საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“22 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
– გამთენიას რუსებმა ხარკივთან სატანკო და სატვირთო კოლონა შეიყვანეს. რთულია იმის თქვა თუ რა მიმართულებით ცდილობდნენ ისინი შეტევის განვითარებას, მაგრამ უკრაინელებმა ამ კოლონისაგან თითქმის აღარაფერი დატოვეს. ჯერ არტილერიამ და შემდეგ ჩასაფრებამ მათი შემადგენლობა გაანადგურა. თუკი ეს არ იყო იზუმისაკენ მიმავალი დაჯგუფება და კვლავ ხარკივის მისამართით ცდილობდნენ გაჭრას მაშინ რუსული სამხედრო ოპერაციების გაუმართაობა და სიბრიყვე ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რადგან ქალაქი ხარკივი ამ ეტაპზე პრაქტიკულად აუღებელია, ხოლო ამ მიმართულებით კოლონებით გადაადგილების აბსოლუტურად ყველა მცდელობა სრული კრახით დასრულდა რუსებისათვის.
მეორეს მხრივ დღესაც მთელი დღის განმავლობაში იბომბებოდა უშუალოდ ქალაქი ხაკრივი. მათ შორის დაიბომბა სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი უბნები. აშკარაა, რომ რუსებს არამხოლოდ სამოქალაქო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განადგურება და იქ მყოფი ელიტური მცველების ქალაქში იძულებითი დარჩენის სურვილი აქვთ (რის შემთხვევაშიც რუსები სხვა მიმართულებით უფრო თავისუფლად იმოქმედებენ), არამედ საბოლოოდ მაინც არ კარგავენ იმედს, რომ რეგიონულ დედაქალაქზე გაჭრას შეძლებენ.
– ძალიან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ხარკივისა და დონეცკის რეგიონულ საზღვართან ახლოს, იზუმთან ახლოს. აქ შეტევა და კონტრშეტევა ერთდროულად ვითარდება. ქალაქი იზუმი ერთგვარი გზაგასაყარია – იზუმიდან რუსეთის ფედერაციისაკენაც მიმართება გზა, ხარკივისაკენაც, დონეცკისაკენაც და დნიპროსაკენაც კი შეიძლება წასვლა დასავლეთით. ამჟამად რუსული შეტევა ორი მიმართულებით ვითარდება – M-03 ცენტრალური გზის სიახლოვით ისინი დონეცკის რიონის ქალაქ სლავიანსკისაკენ ცდილობენ გაჭრას. მეორე მიმართულება კი P-79 რეგიონული გზაა, რომლითაც დნიპროპეტროვსკის რაიონში შეიძლება მოხვედრა. ამ გზის გავლით შეტევის აქტივობა უფრო ნაკლებია და ძირითადი დაწოლა მაინც დონეცკი-ხარკივის მაგისტრალზე და მის სიახლოვეს მიმდინარეობს. დღეს ორჯერ იყო მცდელობა რუსული ნაწილები გაჭრილიყვნენ დონეცკის რაიონში, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. მეტიც, ამ პროცესში რუსებმა შვეულმფრენები და ტანკებიც დაკარგეს. სლავიანსკისაკენ იმიტომ მიიწევენ რუსები რომ მისი აღებით ლუგანსკის რაიონის უკრაინული ნაწილები მომარაგების თვალსაზრისით კიდევ უფრო გასაჭირში აღმოჩნდებიან, ხოლო დონეცკის რაიონის მნიშვნელოვანი უკრაინული ცენტრი დასუსტდება.
ახლა კი რაც შეეხება კონტრშეტევას: უკრაინელები იზუმის ჩრდილოეთით ცდილობენ შემოვლას და ლოჯისტიკურ მომარაგებასა და დამატებით რუს სამხედროთა გადაადგილების დაბლოკვას. ამისათვის მათთვის იზუმი-ხარკივი და იზუმი-რუსეთის ფედერაციისაკენ მიმავალი გზის გადაკეტვაა პრიორიტეტი. ამ მცდელობაში ისინი საკმაოდ მიუახლოვდნენ ცენტრალურ M-03 მაგისტრალურ გზას, თუმცა ჯერჯერობით მისი გადაკეტვა ვერ მოხერხდა.
