელობა კრახით დამთავრდა,
იმპერიელები ახალი მცდელობისათვის ძალის მოსაკრებად ჩრდილში გადავიდნენ.
1999 წლისათვის, ახალი კანდიდატი, მზად იყო პროექტის განხორციელების მესამე ცდისათვის. პუტინი და იმპერიელები 22 წელი ემზადებოდნენ აქტიური მოქმედების დასაწყებად. უფრო სწორად, პოლიტიკური და სხვა ხერხების არაეფექტურობამ, იმპერიელები აიძულა გადამჭრელ ზომებისთვის მიემართათ და იმპერიის აღსადგენად შეიარაღებული ძალები გამოეყენებიათ. უკრაინაში გამარჯვების შემდეგ, სხვა ტერიტორიების დაბრუნება უკვე მხოლოდ დროის ფაქტორზე იქნებოდა დამოკიდებული.
რა ვითარებაა დღეს ფრონტის ხაზზე?
რუსეთის 160 ათასიანი კონტიგენტი არანაკლებ 1000 კმ-იან ფრონტის ხაზზეა განლაგებული. თუ გავასაშუალოებთ მონაცემებს და ავიღებთ რომ ბატალიონი უდრის 650 კაცს, მაშინ მივიღებთ რომ რუსეთს ყავს დაახლოებით 240 ბატალიონი, ხოლო თუ იმასაც დავუმატებთ რომ ბატალიონი უტევს 4 კმ-იან ზღუდეს, მაშინ ფრონტის მთელ სიგრძეზე შესატევად რუსეთს სჭირდება 250 ბატალიონი. ანუ, რუსეთს არ შეუძლია შეუტიოს ფრონტის მთელ სიგრძეზე, იმიტომ, რომ ნებისმიერ მონაკვეთზე წარუმატებლობის შემთხვევაში, ამ მონაკვეთზე გაჩნდება გარღვევის შესაძლებლობა და რუსეთს არ ექნება საშუალება ამოავსოს წარმოქმნილი ოპერატიული ბზარი.
დასავლური ტაქტიკა ითვალისწინებს ქვედანაყოფების 1/3-ის ტაქტიკურ რეზერვში ყოლას, რუსეთისთვის ეს შეუძლებელია იმიტომ რომ 160 ბატალიონი ( 240-ის 2/3-ი) ვერანაირად ვერ შეასრულებს 250 ბატალიონისთვის გათვალისწინებულ ამოცანას. რუსული საბრძოლო წესდება კი საერთო თავდაცვაშიც და შეტევაშიც მინიმუმ ორი ეშელონის არსებობას ითხოვს, ანუ შეტევაში მყოფი ბატალიონის უკან უნდა არსებობდეს მეორე ბატალიონი, რომელმაც უნდა განავითაროს პირველის წარმატება. ამ შემთხვევაში კიდე უფრო ცუდი მდგომარეობა აქვს დოქტრინალურად რუსეთს, 120-მა ბატალიონმა უნდა შეასრულოს ამოცანა, რომელსაც 250 ბატალიონი სჭირდება. რა მოხდება, თუ რუსეთი ძალების კონცენტრაციას მოახდენს მისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე? არაფერი კარგი რუსეთისთვის, დაირღვევა ფრონტის უწყვეტობა ( რაკი ძალები არ ყოფნის ) და უკრაინელებს საშუალება მიეცემათ გაარღვიონ დაცვის სუსტი ხაზები და შემდეგ დაუსჯელად იპარპაშონ რუსეთის ქვედანაყოფების ზურგში, რაკი რუსეთს ზურგში საბრძოლო ქვედანაყოფები არ ყავს.
თუ ჩვენი მსჯელობა სწორია, მაშინ რუსეთმა უნდა შეამციროს ფრონტის ხაზის სიგრძე, მაგრამ ცუგცვანგის ეფექტი ამას შეუძლებელს ხდის. რატომ? თუ რუსეთი დათმობს ხერსონ, მელიტოპოლ, მარიუპოლის სარტყელს, ის ვერ შეინარჩუნებს ყირიმს. თუ დათმობს ხარკოვ, იზიუმ, დონბას, მარიუპოლის სარტყელს, ის ვერ შეინარჩუნებს მელიტოპოლ-ხერსონის მონაკვეთსაც და დათმობს ყირიმსაც. სუმი-ხარკოვ-იზიუმის მიმართულებიდან რომ გამოიყვანოს ქვედანაყოფები და გადაისროლოს ხერსონ-ლუგანსკის მონაკვეთზე? ამას ვერ იზამს, მაშინ უკრაინას გზა გაეხსნება მოსკოვზე შესატევად, თან ისე, რომ მიმართულებაზე არ იქნება რუსეთის ქვედანაყოფები.
გამოსავალი? რუსეთი უნდა გადავიდეს თავდაცვაზე ფრონტის მთელ ხაზზე (არ გამორიცხავს ლოკალურ შეტევით ოპერაციებსაც) და გააფთრებული წინააღმდეგობით, პოზიციურ ბრძოლებში, გაჭიმოს დრო. რუსეთს საბრძოლო მოქმედებების დროში გაჭიმვა სჭირდება ზავის მეტნაკლებად მისაღები პირობების მისაღწევად და არა ომის მოსაგებად.
დასკვნა:
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მინიმუმ ორი სამი ხერხი რუსეთის მხრიდან ომის გაჭიანურებისა და გარკვეულ მიმართულებაზე დროებით წარმატებების მიღწევისა, რუსეთი უკრაინას ვეღარ დაიპყრობს, ანუ რუსეთის იმპერიის აღდგენის მესამე მცდელობა ჩაიფუშა, იმედია საბოლოოდ.’
კომენტარები