დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია:
“ერთნი ბრალდების რეჟიმში.. მეორენი თავის მართლების რეჟიმში. ორივე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ისინი უფრო ცუდები არიან.
10 წელია ამ წრეზე ვტრიალებთ.
არ მგონია სწორი სტრატეგია იყოს ოპოზიციის მიერ უკრაინაში შექმნილი მძიმე ვითარების ხელისუფლებაში მოსასვლელად გამოყენების მცდელობა. ახლა მთელი აქცენტი მობილიზებული უნდა იყოს უკრაინის მიმართ კონსოლიდირებულ მხარდაჭერაზე, თუმცა ამის შესაძლებლობა ისპობა ყოველი დესტრუქციული (ხშირად – ღიად პროვოკაციული) გამოხტომის გამო.
არახამიას და არსეტოვიჩის ბრიყვული განცხადებები ნიშნავს ერთს – დღეს რომ ხელისუფლებაში იყოს ენმ, საქართველო ჩათრეული იქნებოდა ომში, 100%-ით.
ამისთვის ქვეყანა მზად არ არის, არც მზადება შეგვიმჩნევია ოდესმე, მათ შორის პარტიზანული ომებისთვის – ჯარი ჩამოვშალეთ, გავაპარტახეთ, პაჭიკოს დუქნად ვაქციეთ. არც საერთაშორისო მხარდაჭერა გვაქვს გარანტირებული – რუსეთმა რომ ჩაგვყლაპოს, დასავლეთში ოდნავ გაიზრდება შეშფოთებულთა რაოდენობა.
ვიყოთ ობიექტურები, ომით სხვას ვერაფერს მივაღწევთ – მხოლოდ დანგრეულ ქალაქებს, მორიგ ეთნიკურ წმენდას და რუსულ ტანკებს რუსთაველზე. ამასთან, უკრაინის და საქართველოს მასშტაბების შედარებაც კი უხერხულია.
საქართველოს ცხელ კონფლიქტში ჩათრევის მცდელობაც კი სიბრიყვეა, ხოლო ამისკენ მოწოდება, ამ საკითხში პრეტენზიები და დემარშები აბსოლუტურად აცდენილია საღ აზრს.
მოცემულ მომენტში საქართველომ საერთაშორისო დონეზე ყველა საკითხში უკრაინის მხარდაჭერა დააფიქსირა.. მართალია მძიმედ, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკით, მაგრამ ქართული ოცნების პირობებში ამდენიც არ იყო მოსალოდნელი.
რაც შეეხება პრეტენზიებს სანქიებთან დაკავშირებით.. სიმართლე ასეთია: უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილებით ევროპა იღებს რუსულ გაზს და ნავთობს, ყოველ თვიურად რუსეთს უხდის 20 მილიარდ ევროს, რითაც ირიბად აფინანსებს რუსულ აგრესიას უკრაინაში. ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ არ ჩაკეტავს უკრაინა ამ მილებს და რატომ არ შეუზღუდავს რუსეთს ევროპიდან შემოსავლების მიღებას? ამასთან შედარებით საქართველოს შესაძლებლობა რაიმე ავნოს რუსეთს, არის უმნიშვნელო, ალბათ 1 ან 2%-ის ფარგლებში.
ყოველივე ამის ფონზე, ქ.ო-ს მხარდამჭერებს შორის აშკარად იზრდება ნეგატიური განწყობები უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ხოლო მმართველ პარტიას სულ უფრო უადვილდება “სამშვიდობო პოლიტიკის” უალტერნატივობით სპეკულირება და პოლიტიკური ქულების გამომუშავება.
საქართველოს არაერთხელ უომია რუსეთთან, გაგვივლია ეს უბედურება და ქვეყანას დღემდე ჰყავს ასეულ ათასობით დევნილი, რომელთაც დღემდე თავზე ჭერი ვერ აღირსა სახელმწიფომ. ომით ხეირი არასოდეს მიგვიღია, ამიტომ ჩვენი ემპირიული აზროვნება გვკარნახობს, რომ ომი ჩვენს ინტერესებში არ შედის, თუმცა უკრაინის უპირობო გამარჯვება არის ჩვენი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.
რაც შეეხება მ.სააკაშვილის სასამართლო პროცესს და მის ჯანმრთელობას.. მე პირადად მივცემდი უკრაინაში დაბრუნების საშუალებას გარკვეული პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე. ასეთი წინადადება მან თავად გააჟღერა.
ხელისუფლების ცვლილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარდაუვალი აუცილებლობაა.. სახელმწიფოს არ აქვს ნათელი მომავალი ამ ხელისუფლების პირობებში.. მაგრამ ეს ვერ მოხდება ახლა და ეს არ უნდა მოხდეს ენმ-ს ხელით. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება იქამდე ვერ გაჯანსაღდება, ვიდრე ქვეყანა არ გათავისუფლდება ორი უკიდურესად ცუდი პოლიტიკური ძალის დომინაციისგან.”
კომენტარები