სოციალური ქსელის მომხმარებელი, გ.ლ., რომელიც რუსეთ–უკრაინის ომის მიმდინარეობაზე ხშირად წერს ხოლმე, ამჯერად, დნეპრისპირეთზე აქვეყნებს წერილს:
“დნესტრისპირეთის ამბები რამდენად აინტერესებთ ჩემს friendlist-ში არ ვიცი, მაგრამ სავარაუდო სცენარებს მაინც შევეხოთ.
რუსული მხარისთვის ომის მეორე ეტაპის მიზანი, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დნესტრისპირეთთან სახმელეთო გზით დაკავშირებაა, რაც, ყველაფერთან ერთად უკრაინას ზღვაზე გასასვლელს საერთოდ უსპობს.
ამ ეტაპზე, აზოვის ზღვა უკრაინელებისთვის დაკარგულია (რადგან მარიუპოლს ვერ აკონტროლებენ), ყირიმს ისეც რუსები აკონტროლებდნენ, მათ აღებული აქვთ ხერსონი და ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ოდესაა, რომელიც საზღვაო დესანტით ვერანაირად ვერ აიღეს.
ამ ფონზე, ოდესის აღების ერთადერთი გზა მასზე სახმელეთო შეტევაა, რაც შეიძლება განხორციელდეს ან ხერსონ-მიკოლაევის რაიონიდან (საიდანაც ცოტა შორია), ან ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან (საიდანაც ბევრად ახლოა), ან, საუკეთესო შემთხვევაში, 3 მხრიდან (მიკოლაევი, დნესტრისპირეთი+შავი ზღვა).
ამას გარდა, რაც უფრო მეტად შეიბოჭება უკრაინის ბრძოლისუნარიანი დანაყოფები ამ ტერიტორიაზე, მით უფრო მეტი შანსი ექნებათ რუსებს ყირიმის ყელის კონტროლისა და ზაპოროჟიე-დნიპრო-მიკოლაევზე წარმატებული შეტევის.
რა სუსტი მხარეები აქვს დნესტრისპირეთში რუსეთს? დავიწყოთ იმით, რომ სულ რამდენიმე ათასი რუსი და პრორუსი ჯარისკაცია ამ ტერიტორიებზე, იქაური მოსახლეობა (დღევანდელი აფხაზეთის ან ცხინვალისგან განსხვავებით) საკმაოდ ჭრელია და ამ ფონზე, რუსული ცოცხალი ძალის გაძლიერების რეალურად ერთადერთ ვარიანტად, საჰაერო დესანტი შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ კიევზე შეტევის პირველ დღეებში რუსი სადესანტოების დანაკარგებს, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
რუსეთი საკუთარ ,,უპირატესობად” თვლის მოლდოვურ ,,ნეიტრალიტეტს” და იქაურ განწყობებს (,,აბა ომი გინდათ” განწყობა ჩვენზე ძლიერია), ამასთანავე, იმედი აქვს, რომ რუმინეთი არ ჩაერთვება ამ კონფლიქტში (შეგახსენებთ, რომ რუმინეთს თავისი ტერიტორიული პრეტენზიები აქვს მოლდოვაზე). ამას დამატებული ის, რომ დნესტრისპირელი სეპარატისტების სიკვდილი, ბევრად ,,იაფი უჯდება” რუსს და მათზე ნაკლებად დარდობს.
რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა რუსეთმა? დავიწყოთ იმით, რომ დღეს, რუსულმა მხარემ ზატოკას ხიდი ააფეთქა, რომელიც ოდესის რეგიონს ბელგოროდ-დნესტროვკის რეგიონთან დაკავშირების რეალურად ერთადერთი კვანძი იყო, ამით, ეს რეგიონი ფაქტობრივად მოწყვიტა უკრაინასთან სახმელეთო კავშირს, რაც ბევრად ამარტივებს მასზე ზღვიდან იერიშის მიტანას, დესანტის გადასხმას, ან თუნდაც დნესტრისპირეთიდან სახმელეთო შეტევასა და რუმინეთის საზღვრამდე გასვლას.
კიევზე რუსული შეტევის სრულმა კრახმა ომის უკრაინის სასარგებლოდ, მოკლე დროში დამთავრების თაობაზე ილუზიები არ უნდა შეგვიქმნას, რადგან უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილის (დონბას-ლუგანსკისკის) და ყირიმის ნახევარკუნძულის (რომელიც ისედაც ოკუპირებული იყო) მიღმა, უკრაინას სამხრეთით საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს, ძალიან დიდი ტერიტორიაა თებერვლის შემდეგ რუსების კონტროლქვეშ (ამ ფონზე განსაკუთრებით ტრაგიკულია, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა ხერსონის გათავისუფლება), ხოლო შავ ზღვაზე გასასვლელის საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ოდესის დაკარგვის შემთხვევაში, საერთოდ აღარ იარსებებს.
დნესტრისპირელმა სეპარატისტებმა ტელეფონებზე ,,მესიჯები მიიღეს,” რომ მალე მათ უკრაინა დაბომბავს (ასე რუსეთი ომის დაწყების წინ იქცევა ხოლმე), მოლდოვის ხელმძღვანელობამ დაადასტურა დნესტრისპირეთში საომარი საფრთხე, ტირასპოლში (სეპარატისტების ,,დედაქალაქი”) გახშირდა დივერსიები თუ პროვოკაციები, ხიდის აფეთქება უკვე ვახსენეთ, ამიტომ, ვითარებით მეტად დაძაბვა სავსებით მოსალოდნელია. დაველოდოთ…”
კომენტარები