ამასთან იზუმის ირგვლივ უწყვეტად გრძელდება საარტილერიო დუელი უკრაინელებსა და რუსებს შორის.
– დღეს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა ზაპოროჟიეს რაიონში. რუსები სამხრეთიდან უკრაინულ პოზიციებს ინტენსიურად ბომბავენ. დონეცკი-ზაპოროჟიეს რეგიონების საზღვართან რუსულმა ნაწილებმა აქტიური შეტევა წამოიწყეს და მცირედით წაიწიეს წინ. კიდევ ერთი რუსული შეტევის მიმართულება ჰულიაპოლისაკენ იყო, რაც რუსული კოლონის განადგურებით დასრულდა. აშკარაა, რომ მარიუპოლიდან გამოყვანილი რუსული სამხედრო ნაწილები სწორედ სამხრეთის მიმართულებით ცდილობენ აქტიურობას, თუმცა დღეს მძიმე დანაკარგები მიიღეს.
– დღეს ცაში რუსული დომინაცია კიდევ ერთხელ დადგა ეჭვქვეშ: უკრაინელებმა შეძლეს ოთხი რუსული შვეულმფრენისა და ერთი საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდება. ამას დაემატა რუსული ჩამოგდებული დრონებიც. ბრიტანული ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება Starstreak და Martlet ძალიან კარგად მუშაობს.
– უკრაინულმა არტილერიამ ლუგანსკის რაიონში ქალაქ რუბეჟნოეში და მის ირგვლივ რუსულ პოზიციებზე მიიტანა საარტილერიო შეტევა. განადგურებულია რუსული ჯავშანტექნიკა. საარტილერიო ცეცხლით უპასუხა რუსეთმაც, თუმცა მათი სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. ქალაქი რუბეჟნოე, როგორც ქალაქი პრაქტიკულად აღარ არსებობს.
– დღეს რუსებმა კვლავ სცადეს ქალაქ მარიუპოლში “აზოვსტალზე” შეტევა. თავდაპირველად გრადებით იბომბებოდა ქარხნის ტერიტორია და შემდეგ იყო მიახლოების მცდელობა, თუმცა კვლავ უშედეგოდ. ქალაქის ეს ნაწილი აუღებელია.
– გაურკვეველ ვითარებაში აფეთქდა რუსული სამხედრო ბაზა-ბანაკი ხერსონში, სადაც რუსი სამხედროები იყვნენ განთავსებულები. უკრაინულ მხარეს არ გაუკეთებია განცხადება თუ რა ვითარებაში განადგურდა რუსული სამხედრო ნაწილი ამ მიმართულებით.
– ამერიკელები კიდევ ერთ თვითმკვლელ დრონს “Phoenix Ghost”-ს აძლევენ უკრაინელებს. ის საშუალოდ გამაგრებულ ჯავშანსაც გაანადგურებს. მისი უპირატესობა ისაა, რომ 6 საათის განმავლობაში შეუძლია ფრენა ან სამიზნეზე დაჯდომა და საბოლოოდ მაინც განადგურება. ამასთან, ღამის ხედვის კარგი აღჭურვილობის ფონზე მისი უპირატესობა აშკარაა. ეს ყველაფერი კი შორ მანძილებზე ოპერაციებს გააადვილებს.
– უკრაინულ არმიას არამხოლოდ ამერიკელები, არამედ ბრიტანელებიც წვრთნიან, რათა მათ მოახერხონ აღჭურვილობისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისება და დანარჩენებისათვის გაზიარება. ეს კი დროის გარკვეულ მონაკვეთში სრულიად შეცვლის არსებულ რეალობას.”
კომენტარები